გიორგი კაჭარავა -  აფხაზეთის პრობლემის მოგვარება არავითარ შემთხვევაში არ მოხდება ერთი, ან მეორე და მით უმეტეს მესამე მხარის პირობებზე, ის უნდა მოხდეს საერთაშორისო სამართლის საფუძველზე

31 წლის წინ აფხაზეთში საომარი მოქმედებები დაიწყო. სამწუხაროდ, აფხაზეთის თემა საქართველოს ღია და მოუშუშებელ ჭრილობად რჩება. აფხაზეთთან დაკავშირებულ საკითხებზე “ინტერპრესნიუსი“ საერთაშორისო უსაფრთხოებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს, გიორგი კაჭარავას ესაუბრა.

- ბატონო გიორგი, სამწუხაროდ, აგვისტოს თვე ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში უმძიმესი თარიღებითაა დახუნძლული და ამძიმებს ჩვენს ცნობიერებასა და რეალობას.

31 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში საომარი მოქმედებები დაიწყო. 30 წელია აფხაზეთში „საქართველოსგან გათავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დღეს“ აღნიშნავენ. ადრე უფრო პომპეზურად, ახლა ნაკლებად პომპეზურად, რაშიც „დამნაშავე“ უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ დაწყებული ომია, რომელშიც აფხაზეთი, როგორც კრემლის „სტრატეგიული მოკავშირე“, რუსეთის მხარეს იბრძვის.

ახლა როცა, აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყების მორიგი თარიღის დღეებია. კარგი საბაბია იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ, უკრაინა-რუსეთის ომის ფონზე ახალ რეალობაში ვიმსჯელოთ 1992-1993 წლების ომის შედეგებზე.

უფრო სწორად იმაზე, რა შედეგი ჰქონდა 13 თვიან ომს? ვინ რა მოიგო ამ ომში?, და რამდენად შეცვალა მომხდარმა აფხაზეთში ომამდელი ვითარება?

- საქმე ისაა, რომ ჩვენი ომი დამოუკიდებლობისათვის და ქვეყნის ტერიტორიების დასაბრუნებლად არაა დამთავრებული. ლოგიკურად ის დამთავრდება მხოლოდ მაშინ როდესაც საქართველო საბოლოოდ გამთლიანდება. ეს ყველამ უნდა იცოდეს მტერმაც და მოყვარემ.

თანამედროვე სამყაროში არაა აუცილებელი ომი აწარმოო კლასიკური ძალისმიერი მეთოდებით. ომის საწარმოებლად სხვადასხვა ასპარეზი შეიძლება გამოიყენო და ამიტომ როგორც კლასიკოსი ბრძანებდა, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, მთავარია დასახული მიზნის მიღწევაა.

ჩვენი ომი დამოუკიდებლობისათვის და ქვეყნის ტერიტორიების დასაბრუნებლად არაა დამთავრებული. ლოგიკურად ის დამთავრდება მხოლოდ მაშინ როდესაც საქართველო საბოლოოდ გამთლიანდება. ეს ყველამ უნდა იცოდეს მტერმაც და მოყვარემ

რა თქმა უნდა, 1992-93 წლებმა თავისი შედეგებით უმძიმესი იარა დაუტოვა საქართველოს. შედეგად დროებით დავკარგეთ ტერიტორიები, მათ შორის ქვეყნის ზღვისპირა ზოლის 2/3, უამრავი სამოქალაქო და სამხედრო პირი დაგვეღუპა, ეკონომიკური კოლაფსი, შიდა არეულობა და დევნილთა უპრეცედენტო რაოდენობა რომელიც ლამის საერთო მოსახლეობის 10% აღწევდა. ასეთმა შიდა კრიზისმა ქვეყანა ნოკაუტში ჩააგდო, რომლის შოკური სიმპტომები დღესაც ნათლად ეტყობა საზოგადოებას.

აფხაზეთში მკვეთრად შეიცვალა უპირველეს ყოვლისა დემოგრაფიული ვითარება. ეთნიკური წმენდის შედეგად ქართული და არა მარტო ქართული მოსახლეობა იქნა განდევნილი, და გარდა ამისა უამრავი ადამიანი გახდა აგრესიული სეპარატიზმის მსხვერპლი.

პირწმინდად გაიძარცვა როგორც პირადი ასევე სახელმწიფო საკუთრება, აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ყველა საწარმო თუ ტურისტული, ჯანდაცვის თუ ინფრასტრუქტურული ობიექტი. და ის, რასაც ჩვენ ვუყურებთ დღეს, არის აჩრდილი აფხაზეთში ომამდე არსებული ვითარებისა, რადგან განადგურებული და განდევნილია იქ მცხოვრები ძირძველი მოსახლეობა, გაპარტახებული და განიავებულია ამ კუთხის ეკონომიკური პოტენციალი, დიდწილად დანგრეულია ინფრასტრუქტურა.

სიმართლისთვის უნდა ვაღიაროთ, რომ დიდწილად არსებული შედეგები არ უკავშირდება პირდაპირ საომარ მოქმედებებს. ასეთი მრავალი ათეულობით და ალბათ ასეულობით მილიარდიანი ზარალი ე.წ. „გამარჯვებული მხარის“ კისერზეა, და ამაში დამნაშავეებს როდესმე პასუხის გაცემაც მოუწევთ.

დიდწილად არსებული შედეგები არ უკავშირდება პირდაპირ საომარ მოქმედებებს. ასეთი მრავალი ათეულობით და ალბათ ასეულობით მილიარდიანი ზარალი ე.წ. „გამარჯვებული მხარის“ კისერზეა, და ამაში დამნაშავეებს როდისმე პასუხის გაცემაც მოუწევთ

- ცხადია, რომ 1992-1993 წლების ომზე აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოში სხვადასხვა აღქმები და დამოკიდებულებები არსებობს.

ქართულ საზოგადოებას აღმოაჩნდა იმის უნარი, რომ აფხაზეთში დაშვებულ შეცდომებზე დიდი ხანია დაწყებულია მსჯელობები. მართალია, ზოგჯერ ამ თემაზე საუბრები „თავზე ნაცრის ყრას“ უფრო ჰგავს იმ თვალსაზრისით, რომ ბევრი მომხდარში მხოლოდ ქართულ მხარეს ადანაშაულებს.

ვინც ქართულ-აფხაზური ეთნოკონფლიქტის ეთნოგენეზი და სსრკ-ს დროსაც კი მისი განვითარების ეტაპები, მასში მონაწილე ფიგურანტების ისტორიები, მოტივები და სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური გარემოებები იცის, ისიც იცის, რომ მხოლოდ ერთი მხარე ამ ურთიერთობებში დამნაშავე ვერანაირად ვერ იქნება.

თუნდაც იმიტომ, რომ როცა ორი ადამიანი ჩხუბობს, მარტო ერთი მხარე დამნაშავე ვერ იქნება, მითუმეტეს, თუ ერთ-ერთის უკან არა მარტო ყოველთვის „მესამე ძალა“ არა მარტო იდგა, აღვივებდა სეპარატიზმს „ქართველი ნაციონალისტების“ წინააღმდეგ.

და ეს მაშინ, როცა სწორედ ის „მესამე ძალა“ თავის ნაციონალურ რეგიონებში შოვინისტურ და ნეოიმპერიალისტურ პოლიტიკას ღიად და დაუფარავად ატარებდა რუსეთის იმპერიის დაშლამდე და სსრკ-ს დროსაც.

წლებია აფხაზური საზოგადოების ნაწილი აცნობიერებს, რომ „აფხაზეთის დამოუკიდებლობა“ რეალურად ილუზიაა, მაგრამ, ფაქტია, რომ „ქართველების გარეშე რეალობა“, ბევრისთვის მისაღებია, ბევრისთვის არა. მაგრამ რეალობა ასეთია.

31 წელია შემდეგ როგორ მოიაზრება აფხაზეთში ქართველებზე „გამარჯვების“ თარიღები? მომავალზე რა პერსპექტივები აქვს აფხაზეთში დარჩენილ მოსახლეობას?

- სამწუხაროდ, აფხაზეთში დარჩენილი მოსახლეობა ილუზორულ გარემოში ცხოვრობს. მათ აქვთ ილუზია, რომ მოიგეს ომი, და არიან ე.წ. თავისუფალი და დამოუკიდებელი წარმონაქმნი. ეს ასე, რა თქმა უნდა, არ არის. არ არის უპირველეს ყოვლისა იმის გამო რომ ეკონომიკურად არიან მთლიანად გარე რესურსებზე დამოკიდებულები, და აქ მხოლოდ რუსეთი არ იგულისხმება.

ამის გარდა, საერთაშორისო სამართლის და არსებული საერთაშორისო სისტემის თვალსაზრისით აფხაზეთი ვერანაირად ვერ პასუხობენ ელემენტარულ მოთხოვნილებებს, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, ასევე სხვა საერთაშორისო კრიტერიუმებს. აფხაზეთი დღეს ცხოვრობს არქაული და ხშირად ქაოსური წესების მიხედვით და სამწუხაროდ იქ დარჩენილ საზოგადოებას არ ესმით სამყაროში მიღებული თამაშის წესების.

საერთაშორისო სამართლის და არსებული საერთაშორისო სისტემის თვალსაზრისით აფხაზეთი ვერანაირად ვერ პასუხობენ ელემენტარულ მოთხოვნილებებს, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, ასევე სხვა საერთაშორისო კრიტერიუმებს. აფხაზეთი დღეს ცხოვრობს არქაული და ხშირად ქაოსური წესების მიხედვით და სამწუხაროდ იქ დარჩენილ საზოგადოებას არ ესმით სამყაროში მიღებული თამაშის წესების

მეტიც, აფხაზეთში კარგ ტონად ითვლება საყოველთაო უფლებების უგულებელყოფა და თავისი ინტერპრეტაციების წარმოდგენა, თუ როგორი კონსტრუქცია არის საჭირო განვითარებისთვის. ყოველივე ეს მიანიშნებს ღრმად ჩიხურ აზროვნებაზე რომელიც აფხაზეთის ამჟამინდელ მოსახლეობაშია გაბატონებული. ეს კიდევ უფრო ართულებს მათთან რაიმე სერიოზულ საუბარს.

ამას, რა თქმა უნდა, ემატება დაუსჯელობის სინდრომი და ყველა დონეზე ნებადართული და წახალისებული, მკვეთრად ანტიქართული, ხშირად ცინიკური რიტორიკა, რომელიც იქ დარჩენილ მოსახლეობაშია გამჯდარი. ეს ბუნებრივიცაა, როცა არავინ დასჯილა ასეთი ქმედებებისა თუ სხვისი პირადი ქონების, სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი ობიექტის ძარცვისთვის და ეს ყოველივე სამი ათეული წელი გრძელდება.

ამიტომ, ომში „გამარჯვება“ ბევრისთვის მომავალი დაუსჯელი ქმედებებისთვის მწვანე შუქის ანთება იყო, და ამაზე ბევრმა თავისი მომავალი ააწყო. სამწუხაროდ, ხსენებულ პროცესში აფხაზეთში დარჩენილი მოსახლეობის დიდი ნაწილია ჩათრეული. ამიტომ მიამიტობა იქნება თუ ვინმე ფიქრობს, რომ აფხაზურ მხარეს გააჩნია რაიმე სინანულის სენტიმენტი აფხაზეთიდან გამოდევნებული ქართული მოსახლეობის ტრაგიკული ბედის მიმართ და ზოგადად საქართველოს სახელმწიფოს მიმართ.

მიამიტობა იქნება თუ ვინმე ფიქრობს, რომ აფხაზურ მხარეს გააჩნია რაიმე სინანულის სენტიმენტი აფხაზეთიდან გამოდევნებული ქართული მოსახლეობის ტრაგიკული ბედის მიმართ და ზოგადად საქართველოს სახელმწიფოს მიმართ

მომავლის რეალურ პერსპექტივებზე თუ ვიმსჯელებთ, ბოლო წლებში აშკარად გამოჩნდა რუსეთის სურვილი აფხაზეთის პოტენციალის ათვისებისა. ამისათვის ცხადდება დიდი, რუსეთის სახელმწიფო დაფინანსებით შექმნილი საინვესტიციო პროგრამები, რომელიც აფხაზეთის არაკანონიერ სეპარატისტულ ხელისუფლებას უჭირს შეასრულოს წლიდან წლამდე. შედეგად ეს თანხები იხარჯება ნაწილობრივ ან გადაიხდება ელექტროენერგიის რუსეთიდან გადასროლის საფასურად. ყოველივე ეს ვალად ედება ე.წ დამოუკიდებელ აფხაზეთს.

გარდა ამისა არსებობს კერძო ინვესტიციები პროგრამები, რომელიც რუსეთის სახელმწიფოს მხარდაჭერით სარგებლობს. ასეთი პროგრამები რეალურად ხელს შეუწყობს რუსული ინტერესების და რუსული მოსახლეობის ზრდას აფხაზეთში, და ამით კოლონიზაციის პროცესის დაჩქარებული ტემპებით განხორციელებას.

1992-93 წლის „ომში გამარჯვება“ რუსეთმა აფხაზ სეპარატისტებს ლანგარზე მიართვა, მაგრამ 30 წლის თავზე, გამარჯვების შედეგების გამოყენება თავისი მიზნებისთვის გადაწყვიტა

ამ პროცესს აფხაზური სეპარატისტული არაკანონიერი ხელისუფლება ვერაფერს დაუპირისპირებს. პირიქით, სავარაუდოდ, ის საპროტესტო მუხტი რომელიც ახლა მეტ-ნაკლებად შესამჩნევია აფხაზეთში, ჩაიხშობა რუსეთის მითითებით და აქტიური მონაწილეობით.

ეს ყოველივე დააყენებს აფხაზ სეპარატისტებს სიმართლის პირისპირ, რომ ისინი არ არიან დამოუკიდებლები და ეს ოცდაათწლიანი ილუზია დამთავრდა, რადგან რუსეთი, როგორც ამ ტერიტორიის „მფლობელი“ პირდაპირ შემოდის და ყველა „სიკეთის“ სანაცვლოდ საფასურს მოითხოვს, რომლის გადახდაც სავალდებულო იქნება. საფასური კი ძალზედ ძვირი, მძიმე და შეიძლება ტრაგიკულიც იყოს აფხაზი ეთნოსისთვის.

ამიტომ, მე ვიტყოდი, რომ 1992-93 წლის „ომში გამარჯვება“ რუსეთმა აფხაზ სეპარატისტებს ლანგარზე მიართვა, მაგრამ 30 წლის თავზე, გამარჯვების შედეგების გამოყენება თავისი მიზნებისთვის გადაწყვიტა.

- მიუხედავად იმისა, რომ 1992-193 წლების მოვლენების კრიტიკულ შეფასება ჩვენში დიდი ხნის წინაა დაწყებული. ამის მსგავსი აფხაზურ საზოგადოებაში არაფერი არ ხდებოდა და არ ხდება. აფხაზურ საზოგადოებაში მომხდარის კრიტიკული გააზრება არც დაწყებულა და არც ამის პირი არც უჩანს.

მაქსიმუმ, რასაც ვხედავთ, აფხაზურ საზოგადოებაში, აღარავინ მალავს იმას, რომ 1992 წელს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ვლადისლავ არძინბამ, რომელსაც აფხაზები გმირად მოიხსენიებენ, გააცურა „მელა შევარდნაძე და იმხანად აფხაზეთის გენპროკურორ ( შემდგომში პრემიერ-მინისტრ) ანრი ჯერგენიას თხოვნით თბილისს ერთი თუ ორი დღით რკინიგზის დასაცავად გამზადებული გვარდიის შესვლა აფხაზეთში გადაავადებინა.

თავად კი, ამის პარალელურად, მოემზადა იმისთვის, რომ ქართული გვარდიის აფხაზეთში გადაადგილება „ქართველების მიერ აფხაზების წინააღმდეგ დაწყებულ ომად“ გამოეცხადებინა.

31 წელია გასული და ქართველები დღემდე კამათობენ იმაზე, რომ აფხაზეთში კიტოვანის გვარდიის ნაცვლად ზეიკიძის საპოლიციო ძალები უნდა შესულიყვნენ. მოკლედ, ბოლო არ უჩანს ქართულ ბედოვლათობას.

აფხაზეთში პოლიტიკური პროცესების დინამიკა იძლევა იმის საფუძველს, რომ აფხაზური პოლიტიკური კლასი ღიად დაიწყებს ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში აფხაზურ შეცდომებზე საუბარს?

- რა თქმა უნდა, არა. აფხაზი სეპარატისტების აზრით, ქართველებმა არა მარტო ომი წააგეს, არამედ პოლიტიკური ბრძოლაც. ეს დამოკიდებულება, უკვე მყარადაა ჩამოყალიბებული აფხაზეთში არსებული პოლიტიკური კლასისა და საზოგადოების აზროვნებაში. ნაწილობრივ, მე ამას ვეთანხმები.

