ქართული პრესის მიმოხილვა 21.08.2023

გია ხუხაშვილი - “შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით საპარლამენტო გამოძიება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია”

რას ნიშნავს უროჟაინეს აღება - უკრაინელები რუსების დაცვის მთავარ ხაზს ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდებიან

ვახტანგ ძაბირაძე - "დღეს ახალი ოპოზიციური ლიდერი ისეთი მეთოდით უნდა განისაზღვროს, როგორც დასავლეთის ქვეყნებშია მიღებული"

ვინ მოიგო კობახიძის ბოდიშით - “მთავარია ამან სისტემატური ხასიათი არ მიიღოს”

“ვფიქრობ, საქართველოში უკვე არის ამფეტამინების დამზადების იატაკქვეშა ლაბორატორიები” - ნარკოლოგი დავით ვადაჭკორია

* * *

გია ხუხაშვილი - “შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით საპარლამენტო გამოძიება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია”

“მომხდარზე ჭეშმარიტების დასადგენად სწორად წარმართულ გამოძიებას სახელმწიფოებრივი გაგებით აქვს ფუნდამენტური მნიშვნელობა, თუნდაც იმისთვის, რომ ჭირისუფლებს სამართლიანობის განცდა გაუჩნდეთ და მცირედით მაინც შეუმსუბუქდეთ ტკივილი. თუ ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ყველაფერში წელგამართულია, წესით, უნდა დათანხმდეს ნებისმიერი ფორმატის გამოძიებას. რატომ უნდა იყოს ამის წინააღმდეგი, არ მესმის, მით უფრო, რომ ამ ყველაფერს ახლავს ისეთი უცნაურობები, რაც კითხვებს კი არ ხსნის, არამედ უფრო ამძაფრებს”, - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "საჭიროა თუ არა შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნა?!"

საქართველოში, სამწუხაროდ, ინსტიტუციური ბალანსი არ არსებობს, პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო შეიძლება განვიხილოთ ერთი პარტიის სხვადასხვა რგოლად. აქედან გამომდინარე, პროკურატურა გამოიძიებს თუ შინაგან საქმეთა სამინისტრო, ჩემი აზრით, პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს. ისიც ილუზიაა, რომ თუ პროკურატურა გამოიძიებს, რაღაც შეიცვლება. თუ დასჭირდათ, შინაგან საქმეთა სამინისტრო დაწერს დასკვნას და პროკურატურა გამოაქვეყნებს. გაუჭირდებათ თუ არ გაუკეთებიათ?! დარწმუნებული ვარ, ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელსაც აქვს შანსი იმისა, რომ ალტერნატიული მოსაზრებების ბაზაზე პროფესიული განხილვით შედარებით სწორი დასკვნები გაკეთდეს, შედეგად კი კონსენსუსი გამოძებნოს საზოგადოებამ, არის საპარლამენტო კომისია. ეს არის შანსი, რომ უნდობლობის უფსკრული, რაც დღითი დღე იზრდება და ამ ტრაგედიამ, ფაქტობრივად, გადაულახავად აქცია, რაღაცნაირად გადაილახოს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

“როდესაც ხელისუფლება ამბობს, ახლა ჩვენ ერთიანობა გვჭირდებაო, მართალია, მაგრამ ერთიანობა ხელოვნური და ყალბი ვერ იქნება. ხელისუფლების ერთიანობის ფორმულა ასეთია: მე რასაც ვამბობ, დამეთანხმეთ, კითხვები არ დასვათ და ასე გავერთიანდეთო. ასეთი რამ არ ხდება ბუნებაში. ერთიანობა კონსენსუსის ბაზაზე შენდება, მაშინ, როდესაც მინიმალურზე მაინც თანხმდებიან დაპირისპირებული მხარეები. ჩემი აზრით, საპარლამენტო გამოძიება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სხვა ლეგალური ინსტრუმენტი არ არსებობს. დემოკრატიული ქვეყანა რომ ვიყოთ, პროკურატურის გამოძიებაც საკმარისი იქნებოდა, მაგრამ თავს ხომ ვერ მოვიტყუებთ, ეს ვერ გაამთლიანებს ჩვენს საზოგადოებას”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ისე უნდა გაკეთდეს, რომ ამ კომისიის მუშაობა შედეგიანი იყოს. ჩემი აზრით, კომისიის მუშაობის დაწყებიდან 1 ან 2 კვირა პოლიტიკოსებმა თავი უნდა შეიკავონ პოლიტიკური განცხადებებისგან, უნდა გაიმართოს საჯარო განხილვა, სხდომები ონლაინ უნდა გადაიცემოდეს და საზოგადოებამ უპირველესად ექსპერტებსა და სპეციალისტებს უნდა მოუსმინოს. ჩვენ უნდა მოგვეცეს საშუალება პოლიტიკური გაწევ-გამოწევის გარეშე გავერკვეთ ვითარებაში. პოლიტიკოსებს უნდა ახსოვდეთ, რომ ამ ვითარებაში მსაჯული საზოგადოებაა. ამ კომისიას ორი მთავარი ამოცანა ექნება: პირველი - გაირკვეს ვინმეს დაუდევრობით ხომ არ მოხდა დანაშაული ტრაგედიამდე, ტრაგედიის დროს თუ შემდეგ და მოხდეს ამაზე რეაგირება; მეორე ამოცანაა დაიგეგმოს პრევენციული ღონისძიებები, რათა მსგავსი ტრაგედიები თავიდან ავიცილოთ. ჩვენ გვჭირდება ამ ორ საკითხზე სპეციალისტების დასაბუთებული დასკვნები. ამის მერე შეუძლიათ პოლიტიკოსებს გადავიდნენ ურთიერთბრალდებებსა და სპეკულაციაზე, მაგრამ ჩვენ უკვე უკეთესად ვიქნებით შეიარაღებული, რათა გავარჩიოთ, სად არის სპეკულაცია და სად სიმართლე. ამ პროცესში უმთავრესია საზოგადოება რაღაცაზე შეთანხმდეს და თეთრი და შავი გავარჩიოთ”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“როგორც ირკვევა, წინასწარი შეტყობინების სისტემების დამონტაჟებაზე იყო ადრეც ლაპარაკი, ფულიც მიიღეს, მაგრამ არ გააკეთეს. საქმე ის არის, თუ პასუხისმგებლობის თემა არ გაჩნდა, თუ ის ვიღაც, ვისაც ეს უნდა გაეკეთებინა და არ გააკეთა, არ დაისაჯა, არაფერი შეიცვლება. ისევ დაგვპირდება ხელისუფლება და არ გააკეთებს. ოპოზიციაც სცოდავს, როდესაც გამოძიების გარეშე ხელისუფლებას აპრიორი დამნაშავედ აცხადებს. შევთანხმდეთ, რომ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ერთნაირად მანკიერად აზროვნებენ. ისინი თავიანთ მოქმედებებს უქვემდებარებენ არა სახელმწიფო, არამედ საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებს. საზოგადოების ამოცანაა არა ხელისუფლების უპირობოდ დასჯა ან გამართლება. ჩვენი ამოცანაა დავადგინოთ, რა ხდებოდა ტრაგედიამდე, ტრაგედიის დროს და მას შემდეგ და თუ ვინმემ დანაშაული ჩაიდინა, ეს გამოაშკარავდეს. მხოლოდ დასჯის ინსტრუმენტი ხდის სისტემას სამომავლოდ პასუხისმგებლობიანს. ვიღაც დღეს რომ დაისჯება, სხვა ხვალ ვეღარ გაბედავს იმავე დანაშაულის ჩადენას”, - დაასკვნის გია ხუხაშვილი.

“გახსოვთ, ალბათ, სტიქიის დღეს რომ გამოგვიცხადეს, კავშირზე ვართ და ყველა გადარჩაო. არადა, იმ დროს თურმე იქ ცოდვის ტრიალი იყო. პირადად მე ამ ხელისუფლებას მარტო ამას ვერ ვაპატიებ. თუ გამოძიება იქნება ობიექტურად და როგორც სამართლებრივ, ისე მორალურ მხარეზე მსჯელობა იქნება საჯარო, სხვა დროს მსგავსი განცხადებების გაკეთებისას დაფიქრდებიან... რაც შეეხება დავით ჯელაძის წინააღმდეგ აგორებულ ძალიან მძიმე კამპანიას, ირაკლი კობახიძე პოლიტიკური სოციოპათია. ის გარკვეული სქემებით აზროვნებს. ხელისუფლებაში დაალაგეს ასეთი სქემა, რომ როცა წამოვიდა ღვარცოფი, პირველივე ხუთ წუთში ყველაფერი დამთავრდა. მათი მტკიცებით, ამ დროში ვინც დაიღუპა, დაიღუპა, ვინც გადარჩა, გადარჩა - ანუ მათი სქემით, სამაშველო ოპერაციის გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა. ამ სქემაში ვერ ჩასვეს ვერანაირად ის მოქალაქეები, რომლებიც ამბობდნენ, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში ებრძოდნენ სტიქიას. ფაქტობრივად, ისინი არიან დანაშაულის ცოცხალი მოწმეები და “ოცნების” სქემა თავდაყირა დააყენეს. შესაბამისად, კობახიძემ გადაწყვიტა, რომ ეჭვქვეშ დაეყენებინა მათი მონაყოლი. ეს პოლიტიკური განცხადება იყო და წამოცდენა არ ყოფილა”, - განმარტავს რესპონდენტი.

“ხელისუფლებაში რატომღაც დარწმუნებული არიან, რომ საზოგადოებას ნებისმიერ რაღაცას “შეაჭმევენ”. ეგონათ, ახლაც გაუვიდოდათ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სწორად ვერ შეაფასეს რეალური განწყობები და კედელს დაეჯახნენ. მერე უკვე ვნახეთ, რაც მოხდა, მაგრამ ძალიან მეეჭვება, ეს ბოდიში კობახიძის გადაწყვეტილება ყოფილიყო. ის ძალიან ხისტია და ბოლომდე მიაწვებოდა თავის “ჩვენებას”, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არ დავასახელებ და, კოლმეურნეობის თავმჯდომარემ შეაჯანჯღარა. მან დაინახა, რომ მოლიპულ გზაზე დადგა ხელისუფლების პოლიტიკური ტექნოლოგიური ხაზი და ბოდიში მოახდევინა. კობახიძე ხშირად აკეთებს ასეთ ცილისმწამებლურ განცხადებებს, მაგრამ ბოდიშს არასდროს იხდის. კობახიძის განცხადებას მოჰყვა 2-შაურიანი ექსპერტებისა და ტროლ-ბოტების საშინელი შეტევა ამ ახალგაზრდაზე. რანაირად უნდა ჩამოირეცხონ ეს ერთი ბოდიშით? ხელისუფლებაში ჩაბუდებულია სისტემური მანკიერება, როდესაც რაღაც ანაზღაურების სანაცვლოდ მზად არიან ნებისმიერი რამ თქვან, “გააპრავონ”. ეს არაერთხელ გაუკეთებიათ. მარტო ტროლები და ბოტები კი არა, მთელი პარლამენტი გვყავს ასეთი _ გადანაფურთხის ალოკვა არ უჭირთ, მთავარია, პარტიამ დაავალოს”, - ამტკიცებს ექსპერტი.

“რაც შეეხება The Killers-ის კონცერტის სკანდალს, ლაპარაკი იმაზე, რომ ის დრამერი ვითომ შემთხვევითი პირი იყო და შემთხვევით აიყვანეს სცენაზე, ჩემი აზრით, ზღაპარია. ასეთი დონის კონცერტებზე ასეთი რამეები შემთხვევით არ ხდება. გასაგებია, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი, წინასწარ გაწერილი. კარგად ვიცით, პროფესიულ შოუს როგორ დგამენ. დარწმუნებული ვარ, ეს იყო რუსული სპეცსამსახურების მიზანმიმართული ნამუშევარი, რათა ამ თემის შემოგდებით გაეტესტათ ქართველი ახალგაზრდობა. დღეს რუსეთის სპეცსამსახურები საქართველოში თავს ისე გრძნობენ, როგორც ოაზისში, პირდაპირ ოპერირებენ, აღარც იმალებიან. აღარაფერს ვამბობ ჩვენს ხელისუფლებაში ჩაბუდებულებზე, გაოგნებული ვარ, რამდენი ყოფილან და რაებს ლაპარაკობენ. ამ ყველაფერს შესაბამისი უწყებები ვერ თუ არ აკონტროლებენ. რუსები თბილისსაც ითვისებენ და მეტასტაზებივით ვითარდება ეს ყველაფერი, მაგრამ, ჩემი აზრით, ის, რაც ხდება ბათუმში, ეს უკვე მიზანმიმართული სპეცოპერაციაა. არ ვამბობ, რომ ყველა, ვინც ჩამოდის, ანგაჟირებულია, ან ყველამ, ვინც ბათუმში სახლდება, ამ სპეცოპერაციის შესახებ იცის, მაგრამ ამ პროცესს ჰყავს მოსკოველი კურატორები და სამწუხაროდ, აქაური ქართველებიც. ამაში სავსებით დარწმუნებული ვარ. პატარა ბიჭი არა ვარ, ვიცი, როგორ აზროვნებს რუსული იმპერია, როგორი მოკლე და გრძელვადიანი ამოცანები აქვს”, - ამბობს ხია ხუხაშვილი.

“რუსეთი ძალიან არის დაინტერესებული ბათუმით. ეს არის ქალაქი, რომელიც ნატოს საზღვარზეა, მოგეხსენებათ, თურქეთი ნატოს წევრია. რუსეთი ცდილობს ბათუმი აქციოს რუსეთსა და ნატოს შორის გლობალური დაპირისპირების ფორპოსტად. ეს არის რუსეთის სტრატეგიული გეგმა. შესაბამისად, რაც მეტი რუსი დასახლდება ბათუმში, ეს ამოცანა მით მეტად ადვილად გადასაწყვეტი იქნება კრემლისთვის. ამიტომ ეს პროცესი მართულია. თუ ასე გაგრძელდა, ეს ყველაფერი საქართველოს ძალიან ძვირი დაუჯდება. დემოგრაფიულ განზომილებას თუ ავიღებთ, ეს კიდევ ცალკე უბედურებაა. არ ვიცი, რას ფიქრობენ საქართველოს ხელისუფლებაში. როგორც ჩანს, იქ ვიღაც ბრიყვია და ამას სერიოზულად არ უყურებს, ვიღაც ფინანსურად არის დაინტერესებული და ამ აქტივობით ხელს ითბობს, ვიღაც მიზანმიმართულად მუშაობს რუსეთზე. ამ პროცესს მრავალი ნეგატიური მხარე აქვს, ერთი სისტემურია, რაზეც უკვე ვილაპარაკე, აგრეთვე საყოფაცხოვრებოც - რუსებს ეკონომიკური გარყვნილება შემოაქვთ საქართველოში. შეუძლებელია ამ ყველაფერს ვერ ხედავდეს ქვეყნის არაფორმალური ხელისუფალი. მთავარი კითხვა მაქვს მასთან: ამას რატომ უშვებს? ამ კითხვაზე პასუხისმგებლობას მეც ვგრძნობ რაღაც დოზით. თუ ასეთი რამ ხდებოდა, რამ დამაბრმავა, როგორ ვერ დავინახე? თუმცა, ვფიქრობ, მაშინ, როდესაც მე ივანიშვილის თანამებრძოლი ვიყავი. მთლად ასე არ იყო საქმე და მერე მოხდა რაღაც”, - დასძენს გია ხუხაშვილი.

რას ნიშნავს უროჟაინეს აღება - უკრაინელები რუსების დაცვის მთავარ ხაზს ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდებიან

“დასახლებულ პუნქტ უროჟაინეს აღებით უკრაინის არმია კიდევ უფრო მიუახლოვდა რუსების დაცვის მთავარ ხაზს, მაგრამ მისი გარღვევა პრაქტიკულად შეუძლებელია მანამდე, სანამ უკრაინა “ეფ-16”-ებს არ მიიღებს - ამის შესახებ “რეზონანსთან” სამხედრო ანალიტიკოსები საუბრობენ. მათი შეფასებით, უკრაინელებს სწორედ ამ მიმართულებასა და ბახმუტთან აქვთ გარჯვეული წარმატებები, რუსებს კი - კუპიანსკთან. უროჟაინეს მნიშნელობაზე მეტყველებს თუნდაც ის, რომ რუსებმა შაბათს ღამით ამ სოფლის დასაბრუნებლად მასირებული კონტრშეტევა წამოიწყეს, თუმცა, ჯერჯერობით უშედეგოდ. რაც შეეხება ბახმუტს, უკრაინელების მიერ სტრატეგიული სიმაღლეების დაკავების შემდეგ, რუსებს უკიდურესად გაუჭირდებათ ბახმუტის სამხრეთით მდებარე კლიშევკის დაცვა და შესაძლოა იგი დატოვონ. ეს კი ნიშნავს, რომ უკრაინის არმია უშუალოდ ბახმუტს მიადგება და დაიწყება ბახმუტის ბრძოლის ახალი ეპოპეა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რას ნიშნავს უროჟაინეს აღება - უკრაინელები რუსების დაცვის მთავარ ხაზს ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდებიან.

“ამ ყველაფრის ფონზე შაბათ-კვირას კი ორივე მხარე ახორციელებდა ღრმა ზურგში მდებარე მოწინააღმდეგის ქალაქებზე საჰაერო დარტყმებს. 19 აგვისტოს, ადგილობრივი დროით 12-ის ნახევარზე რუსეთმა ბალისტიკური რაკეტით ჩერნგოვის ცენტს დაარტყა. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა შვიდი და დაშავდა 148 ადამიანი. დარტყმა დრამატულ თეატრზე განხორციელდა, სადაც დრონების მწარმოებელთა და აეროდაზვერვის სასწავლებლების წარმომადგენელთა შეკრება იმართებოდა. იმავე დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის მიმართვაში განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედროები ამაზე რუსეთის თავდასხმაზე საგრძნობ პასუხს გასცემენ. 20 აგვისტოს კი უკრაინელებმა თვითმკვლელი დრონებით განახორციელეს შეტევა რუსეთის სიღრმეში. ერთ-ერთი უპილოტო საფრენი აპარატი დაეჯახა კურსკის სარკინიგზო სადგურს, რის შედეგადაც დაშავდა ხუთი ადამიანი. მოსკოვის მერის სერგეი სობიანინის ინფორმაციით კი, 20 აგვისტოს რუსეთის დედაქალაქზე უპილოტო საფრენი აპარტით შეტევა სცადეს, თუმცა, საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა ეს მცდელობა აღკვეთეს. მანამდე დრონებით თავდასხმის საფრთხის გამო რეისების მიღება შეწყვიტა მოსკოვის ვნუკოვოსა და დომოდედოვოს აეროპორტებმა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“20 აგვისტოს რუსულმა ძალებმა დღე-ღამის განმავლობაში შეტევის რამდენიმე მცდელობა განახორციელეს, ისინი ცდილობდნენ წინსვლას ბახმუტთან, მარინკასთან და ახლახან გათავისუფლებულ სოფელ უროჟაინეს მიდამოებში, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ანგარიშშია აღნიშნული. გენშტაბის ცნობით, ბახმუტის მიმართულებით რუსებმა შეტევის წარუმატებელი მცდელობა განახორციელეს ბოგდანოვკას ჩრდილოეთით, ასევე კლეშჩიევკას ჩრდილოეთით და სამხრეთით. თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს რუსი ოკუპანტების შეტევა ქალაქ მარინკას მახლობლად. ამასთან, უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევით ოპერაციას მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით. გენშტაბის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალებსა და რუსეთის საოკუპაციო ძალებს შორის, გასული დღე-ღამის განმავლობაში, საერთო ჯამში, 32 საბრძოლო შეტაკება დაფიქსირდა. გადამდგარი გენერალი ვახტანგ კაპანაძე ”რეზონანსთან” აცხადებს, რომ მთავარი მოვლენები ახლა ბახმუტის გარშემო ვითარდება, სადაც უკრაინელებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს. იგი არ გამორიცხავს, რომ უახლოეს დღეებში ბრძოლა უკვე უშუალოდ ბახმუტისთვის დაიწყოს”, - განაგრძობს გამოცემა.

“მოცემული მომენტისთვის კრიტიკული ვითარებაა ბახმუტთან. უკრაინელებმა შეძლეს ბახმუტის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე დასახლებულ პუნქტებში შესვლა, ფაქტიურად იქ არის რამოდენიმე სიმაღლე და იმ სიმაღლეების დაკავება, რაც მათ საშუალებას აძლევს ბახმუტის სამხრეთის გარეუბნებზე საცეცხლე ზემოქმედება მოახდინონ. იქ მდებარეობს ქალაქი კლიშევკა და მის მახლობლად მდებარე სიმაღლეები დაიკავეს უკრაინელებმა. კლიშევკის დაცვა კი რუსებისთვის ფაქტიურად უაზრო ხდება, ვინაიდან ეს არის ჩავარდნილი ადგილი და უკრაინელები მაღლობებიდან ახორციელებენ საცეცხლე დარტყმებს. არ არის გამორიცხული ეს ტერიტორია რუსებმა დატოვონ და მალე დაიწყოს ბრძოლა უშუალოდ ბახმუტისთვის. ასევე უკრაინელებმა ბოლოს და ბოლოს შეძლეს და აიღეს დასახლებული პუნქტი ურაჟეინოე. ეს უკვე არის ზაპოროჟიეს რაიონში, სამხრეთისკენ და ცდილობენ ახლა იქ რეზერვების შეყვანას, რათა განავითარონ შეტევა. მაგრამ, ყველა შემთხვევაში, ეს საკმაოდ ნელა ვითარდება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისა ვახტანგ კაპანაძე.

