ილია დარჩიაშვილი ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა, ევროპის საქმეთა და საგარეო ვაჭრობის, ფედერალური კულტურული ინსტიტუტების მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა, ევროპის საქმეთა და საგარეო ვაჭრობის, ფედერალური კულტურული ინსტიტუტების მინისტრთან, აჯა ლაბიბისთან, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფება. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობასა და მეგობრულ ურთიერთობებზე გაამახვილეს.

ხაზი გაესვა ბელგიის სამეფოს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ისევე როგორც ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.

ილია დარჩიაშვილმა კოლეგას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა იმ ნაბიჯებზე, რომლებსაც საქართველო დგამს ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პროგრესი და სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული რეფორმები სათანადოდ იქნება აღიარებული, რაც აისახება შესაბამის გადაწყვეტილებაში ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. აღინიშნა ბელგიის, როგორც ევროკავშირის საბჭოს მომავალი თავმჯდომარე ქვეყნის მხარდაჭერის მნიშვნელობა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.

ამასთან, საუბარი რეგიონში მიმდინარე მოვლენებს და რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის შედეგად წარმოქმნილ გამოწვევებს შეეხო.

ილია დარჩიაშვილმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილი რთული მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. ხაზი გაესვა საერთაშორისო დღის წესრიგში აღნიშნული საკითხის აქტუალურობის შენარჩუნების მიზნით პარტნიორების კონსოლიდირებული პოზიციის მნიშვნელობას.

ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას, ყურადღება გამახვილდა პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერების აუცილებლობაზე.

აღინიშნა, რომ 2023 წელს, ბელგიის კულტურული ფესტივალი „ევროპალია” საქართველოსა და ქართულ კულტურას მიეძღვნება, რაც კიდევ ერთი დასტურია ორ ქვეყანას შორის წარმატებული თანამშრომლობისა.

ვიზიტის ფარგლებში, აჯა ლაბიბი საოკუპაციო ხაზს ეწვევა და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას, იგი ასევე საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს პატივს მიაგებს და მემორიალს გვირგვინით შეამკობს,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - საქართველოსა და კავკასიის რეგიონის მიმართ ტრამპის პოლიტიკა უფრო მკაცრი იქნება, ვიდრე ბაიდენის
ლევან ლორთქიფანიძე - გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილმა საქართველო სამოქალაქო ომის ზღვარზე მიიყვანა, დღეს ყველა სიტყვას და კეთილშობილურ ნაბიჯს შეუძლია სიტუაციის შემობრუნება
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2025
„არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ ცინცაძეების უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება
„საქკაბელი“ პორტფელს „Schneider Electric“-ის პრემიუმ ხაზით - „Merten D-Life“-ით აფართოებს