აფხაზი სეპარატისტების აზრით, ქართველებმა არა მარტო ომი წააგეს, არამედ პოლიტიკური ბრძოლაც. ეს დამოკიდებულება, უკვე მყარადაა ჩამოყალიბებული აფხაზეთში არსებული პოლიტიკური კლასისა და საზოგადოების აზროვნებაში. ნაწილობრივ, მე ამას ვეთანხმები

მაგრამ, ისიც უნდა ვაღიაროთ რომ ამ პროცესის ყველა ეტაპზე გამართული მოლაპარაკებებისა თუ შეთანხმების დროს, რა საუბრებიც არ უნდა ყოფილიყო აფხაზურ და ქართულ მხარეებს შორის, სეპარატისტების მიზანი, ღიად თუ ფარულად, სულ იყო აფხაზეთის საქართველოდან გამოგლეჯა.

სხვა სიტყვებით რომ ავხსნათ, აფხაზი სეპარატისტების მხარე, თუნდაც როდესაც ტაქტიკურად უკან იხევდა, სინამდვილეში იგებდა დროს იმისათვის, რომ მორიგი ხრიკით მოეტყუებინა ქართული მხარე. ამიტომ არცერთ ეტაპზე, გულახდილები აფხაზური მხარის წარმომადგენლები არ ყოფილან. ასეთი ცუდი გამოცდილების შემდეგ, აფხაზი სეპარატისტული მხარის მიმართ ნდობა შეუძლებელია.

მეტიც, აფხაზურ მხარეს არც სინანული და არც სინდისის ქეჯნა აწუხებთ ქართველებთან და საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებაში. ისინი ღიად აცხადებენ რომ ყველა მეთოდი გამოიყენეს ქართველების განსადევნად აფხაზეთიდან და ეს სიამაყის საგანს წარმოადგენს იქ დარჩენილ საზოგადოებაში.

აფხაზურ მხარეს არც სინანული და არც სინდისის ქეჯნა აწუხებთ ქართველებთან და საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებაში. ისინი ღიად აცხადებენ რომ ყველა მეთოდი გამოიყენეს ქართველების განსადევნად აფხაზეთიდან და ეს სიამაყის საგანს წარმოადგენს იქ დარჩენილ საზოგადოებაში

ამიტომ, საქართველოს საზოგადოებას და მით უმეტეს პოლიტიკურ კლასს მართებს ამ სიმართლის ჯეროვნად გააზრება და შესაბამის მიდგომებზე დაფიქრება, შეცდომების გამეორებისგან დაზღვევის მიზნით და თვითმოტყუების სინდრომის თავიდან ასაცილებლად.

მეორე მხრივ რომ გადავხედოთ, ის პროცესები რომელზეც ვისაუბრეთ, და რომელიც ეხება რუსულ ექსპანსიას აფხაზეთში, შესაძლებელია უბიძგოს აფხაზური საზოგადოების რაღაც ნაწილს დაიწყონ ფიქრი საქართველოსთან დაახლოების თაობაზე.

თუმცა, დღევანდელ პირობებში როდესაც ქართველებთან ურთიერთობა, ნებისმიერ სფეროში სამარცხვინოდ ითვლება, და ამას ლამის საზოგადოებრივი განკიცხვის კამპანიები მოჰყვება ხოლმე, ასეთი პრაგმატული ნაბიჯების გადადგმა ძნელად წარმოსადგენია.

დღევანდელ პირობებში როდესაც ქართველებთან ურთიერთობა, ნებისმიერ სფეროში სამარცხვინოდ ითვლება, და ამას ლამის საზოგადოებრივი განკიცხვის კამპანიები მოჰყვება ხოლმე, ასეთი პრაგმატული ნაბიჯების გადადგმა ძნელად წარმოსადგენია

ზოგადად, უნდა ითქვას, რომ რეალურად უნდა შევხედოთ ვითარებას, და ამიტომ როგორც არის ისე შევაფასოთ. ეს გულისხმობს პრაგმატულ მიდგომებს და ზღაპრებზე უარის თქმას. ჩვენ საქმე გვაქვს ძალიან ერთმნიშვნელოვნად მოაზროვნე ხალხთან, და ამ აზროვნებაში ქართველებზე და ზოგადად საქართველოზე არ არსებობს დადებითი შეხედულება. ამას უნდა შევეგუოთ.

ამავდროულად სწორი და გააზრებული ნაბიჯებით უნდა ვიმოძრაოთ ჩვენი ეროვნული ინტერესების გასატარებლად. ეს არაა ადვილი, მაგრამ აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.

- მიუხედავად იმისა. რომ აფხაზეთის „დამოუკიდებლობა“ რუსეთს აღიარებული აქვს, კრემლშიც კარგად ესმით, რომ რეალურად, აფხაზეთი რუსული სახელმწიფოს გაგრძელებაა სამართლებრივი თვალსაზრისით, ფინანსურად, ეკონომიკურად, სამხედრო თვალსაზრისით, აფხაზეთის ზღვასა და საჰაერო სივრცესა და საზღვარს რუსეთი აკონტროლებს. ასევე სამართალდამცავ უწყებებს, საბანკო სისტემაც რუსულ საბანკო სისტემაზეა მიბმული, რუსულ ენაზე იმართება მთავრობისა და პარლამენტის სხდომები, კანონები.

იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის გავლენა აფხაზეთში საკმაოდ დიდია, კითხვას ასე დავსვამდი - აფხაზეთთან მიმართებაში რა გეგმები და როლი აქვს განსაზღვრული რუსეთს? სავარაუდოდ, რისი მომტანია ეს გეგმები და როლი აფხაზური ეთნოსისათვის?

- ნაწილობრივ ამ საკითხზე უკვე ვისაუბრეთ. რა შეუძლია რუსეთს და რა საჭიროებები გამოჩნდა არსებულ რთულ საერთაშორისო ვითარებაში?

რუსეთი ერთმნიშვნელოვნად ფლობს აფხაზეთს, როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად, გეოგრაფიულად, სამხედრო და რაც მთავარია კულტურულად. დღევანდელი აფხაზეთი სრულიად მოქცეულია რუსულ ორბიტაში.

პოლიტიკური დისკუსიების დროსაც გამოყენებული ლექსიკონი, და დასავლეთის სამაგალითო და უმოწყალო კრიტიკაც, მთლიანად გადმოღებულია რუსული ნარატივებიდან. ასეთ პირობებში, ეთნიკური აფხაზების მიმართ, სავარაუდოდ, პოლიტიკური და კულტურული ასიმილაციისა და რუსეთში „გაზავების“ პროცესი დაჩქარებული ტემპებით ვითარდება, და ჩვენ ამ პროცესის მოწმენი ვხდებით.

რუსეთს სჭირდება აფხაზეთი, პირველ რიგში როგორც ტერიტორია, რომელსაც გააჩნია 214 კილომეტრამდე საზღვაო ზოლი, აქვს მიმზიდველი გეოგრაფიული მდებარეობა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის რომ აფხაზეთი არის ბერკეტი საქართველოზე ზემოქმედების. აი ეს როლი კიდევ უფრო მეტად გამოჩნდა უკრაინაში რუსეთის მიერ სამხედრო შეჭრის შემდეგ, და რა თქმა უნდა ყოველივე ეს კიდევ უფრო მძაფრად ჩანს დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების ჭრილში.

რუსეთს სჭირდება აფხაზეთი, პირველ რიგში როგორც ტერიტორია, რომელსაც გააჩნია 214 კილომეტრამდე საზღვაო ზოლი, აქვს მიმზიდველი გეოგრაფიული მდებარეობა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის რომ აფხაზეთი არის ბერკეტი საქართველოზე ზემოქმედების. აი ეს როლი კიდევ უფრო მეტად გამოჩნდა უკრაინაში რუსეთის მიერ სამხედრო შეჭრის შემდეგ, და რა თქმა უნდა ყოველივე ეს კიდევ უფრო მძაფრად ჩანს დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების ჭრილში

კარგადაა ცნობილი რომ სამხრეთ კავკასია ზოგადად და მათ შორის საქართველო მოიაზრება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სატრანსპორტო გზად რუსეთის უზარმაზარი ბაზრის საქონლის მოსამარაგებლად, რადგან რუსეთის პორტები და სახმელეთო საზღვრები დასავლეთის სახელმწიფოების მხრიდან პრაქტიკულად დაკეტილია და ვერ ატარებენ ტვირთებს.

ცალკე აღებული აფხაზეთის გაძარცვული და საკმაოდ მოძველებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა ამ თვალსაზრისით არ წარმოადგენს რაიმე ღირებულებას. მას შეუძლია გარკვეული და საკმაოდ ლიმიტირებული როლი შეასრულოს მხოლოდ დანარჩენ საქართველოსთან ბმაში. ამიტომაც გააქტიურდა საუბრები სხვადასხვა დონეზე და სხვადასხვა აქტორებისაგან აფხაზეთზე სარკინიგზო და საავტომობილო გამჭოლი მიმოსვლის აღდგენაზე, სოხუმის აეროპორტის ამუშავებაზე და ასე შემდეგ. თუმცა ესეც ძალზედ პრობლემატურია და შეუძლებელიც კი არსებული საერთაშორისო წესების გათვალისწინებით.

ამ თვალსაზრისით, აფხაზური მხარისთვის საკითხავი რუსეთს რეალურად არაფერი აქვს. თუ საქმე საქმეზე მიდგა, რუსეთს იმდენი გავლენა და ძალა აქვს აფხაზეთში, რომ სისრულეში მოიყვანოს ხსენებული განზრახვები. არა მგონია რომ აფხაზი სეპარატისტების მხარეს ვინმეს ყოფნის ფანტაზია რომ ამაზე სხვანაირად იფიქროს.

მოვლენების განვითარების ტენდენციებს თუ გადავავლებთ თვალს შესაძლებელია დადგეს ისეთი დრო, როდესაც ე.წ. „დამოუკიდებელი“ აფხაზეთის არსებობა, რუსეთისთვისაც კი ძალიან მძიმე და არაფრისმომტანი ტვირთი გახდეს, რომელიც ადრე თუ გვიან მოსაშორებელია. აქ მთავარია საქართველოს სახელმწიფო იყოს მზად საჭირო მომენტისთვის რომ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა იმ ტერიტორიაზე, რადგან პროცესები შეიძლება სწრაფად განვითარდეს მოულოდნელი მიმართულებით

სხვა საკითხია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ჭრილში ამ ვითარების დანახვა. ეს კი საკმაოდ დიდ და მრავალწახნაგიან საკითხებს ეხება. აქ ძალიან რელიეფურად იკვეთება ყველა ის უმძიმესი შეცდომა და მავნებლური პოლიტიკა რომელიც რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ აწარმოვა გასული 30 წლის განმავლობაში.

ამიტომ, სანამ ამ საკითხების გამოსწორება არ მოხდება და საქართველო ამ შეცდომებით მიღებულ ზიანს არ მოიშუშებს, მანამდე ძნელია რაიმე კონსტრუქციული საუბარი შესდგეს ამ ორ ქვეყანას შორის. ეს არის რეალობა, რომელიც, რა თქმა უნდა, სირთულეებზე მიგვითითებს, მაგრამ ამავდროულად ამ სირთულეებში ჩვენ გვიხდება ცხოვრება და ქვეყნის განვითარებაზე ზრუნვა. ყოველივე ეს გადის საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებზე და ამიტომ, ასე ადვილად ხსენებული ინტერესებით ვაჭრობას ვერავინ შეძლებს.

მოვლენების განვითარების ტენდენციებს თუ გადავავლებთ თვალს შესაძლებელია დადგეს ისეთი დრო, როდესაც ე.წ. „დამოუკიდებელი“ აფხაზეთის არსებობა, რუსეთისთვისაც კი ძალიან მძიმე და არაფრისმომტანი ტვირთი გახდეს, რომელიც ადრე თუ გვიან მოსაშორებელია. აქ მთავარია საქართველოს სახელმწიფო იყოს მზად საჭირო მომენტისთვის რომ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა იმ ტერიტორიაზე, რადგან პროცესები შეიძლება სწრაფად განვითარდეს მოულოდნელი მიმართულებით.

- აფხაზეთის პრობლემაზე 1992 წელს საომარი მოქმედებების დაწყებამდე და მას შემდეგ ქართული პოლიტიკური კლასი, ბევრს მსჯელობდა.

ომამდე და ომის შემდეგ ამ თემაზე გვახსოვს სხვადასხვა დონეზე დებატები, მსჯელობები, პოლიტიკური პროცესები, უმეტეს წილად უშედეგო და გაუაზრებელიც კი. ზედმეტი თავმდაბლობის გარეშე შემიძლია თქმა, რომ აფხაზეთის თემებთან დაკავშირებული თემები საკმაოდ კარგად ვიცი.

ბევრი რამ მახსოვს. შესაძლოა, ბევრი არც ვიცი და არც შეიძლება მახსოვდეს. მაგრამ, რაც მეტი დრო გადის, სულ უფრო გაუგებარ კონტურებს იძენს ზედაპირული და ყოველგვარ საფუძველს მოკლებული საუბრები და მსჯელობები ამ თემაზე. შესაბამისად, ხშირად გაუგებარია ქართულ მხარეს რა უნდა, რის მიღწევას ცდილობს და ასე შემდეგ.

ამ თემაზე კიდევ მეტის თქმაც შეიძლებოდა, მაგრამ აქ გავჩერდები და კითხვას ასე დავსვამ - თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, როგორ გამოყურება საქართველოს ეროვნულ- სახელმწიფოებრივი ინტერესი აფხაზეთის მიმართ? და, რამდენად მიღწევადია ისინი?

- აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია! ეს ლოზუნგი არაა, ეს საქართველოს უმაღლესი კანონმდებლობის კონსტატაციაა. ჩვენი ქვეყანა, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, ოფიციალურად აღიარებს აფხაზეთს ოკუპირებულ ტერიტორიად. ამიტომ ქვეყნის უმთავრეს და უმნიშვნელოვანეს ეროვნულ ინტერეს წარმოადგენს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და დეოკუპაცია. ამას ვერავინ და ვერაფერი შეცვლის.

ყველაფერი მიღწევადია, თუ მიზნისკენ თანმიმდევრული, სწორად მოზომილი და მტკიცე ნაბიჯები გადადგი. 30 წლის განმავლობაში არავითარი პროგრესი არ იქნა მიღწეული უპირველეს ყოვლისა რუსეთის „შუამავლობის“, შემდგომში მისი ღია სამხედრო აგრესიის და საბოლოოდ მთლიანად პროცესის ჩიხში შესვლის რუსეთის მიერ აფხაზეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარების გამო.

ერთი შეხედვით ეს ვითარება კონსტანტაზე მიგვითითებს. მაგრამ ასე არ არის. აფხაზეთი გახდა საერთაშორისო საზოგადოებისა და დიდი აქტორების მსჯელობის ობიექტი. ამიტომ, რუსეთის მიმართ საერთაშორისო ვითარების ცვლილება, ავტომატურად აისახება აფხაზეთზე, და ამით სტატუს-კვოც იცვლება. რა თქმა უნდა, ეს საქმეში ჩაუხედავი თვალისთვის დიდად შესამჩნევი არაა, მაგრამ იმათთვის ვინც წლებია ამ პრობლემატიკით არის დაკავებული და კარგად ესმის აფხაზეთში მიმდინარე პროცესები, აღნიშნული ცვლილებები საკმაოდ თვალსაჩინოა.

ამიტომ, როგორც წეღან აღვნიშნეთ, ვითარება იცვლება. ეს ცვლილებები ზედაპირული შეხედვით უმნიშვნელოა, თუმცა გარკვეულ შიდა პროცესების პროვოცირებას იწვევს, რომელიც დროზე უნდა დავინახოთ, გავაანალიზოთ და სწორი დასკვნები გავაკეთოთ.

აქვე ხაზგასმით აღსანიშნავია, საქართველოს სახელმწიფომ, გასული 30 წლის განმავლობაში არ გადადგა არცერთი მკვეთრი ნაბიჯი, აფხაზეთის სეპარატისტული, უკანონო რეჟიმის საწინააღმდეგოდ, მიუხედავად იმისა რომ გააჩნია უამრავი ბერკეტი არსებულ ვითარებაზე ზეგავლენის მოსახდენად და მისი მკვეთრად შემოსატრიალებლად. ეს სამწუხაროდ სეპარატისტულმა მხარემ არ დაინახა, ან კიდევ სისუსტედ აღიქვა. მაგრამ მოვლენების განვითარება მიდის იმდაგვარად, რომ საქართველოს მხრიდან მის ხელთ არსებული მძლავრი, ლეგიტიმური, არასამხედრო ბერკეტები უნდა იქნეს ამუშავებული, ხსენებული ეროვნული ინტერესების და ამოცანების მისაღწევად.

- საინტერესოა აფხაზეთის პერსპექტივაზე რას ფიქრობენ თბილისში, სოხუმში, ანაც მოსკოვში, მაგრამ, ახლა როცა უკრაინა-რუსეთის ომის ფონზე მსოფლიო მნიშვნელოვნად შეცვლილია, საინტერესოა, აფხაზეთის თემაზე როგორია საერთაშორისო საზოგადოების დამოკიდებულება და პოზიციები.

ფაქტია, რომ აფხაზეთის მომავალზე სოხუმისა და მოსკოვის პოზიციები ბევრწილად თანხვედრაშია. მაგრამ, ისიც ფაქტია, რომ რა ფორმით და რა დოზითაც არ უნდა იყოს სოხუმისა და მოსკოვის პოზიციების თანხვედრა, ისინი აშკარად აცდენილია არა მარტო საერთაშორისო სამართალს, დღევანდელი მსოფლიო დღის წესრიგსაც.

ასეთ ვითარებაში ალბათ აქტუალურია ამ თემაზე ყურადღების გამახვილება. სავარაუდოდ, რაა მიზეზი იმისა, რომ აფხაზეთის მომავალთან დაკავშირებით სოხუმისა და მოსკოვის პოზიციები აცდენილია მსოფლიო დღის წესრიგის წარმოდგენებს?

რატომ არ უნდათ გაიგონ ეს სოხუმში, რომლის გაცხადებული მიზანია აფხაზეთი გახდეს საერთაშორისო თანამეგობრობის სუბიექტი?

- ეს საკმაოდ ვრცელი თემაა. ვეცდები რამდენიმე ძირითადი აქცენტი დავსვა. ჩემი აზრით, სოხუმის სეპარატისტებსა და მოსკოვს შორის არ არის სრული თანხვედრა მიზნებში. მოსკოვს სურს აფხაზეთი მთლიანად შთანთქას და აქციოს თავის ნაწილად. აფხაზ სეპარატისტებს კიდე გააჩნიათ დამოუკიდებლობის ილუზია და სურვილი გახდნენ საერთაშორისო თანამეგობრობის სრულფასოვანი წევრები. იმედი მაქვს არც ერთს და არც მეორე მიზანს ასრულება არ უწერია.

სოხუმის სეპარატისტებსა და მოსკოვს შორის არ არის სრული თანხვედრა მიზნებში. მოსკოვს სურს აფხაზეთი მთლიანად შთანთქას და აქციოს თავის ნაწილად. აფხაზ სეპარატისტებს კიდე გააჩნიათ დამოუკიდებლობის ილუზია და სურვილი გახდნენ საერთაშორისო თანამეგობრობის სრულფასოვანი წევრები. იმედი მაქვს არც ერთს და არც მეორე მიზანს ასრულება არ უწერია

ერთადერთი, რაც აფხაზმა სეპარატისტებმა რეალურად „მოახერხეს“, არის ქართული მოსახლეობის განდევნა და ამით აფხაზეთის საქართველოს სახელმწიფოებრივი კონტროლიდან დროებითი გაყვანა. რუსებმა კი ამ დანაშაულებრივ აქციაში მხარდაჭერა და დახმარება აღმოუჩინა სეპარატისტებს, რის მერე დაამყარეს აფხაზეთზე ე.წ. ეფექტური კონტროლი, ანუ საოკუპაციო რეჟიმი. საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით ორივე ეს არის უმძიმესი დანაშაული.

მეტიც, ბევრ მნიშვნელოვან საერთაშორისო დოკუმენტში ეს დანაშაულები აღიარებულია. შედეგად აფხაზეთის მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ იხმარება ისეთი ტერმინები როგორიცაა - „ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა“, „ოკუპირებული ტერიტორია“, „რუსეთის ეფექტური კონტროლი“.

ყოველივე ეს შეუძლებლად ხდის აფხაზეთის ტერიტორიის აღიარებას სრულფასოვან საერთაშორისო სუბიექტად იმ უმძიმესი დანაშაულების ფონზე რაც ამ ტერიტორიაზე ადგილი ჰქონდა. ისევე როგორც მისი ‘ანშლუსი’ ანუ რუსეთში შეყვანის პროცესი ვერასოდეს იქნება აღიარებული საერთაშორისო დონეზე.

რუსეთმა ეს ძალიან კარგად იცის და ამიტომაც მოცემულ ეტაპზე ამ პროცესის ფორსირებას არ ახდენს. მით უფრო, როგორც ჩანს, მოსკოვში ნამდვილად აქვთ იმედი და მნიშვნელოვნად მიაჩნიათ საქართველოსთან ადრე თუ გვიან ურთიერთობების დალაგებისა. ეს უდავოდ შედის რუსეთის სასიცოცხლო ინტერესებში. ამის ფონზე აფხაზეთი შესაძლებელია უბრალო ბერკეტის დონეზე იქნას დაყვანილი.

თუმცა, ეს მხოლოდ ვარაუდებია. მაგრამ, დიდი ალბათობით რუსეთისთვის დღეს აფხაზეთს ცალკედ აღებულად არ გააჩნია დიდი მნიშვნელობა. ყოველ შემთხვევაში რეგიონულ ჭრილში დღეს საქართველოს მნიშვნელობა მკვეთრად გამოხატულია და გადაჭარბების გარეშე საკვანძოა.

დღევანდელი აფხაზეთი არის უამრავი საერთაშორისო კონვენციის, შეთანხმებისა თუ სხვა არსებული ნორმატიული დოკუმენტის პირდაპირი დამრღვევი. საყოველთაო ადამიანის უფლებების დეკლარაცია რომ ავიღოთ დარწმუნებული ვარ ხსენებულ დოკუმენტში არსებული ყველა პუნქტის მიმართ ვიპოვით სერიოზულ დარღვევას დღევანდელ ოკუპირებულ აფხაზეთში.

ამიტომ, აფხაზურმა სეპარატისტულმა მოძრაობამ, იქ დარჩენილი საზოგადოება დააყენა ყველანაირი ლეგიტიმური ჩარჩოების მიღმა, და რეალისტურად ამ ჩარჩოებში დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოსთან რეინტეგრაციით.

როცა წეღან ვახსენე საქართველოს ხელთ არსებული ბერკეტები, ერთ-ერთი უმძლავრესი ბერკეტი ამ თვალსაზრისით სწორედ საერთაშორისო სამართალი და მასთან დაკავშირებული ინსტიტუტებია.

ფორმულა არის მარტივი - ეთნიკური წმენდის, ეთნიკურ ნიშნად მოწყობილი მასიური მკვლელობების, დემოგრაფიული ვითარების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლისა და ადამიანის უფლებების და თავისუფლებების უხეში დარღვევების საფუძველზე, „დამოუკიდებელი“ და „დემოკრატიული“ საზოგადოების შექმნა არის ნონსენსი. აღნიშნული ნონსენსის მაღიარებელი, ნორმალური ცივილიზებული სამყაროს ქვეყნებში ვერ და არ მოიძებნება.

ეთნიკური წმენდის, ეთნიკურ ნიშნად მოწყობილი მასიური მკვლელობების, დემოგრაფიული ვითარების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლისა და ადამიანის უფლებების და თავისუფლებების უხეში დარღვევების საფუძველზე, „დამოუკიდებელი“ და „დემოკრატიული“ საზოგადოების შექმნა არის ნონსენსი. აღნიშნული ნონსენსის მაღიარებელი, ნორმალური ცივილიზებული სამყაროს ქვეყნებში ვერ და არ მოიძებნება

რატომ არ უნდათ ამის გაგება სოხუმში? ძალიან მარტივია. ყველანაირი პოლიტიკა უპირველეს ყოვლისა ადამიანის საკუთარ, პარტიკულარული ინტერესებიდან გამომდინარეობს. ამიტომ, ყველა არსებული საერთაშორისო სამართლის დოკუმენტის მიხედვით, დღეს არსებული ვითარება აფხაზეთში არის დანაშაულებრივი. ადამიანები, ან ადამიანების ჯგუფი, რომელიც ამ ვითარების შექმნაში მონაწილეობენ არიან დამნაშავეები.

ეს ელემენტარული ჭეშმარიტებაა, და ამასთან გვაქვს დღეს ჩვენ საქმე. როგორც უკვე აღვნიშნე, იქ მყოფი მოსახლეობა არის ტოტალურ უკანონობაში ჩათრეული. ამიტომაც იქ არსებული ვითარება მიუთითებს რამდენად „საშიშია“ დღევანდელი სეპარატისტებისთვის ამ საკითხებზე გაფიქრებაც კი. მაგრამ ერთია ცხადი, როგორც უკვე ვახსენეთ, სტატუს-კვოს ცვლილებები ნებსით თუ უნებლიედ მოიტანს აფხაზეთის საკითხის გადაწყვეტის აუცილებლობას.

მოტყუების და თვალში ნაცრის ფრქვევის დრო დამთავრდა. დადგა პრაგმატული, კეთილსინდისიერი და პასუხისმგებლობიანი ნაბიჯების გადადგმის დრო. ამიტომ, თუ გვინდა აფხაზეთის პრობლემის მოგვარება - „მიეცით კეისარს კეისრისა და ღმერთს ღვთისა“

აქვე მნიშვნელოვანია პროცესის ყველა მონაწილემ უნდა გაიაზროს, რომ აფხაზეთის პრობლემის მოგვარება არავითარ შემთხვევაში არ მოხდება ერთი ან მეორე და მით უმეტეს მესამე მხარის პირობებზე. ის უნდა მოხდეს საერთაშორისო სამართლის საფუძველზე, ადამიანის უფლებების დაცვის პირობებში და საქართველოს სახელმწიფოებრიობის ფარგლებში.

სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს და ვერ იარსებებს. აი ეს უნდა გაიგოს აფხაზეთში მცხოვრებმა მოსახლეობამ. მოტყუების და თვალში ნაცრის ფრქვევის დრო დამთავრდა. დადგა პრაგმატული, კეთილსინდისიერი და პასუხისმგებლობიანი ნაბიჯების გადადგმის დრო. ამიტომ, თუ გვინდა აფხაზეთის პრობლემის მოგვარება - „მიეცით კეისარს კეისრისა და ღმერთს ღვთისა“.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
კახა ოქრიაშვილი „ოცნებას“ - თქვენს კოლექტიურ შიზოფრენიას უნდა გადააყოლოთ ქვეყანა? - შემოდგომაზე არჩევნები გარდაუვალია!
GM PHARMA-ში ახალი მედიკამენტების კვლევა-განვითარება აქტიურად გრძელდება
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა
„სილქნეტმა” „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
„ბიბლუსში“ თიბისის ხანგრძლივი ქეშბექ კამპანია დაიწყო - 20%-იანი ქეშბექი თიბისის მოსწავლის ბარათის ან ახალი თიბისი ბარათის მქონე სტუდენტებისთვის „ბიბლუსის“ სრულ ასორტიმენტზე
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში მიმდინარე შეჯიბრებას დაესწრო