„გამარჯვების პლატფორმა“ არჩევნებზე პირველ ადგილზე გავა, გაგვიკეთებია და გაცილებით მაგრად გავაკეთებთ - კოხტად, ლამაზად, აწყობილად მუშაობს ეს გუნდი - „ნაციონალური მოძრაობა“ და ჩვენ თანამშრომლობა გაგვიმარტივდა,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისივე თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ერთმანეთს სინერგია შემატეს და „როგორც 2018 წელს დადეს მასშტაბური შედეგი და პირველ ტურში გაიმარჯვეს, ახლაც ამის ამბიცია აქვთ“.
„გარედან რაღაც უფრო რთულად ჩანს, მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობაში“ აწყობილი მართვის სისტემაა, კარგი ლიდერები არიან, ბევრი ახალგაზრდა ადამიანია. კონფლიქტია, „გინდა თუ არა, მე უნდა ვიყო უფროსიო“ - პარტიის მხარდამჭერებმა გადაწყვიტეს, ვინ უნდა იყოს უფროსი. ძალიან სინერგიულად, კოხტად, ლამაზად, აწყობილად მუშაობს ეს გუნდი და ჩვენ თანამშრომლობა გაგვიმარტივდა. ყველა კრიტიკა, რომელიც ლევან ხაბეიშვილთან მიმართებით იყო და არის, აბსოლუტურად უსამართლო და დაუსაბუთებელია. 2012 წლის შემდეგ თუ ვინმემ ამ ქვეყანაში პოლიტიკურ აქტორებს შორის დღე და ღამე იმუშავა, ეს ლევან ხაბეიშვილია, რომელიც არ გაჩერებულა არც საკრებულოში, არც პარლამენტში და მან საზოგადოების ნდობა დაიმსახურა. [კრიტიკა] უფრო პერსონალური ჩაჯინებების ამბავი მგონია, ეს არასწორი და უსამართლოა.
ლევან ხაბეიშვილი ძალიან პატიოსანი, მებრძოლი, პატრიოტი ქართველია, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ უმრავლესობამ მხარი დაუჭირა და ყველამ პატივი უნდა სცეს ამ გადაწყვეტილებას. ვის რა გაუკეთებია ლევან ხაბეიშვილზე მეტი? მართლა ცარიელ-ტარიელი, ლამის ფეხშიშველი დარბოდა ეს ადამიანი. ცარიელი ხელებით იბრძოდა კორუფციის წინააღმდეგ. ასე არ შეიძლება მართლა“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
კითხვაზე, ხომ არ უბრუნდება „ნაციონალურ მოძრაობას“, მით უფრო, რომ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრ დეპუტატ პაატა მანჯგალაძესთან ერთად პარლამენტის სხდომათა დარბაზში სავარძელიც გამოიცვალა და იმ ადგილზე გადაინაცვლა, სადაც ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები სხედან, ვაშაძე ამბობს, რომ „არცერთ შემთხვევაში და პარტიას ინარჩუნებს“.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე ვარ, პაატა მანჯგალაძე კი „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანია. „სტრატეგია აღმაშენებელი“ „სტრატეგია აღმაშენებელია“, „ნაციონალური მოძრაობა“ „ნაციონალური მოძრაობა“. დავაფუძნეთ გამარჯვების კოალიცია და კიდევ მეტ ადამიანს ველოდებით, ვინც შემოვა, რადგან ჩვენ გვჭირდება სვლა ერთიანობისკენ. დაქსაქსული ოპოზიცია არის ერთ-ერთი მთავარი შესაძლებლობა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ძალაუფლება კიდევ შეინარჩუნოს. გვჭირდება გაერთიანება, ერთად დგომა. როგორც ვიცი, უახლოეს დღეებში სხვა გაერთიანებებსაც ნახავთ. 5-6 ძირითადი პოლიტიკური პარტიაა ველზე. ამ 5-6 პოლიტიკური პარტიებს შორის დავინახავთ კონსოლიდაციებს. ჩვენ პირველი ნაბიჯი გადავდგით საკმაოდ ადრე არჩევნებამდე, რათა სხვა პოლიტიკურ პარტიებსაც ვუბიძგოთ ამ მიმართულებით. როგორც ვიცი, „გირჩი- მეტი თავისუფლება“ და „დროაც“ აპირებენ გარკვეული განცხადების გაკეთებას. ვფიქრობ, მათ შეუძლიათ ცალკე მიზიდულობის ცენტრი შექმნან. კონსოლიდირებისკენ სვლა იქნება. ვინც ახლა ფიქრობს, რომ პოლიტიკაში მიიღოს მონაწილეობა, აირჩიეთ რომელიმე ძალა, რათა კონსოლიდაციისკენ ვიაროთ. ახლა, როცა გეოპოლიტიკური არჩევნები გველოდება და არა პარტიული, ახალი პარტიების ჩამოყალიბების დრო არ არის. ახლა არის კონსოლიდაციების დრო, რომელმაც დიდი გამარჯვება უნდა მოგვიტანოს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
რაც შეეხება „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გაერთიანებაზე საზოგადოების დამოკიდებულებას, ვაშაძე ამბობს, რომ შეხვედრებზე მათ „ფანტასტიკურად ხვდებიან“.
„შოვის ტრაგედიის გამო საჯარო კამპანია გავაჩერეთ, მაგრამ ბევრი დახურული შეხვედრა გვქონდა ყოველგვარი კამერების გარეშე. ვიყავით სოფლებში. ფანტასტიკურად გვხვდებიან. იმედის ნაპერწკალი გაჩნდა საზოგადოებაში, რომ კონსოლიდაციისკენ ნაბიჯები გადაიდგა. ჩემთვის უცხო არც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები არიან და არც მათთვისაა უცხო „სტრატეგია აღმაშენებელი“. ლევანს [ხაბეიშვილს] განსაკუთრებით კარგად ხვდებიან. ლევან ხაბეიშვილის დამსახურება აუცილებლად უნდა ვთქვა - ყველა რაიონში „ნაცმოძრაობის“ ოფისია გახსნილი, პირველადი ორგანიზაციები აწყობილი დაგვხვდა. მე თვითონ გამიკვირდა, რომ არასაარჩევნო ფაზაში, ამ მოკლე ვადაში ლევან ხაბეიშვილმა ახალ ლიდერებთან ერთად ეს ყველაფერი მოახერხა. ჩვენ კამპანიის ჩატარება არ გვეშლება და როდესაც აწყობილი სისტემა გხვდება, ეს ყველაფერი გაცილებით მარტივია“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც გიორგი ვაშაძემ ისაუბრა, „ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებაა. მისი განცხადებით, „ეს საკითხი ყოველგვარ აქტუალობასაა მოკლებული, სისულელე და აბსურდია“.
„ხელისუფლებში მყოფი ძალა გამოდის, იმპიჩმენტს ვიწყებო და ამბობს, 100 ხმა არ მაქვსო? აბა რა იმპიჩმენტს იწყებენ, რისთვის? იწყებენ იმისთვის, რომ არ ვისაუბროთ შოვზე, გაჭირვებაზე, იმაზე, რომ ხალხი ქვეყნიდან გარბის, რადგან სამუშაო ადგილებს ვერ შოულობს, არ ვისაუბროთ სოფელსა თუ ქალაქში არსებულ პრობლემაზე და ვისაუბროთ „იმპიჩმენტი, იმპიჩმენტმა, იმპიჩმენტს“... წავიდნენ და თავის თავს ესაუბრონ. 100 ხმა არ აქვთ - თემა დახურულია. დღევანდელი სურათით გამორიცხულია. თვითონ ამბობენ, 100 ხმა არ გვაქვსო? აბა რას მაიმუნობენ? „ქართულ ოცნებას“ არანაირი გეგმა და სტრატეგია არ აქვს. იმაზე არიან გადასულები, რა მოიგონონ ყოველ კვირაში, რომ ხალხის ყურადღება იქით გადართონ. დაბნეული ქათმებივით არიან. ესენი არიან უსუსტესი ფარჩაკები. პოსტს დადებენ და მათ მიერვე დაქირავებული 500-700 ტროლ ბოტი „ალაიქებს“. ილუზიაში მოექცნენ, რომ რაღაც მხარდაჭერა აქვთ, მაგრამ მხარდაჭერა არ აქვთ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
კითხვას, მზადაა თუ არა ოპოზიცია, ზურაბიშვილის დასაცავად, ვაშაძე შემდეგნაირად პასუხობს: „ახლა კიდევ სალომე ზურაბიშვილი დამაცვევინეთ“. მისივე თქმით, სამომავლოდ სალომე ზურაბიშვილთან თანამშრომლობა არ წარმოუდენიათ, რადგან მას „ერთხელაც კი არ უხსენებია რეალური პრობლემა - ივანიშვილის მხრიდან არაფორმალურ მმართველობა, ერთხელაც არ უხსენებია“.
„ეს ქალი ისედაც ნახევრად ლეგიტიმურია და მადლობა თქვა, რომ მის იმპიჩმენტს მხარს არ ვუჭერთ. თუ დაცვა უნდა, ჯერ თავად გადადგას ნაბიჯი - შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი. გინდათ, ულტიმატუმად ჩათვალეთ, რადაც გინდათ. მისი ვალდებულებაა, რომ ეს ნაბიჯი გადადგას და რაც უფრო დააგვიანებს, მით უფრო ცუდი იქნება მისთვის. მიხეილ სააკაშვილი საპატიმროდან უნდა გამოუშვან.