“უკრაინელებმა ტაქტიკა შეცვალეს და დიდი ძალებით არ უტევენ. შეტევისას დასაწყისში წინა ხაზზე არის ქვეითები და მათ ჯავშანტექნიკა უწევს საცეცხლე მხარდაჭერას. მას შემდეგ კი, რაც გაათავისუფლებენ გარკვეულ ტერიტორიას, ჯავშანტექნიკა მერე მიდის სწორედ იმ ტერიტორიაზე. მცირე ზომის დანაყოფებით - ალბათ ოცეულის ტაქტიკური ჯგუფის და ასეულის ტაქტიკური ჯგუფის დონეზე მოქმდებენ. რუსებმა კი შეძლეს წინ წაწევა 4 კილომეტრით კუპიანსკის მიმართულებაზე, ეს არის სამხრეთ-აღმოსავლეთი მონაკვეთი, და აგრძელებენ შეტევას. უკრაინელები იძულებული არიან რეზერვი გადაისროლონ ამ მიმართულებაზე, რათა შეაჩერონ რუსების წინსვლა. ასე რომ, დიდი აქტიურობა ამჯერად ძირითადად ბახმუტის მიმართულებაზეა”, - მიიჩნევს გადამდგარი გენერალი.

“უროჟაინეს დაცვის მთავარ ხაზთან უკრაინელები მისულები არ არიან. მხოლოდ მიუახლოვდნენ მოწინააღმდეგის დაცვის პირველ ხაზს. ზოგადად, როცა ხდება თავდაცვის ორგანიზება, იქ არის პირველი ხაზი, მეორე ხაზი, მომკვეთი პოზიციები და ა.შ. მაგრამ ამავე დროს არის უზრუნველყოფის ზონა. სანამ ამ პირველ ხაზამდე მიხვალ, იქ შეიძლება იყოს განთავსებული ბატალიონიც, ბრიგადაც, რომელიც იცავს ძირითად ძალებს უშუალო ზემოქმედებისაგან. ჯერჯერობით უკრაინელები იმყოფებიან ამ უზრუნველყოფის ზონაში და იქ მიდის ბრძოლები, რათა შეძლონ უკრაინელებმა გავიდნენ ძირითად თავდაცვის ხაზზე. რაბოტინოც იქვე არის. რაბოტინო-უროჟაინეს მიმართულებაზე ბრძოლა ეხმარება უკრაინელებს გავიდნენ ტოკმაკის მიმართულებაზე, რომელიც არის რუსების ძირითადი თავდაცვის ზღუდის ერთ-ერთი მთავარი კვანძი. სწორედ ესაა ის მთავარი მიმართულება, რომელზეც უკრაინელებს აქვთ აქცენტი გაკეთებული”, - დაასკვნის ვახტანგ კაპანაძე.

პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე მიიჩნევს, რომ კუპიანსკის მიმართულება რუსების შემოგდებული სატყუარაა და ცდილობენ უკრაინელებს ყურადღება აქეთ გადაატანინონ, რისთვისაც მასირებული პროპაგანდისტული კამპანია ჰქონდათ კუპიანსკის მიმართულებაზე, თითქოს შეეტევას დაიწყებდნენ, მაგრამ რეალურად რუსეთის აქტიური მოქმედებები არ ჩანს. პოლკოვნიკი ასევე თვლის, რომ უროჟაინეს აღება უკრაინელების მიერ მოწინააღმდეგის დაცვის ხაზის გარღვევას არ ნიშნავს. მისი აზრით, უკრაინელთა მთავარი სამიზნე ამ მიმართულებაზე ქალაქი მელიტოპოლია, რომლის ასაღებადაც მათ ჯერ უროჟაინე უნდა გაათავისუფლონ და შემდეგ ტოკმაკი. ზოგადად კი, ბერიძის აზრით, რუსების დაცვის ხაზის გარღვევა პრაქტიკულად შეუძლებელია, სანამ უკრაინელები დასავლელი მოკავშირეებისაგან შესაბამისად აღჭურვილ ავიაგამანადგურებელ “ეფ-16”-ებს არ მიიღებენ, რაც უკვე დაწყებულია”, - დასძენს გამოცემა.

“უროჟაინე უკვე გაათავისუფლეს უკრაინელებმა. როგორც ინფორმაცია გავრცელდა, რუსებმა სცადეს მისი უკან დაბრუნება და სერიოზული ბრძოლები მიმდინარეობდა შაბათს ღამით, მაგრამ, როგორც ჩანს, ურაჟოინოე ისევ უკრაინის ხელში რჩება. უკრაინელებს მისი მოპოვებით რუსების დაცვის ხაზი არ გაურღვევიათ. შემიძლია თამამად გითხრათ, რომ ასეთი რამ - დაცვის ხაზის გარღვევა - არც მოხდება ამ ბრძოლაში. აქ არის უბრალოდ ძალიან ნელი, თანმიმდევრული წინსვლა და ერთი მორიგი სოფელი დაიკავეს. როდესაც უკრაინას გადაეცემა “ეფ-16”-ები, რაზეც გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, მერე შეიძლება ვილაპარაკოთ ხაზის გარღვევაზე, დანაღმული ველების იოლად გადალახვაზე, მოწინააღდეგის ზურგში დარტყმების მიყენებაზე და ა.შ. ყველა დასახლებულ პუნქტს აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა. რაბოტინო უბრალოდ არის შემდეგი პუნქტი, რომლის აღებაც საჭროა იმისთვის, რათა გაათავისუფლონ ტოკმაკი და გავიდნენ მელიტოპოლისკენ. გარღვევად უკვე შეიძლება ჩაითვალოს მელიტოპოლის აღება ან ტოპმაკის მაინც”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლაშა ბერიძე.

ვახტანგ ძაბირაძე -"დღეს ახალი ოპოზიციური ლიდერი ისეთი მეთოდით უნდა განისაზღვროს, როგორც დასავლეთის ქვეყნებშია მიღებული"

“შოვში დატრიალებული ტრაგედია მაშინვე გახდა პოლიტიზებული. ასეთი სტიქიური უბედურება პირველი არ არის, მანამდე იყო დევდორაკი, სულ ცოტა ხნის წინ ყაზბეგშიც ჩამოწვა მეწყერი. ზოგან იყო მსხვერპლი, ზოგან არა... საზოგადოდ, მსოფლიოში იმატა სტიქიურმა უბედურებებმა - ეს ნიშნავს, რომ ამიერიდან შეიძლება მსგავსი სტიქიები უფრო გახშირდეს. შესაბამისად, შოვში დატრიალებულ ტრაგედიას და გლობალურად დაწყებულ გამოწვევას თუ ისე მივუდგებით, როგორც ცივილიზებულ, საღად მოაზროვნე, სერიოზულ ადამიანებს შეეფერებათ, საგამოძიებო კომისია ყოველგვარი კამათის გარეშე უნდა შევქმნათ, ოღონდ კომისიის შექმნის მიზანი კონკრეტული პირების გულგრილობაში დადანაშაულება ან ხელისუფლების პირის მოწმენდა კი არა, მსგავსი ტრაგედიების პრევენცია უნდა იყოს. ეს პრობლემა მხოლოდ დღევანდელი ხელისუფლების პასუხისმგებლობა არ არის, მათ წინამორბედებსაც მიუძღვით ბრალი - გეოლოგიური და სხვა მონათესავე სამსახურები სწორედ “ნაციონალებმა~ გააუქმეს”, - აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “არც ერთმა არ გაამართლა” - როგორი ლიდერი სჭირდება ოპოზიციას?!

“ხალხს დღეს არც “ნაცების” სჯერა და არც “ოცნების”, შესაბამისად, კომისიის შექმნა იმითაც არის მართებული, რომ მასში ორივე მხარე იქნება წარმოდგენილი და მუშაობის საბოლოო შედეგი, დასკვნა უფრო სარწმუნო გახდება. სამწუხაროდ, სტიქიური უბედურებისგან დაზღვეული ვერც მომავალში ვიქნებით, ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რომ თუ დღეს სწორად ვერ შევაფასებთ ტრაგედიას, მსხვერპლს ვერც ხვალ ავირიდებთ თავიდან. სტიქიას ჩვენ ვერ შევაჩერებთ, უსაფრთხოების გარანტიების შექმნაზე უნდა ვიმუშაოთ. თუ საგამოძიებო კომისია არ შეიქმნება, ოპოზიცია და საზოგადოების დიდი ნაწილი აუცილებლად იტყვიან, რომ ხელისუფლება რაღაცას მალავს. თქვენ ხომ იცნობთ სოციოლოგიური კვლევის შედეგებს, საზოგადოების 70%-ც არ ენდობა პოლიტიკოსებს. ამიტომ არის საჭირო კომისიის შექმნა, თორემ ნორმალური ხელისუფლება და ოპოზიცია რომ გვყავდეს, სიტყვაზეც ვენდობოდით”, - განაგრძობს ვახტანგ ძაბირაძე.

“დღეს რომ ჩვენ უსაფრთხოების გარანტიები არა გვაქვს, ეს მხოლოდ “ქართული ოცნების” კი არა, ყველას, მათ შორის შევარდნაძის ხელისუფლების ბრალიცაა. დეტროლოგიური სამსახური სწორედ შევარდნაძემ გააუქმა. ვაკეში იყო გეოლოგიის სამსახურის შენობა და ვიღაც ბობოლა “ნაციონალმა” იყიდა. როდესაც ვამბობ, რომ ოპოზიცია უფრო უპირატეს მდგომარეობაში აღმოჩნდება, იმას ვგულისხმობ, რომ ხელისუფლებაზე კიდევ მეტი ეჭვი გაჩნდება, თორემ საბოლოოდ პოლიტიკურ დივიდენდებს ამ ტრაგედიით ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ მიიღებს. “ნაციონალებისა” და “ოცნების” მხარდამჭერები ისევ თავიანთ აზრზე დარჩებიან, ხალხი კი ისევ იტყვის, რომ არც ერთი მხარე არ ლაპარაკობს და მოქმედებს სწორად”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ოპოზიცია ძალიან დიდი პრობლემის წინაშე დგას. თუ ოპოზიციონერმა ლიდერებმა არაფერი შეცვალეს, ხელისუფლება უპირატეს მდგომარეობაში აღმოჩნდება. ჯერ ჩვენ ისიც არ ვიცით, როგორ დასრულდება “ნაციონალურ მოძრაობაში” განხეთქილება. მელიას საკითხი შემოდგომაზე უნდა გადაწყდეს ან პარტიის გაყოფით, ან ახალი შიდაპარტიული არჩევნებით. მნიშვნელოვანია, რომ წვრილმა პოლიტიკურმა პარტიებმა გამსხვილება დაიწყონ. ვფიქრობ, ოპოზიციურ ველზე ახალი მოთამაშეებიც გამოჩნდებიან. ბევრი რამ დამოკიდებულია “ქართულ ოცნებაზე”. მმართველი გუნდისთვის მნიშვნელოვანია, რომ წინასაარჩევნო გარემო ორპოლუსიანი დარჩეს - თავად და “ნაციონალური მოძრაობა”. შეიძლება მმართველმა გუნდმა იმაზე კი არ იმუშაოს, რომ თავად მიიღოს ბევრი ხმა, არამედ იმაზე, რომ ხმები დაიფანტოს. ამიტომ უნდა გამსხვილდნენ პატარა პარტიები, ოღონდ "ნაციონალურ მოძრაობასთან" კი არ უნდა გაერთიანდნენ, ეს მათთვის თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება”, - მიიჩნევს ანალიტიკოსი.

“უნდა ითქვას ისიც, რომ პარტიების გამსხვილება რთული შესასრულებელია, თანაც ეს მაინც არ იქნება საკმარისი. პატარა ოპოზიციურ პარტიებს ქარიზმატული ლიდერები არა ჰყავთ. მათ შორის ლიდერი ბევრია, მაგრამ ყველა ყავლგასულია! შესაბამისად, ამ ფლანგზე ახალი ლიდერია საჭირო. “ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნების” ლიდერებსაც გაუვიდათ ყავლი, მაგრამ გარკვეულწილად მაინც შენარჩუნებული აქვთ წონა. რაც შეეხება ახალ ლიდერს ოპოზიციაში, პატარა პარტიები ჯერ უნდა გამსხვილდნენ და მერე ახალი ლიდერი უნდა შექმნან. როგორ? ოპოზიცია ხშირად ლაპარაკობს დასავლურ გამოცდილებაზე და უნდა იცოდნენ, რომ ამერიკაში ერთწლიანი საარჩევნო მარათონი ახალი ლიდერის ჩამოსაყალიბებლად, აღმოსაჩენად იმართება. ასე ხდება სხვა დასავლურ საპარლამენტო სახელმწიფოებშიც. ამ მიმართულებით უნდა იმუშაოს ოპოზიციამ, 2020 წლის არჩევნებში მონაწილე ლიდერებმა კი კულისებში უნდა გადაინაცვლონ. თუ მხოლოდ თავის მართლება არ არის მათი მიზანი და რეალურად სურთ პოლიტიკური ცვლილებები, ასე უნდა მოიქცნენ”, - თვლის ვახტანგ ძაბირაძე.

“პარტიების გამსხვილებასა და ახალი ლიდერის შექმნას მესამე ნაწილიც მოჰყვება - ახალი პროგრამის შემუშავება. ოპოზიცია დღემდე “ქართული ოცნების” მთავარ პრობლემად პრორუსულობას ასახელებს. შოვის ტრაგედიის შემდეგაც კი გაიძახის, “ქართული ოცნება” პრორუსიაო. ნუთუ მეტი არაფერი გვაქვს ხელისუფლებასთან საკამათო?! ხელისუფლების პრორუსულობაში დადანაშაულება ოპოზიციის სასარგებლოდ არსებითად არაფერს შეცვლის. საქართველოში რუსეთის მიმართ პროტესტი სულ იყო და მომავალშიც იქნება. სხვათა შორის, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე ჩვენს საზოგადოებაში ცოტა უჩვეულო ტენდენცია შეინიშნებოდა - სოციოლოგიური სამსახურების კვლევებში ჩანდა, რომ რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის მსურველთა რიცხვი მცირედით, მაგრამ მაინც იზრდებოდა. ამასთან, პოლიტიკურ ველზეც იყო განცდა, რომ პრორუსული პარტია რაღაც რაოდენობის ხმებს მაინც აიღებდა. თუმცა ეს არჩევნებზე გავლენას ვერ მოახდენდა. სწორედ ამას ცდილობდა ნინო ბურჯანაძე თავის დროზე, მაგრამ საბოლოოდ სასურველი შედეგი ვერ მიიღო. არჩევნებზე სხვა ფაქტორები მუშაობს”, - ამტკიცებს რესპონდენტი.

“გასაგებია, რომ ახლა სიტუაცია გამწვავებულია, მაგრამ რუსეთის თემა არჩევნებზე გავლენას მაინც ვერ მოახდენს, მით უფრო, რომ “ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებას პრორუსულობაში ადანაშაულებს, თავად კი პროდასავლურობას იბრალებს. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს პოლიტიკური გუნდი ოდესმე პროდასავლური იყო, მით უმეტეს, ახლა. რაც შეეხება დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს, მათაც უნდა ახსნან, რას ნიშნავს მათი ხედვით პროდასავლურობა და რა სიკეთეს მოუტანს მათი პროდასავლური კურსი ქართველ ხალხს. ყველამ ვიცით, რომ ხვალ-ზეგ ევროკავშირში ვერ შევალთ. ამიტომ მე მაინტერესებს, რას გააკეთებს ესა თუ ის ოპოზიციური ძალა იმაზე უკეთესად, რასაც ეს ხელისუფლება აკეთებს! ანუ პროგრამაზე ვლაპარაკობ. აი, თუ ამ სამი კომპონენტის მოგვარებას მოახერხებენ პატარა პარტიები, 5%-იანი ბარიერის გადალახვა არ გაუჭირდებათ. სხვა გამოსავალი არ არის, თეორიულადაც კი”, - ამბობს ანალიტიკოსი.

“დღეს ისეთი სექტორიც კი არ ჩანს, საიდანაც მოსული ლიდერი ისეთივე ქარიზმის მატარებელი იყოს, როგორიც თავის დროზე ზვიად გამსახურდია, შევარდნაძე, სააკაშვილი ან ივანიშვილი იყვნენ. ყველაფერი ვცადეთ უკვე - ეროვნული მოძრაობიდან მოსულიც, პოლიტიკური გამოცდილების მქონეც, დასავლეთში განათლებამიღებულიც და უდიდესი ფინანსური შესაძლებლობების მქონე პირიც. არც ერთმა არ გაამართლა! ერთადერთი მხოლოდ რელიგიის სექტორი დარჩა, მაგრამ იქაც პრობლემებია. ამიტომ დღეს ახალი ლიდერი ისეთი ტექნიკით უნდა ჩამოყალიბდეს, როგორც დასავლეთის ქვეყნებშია მიღებული”, - დაასკვნის ვახტანგ ძაბირაძე და შეკითხვაზე - “ლიდერის საკითხი გასაგებია, მაგრამ მრავალგზის იმედგაცრუების შემდეგ როგორი პროგრამა უნდა შესთავაზო ამომრჩეველს, რომ რეალობად აღიქვას და არა მორიგ ცრუდაპირებად?” - პასუხობს:

“წვრილმა პარტიებმა ამომრჩეველი უნდა დაარწმუნოს, რომ “ნაციონალებისგან” განსხვავებულნი, სხვები არიან. “ქართულმა ოცნებამ” თავის დროზე კარგად იმუშავა და შეძლო ამ პატარა პარტიების “ნაციონალური მოძრაობისთვის” მიწებება. ამის შემდეგ მათ ამომრჩეველი იმაშიც უნდა დაარწმუნონ, რომ ხელისუფლების შეცვლა ქვეყანაში არასტაბილური გარემოს შექმნას არ გამოიწვევს”.

“რაც შეეხება პროგრამას, არსებობს მრავალი სხვადასხვა რამ, რაც ნამდვილად აწუხებს საზოგადოებას და იმუშავებს კიდეც. მაგალითად, ასეთია დემოგრაფიული საკითხი - დაიცალა ქვეყანა შრომისუნარიანი ახალგაზრდებისგან, მუშახელი აღარ იძებნება თბილისში, არც რეგიონებში. ეკონომიკური ბაზარი მთლიანად მონოპოლიზებულია. ამ თემებს წინ წამოწევა და ალტერნატივის შეთავაზება უნდა, ოღონდ ალტერნატივა რეალური უნდა იყოს, ამომრჩეველი ადვილად აღარ მოტყუვდება. დღეს პოლიტიკაში მყოფი ბიზნესმენები რომ ლაპარაკობენ სამუშაო ადგილების შექმნაზე, ხალხს არ სჯერა. ბიძინა ივანიშვილს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ენდობოდა, იმიტომ, რომ ამ კაცმა სამმილიარდ-ნახევარი ჩადო საკუთარი მითოლოგიზაციის საქმეში, ჩვენ რომ ქველმოქმედება გვეგონა. შესაბამისად, ახლა ბიზნესმენების დაპირებები ამ არჩევნებზე აღარ იმუშავებს. მე, მაგალითად, პროტესტის განცდა გამიჩნდა, როდესაც “ოცნებამ” ათწლიანი მმართველობის შემდეგ აღმოაჩინა, რომ თურქეთში გაცილებით იაფია წამლები, ვიდრე საქართველოში. სად იყო ოპოზიცია?! ბევრი ასეთი თემაა, რომლითაც ხალხის მხარდაჭერის მოპოვებაა შესაძლებელი. სოციალურ, ეკონომიკურ, დემოგრაფიულ და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ნამდვილად არის შესაძლებელი ისეთი პროგრამის შედგენა, რომელიც ხალხს დააინტერესებს”, - დასძენს ვახტანგ ძაბირაძე.

ვინ მოიგო კობახიძის ბოდიშით - “მთავარია ამან სისტემატური ხასიათი არ მიიღოს”

“მოუგო თუ არა პოლიტიკურად ხელისუფლებამ ოპოზიციას და რატომ დაიხია უკან ირაკლი კობახიძემ შოვის ტრაგედიაზე გაკეთებული განცახდების შემდეგ? კარგია თუ არა, როცა ხელისუფლება ხვდება, რომ შეცდომა დაუშვა და მისი გამოსწორებაც არ ეთაკილება, ბოდიშსაც იხდის და ცდილობს საზოგადოებას აუხსნას, რომ შეცდომის დაშვებას აღიარებს? ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარის მოქმედება სწორია, თუმცა, თუკი ხისტი და დაუფიქრებელი განცხადებების გაკეთებამ და საზოგადოების პროტესტის შემდეგ ამაზე ბოდიშის მოხდამ თუ სისტემატური ხასიათი მიიღო, ეს “ოცნებას” სერიოზულად დააზიანებს. ანალიტიკოსები ასევე აცხადებენ, რომ მმართველი პარტიის უარი პარლამენტში შოვის ტრაგედიის საგამოძიებო კომისიის შექმნაზე გაუმართლებელია. მეტიც, მათი აზრით, სხვადასხვა გარემოების გამო, “ოცნება თავად უნდა იყოს დაინტერესებული ამ კომისიის შექმნით. ოპოზიცია ცდილობს შოვის ტრაგედიაც თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს, რაც სრულიად ბუნებრივია. კომისიის შექმნაზე ხელისუფლების უარი კი ამ მხრივ მათ ახალ შესაძლებლობებს აძლევს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ვინ მოიგო კობახიძის ბოდიშით - “მთავარია ამან სისტემატური ხასიათი არ მიიღოს”.

“ენმ-ის წარმომადგენელ თინა ბოკუჩავას აზრით, “ქართულ ოცნებას” იმ ბრაზისა და რისხვის შეეშინდა, რაც უკვე ისმოდა და მწიფდებოდა საზოგადოებაში. “ამიტომ მათ შემოაბრუნეს რიტორიკა, მაგრამ არა პოლიტიკა - მათი ორგანული და ბუნებრივი პასუხი სტიქიის მსხვერპლზე თავდასხმა იყო. ეს არის “რუსული ოცნების” ნამდვილი სახე, როცა ტრაგედიის ჟამს თავს მსხვერპლს ესხმიან... დარწმუნებული ვარ, “ქართული ოცნების” ზედაპირული, არაფრისმთქმელი, საქმით დაუმტკიცებელი, ყალბი ბოდიში საზოგადოებაში არავის სჭირდება“, - აღნიშნა თინა ბოკუჩავამ. “ბოდიშის მოხდა და შეცდომების აღიარება კარგი და სწორია - კარგი იქნება ამას “ქართულ ოცნებაში” უფრო ხშირად აკეთებდნენ”, - თქვა “გირჩის” წარმომადგენელმა სანდრო რაქვიაშვილმა. უმრავლესობის დეპუტატ ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, “ირაკლი კობახიძის ნაბიჯი ღირსეული ადამიანის ნაბიჯი იყო - მან როგორც პოლიტიკოსმა გვაჩვენა, რომ ის არის ლიდერი”. მისივე თქმით, ადვილად გასაგებია, რომ ოპოზიცია კობახიძის სინანულს ვერ აღიქვამს, რადგან “რაც ამ ოპოზიციამ მისი ქმედებებითა და ხელდასმით ტრაგედიები დაატრიალა, არც ერთზე ბოდიში არ მოუხდია და არც სინანული გამოუთქვამს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძე, ზოგადად ხისტი განცხადებებით გამოირჩევა. შესაბამისად, იგივე შინაარსის განცხადება სხვაგვარად რომ ეთქვა, შესაძლოა ამ ბოდიშის მოხდაც არ დასჭირვებოდა. მისივე თქმით, ხელისუფლების მხრიდან მსგავსი უკან დახევა, თუკი ამას სისტემატური ხასიათი ექნება, მასვე დააზიანებს და საკუთარ ამომრჩეველშიც კი სუსტად წარმოჩინდება. ამიტომ ხელისუფლების წარმომადგენლებს ურჩევს ჯერ დაფიქრდნენ, და განცხადებები შემდეგ გააკეთონ. რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის შექმნას, ანალიტიკოსის აზრით, ხელისუფლების კატეგორიული უარი საზოგადოებაში გარკვეულ ეჭვებს გააჩენს. მეორს მხრივ კი, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ეს ტრაგედია გარკვეულწილად წინა ხელისუფლების დროს დაშვებული შეცდომების შედეგიც იყო... ანალიტიკოს რამაზ საყარელიძის აზრით კი, ძალიან კარგია, როცა ხელისუფლება მსგავს შეცდომებს ხვდება და საზოგადოების პროტესტზე რეაგირებს. მსგავსი საქციელი მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდიდან არავის ახსოვს. ამიტომ საუბარი იმაზე, რომ ხელისუფლებამ უკან დაიხია და ა.შ., არასწორია, რადგან თუკი ვინმემ გააცნობიერა, რომ შეცდომა დაუშვა და ეს აღიარა, ამაზე კარგი რა შეიძლება იყოს”, - დასძენს გამოცემა.

“ვფიქრობ, კობახიძის განცხადებაში განსაკუთრებული არაფერი იყო. უბრალოდ, “ნაციონალურმა მოძრაობამ” და მასთან აფილირებულმა მედია საშუალებებმა ეს თემა ძალიან კარაგდ აიტაცეს და მისგან პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა სცადეს. ოპოზიცია იმდენად არის გაბანკროტებული და პოლიტიკურ ამინდს ვერ ქმნიან, რომ ამისთვის ნებისმიერ თემას გამოიყენებენ. ამიტომ ხელისუფლება უფრო დაკვირვებული და ფრთხილი უნდა იყოს, რათა მსგავსი თემებიდან ოპოზიციას ქულების დაწერის საშუალება არ მისცენ. ვფიქრობ, ამას ხელისუფლება და კობახიძეც ძალიან კარგად მიხვდნენ. ამიტომ ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა დაზარალებულ ახალგაზრდასთან შეხვედრა გადაწყვიტა და სინანულიც გამოთქვა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

“ოპოზიციას ამ თემის ირგვლივ რაიმე პოლიტიკური ქულების დაწერის საშუალება არ უნდა მიეცეს. იგივე საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით. გვახსოვს სააკაშვილის თემასთან დაკავშირებით, მასთან პოლონელი ექიმები რომ შეუშვეს, საბოლოო ჯამში რაც მოხდა. იგივე მოხდება საგამოძიებო კომისიის შექმნის შემთხვევაშიც. ოპოზიციას სურს, რომ ამ თემიდან პოლიტიკური დღის წესრიგი შექმნას. რეალურად კი არ აქვთ სურვილი, რომ ამ გამოძიებით სიმართლე დადგინდეს”, - მიიჩნევს საყვარელიძე.

“ვფიქრობ, საქართველოში უკვე არის ამფეტამინების დამზადების იატაკქვეშა ლაბორატორიები” - ნარკოლოგი დავით ვადაჭკორია

“ქვეყანაში ნარკოტიკების მოხმარების ზრდა საგანგაშოა. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში შსს-ს ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურმა 1241 მოქალაქე შეამოწმა, რომელთაგან 928-ს ნარკოტიკული თრობა დაუდასტურდა, მეორე კვარტალში კი 1339 შემოწმებული მოქალაქიდან ნარკოტიკული თრობა დაუდასტურდა 968-ს. რაც შეეხება 2022 წლის მონაცემებს, 5052 შემოწმებული მოქალაქიდან ნარკოტიკული თრობა 3631-ს დაუდასტურდა, ხოლო 2021 წელს შემოწმებული 4225 პირიდან დაუდასტურდა 2689-ს. შემოწმებული 71 ქალიდან ნარკოტიკული თრობა დაუდასტურდა 17-ს. 30 შემოწმებული არასრულწლოვნიდან (28 ბიჭი და 2 გოგონა), ნარკოტიკული თრობა 19-ს დაუდასტურდა: 17 ბიჭსა და 2 გოგონას. დღეს ყველა სახის ნარკოტიკი რომ ხელმისაწვდომია და გაახალგაზრდავდა მომხმარებელთა ასაკიც, ამაზე თითქმის ყველა ინტერვიუში საუბრობენ ნარკოლოგები. ნარკოლოგიური კლინიკა “ნეოგენის” დირექტორი, ნარკოლოგი დავით ვადაჭკორია გავრცელების მასშტაბებიდან გამომდინარე არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში არსებობდეს ლაბორატორიები”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში, სათაურით “ჩუმი თვითგანადგურება” - “რეგიონებსა და თბილისში მთელი ნარკოანკლავები გვაქვს“.

“ადრე მოხმარების დადასტურების პროცენტი გაცილებით დაბალი იყო. ახლა კი, სამწუხაროდ, მომხმარებელთა ასაკი გაახალგაზრდავდა, მოიმატა მომხმარებელი ასაკოვანი მოქალაქეების რიცხვმაც. უკვე ნარკოტიკებზე ხელმისაწვდომობა იმდენად მაღალია, ვეღარ ერევიან პრობლემას. ახალმა ტექნოლოგიებმა, სხვადასხვა ადგილას ნივთიერებების დადებამ ძალიან დაამძიმა სურათი. ამის გაკონტროლება ძალიან რთულია. ეს არის მთავარი მიზეზი, მეტი ყურადღება უნდა გადავიტანოთ ამ საკითხზე. მეტად უნდა ვებრძოლოთ პრობლემას. მაგალითად, ამერიკაში, კანადაში ოპიატური კრიზისია, ფენტალინის დიდი რაოდენობით მოხმარების გამო სიკვდილიანობის მაჩვენებელი მაღალია. ჩვენთან, პირიქით, ძალიან გახშირდა ამფეტამინების მოხმარება 15-16-17 წლის მოზარდებში, მათ შორის გოგონებშიც. ეს არის რაც დღეს ყველაზე მეტად მაწუხებს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ვადაჭკორია.

“ამფეტამინების მომხმარებელთა მართვა რთულია, რადგან მათ ადიქციური პოტენციალი აქვთ, ანუ უფრო მეტად იწვევს მოთხოვნილებას. უფრო ძლიერიც არის, ვიდრე ოპიუმის ჯგუფის პრეპარატები. საგანგაშო ისიც არის, რომ ერთი ტიპის ნარკოტიკული საშუალების მოხმარება პოლინარკომანიით შეიცვალა - ანუ ერთდროულად მოიხმარენ რამდენიმე ჯგუფის ნარკოტიკულ საშუალებებს, რაც უფრო მეტად ართულებს მომხმარებლის ჯანმრთელობას. ასეთი პაციენტის მკურნალობა გაცილებით ხანგრძლივი და მძიმე პროცესია. ამფეტამინები უფრო მძიმე ფსიქიკურ აშლილობებს იწვევს, ვიდრე ტრადიციული ნარკოტიკული საშუალებები: ჰეროინი, ოპიუმი, ბუპრენორფინი და ა.შ. ხშირია სუიციდისკენ მიდრეკილება, ასოციალური ქცევები, ოჯახური ძალადობა და ამ პრობლემის მოგვარების მექანიზმი არ გვაქვს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ამფეტამინების მომხმარებელს სჭირდება ხანგრძლივი რეზიდენტული სარეაბილიტაციო მკურნალობა, რადგან ამ პრეპარატებს დამოკიდებულების პოტენციალი უფრო ძლიერი აქვთ, ვიდრე სხვა ჯგუფის ნარკოტიკებს და მკურნალობის ეფექტური მეთოდი რთული მოსაძებნია. ამ ჯგუფის მომხმარებელთათვის სპეციფიკური მკურნალობაა საჭირო. თუ გვინდა ამ პრობლემის დაძლევა, აუცილებელია სარეაბილიტაციო პროგრამები. პაციენტი ასეთ დაწესებულებაში უნდა იყოს. იმდენად ძლიერი მოთხოვნილება უყალიბდებათ, რომ საჭიროა პირის სრულად მოწყვეტა იმ გარემოსაგან, სადაც ნარკოტიკულ საშუალებებს მოიხმარენ... ერთია, აქვს თუ არა მომხმარებელს მკურნალობის სურვილი და მეორე, აქვს თუ არა საშუალება. წამალდამოკიდებულებას, როგორც მთავარ პრობლემას, ისე უნდა მივაპყროთ ყურადღება. პრევენციით დაწყებული და შემოდინების შემცირებით დამთავრებული რადიკალური ზომების მიღებაა საჭირო”, - მიიჩნევს ნარკოლოგიური კლინიკა “ნეოგენის” დირექტორი.

“რაც მთავარია, ვფიქრობ, საქართველოში არის ამფეტამინების დამზადების იატაკქვეშა ლაბორატორიები. წლების წინ ამის თაობაზე შს სამინისტრომაც გაახმაურა ინფორმაცია, გამოვლინდა კიდეც ერთი ფაქტი. ეჭვის საფუძველს ის მაძლევს, რომ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისა და გავრცელების მასშტაბი ძალზე დიდია. სხვათა შორის, თვითონ პაციენტებსაც აქვთ ეჭვი. ოპიატური ნარკოტიკის მოხმარებაც პრობლემაა, მაგრამ ამფეტამინები პირველ ადგილზეა, განსაკუთრებით ინტრავენური მოხმარება. განსაკუთრებით გოგონებშია პოპულარული, თან 15-16 წლის მოზარდებში. გოგონები უმართავები ხდებიან. 16 წლის გოგოს რომ ვერ დაიმორჩილებს მამა, წარმოიდგინეთ რამდენად რთული სიტუაციაა. ბავშვები იწყებენ ამფეტამინის მოხმარებას მოწევით, შეყნოსვით, მერე გადადიან ინტრავენურ მოხმარებაზე და დამოკიდებულებაც ყოველდღიურად მძიმდება. ნარკოტიკის მოხმარება არასრულწლოვანზე გაცილებით ძლიერად მოქმედებს. ბავშვები დანგრეული ფსიქიკით ფსიქიატრიულ კლინიკებში ხვდებიან”, - განმარტავს დავით ვადაჭკორია

“პრობლემის მოსაგვარებლად რამდენიმე წლის წინ სახელმწიფომ დაიწყო საუბარი რეზიდენტული სამედიცინო ცენტრების დაფინანსებაზე, მერე პანდემია დაიწყო და საქმე შეჩერდა. გასაგებია, რომ ძალიან ძვირად ღირებული სიამოვნებაა, ბევრ ჩვენზე ძლიერ ქვეყანას უჭირს ამის მართვა. პაციენტის შენახვა კლინიკაში, კვება, მასთან სპეციალისტების მუშაობა დიდ ხარჯს მოითხოვს. ამიტომაც ბევრ ქვეყანაში საქველმოქმედო ფონდები აფინანსებენ ასეთ პროგრამებს. მიუხედავად ამისა, ასეთი ცენტრები შესაქმნელია, რადგან ვითარება საგანგაშოა”, - დასძენს ვადაჭკორია და შეკითხვაზე - “მართალია, პერიოდულად აკავებენ ნარკორეალიზატორებს, მაგრამ ცხადია, რომ ეს არსებით შედეგს არ იძლევა. კიდევ რა უნდა გაკეთდეს?” - პასუხობს:

“დიახ, აკავებენ ნარკორეალიზატორებს. რეგიონებში მთელი ანკლავები გვაქვს, თბილისში არის უბნები, სადაც ნარკოტიკები თავისუფლად იყიდება. ნარკოტიკებით ვაჭრობა დიდ მოგებას ტოვებს. ამიტომაც ერთი პირის დაკავებას მოჰყვება ნარკოვაჭრობაში ახალი ხალხის ჩართვა. დაკავება ვერ ეწევა რეალიზატორთა რაოდენობის ზრდას. ამ პრობლემას სისტემური მიდგომა სჭირდება. საჭიროა საგანმანათლებლო მუშაობა ჯერ კიდევ საბავშვო ბაღებიდან, სკოლებში, უმაღლეს სასწავლებლებში. საჭიროა ცნობიერების ამაღლება. მოვუწოდებ შს და ჯანდაცვის სამინისტროებს, სასწრაფოდ შექმნან ერთობლივი კომისია და დაიწყონ მუშაობა. ამ პრობლემას სახელმწიფოს მეტი კოორდინაცია სჭირდება. გასატარებელია კარდინალური რეფორმები. მერწმუნეთ, დღეს ქვეყანას ამაზე მძიმე პრობლემა არა აქვს”.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო