კახა კალაძე ბორელის ვიზიტზე - ყველა ასეთი შეხვედრა უნდა იყოს გამოყენებული საქართველოს მომავლისთვის, ხვალინდელი დღისთვის და ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარებისთვის

თბილისის მერი, კახა კალაძე საქართველოში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელის ვიზიტს მიესალმება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა ასეთი შეხვედრა უნდა იყოს გამოყენებული საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარებისთვის.

„მისასალმებელია, როდესაც ასეთი ვიზიტები ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში. იცით, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს ელოდება. გულწრფელად ვამბობ, რომ ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა და საქართველო არის იმ იმ ქვეყნებს შორის, რომელიც აღნიშნულ სტატუსს იმსახურებს. რა თქმა უნდა, ყველა ასეთი შეხვედრა უნდა იყოს გამოყენებული საქართველოს მომავლისთვის, ხვალინდელი დღისთვის და ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარებისთვის“, - განაცხადა კალაძემ.

მან ჯოზეფ ბორელის განცხადებაც შეაფასა, რომლის თქმით, რუსეთთან ფრენების აღდგენა და სანქცირებული ადამიანების ქვეყანაში შემოშვება სამწუხაროა.

„მესმის ამ ადამიანის განცხადების, თუმცა, ჩვენ აბსოლუტურად ღიად და გამჭვირვალედ გავაკეთეთ განცხადება, რომ არ ვუერთდებით სანქციებს. ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამოვდივართ, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, მოხდეს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, რომ რაც შეიძლება მეტი დოვლათი შეიქმნას ქვეყანაში და ეს ყველაფერი თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს",-განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხს, კალაძემ აღნიშნა, რომ პასუხისმგებლობა როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას ეკისრება.

„რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. ზოგადად, ნორმალურ, განვითარებულ ქვეყნებში, როდესაც ასეთი გადაწყვეტილების მიღება ხდება, ამ ყველაფერში ჩართულია ოპოზიციაც და ხელისუფლებაც იმიტომ, რომ ეს ქვეყანა მარტო საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების არ არის, ოპოზიციისაც არის, თუმცა ჩვენ გაუგონარი ფაქტის წინაშე აღმოვჩნდით, ოპოზიცია დაკავებულია საბოტაჟით და იმით, რომ ქვეყანამ როგორმე სტატუსი არ მიიღოს. როგორც ეს წინა შემთხვევაში, ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების წინ მოხდა, დარბოდნენ კაბინეტებში, რომ შეთანხმება არ მიღწეულიყო, იგივე იყო ვიზალიბერალიზაციის პროცესთან დაკავშირებით და ეს გრძელდება დღესაც, როდესაც კანდიდატის სტატუსზეა საუბარი. ყველა ის რეფორმა და 12 პუნქტიანი გეგმა, რომელიც მოცემული იყო, მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების ჩართულობით განხორციელდა და ეს პროცესი დღესაც გრძელდება",-განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი საქართველოში დღეს ჩამოვა.

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ინფორმაციით, ქვეყანაში მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი ამჟამინდელი უფლებამოსილებით საშუალებას მისცემს განიხილოს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე პროგრესი, ასევე, გაცვალოს აზრები უფრო ფართო საგარეო პოლიტიკასა და რეგიონულ საკითხებზე.

ვიზიტის ფარგლებში უმაღლეს წარმომადგენელს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიღებს. ასევე, ჯოზეფ ბორელი შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ვიცე-პრეზიდენტი, ასევე გამოიყენებს შესაძლებლობას, შეხვდეს პარლამენტში მყოფ, ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს და გამართოს დისკუსიები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის