ქარიზმატიული ლიდერი თუ პარტიების იდეოლოგია და პროგრამები - რა კრიტერიუმით იღებს გადაწყვეტილებას ამომრჩეველი
რა ბერკეტებს გამოიყენებს ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად
საიდან გაჩნდა მოსაზრება: ნატოში გაწევრიანება ტერიტორიების დათმობის სანაცვლოდ
* * *
ქარიზმატიული ლიდერი თუ პარტიების იდეოლოგია და პროგრამები - რა კრიტერიუმით იღებს გადაწყვეტილებას ამომრჩეველი
“მივიღებთ თუ არა თვისობრივად განხვავებულ პოლიტიკურ ველს 2024 წლის არჩევნებისთვის და რა იქნება გადამწყვეტი ფაქტორი, რომელიც შედეგზე მოახდენს ზეგავლენას - ბარდება თუ არა წარსულს ქარიზმატიული ლიდერების ეპოქა. პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე “რეზონანსთან” ქარიზმატული ლიდერის არარსებობაზე საუბრობს და ამბობს, რომ საქართველოში დღემდე ხელისუფლების ცვლილება ხდებოდა მხოლოდ ქარიზმატული ლიდერების მეშვეობით. საერთაშორისო ურთიერთობის ექსპერტი ნიკა ჩიტაძე კი ამომრჩევლის საარჩევნო გემოვნებისა და კრიტერიუმებზე ამბობს, რომ ადამიანები ხმას აძლევენ ქარიზმატულ ლიდერს და სამწუხაროდ - არა იდეოლოგიას”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ქარიზმატიული ლიდერი თუ პარტიების იდეოლოგია და პროგრამები - რა კრიტერიუმით იღებს გადაწყვეტილებას ამომრჩეველი.
“ქარიზმატული იყო გამსახურდია, ქარიზმატული იყო შევარდნაძე, ქარიზმატული იყო სააკაშვილი და ივანიშვილი. ხოლო შემდეგ, როცა შენარჩუნებაზეა საუბარი, ჩვენთვის დამახასიათებელია არჩევნების 10%-იანი გაყალბება, რაც იძლევა საშუალებას, რომ ხელისუფლებამ ძალაუფლება შეინარჩუნოს, თუ ოპოზიციაში არ გამოჩნდა ქარიზმატული ლიდერი. ქართველი ამომრჩეველი ქარიზმას აძლევდა დღემდე ხმას და ახლა რთული სიტუაცია დგება, რადგან ქარიზმებს ნელ-ნელა ყავლი გაუდით და ძალიან რთული და ძნელი იქნება ამომრჩევლისთვის არჩევანის გაკეთება. ამას მოწმობს მესამე ჯგუფი ამომრჩევლისა, რომელიც ვერ ჩამოყალიბდა, ვერ შეარჩია მისთვის სასურველი ოპოზიციური კანდიდატი, რადგან ოპოზიციაში დღეს არა თუ ქარიზმა, არამედ ლიდერების პრობლემაც კი მნიშვნელოვნად არსებობს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
„ მაინც ლიდერს მიჰყვება ამომრჩეველი, რომელიც შეძლებს დაარწმუნოს რომ ის მართლა რაღაცის გამკეთებელია. საარჩევნოდ ალბათ მივიღებთ ახალ პოლიტიკურ ველს, იმიტომ რომ ისევ ძველი ქარიზმები თამაშობენ - სააკაშვილი და ივანიშვილი, მაგრამ კლიმატს ვერც ერთი მათგანი ვერ ქმნის. აი, ეს არის ახალი პოლიტიკური ველი. 2020 წლის არჩევნებში სააკაშვილ-ივანიშვილს ერთმნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდათ საკუთარ მხარდამჭერებზე. დღეს ისინი ამ ამომრჩეველს ნელ-ნელა კარგავენ, გავლენას კარგავენ, ამიტომაც ვამბობ, რომ ახალი ველია. ახალი ქარიზმაც რახან არ ჩანს, ასეთ ვითარებაში მოგვიწევს არჩევნების ჩატარება. ოპოზიციის მოვალეობაა ახალი ლიდერის შექმნა”, - დაასკვნის ვახტანგ ძაბირაძე.
“ამ შემთხვევაში რამდენიმე კრიტერიუმი შეიძლება განვიხილოთ - ჩვენს საზოგადოებაში, სამწუხაროდ, შეინიშნება პოლიტიკური კულტურის ნაკლებობა, რაც აისახება კიდეც არჩევნების დროს გადაწყვეტილების მიღებაზე. ამომრჩეველთა ნაწილი საქართველოში უპირატესობას ანიჭებს ქარიზმატულ ლიდერს და მისი ხათრით ხმას აძლევს იმ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას, რომლის ლიდერიც არის ქარიზმატული ლიდერი. ხანდახან შეიძლება ქარიზმატული არ დავარქვათ, მაგრამ, პიროვნებას ხშირად აძლევენ ხმას, მას ანიჭებენ რაღაც მნიშვნელობას. ჩვენ დავინახეთ, რომ 2012 წლის არჩევნებში მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ხმა მისცა ბიძინა ივანიშვილის ფაქტორს და “ქართულ ოცნებას” ივანიშვილის ხათრით. თუნდაც მთავარ ოპოზიციურ ძალას - “ნაციონალურ მოძრაობას” ძალიან ბევრი ხმას აძლევს მიხეილ სააკაშვილის ხათრით - განიხილავენ მას ქარიზმატულ ლიდერად”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.
“კიდევ ერთი პრობლემა რომელიც ჩვენთან არის და რომელიც უკავშირდება არჩევანის არათავისუფლებას. ხშირ შემთხვევაში ძალიან ბევრი ადამიანი ხმას აძლევს ვიღაცის ხათრით. მაგალითად, ნათესავმა სთხოვა - მიეცი ხმა, ეს ჩემი ახლოებელია, ან თვითონ ჰყავს ახლობელი პარტიაში და იმის ხათრით აძლევს ხმას კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას, ან ვიღაცის ზემოქმედების ქვეშ არის. სამწუხაროდ, ხშირად ეკლესიის მსახურები ერევიან პოლიტიკურ პროცესებში. კარგად დავინახეთ ეს ჩვენ “ოცნების” სასარგებლოდ. “ქართული ოცნებაც” ეკლესიის ფაქტორს იყენებს იმისთვის რომ სასულიერო პირებმა ამომრჩეველზე გარკვეული ზემოქმედება მოახდინონ. ბევრიც ხმას აძლევს ვიღაცის ჯინაზე, პლუს კიდევ ამას ემატება კიდევ ერთი დიდი პრობლემა, ხშირად ჭარბობს საქართველოში კუთხური პოლიტიკური კულტურა - ვიღაცა ვიღაცის უბნელია ან მისი რეგიონიდან არის და ამიტომაც აძლევენ ხმას. ბიძინა ივანიშვილს ხმა მისცეს საჩხერის რაიონში, ჭორვილაში მოსახლეობის 90%-ზე მეტმა”, - განაგრძობს საერთაშორისო ურთიერთობის ექსპერტი.
“ბევრი პრობლემაა, რისი საფუძველიც არის პოლიტიკური კულტურის ნაკლებობა. ეს მეც მეხება, მეც ამ საზოგადოების ნაწილი ვარ. შესაძლებელია განსხვავებული პოლიტიკური ველი მივიღოთ არჩევნების წინ, იმიტომ, რომ “ქართული ოცნება” წინასწარ გამიზნული ქმედებების, ან ხანდახან უმოქმედობის გამო უშვებს შეცდომებს და მისი რეიტინგი ეცემა. ამიტომაც, ბუნებრივია, უკვე 2024 წელს ძალიან გაუჭირდება ამ არჩევნებში გამარჯვება თუ არჩევნები ჩატარდა სამართლიანად. მეორე მხრივ შესაძლებელია ოპოზიციური პარტიების რეიტინგი გაიზარდოს, მაგრამ აქ ძალიან მნიშვნელოვანია რა საარჩევნო კამპანიას ჩაატარებს ერთი მხრივ “ქართული ოცნება” და მეორე მხრივ ოპოზიციური პარტიები, რომ თავის მხარეს გადაიბირონ ამომრჩეველთა დაახლოებით 45-50%, ანუ ის ამომრჩეველი, რომელიც ჯერ კიდევ მერყეობს და რომელიც აპირებს არჩევნებზე წასვლას, სოციოლოგიურ გამოკითხვებს თუ დავუკვირდებით, მათ ჯერ არ მიუღიათ გადაწყვეტილება. თუ რომელ პოლიტიკურ პარტიას დაუჭერენ მხარს”, - დასძენს ნიკა ჩიტაძე.
რა ბერკეტებს გამოიყენებს ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად
“პარლამენტში შოვის ტარაგედიასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით ოპოზიცია კონსულტაციების რეჟიმში ყოფნას განაგრძობს და ყველა საპარლამენტო ბერკეტის გამოყენებას ანონსებს. ოპოზიციის ნაწილი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება, რომელიც კატეგორიულად ეწინააღმდეგება საგამოძიებო კომისიის შექმნას, რაღაც აქვს დასამალი. “საგამოძიებო კომისიასთან ერთად, გამოვიყენებთ ზედამხედველობის აბსოლუტურად ყველა საპარლამენტო ინიციატივას, რათა ანგარიშვალდებულების მექანიზმი, რომელიც მაქსიმალურად მორღვეულია ივანიშვილის მმართველობის პერიოდში, მაქსიმალურად გამოვიყენოთ და საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე”, - აცხადებს ოპოზიციონერი დეპუტატი თინა ბოკუჩავა და იმედს გამოთქვამს, რომ ყველა ოპოზიცონერი დეპუტატი შოვის ტრაგედიაზე საგამოძიებო კომისიის ინიციატივას შეუერთდება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა ბერკეტებს გამოიყენებს ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად.
“ოპოზიცია ხელისუფლებისგან ითხოვს პასუხებს: რატომ არ მოხდა ადრეული გაფრთხილების სისტემის დანერგვა. რა გახდა სამძებრო-სამაშველო ოპერაციის დაგვიანების მიზეზი; რატომ არ ითხოვა საქართველოს ხელისუფლებამ მეზობელი სახელმწიფოების დახმარება. რა გარემოებებზე დაყრდნობით თქვა უარი სახელმწიფომ ამერიკისგან ორ სამძებრო-სამაშველო ვერტმფრენის გრანტის წესით შესყიდვაზე... ხელისუფლება ოპოზიციის ინიციატივაში პოლიტიკურ მიზნებს ხედავს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ეს ინიციატივა ოპოზიციის მხრიდან ახალი პოლიტიკური დებატებისთვის ხელოვნურად ასპარეზების შექმნის მცდელობაა, თუმცა, ოპოზიციის შიგნითაც არ აქვთ ერთიანი პოზიცია. "ქართული ოცნება" კი თვლის, რომ ნებისმიერ კითხვასთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება გაჩნდეს, ყველას თავისი სურვილისამებრ შეუძლია იმუშაოს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“იმ ფონზე, როდესაც აშკარად ჩანს ამ ტრაგედიაზე ქულების დაწერის მოტივაცია, რომ რაღაც ფორმით ოპოზიციაში მთავარ ამოცანად საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესების დაკმაყოფილების სურვილია, ასეთ ფონზე მთლად დამაჯერებელად არ გამოიყურება საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით ინიციატივა. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ახალი პოლიტიკური დებატებისთვის ხელოვნურად შეიქმნას ახალი ასპარეზები”, - აცხადებენ მმართველ გუნდში. ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მმართველი პარტიის უარი კომისიის შექმნაზე გარკვეულ ეჭვებს აჩენს და აზარალებს “ოცნებას”. ნაწილის აზრით, კი მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური დასკვნის გამოქვეყნებამდე კომისიის შექმნის მოთხოვნა მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციაა. ექსპერტი პეტრე მამრაძე რამდენიმე მიზეზს ასახელებს, თუ რატომ ითხოვს ოპოზიცია პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას. ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციას ამ საკითხთან მიმართებაში პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა გაუჭირდება და სხვა ოპოზიცონერ დეპუტატებს ვერ დაითანხმებს”, - დასძენს გამოცემა.
“რატომ ითხოვენ საგამოძიებო კომისიის შექმნას, ამის მიზეზი არის რამდენიმე. საგამოძიებო კომისია აძლევთ საშუალებას გამოიყენონ თვიანთი სტატუსი, გავლენა მოახდინონ იმ ადამიანებზე, რომლებსაც დაიბარებენ. გააკეთონ ხმაურიანი განცხადებები. მეორე, არის პიარი, კომისიის ნებისმიერ სხდომაზე რასაც იტყვიან, შეუძლიათ გააპიარონ, ეს იქნება მათთვის ინტენსიური პიარის პლატფორმა. ჩვენ რომ გვყავდეს ეროვნული ინტერესების მატარებელი და საქმის მცოდნე ოპოზიცია, მე ვიქნებოდი პირველი მომხრე შექმნილიყო საგამოძიებო კომისია, მაგრამ, სინანულით მინდა ვთქვა, რომ ჩვენ გვყავს ოპოზიცია, რომელიც მხოლოდ დეზინფორმაციას ავრცელებს. მათი მთავარი ტაქტიკა არის სხვას ტალახი ესროლოს. ამის გამო კი იკარგება ექპერტების დასაბუთებული კრიტიკა. “ოცნება” თუ არ მოინდომებს კომისიის შექმნას, მართალიც იქნება, ხომ იციან, რომ ჭეშმარიტების დასადგენად არ ქმნიან ამ კომისიას, არამედ ქმნიან ბინძური მიზნებისთვის. კარგია რომ გახარიას ჯგუფი გაეცალა ამ სიბინძურეს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პეტრე მამრაძე.
“ოპოზიციას საერთოდ არ აინტერესებს შოვის ტრაგედია, ესენი არიან ჩასაფრებული გიენები. ერთი სული აქვთ, რაიმე საბაბი მიეცეთ, რომ თავს დაესხან ქვეყანას. მათი “ნათელი” მიზანია, შეცვალონ ხელისუფლება. სახელმწიფო სტრუქტურები დღე და ღამეს ასწორებენ ტრაგედიის ზონაში, ოპოზიცია კი მხოლოდ პოლიტიკური ქულების დაწერაზე ფიქრობს. სხვის უბედურებაზე საკუთარი ბედნიერების აგება სურს, მაგრამ ვერაფერს ვერ გააკეთებენ. გახარია უკვე ჩამოშორდა და თუ “ლელო” შეურთდება ამ მინუსებში წასულ პარტიებს, არც ამით დაშავდება რაიმე. რაც მეტ უმსგავსობას ჩაიდენს ოპოზიცია, ისეთ პასუხსაც მიიღებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში”, -მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძე.
საიდან გაჩნდა მოსაზრება: ნატოში გაწევრიანება ტერიტორიების დათმობის სანაცვლოდ
“ნატოს გენერალური მდივნის აპარატის ხელმძღვანელის სტიან იენსენის მოსაზრებამ, რომ რუსეთისთვის გარკვეული ტერიტორიის დათმობა შეიძლება კიევისთვის იყოს გზა მშვიდობის მისაღწევად და ნატოში გასაწევრიანებლად, კიევის მკაცრი რეაქცია გამოიწვია. “უცნაურია ამ თემის ასეთი შემოგდება, სრულიად გაუგებარია, რატომ გააკეთეს ეს, იმისთვის, რომ ჩვენი ნერვები შეამოწმონ? არ არის საჭირო, კარგ მდგომარეობაში ვართ 2022 წლის 24 თებერვლიდან”, - განაცხადა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა. მისი თქმით, უკრაინა 2022 წლის 24 თებერვლიდან 24 საათის განმავლობაში ცდლობს საკუთარი ტერიტორიის მტრისგან გათავისუფლებას”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით საიდან გაჩნდა მოსაზრება: ნატოში გაწევრიანება ტერიტორიების დათმობის სანაცვლოდ - “ეს ეწინააღმდეგება უკრაინის და საქართველოს ინტერესებს და საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა”.
“როდესაც ვინმე, სადმე, ვთქვათ, ევროკავშირში ან სხვა ინსტიტუტებში თბილ სავარძელში მჯდომი იწყებს ჩვენთვის რჩევის მოცემას, მინდა აღვნიშნო, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ასეთი ტესტები არცერთ ქვეყანას არ გაუვლია”, - თქვა ოლექსი დანილოვმა. როგორც თსუ-ს პროფესორი და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩია “რეზონანსთან” ამბობს, ის, რომ ტერიტორიების დათმობის სანაცვლოდ საქართველოსა და უკრაინის ნატოში ინტეგრაციია გახდება რეალური, არის მიამიტური გზავნილი, რადგან ის არ შედის არცერთი ქვეყნის ეროვნულ ინტერესში და რუსეთი მხოლოდ ამას არ დაკმაყოფილდება. საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი “რეზონანსთან” თვლის, რომ მოსაზრება - ნატოში საქართველოსა და უკრაინის ინტეგრაციის ტერიტორიული მთლიანობის სანაცვლოდ, რეალობას არ პასუხობს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“პირველ რიგში უნდა დავიწყოთ იქედან, რომ ეს არ არის გამოსავალი ამ კონფლიქტებიდან. რომ დავუშვათ კიდეც ეს ორი სახელმწიფო თანახმა იყოს ამაზე, რაც წარმოუდგენელია, რადგანაც ეს ეწინააღმდეგება ამ ხალხების ინტერესებს, ეს იქნება საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა და აგრესორის წახალისება. დღეს თუ რუსეთს ეს გაუვიდა და მან მოახერხა ანექსია სუვერენული ტერიტორიების და საერთაშორისო სამართლის უგულვებელყოფა, ხვალ ის უფრო მეტს მოითხოვს. ჩვენ გვახსოვს ისტორიიდან მეორე მსოფლიო ომის პერიოდში როგორ მოხდა, გერმანიამ როცა მოახდინა რამდენჯერმე ანექსია, ის არ გაჩერდება, ანუ, ეს არ არის გამოსავალი, რაც არ უნდა ეგონოთ მაღალჩინოსნებს რომ ეს გამოსავალია. ყველამ იცის - აქ ომი იმაზეა, რომ რუსეთს აქვს საკუთარი იმპერიალისტური გეგმები ამ რეგიონთან დაკავშირებით და კონკრეტულად ამ პატარა ტერიტორიებს ის არ დაკმაყოფილდება, ამიტომ ზემოთ თქმული აზრი წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო სამართალთან, საზოგადოებრიობასთან და ბუნებრივია, რომ ეს მიუღებელია ამ თვალსაზრისით”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას კორნელი კაკაჩია.
“ექსპერტების დონეზე ყოველთვის იყო ეს აზრი 20-25 წლის განმავლობაში, მაგრამ შედეგი არაფერი მინახავს, რადგანაც ყველამ ვიცით რომ ამ სახელმწიფოებისთვის ეროვნული სუვერენიტეტი არის ყველაზე მნიშვნელოვანი. კიდევ ერთი რამ ეს არის ეგრედ წოდებული ცრუ დილემა, რომ ტერიტორიული მთლიანობა ხელს უშლის საქართველოს და უკრაინის ნატოში გაწევრიანებას. თუ კარგად გავაანალიზებთ, რუსეთის მოქმედებები როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში მიმართულია არა იმისკენ რომ გავლენა მოიპოვოს სეპარატისტულ რეგიონებზე - ცხინვალზე და აფხაზეთზე, ან დონბასზე და ამით დაკმაყოფილდება, არა, ეს მისი მიზანი არ არის, არამედ, მისი მიზანია მთლიანად პოსტსაბჭოთა სივრცის რეინტეგრაცია და ახალი იმპერიის აღდგენა. საქართველოსთან დაკავშირებით მას მხოლოდ აფხაზეთზე და ცხინვალზე გავლენა აინტერესებს? არა! მას უნდა რომ მთელი საქართველო, სამხრეთ კავკასია აკონტროლოს, იქედან გამომდინარე, რომ შემდეგ აკონტროლოს ენერგოდერეფნები, თუ სხვა რამ. მიამიტურად ჩანს ეს განცხადება, იმასთან დაკავშირებით რომ თუ რუსეთს ამ ოკუპირებულ ტერიტორიებს მივცემთ, ის უარს იტყვის და რაციონალურად შეიძლება ამ კონფლიქტების გადაწყვეტა”, - დაასკვნის კორნელი კაკაჩია.
“უკრაინამ ამასთან დაკავშირებით თავისი პოზიცია ძალიან მკაცრად და ერთმნიშვნელოვნად გამოხატა. მათთვის მიუღებელია ტერიტორიული კომპრომისი, დამპყრობლისთვის ტერიტორიის დათმობა, რათა სამაგიეროდ ქვეყანამ მიიღოს ასეთი პოლიტიკური მხარდაჭერა ნატოს მხრიდან. შესაბამისად ნატოში ასეთი ვარიანტი იდეის დონეზეც არ განიხილება. უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგად გაჩნდა ეს იდეა, საქართველოში ასეთი იდეა არავის არც გამოუხატავს და კვლავაც საქართველოს აქვს რეალობა - რუსეთი მისი ტერიტორიის ნაწილს არ ცნობს საქართველოს ტერიტორიად, თვლის მას დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, რითაც აგრძელებს ოკუპაციას. არც საქართველო არ აპირებს ტერიტორიების დათმობას, თუნდაც ნატოში გაწევრიანების ან რამე სხვა საერთაშორისო კომპრომისის სანაცვლოდ. ასე რომ, პერსპექტივა ამგვარ პოლიტიკას არა აქვს და რეალობას უბრალოდ არ პასუხობს”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი მენაღარიშვილი.