ქართული პრესის მიმოხილვა 18.09.2023

მამუკა არეშიძე - “ხელისუფლება კურსს ვერ შეცვლის, რადგან ფინანსურად თუ პოლიტიკურად საქართველო მიბმულია დასავლეთზე”

უკრაინელებს კვლავ წინსვლა აქვთ და გააძლიერეს დაწოლა დნეპრის დელტაშიც

ანდრო გოცირიძე - ”თუ ამ მასშტაბის ფიგურას მტრულ ქვეყანასთან აგენტურული კავშირი დაუდგინდება, ეს უსაფრთხოების სისტემის სრული კრახია”

კავკასია გეოპოლიტიკური ცვლილებების და “ომისა და მშვიდობის ზღვარზე” - როგორია საქართველოს როლი

ვახტანგ ძაბირაძე - „პრეზიდენტის იმპიჩმენტი ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ თავად შეუწყოს ხელი მესამე ძალის ჩამოყალიბებას“

* * *

მამუკა არეშიძე - “ხელისუფლება კურსს ვერ შეცვლის, რადგან ფინანსურად თუ პოლიტიკურად საქართველო მიბმულია დასავლეთზე”

“ის, რომ საქართველოში რუსული აგენტურა მუშაობს, ახალი ამბავი არ არის. ჩვენი ქვეყნით არაერთი სხვა სახელმწიფოს სპეცსამსახურიც არის დაინტერესებული, იქნება გავლენის აგენტურა, ხელისუფლებაში შეღწეული პირები თუ სხვა. ეს სამწუხარო ფაქტია, თუმცა ამისგან დაზღვეული ბევრი სხვა ქვეყანაც არ არის. ძნელია თქმა, რამდენად ეფექტიანად მუშაობენ ჩვენი სპეცსამსახურები, მაგრამ ის, რომ ფარცხალაძე კარგა ხანია მაღალ თანამდებობებს ჩამოაშორეს და საერთოდაც, ამჟამად საქართველოში არ არის, მაფიქრებინებს, რომ მის თაობაზე ქართულ სპეცსამსახურებს ინფორმაცია ჰქონდათ. ისე, თავის დროზე ფარცხალაძეს იცავდნენ დღეს ოპოზიციაში მყოფი პირები, რომლებისთვისაც ის დღეს აგენტი და ქვეყნის ამომგდებია”, - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ჩინეთთან ურთიერთობაში განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს”.

“როგორც ვიცი, რამდენიმე ხნის წინ ფარცხალაძის თაობაზე კითხვები გაჩნდა და მან თავი გაარიდა ამ ვითარებას, ქვეყნიდან წავიდა. ხელისუფლებას სახელმწიფო დეპარტამენტის ამ გადაწყვეტილებაზე სწრაფი და ეფექტიანი რეაქცია უნდა ჰქონდეს, შესაბამისმა უწყებებმა უნდა გაარკვიონ ამ ბრალდებების რეალობა. როგორც ითქვა, სუს-ი შეისწავლის ამ საკითხს. ეს არ უნდა გაჭიანურდეს და ამით უპირველესად ხელისუფლება უნდა იყოს დაინტერესებული. ჩემი შეფასებით, ეს სანქცია უფრო დემონსტრაციულია, ჩვენი ხელისუფლების ამჟამინდელი თუ ყოფილი წევრების, იმავე ბიძინა ივანიშვილის გაფრთხილება - ჩემი აზრით, დასავლეთის ისტებლიშმენტის ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ზედმიწევნით არ ასრულებს დასავლური ცენტრების მითითებებს. რაც შეეხება კურსის ცვლილებას, ჩემი აზრით, საქართველოს ხელისუფლებამ ძალიანაც რომ მოინდომოს, საგარეო პოლიტიკურ კურსს ვერ შეცვლის. შეიძლება შეარბილოს, ზიგზაგებით იაროს და ა.შ., მაგრამ ვერ შეცვლის, რადგან ფინანსურად თუ პოლიტიკურად საქართველო მიბმულია დასავლეთზე”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

“ამ სისტემის გადაწყობა წარმოუდგენელია. ჰიპოთეზურად დავუშვათ, რომ მართლაც სურს შეცვლა და უნდა რუსეთს ჩამოეკიდოს ისევ, მაგრამ ეს შეუძლებელია, რადგან ჩამოსაკიდიც აღარაფერი დარჩა - რუსეთის დღევანდელი მდგომარეობა უაღრესად მყიფე და არაპროგნოზირებადია. ამასთანავე, ყველამ მშვენივრად იცის, რომ თუ დასავლეთთან ურთიერთობა გაწყდა, ეს ნიშნავს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საბოლოოდ დაკარგვას, რადგან დღეს არაღიარების პოლიტიკის სტაბილურობას სწორედ დასავლეთი უზრუნველყოფს. გარდა ამისა, საქართველოს უსაფრთხოება და დაცვის სისტემა სწორედ დასავლეთის დამსახურებაა. მოკლედ, საქართველოსთვის დასავლურ კურსს ალტერნატივა არა აქვს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“საქართველოს ხელისუფლებამ შეიძლება ითამაშოს, პოზაში დადგეს, რაღაც მანევრები გააკეთოს, ვითომ დისტანცირებისა და დამოუკიდებლობის დემონსტრირება მოახდინოს, მაგრამ ეს მხოლოდ პროცესების ზედაპირია. გარდა ამისა, მხოლოდ ერთ ვექტორზე ჩამოკიდება თავიდან ბოლომდე და ჩვენი მომავლის მისთვის გადაბარება ვერ იქნება სწორი. დღეს ჩვენ გვჭირდება ძალიან მოქნილი, ღრმა და მრავალშრიანი პოლიტიკა. ამ გეოპოლიტიკურ ქაოსში ძალიან რთულია სწორი საგზაო რუკის შექმნა. რაც შეეხება ჩინეთს, მესმის, დასავლეთისთვის მიუღებელია მისი პარტნიორი საქართველოს ჩინეთთან ურთიერთობა, მაგრამ ეს ცოტა უხერხული მგონია, როდესაც ევროკავშირსაც და აშშ-საც თვითონ აქვთ მრავალმილიარდიანი სავაჭრო ბრუნვა ჩინეთთან. ამის მიუხედავად, პირადად მეც მიმაჩნია, რომ ჩინეთთან ურთიერთობაში განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“ეს ქვეყანა ეკონომიკური ექსპანსიის პრინციპით მოქმედებს და ეს კარგად ჩანს ცენტრალური აზიის ქვეყნებში. თუ მიეცა საშუალება, იმავეს გააკეთებს სამხრეთ კავკასიის რეგიონში, სადაც მისი მთავარი მოწინააღმდეგე თურქეთია მოკავშირე აზერბაიჯანთან ერთად, აქედან გამომდინარე, ძალზე მნიშვნელოვანია ჩინეთისთვის საქართველოსთან ურთიერთობის გარკვეული სისტემის შექმნა, რათა ჩვენს რეგიონში შემოაღწიოს. ამიტომ დიდი სიფრთხილის გამოჩენა გვმართებს. მიმაჩნია, რომ უვიზო რეჟიმის შემოღებაც სადავო და სახიფათო თემაა. დარწმუნებული ვარ, ეს ჩინეთის მხარის მოთხოვნით გაკეთდა. კარგად მესმის საზოგადოების შეშფოთებისაც. საქმე ისაა, რომ ბოლო წლებში კარგად ვნახეთ საქართველოს ხელისუფლებების გაუაზრებელი პოლიტიკური ნაბიჯები, რამაც მძიმე შედეგები მოგვიტანა. ამის გათვალისწინებით გვეშინია ახალ-ახალი შეცდომების”, - ამბობს მამუკა არეშიძე.

“რაც შეეხება ღარიბაშვილის ჩარტერულ რეისს, ბევრი ითქვა ამაზე და მეც მგონია, რომ შეუძლებელია ამ ნაბიჯის გამართლება, თუმცა ამას ახერხებენ ისევ ის პირები, ვინც საკუთარი ლიდერის მსგავს გადაწყვეტილებებს, მეტიც, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ფრენებს დღესაც იწონებენ. რასაკვირველია, ერთი შეცდომა თუ დანაშაული მეორეს ვერაფრით გადაფარავს, მაგრამ ოპოზიციაში ზოგიერთი რომ გაჩუმდებოდეს, საქმეს გაცილებით უფრო წაადგებოდა და პოლიტიკური შედეგიც იქნებოდა. თავის მხრივ, გაუმართლებელია თავდაცვის სამინისტროს განცხადება, რომელმაც ახლაღა გაიხსენა ამ უწყების ბიუჯეტიდან დაფინანსებული სააკაშვილის ფრენები და ამისთვის ფარდის ახდა გადაწყვიტა. უკაცრავად და, ამდენი წლის განმავლობაში სად იყვნენ? პიჯაკების გამო რომ გადაწყვიტეს სააკაშვილის გასამართლება, ამის გამო რატომ არ მოსთხოვეს პასუხი, ეს არგუმენტები სად იყო აქამდე? სწორედ ამას ვამბობდით თავიდანვე, როცა კოაბიტაცია გამოცხადდა, რომ ყველა დანაშაული უნდა გამომზეურებულიყო. საბოლოოდ ამ პროცესმა საქართველოში მახინჯი ფორმა მიიღო”, - დაასკვნის რესპონდენტი.

“კეზერაშვილს ახსენებენ ხოლმე ხშირად და, ბარემ ისიც გავიხსენოთ, როცა ის საფრანგეთში დააკავეს, რა ფარატინა ფურცელი გაგზავნეს შესაბამისი უწყებებიდან ვითომდა მისი ბრალის დასამტკიცებლად, შედეგად კი დაკავებული კეზერაშვილი გაათავისუფლეს... რაც შეეხება პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესს, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის ბევრი ნაბიჯი და გადაწყვეტილება არ მომწონს, “ქართული ოცნების” წამოწყებული ეს პროცესი არასწორი მგონია. ამით მხოლოდ ქვეყნის იმიჯს ვაზარალებთ. ვფიქრობ, ეს პროცესი, როგორც პრემიერმა თქვა, ფორმალური იქნება და ვერ შეძლებს “ქართული ოცნება” საჭირო ხმების მოგროვებას”- თვლის ექსპერტი.

“ძალიან სერიოზული გამოწვევის წინაშეა მთელი ჩვენი რეგიონი. არ ვიცით, როგორ დასრულდება ის ვაჭრობა, რაც მიმდინარეობს სომხურ-აზერბაიჯანული დაპირისპირების კონტექსტში. შეიძლება უახლოეს დღეებშიც დაიწყოს სომხეთ-აზერბაიჯანული კონფლიქტის ახალი რაუნდი, თანაც უცნობია, ვინ ვის მხარეს დადგება, როგორ მოიქცევიან დასავლეთი და რუსეთი? დღეს აშშ-ის სამხედრო კონტინგენტი სომხეთის ტერიტორიაზე ატარებს წვრთნას, რომელიც 25 სექტემბრამდე გაგრძელდება. არავინ იცის, რა მოხდება ამის შემდეგ, რა იქნება 27 სექტემბერს, ყარაბაღის ბოლო ომის დაწყების წლისთავზე. არ ვიცით, რას მოინდომებს ალიევი. ის მიიჩნევს, რომ საბოლოო გამარჯვებას ვერ მიაღწია. ეს რეგიონისთვის უდიდესი საფრთხეა და ყველაფერი განზე დაგვრჩება, თუ ამ გამოწვევისთვის არ მოვემზადებით. სომხეთის საგარეო ვექტორი ბოლო დროს შეიცვალა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ქვეყანა რუსეთს ისეა მიბმული, მისგან გათავისუფლება ძალიან გაუჭირდება. ჩემი აზრით, ფაშინიანი ძალიან სახიფათო თამაშს თამაშობს”, - დასძენს მამუკა არეშიძე და შეკითხვაზე - “სკანდალური გამოდგა “პოლიტიკო”-სთვის~ მიცემული ფაშინიანის ინტერვიუ, რომელშიც განაცხადა: `რუსეთის კატასტროფული შეჭრა უკრაინაში ნიშნავს, რომ სომხეთს მეტად აღარ შეუძლია, მოსკოვს, როგორც უსაფრთხოების გარანტს დაეყრდნოს”... - პასუხობს:

“ვშიშობ, ამას შეიძლება რუსეთისგან ქმედებები მოჰყვეს. არც სახელმწიფო გადატრიალებას გამოვრიცხავ სომხეთში, არც ახალი ომის დაწყებას და საერთოდ, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ დღეს სომხეთს დიდი გეოპოლიტიკური დარტყმის საფრთხე ემუქრება. დიდი იმედი მაქვს, რომ მშვიდობიანად გადარჩება”.

უკრაინელებს კვლავ წინსვლა აქვთ და გააძლიერეს დაწოლა დნეპრის დელტაშიც

“უკრაინელმა ჯარისკაცებმა დონეცკის ოლქის დასახლებული პუნქტი ანდრიივკა გაათავისუფლეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული, რომლის ცნობით, ანდრიივკა კოორდინირებული თავდასხმის ოპერაციების შედეგად დაიბრუნეს - რუსული გარნიზონი ალყაში მოაქციეს და გაანადგურეს. “მესამე მოიერიშე ბრიგადამ გაათავისუფლა სოფელი ანდრიივკა. განადგურებული რუსეთის ფედერაციის 72-ე ბრიგადის თითქმის მთელი ქვეითი ჯარი, ოფიცრებთან და მნიშვნელოვან აღჭურვილობასთან ერთად”, - ნათქვამია განცხადებაში. მესამე მოიერიშე ბრიგადის ინფორმაციით, ანდრიივკის გათავისუფლება ბახმუტიდან მარჯვენა ფლანგზე გარღვევის გასაღები იქნება. უკრაინის გენშტაბის ცნობით აცხადებენ, ბახმუტის მიმართულებით, ბოგდანოვკას რაიონში რუსები უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდაცვის ხაზის გარღვევის მცდელობებს არ წყვეტენ და უკრაინის თავდაცვის ძალებმა კლიშევკის რაიონში შეტევითი ოპერაციების დროს ნაწილობრივ წარმატებას მიაღწიეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით უკრაინელებს კვლავ წინსვლა აქვთ და გააძლიერეს დაწოლა დნეპრის დელტაშიც.

“ვრცელდება ანდრიივკას გათავისუფლებისას სასტიკი ბრძოლების გადაღებული უნიკალური კადრები. ვიდეოში აღბეჭდილია ბრიგადის 1-ლი თავდასხმის შეტევითი მოქმედებები. მესამე მოიერიშე ბრიგადამ სამაგალითო ბრძოლები აჩვენა დონეცკის რეგიონში ანდრიივკასთვის, რომლის გათავისუფლებაც მებრძოლებმა რუსებისგან მოახერხეს. ანდრიივკას გათავისუფლებით ამაყია უკრაინის პრეზიდენტი - ზელენსკიმ მებრძოლებს მადლობა გადაუხადა. უკრაინის ძალებმა ხერსონის მახლობლად, დნეპრის გადაკვეთისთვის ხიდის შექმნა დაიწყეს. ამის შესახებ `ომის შემსწავლელი ინსტიტუტის~ ახალ ანგარიშშია ნათქვამი. “უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გააძლიერეს ოპერაციები დნეპრის დელტაში ანტონოვსკის ხიდთან მდებარე ზოგიერთ კუნძულზე, რათა გააერთიანონ პოზიციები ხერსონის რეგიონის მარცხენა სანაპიროზე მომავალი შეტევისთვის”, - ამბობენ ანალიტიკოსები. ამავდროულად, მათი აზრით, ოკუპანტებს არ ჰყავთ ჯარის საჭირო რაოდენობა ამ სექტორში უკრაინის თავდასხმისგან დასაცავად, რადგან რუსეთის სარდლობამ ხერსონის რეგიონიდან რამდენიმე ქვედანაყოფი ზაპოროჟიეს რეგიონში გადაისროლა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და “ჯიპას” პროფესორი გიორგი კობერიძე აცხადებს, რომ უკრაინის არმიამ ოფიციალურად დაადასტურა ბახმუტის სამხრეთით დასახლება ანდრიივკას გათავისუფლება. მისი თქმით, ბახმუტისაკენ სამხრეთიდან მიმავალი რკინიგზის ხაზი აღარაა რუსული ნაწილების კონტროლქვეშ. მისივე თქმით, რუსეთისათვის იარაღის, ძირითადად ჭურვების, მთავარი მიმწოდებელი ჩრდილოეთ კორეაა. პროფესორი ამბობს, რომ კიმ ჩენ ინის მოსკოვური ვოიაჟის შემდეგ სავარაუდოა, რომ რუსეთის მხრიდან ჩრდილოეთ კორეაზე დამოკიდებულება კიდევ გაიზრდება, მით უფრო, რომ არტილერიის მხრივ ფხენიანი მნიშვნელოვან არსენალს ფლობს”, - დასძენს გამოცემა.

“ანდრიივკას ჩრდილოეთით კლიშჩიივკას დიდი ნაწილი, მათ შორის ცენტრი, უკრაინელთა ხელშია. საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს ანდრიივკას სამხრეთითაც, კურდიუმივკაში. უკრაინელთა მხრიდან საბოლოო დაწოლა ასევე ხორციელდება ბახმუტის სამხრეთით მდებარე კლიშჩიივკაზე, ანდრიივკასა და კურდიუმივკაზე. უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ანდრიივკა გათავისუფლებულ იქნა რუსეთის კონტროლისაგან, მაგრამ ადგილზე მყოფმა სამხედროებმა უარყვეს ეს ინფორმაცია და აღნიშნეს, რომ ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები სამივე წერტილში კვლავ აქტიურია. ამასთან, უკრაინული შეტევა საკმაოდ დიდ მანძილზეა გავრცელებული, მათ შორის ბახმუტის დასავლეთ გარეუბანშიც. შავ ზღვაში კი რუსულ საბრძოლო და საპატრულო ხომალდებზე უკრაინული წყლის დრონების მხრიდან თავდასხმები მიმდინარეობს - რუსეთს საზღვაო ბლოკადის განხორციელება ძალიან ძვირი უჯდება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი კობერიძე.

“უკრაინელთა მხრიდან ნავთობის კოშკურების გათავისუფლების შემდეგ, რუსებს სარადარო ინფორმაციაც აღარ აქვთ ძველებურად ეფექტური. ევპატორიაში რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა ჩ400-ზე “ნეპტუნის” ტიპის რაკეტებით იერიში იქნა მიტანილი. ეს ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული და ლიმიტირებული სისტემაა. ყირიმის ჰაერიდან ეფექტური დაცვა რუსეთს ძალიან გაუჭირდება. ღიმილისმომგვრელია, რომ ამ ფონზე მარია ზახაროვა უკრაინელებს დაემუქრა, ყირიმის ხიდზე არ მიიტანოთ იერიში თორემ პასუხი მკაცრი იქნებაო.... თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოსკოვის ჩრდილოეთ კორეასთან მიტმასნება მის პოლიტიკურ რეპუტაციაზე ძალიან მოქმედებს, ხოლო ფხენიანზე დამოკიდებულება ირიბად ჩინეთზე დამოკიდებულებასაც მოასწავებს. თუმცა, ვნახოთ, ზოგადად, ჩრდილოეთ კორეაც ვაჭრობს ყველასთან და რუსეთში საჩვენებელი ვიზიტი მხოლოდ რუსეთისაგან ფულისა და რესურსების წამოღება არ იქნება. ეგ ისეთი რეჟიმია, ვინც მეტს შესთავაზებს, იმის თამაშს დაჰყვება“, - დაასკვნის კობერიძე.

ანდრო გოცირიძე - ”თუ ამ მასშტაბის ფიგურას მტრულ ქვეყანასთან აგენტურული კავშირი დაუდგინდება, ეს უსაფრთხოების სისტემის სრული კრახია”

“გოგაშვილის სკანდალის შემდეგ ეს სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემის მეორე კატასტროფაა. ფარცხალაძე გენერალური პროკურორი იყო, რაც თავისთავად საგამოძიებო სისტემაზე კონტროლს გულისხმობს. თუმცა ჩრდილოვანი მმართველობის იერარქიაში მას დამატებითი ფუნქციებიც ჰქონდა და სახელმწიფო უწყებებსა თუ ბიზნესებზე განუზომელ გავლენას ახდენდა. თუ ამ მასშტაბის ფიგურას მტრულ ქვეყანასთან აგენტურული კავშირი დაუდგინდება, ეს უსაფრთხოების სისტემის სრული კრახია. პოლიტიკურად მმართველი პარტიისთვის ეს კიდევ ერთი საკადრო ჩავარდნაა - ამერიკული სპეცსამსახურების გამოვლენილ და სახელმწიფო დეპარტამენტის სანქცირებულ ეფ-ეს-ბეს აგენტს, ყოფილ გენერალურ პროკურორს მთელი მმართველი პარტია გადაეფარა”, - აცხადებს ექსპერტი ანდრო გოცირიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ”თუ ამ მასშტაბის ფიგურას მტრულ ქვეყანასთან აგენტურული კავშირი დაუდგინდება, ეს უსაფრთხოების სისტემის სრული კრახია”.

“რუსული დაზვერვის მთავარი ამოცანა, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, რომლებსაც კრემლი პოსტსაბჭოთა სივრცედ მოიაზრებს, რუსული გავლენის გაფართოება, ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების შექმნა-განვითარება ბიზნესსა თუ პოლიტიკურ წრეებში, ოკუპანტისადმი ლოიალური განწყობების დანერგვა, დასავლური ინტეგრაციის ძირის გამოთხრა, დემოკრატიული პროცესების საბოტაჟია. თუ ბოლო წლებში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს გადავავლებთ თვალს, რუსული დაზვერვის ამოცანებს მთლად შეუსრულებლად ვერ მივიჩნევთ... სანქცირება, როგორც ჩანს, გაგრძელდება. საინტერესოა, რომ რუსი მაღალჩინოსნების განცხადებით ფარცხალაძე მართლაც იყო ჩართული ავიაფრენების აღდგენასა და ტურისტულ ნაკადებთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში. ცხადია, რუსი პოლიტიკოსის განცხადებები არასდროსაა სანდო, მაგრამ ეს კონკრეტული შემთხვევა სპეციფიკურია, მართლაც მოხდა, რამაც რუსული გავლენის ზრდა და დასავლელ პარტნიორებთან გაუგებრობა გამოიწვია. სწორედ ეს არის რუსეთის დაზვერვის ინტერესი, რაზეც აპელირებს შეერთებული შტატების ადმინისტრაცია სანქცირების დასაბუთებისას. თავად ფიგურანტის განცხადება, რომ სანქცირება დაუსაბუთებელია, ნაკლებადაა წონიანი, რადგან დოკუმენტი საკმარისად ინფორმაციულია”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ანდრო გოცირიძე.

“ამ საქმეში ჯაშუშობაზე არ არის საუბარი. სახელმწიფო დეპარტამენტი, სავარაუდოდ, ამერიკული სპეცსამსახურის მონაცემებს ეყრდნობა და ამბობს, რომ საქართველოს გენერალურ პროკურორს იყენებდნენ რუსული გავლენის გასაძლიერებლად. სხვათა შორის, დოკუმენტში არ წერია, რომ ეს მის გენერალურ პროკურორობას უკავშირდება. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ფიგურანტი დიდი გავლენით სარგებლობდა გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე, სამთავრობო სტრუქტურებსა თუ სასამართლო ხელისუფლებაში. ასე რომ არ ყოფილიყო, არც გახდებოდა რუსული დაზვერვის დაინტერესების ობიექტი. ისიც საგულისხმოა, რომ ფარცხალაძე ოლიგარქიული ქმედებებისთვის, ჩრდილოვანი მმართველობისთვის დაასანქცირეს და არა საჯარო სამსახურში კორუფციისა თუ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ცოტა ადრე ამერიკულმა სოციალურმა ქსელებმა წაშალეს რუსული პროპაგანდის გამავრცელებელი ანგარიშები და მაშინ დაიწერა, რომ ისინი მმართველ ძალასთან იყვნენ დაკავშირებული. გარდა ამისა, უკანასკნელ 2-3 წელიწადში რუსეთთან დამაახლოებელი ან რუსეთის სასარგებლო რამდენიმე გადაწყვეტილებაც იქნა მიღებული, რამაც ძალზე დააზიანა საქართველოს უსაფრთხოება, ურთიერთობები პარტნიორებთან და ინტეგრაციის პერსპექტივა. თუ ფარცხალაძესა და რუსეთის სპეცსამსახურს შორის კავშირი არსებობდა, წარმოუდგენელია ეს არ სცოდნოდა ჩვენს უსაფრთხოების სამსახურს. როგორც წესი, ასეთ დროს პარტნიორ სპეცსამსახურებთან კომუნიკაცია აქვთ (თუ არა აქვთ, ეს ახალ რეალობაში თანამშრომლობის დაბალ ხარისხზე მეტყველებს) და ისედაც, ქართულ უსაფრთხოების სამსახურებს შესაბამისი ცოდნა და საშუალებები ნამდვილად აქვს, რომ ამგვარი კავშირი არ გამოეპაროთ”, - ამტკიცებს ექსპერტი

“ეს არაერთხელ დადასტურდა, როდესაც საქმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, აქტივისტების, ჟურნალისტების, არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ მიმდინარე გამოძიებას ან დისკრედიტაციის კამპანიას ეხება. საკითხავია, რატომ არ იქნა ეს პოტენციალი გამოყენებული ამ შემთხვევაში? ძალაუნებურად ჩნდება განცდა, რომ გარკვეულ პირებს პოლიტიკური ნიშნით აქვთ ხელშეუხებლობის გარანტია და ეს ყველაზე ხშირად რუსეთთან აფილირებულ პერსონებზე ვრცელდება”, - დასძენს ანდრო გოცირიძე და შეკითხვაზე - “რა უნდა გააკეთოს ჩვენს მდგომარეობაში მყოფმა ქვეყანამ იმისთვის, რომ ფარცხალაძის მსგავსი სუბიექტები საპასუხისმგებლო თანამდებობებზე ვერ მოხვდნენ?” - პასუხობს:

“როდესაც გადაწყვეტილებები სპეცსამსახურში პოლიტიკური მიზანშეწონილობით მიიღება, ამგვარი კატასტროფა გარდაუვალია. თუ დავაკვირდებით გოგაშვილისა და ფარცხალაძის შემთხვევებს, ისინი ყოველგვარი კარიერული წესის დარღვევით აღმოჩნდნენ უმაღლეს თანამდებობებზე, რამაც საიდუმლო მასალებზე მათი განუსაზღვრელი წვდომა და დიდი გავლენა განაპირობა. სამწუხაროდ, საქართველოს სახელმწიფოებრივ მოწყობას ჯერ კიდევ ავტორიტარული სახელმწიფოს თვისებები ახასიათებს, სადაც ძალოვან სტრუქტურებს სხვა სამინისტროებსა თუ ბიზნესებზე განუზომელი გავლენა აქვთ, ხოლო ამ სახელმწიფო ინსტიტუტებში ზღვარი მმართველ პარტიასა და საჯარო სამსახურს შორის წაშლილია. სწორედ ამიტომ არის დასავლური რეკომენდაციების მნიშვნელოვანი შემადგენელი სამართალდამცავი სისტემის, სპეცსამსახურის დეპოლიტიზაცია. პოლიტიკური მიზანშეწონილობით მართული სისტემა სახელმწიფოს საფრთხეს უფრო უქმნის, ნაცვლად უსაფრთხოების უზრუნველყოფისა”...

კავკასია გეოპოლიტიკური ცვლილებების და “ომისა და მშვიდობის ზღვარზე” - როგორია საქართველოს როლი

“სომხეთი რუსეთისგან დისტანცირებას და დასავლეთთან თავის საგარეო პოლიტიკის დაბალანსებას ცდილობს, თურქეთი თავის მხრივ სამხრეთ კავკასიაში გავლენებს აძლიერებს და ყარაბაღის კონფლიქტში შუამავლობა სურს. რუსეთის გავლენები კი რეგიონში დღითიდღე მცირდება და ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ მოსკოვი ძველი პოზიციების დაბრუნებისთვის და რევანშისთვის ემზადებოდეს. საკითხზე, როგორ სურათს მივიღებთ მოსალოდნელი ცვლილებების შედეგად და სადაა საქართველოს ადგილი, კავკასიის რეგიონის ექსპერტები გვეუბნებიან, რომ ბაქო ომისთვის ემზადება და თუ სომხეთთან სამხედრო კონფლიქტი განაახლა, ჩვენთვის ძალიან მძიმე შედეგების მომტანი იქნება. ასევე მძიმე შედეგი ექნება რომელიმე სახელმწიფოს გავლენების გაძლიერებას, რადგან ეს რეგიონში ბალანსს არღვევს. მათი თქმით, “საქართველოს ხელისუფლებას დაფიქრება მართებს”, რადგან “ომისა და მშიდობის ზღვარზე ვართ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით კავკასია გეოპოლიტიკური ცვლილებების და “ომისა და მშვიდობის ზღვარზე” - როგორია საქართველოს როლი.

“სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის თქმით, აზერბაიჯანმა ლაჩინის დერეფნის ბლოკირებით “ჰუმანიტარული კრიზისი” შექმნა და რუსეთმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების (ოდკბ) ფარგლებში საკუთარი ვალდებულებები ვერ შეასრულა და ერევანს აღარ შეუძლია, რუსეთს, როგორც საკუთარი უსაფრთხოების გარანტს, დაეყრდნოს, ეს კი მოსკოვისთვის გამაღიზიანებელი აღმოჩნდა. როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, ამის გამო დიდი ალბათობით მოსკოვი ერევნისთვის პასუხს ამზადებს, სომხეთში რამდენიმე ათასი დაქირავებული რუსი მებრძოლია ჩასული და არაა გამორიცხული, რომ კრემლმა სამხედრო გადატრიალება სცადოს, რასაც ასევე რეგიონისთვის და მათ შორის საქართველოსთვის უარყოფითი გავლენა ექნება. თურქეთი რუსეთს, აზერბაიჯანს და სომხეთს მთიანი ყარაბაღის საკითხზე ოთხმხრივი შეხვედრის ჩატარებას სთავაზობს. ქვეყნის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ჯერჯერობით ამ შეთავაზებაზე არც ნეგატიური და არც პოზიტიური პასუხი თურქულ მხარეს არ მიუღია. მან ასევე აღნიშნა, რომ ოთხმხრივი შეხვედრის ინიციატივის მიზანი ის არის, რომ მოლაპარაკებები პრობლემასთან დაკავშირებული ქვეყნების ლიდერებმა ჩაატარონ და არა ყარაბაღის თემასთან არადაკავშირებულმა მხარეებმა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მე კიდევ ერთხელ განვიხილავ ამ საკითხს ალიევთან. ჩვენ ვიმუშავებთ კონკრეტიზაციაზე და თვალს ვადევნებთ მოვლენების განვითარებას”, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა. ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ თუ აზერბაიჯანმა აგრესოიული ნაბიჯები გადადგა, ეს საქართველოს დაარტყამს, როგორც ეკონომიკური, ისე უსაფრთხოების თვალსაზრისით. მისი თქმით, სამხრეთ კავკასიაში რუსეთის გავლენები შემცირებულია, თუმცა, მოსკოვი რევანშისთვის ემზადება. კავკასიის საერთაშორის უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ კავკასიაში სომხეთ-აზერბაიჯანის ომის ალბათობა იზრდება, ამის პარალელურად კი რუსეთი სომხეთში დიდი ალბათობით სამხედრო გადატრიალებისთვის ემზადება და ფაქტიურად რეგიონი ომისა და მშვიდობის ზღვარზეა”, - დასძენს გამოცემა.

“კავკასიაში რუსეთის გავლენები შემცირებულია, მაგრამ მოსკოვი ახლა რევანშის აღებას და თავისი გავლენების უკან დაბრუნებას ცდილობს, რადგან მიუხედავად იმისა, რომ თითქოს თურქეთი პარტნიორია, სამხრეთ კავკასიაში ანკარის გავლენების გაძლიერება რუსეთისთვის წამგებიანია. თურქეთი ასწლიანი პაუზის შემდეგ სამხრეთ კავკასიაში დაბრუნდა, როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. ერდოღანის ხელისუფლებას აქვს პროგრამა, რომ თურქეთი რეგიონალური ზესახელმწიფო გახადოს. საქართველოსთვის არავის გავლენების გაძლიერება კარგი არაა - რეგიონი ისეთია, რომ ნებისმიერი ქვეყნის გავლენების გაძლიერება, ბალანსის დარღვევას იწვევს. ჩვენთვის მისაღები ვინცაა, ის ქვეყნები შესაბამისი ფორმატის შექმნას ვერ ახერხებენ - დასავლეთს ვგულისხმობ. რეგიონში ამერიკელები თავისას ცდილობენ და ევროკავშირი თავისას, ისეთი აჭრილი სიტუაციაა, რომ პროგნოზისთვის რთულია”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

“რუსეთის გაღიზიანება განსაკუთრებით ნიკოლ ფაშინიანის კომენტარებმა გამოიწვია, რომელმაც თქვა, რომ რუსეთი ოდკბ-ს ფარგლებში თავის მისიას ვეღარ ასრულებს და სომხეთი მისგან უნდა დისტანცირდეს. ეს კრემლისთვის პირდაპირი გზავნილი იყო. ფაშინიანმა მოსკოვის მაგივრად ანკარაში დარეკა, ერდოღანთან ილაპარაკა და ამის მერე თურქეთის პრეზიდენტმა ახალი სამშვიდობო ინიციატივის ფორმულა წამოაყენა ოთხეულის სახით - აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი და რუსეთი, მაგრამ ამ შემთხვევაში სავარაუდოდ თურქეთს ინიციატივის ხელში ჩაგდება სურს. ამის პარალელურად კავკასიაში სომხეთ-აზერბაიჯანის ომის ტენდენცია იზრდება და ისე მწვავდება სიტუაცია შეიძლება უკვე მთიან ყარაბაღზეც აღარ იყოს საუბარი და რეგიონალურ ომში გადაიზარდოს. აქ სამწუხაროდ ამაზე არავინ საუბრობს, თუმცაღა უნდა ითქვას, რომ ამ ომს საქართველოზე ძალიან ცუდი გავლენა ექნება”, - ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“ჩვენს რეგიონში გეოპილიტიკური ფონი შეიცვალა და უკვე ალიანსური პოლიტიკა ვითარდება, პირველი ალიანსი თურქეთი-აზერბაიჯანი-პაკისტანია, როგორც ჩანს, მათ ისრაელიც უერთდება და მეორეს მხრივ რუსეთი, ირანი, ინდოეთი. ორი ფორმალური ალიანსია და პლიუს არაფორმალური ორმხრივი ალიანსიებიც იკვეთება, მაგალითად, სომხეთი-საფრანგეთი. როგორც ჩანს კავკასიაში რუსეთმაც დაიწყო მოქმედება - ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი კომიდან ვერ გამოჰყავთ, რამდენიმე დღის წინ კადიროვმა საკუთარი ჯანდაცვის მინისტრი გადააყენა, რომელსაც დააბრალეს, რომ კადიროვი მოწამლა და მას მერე ეს პიროვნება გაქრა და ახლობლებმაც კი არ იციან სადაა. კადიროვი მაღალი ალბათობით მოწამლულია და სავარაუდოდ ეს კრემლისგანაა, შესაძლოა ეს იყოს ე.წ. ძალოვნების კლანი. კავკასიური პოლიტიკის ფარგლებში ეს ბევრ კითხვას სვამს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“სომხეთში „ვაგნერელები" გამოჩნდნენ, მათი რიცხვი დაახლოებით 3 ათასია, როგორც ჩანს, რუსეთი სომხეთში სამხედრო გადატრიალებას ამზადებს. ფაშინიანი ოდკბ-ს ოფიციალურად დატოვებას აპირებს, მან რუსეთს დეკემბრამდე მისცა ვადა და თუ მოსკოვი ამ პრობლემის გადაჭრას მოცემულ დრომდე ვერ მოახერხებს, სომხეთი ალიანსიდან გამოდის. ეს შანტაჟი კი კრემლისთვის გასაგებია, რომ ერევანი კრემლთან სხვანაირ ურთიერთობას აპირებს. სიტუაცია საკმაოდ რთულია, ომისა და მშვიდობის ზღვარზე ვართ. ჩვენ სად ვართ, მე მგონი ჩვენმა მთავრობამაც არ იცის. შიდა პრობლემების გამო შესაძლოა საქართველოში პოლიტიკურ ტემპერატურამაც აიწიოს და არაა გამორიცხული, რომ ჩვენ ამის შემყურე თამაშგარე მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ”, - მიიჩნევს ვახტანგ მაისაია.

ვახტანგ ძაბირაძე - „პრეზიდენტის იმპიჩმენტი ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ თავად შეუწყოს ხელი მესამე ძალის ჩამოყალიბებას“

“ვფიქრობ, უმთავრესი მიზანია პრეზიდენტის პოლიტიკური დისკრედიტირება, რომ კონსტიტუციის დამრღვევია და ა.შ. მისი დისკრედიტაცია კი, როგორც ჩანს, იმიტომ სურთ, რომ ზურაბიშვილით დაინტერესება გაიზარდა არა მარტო ქვეყანაში, ოპოზიციაში, არამედ ჩვენს პარტნიორებშიც. მას ევროპაში ბრწყინვალე ტურნე ჰქონდა და “ქართულ ოცნებას” არ მოსწონს მისი წარმატება. ცხადია, შესაძლოა იყოს სხვა მიზეზებიც, მაგრამ მაინც მგონია, რომ მთავარი ის არის, რომ მასში მეტოქეს ხედავენ. როგორც ჩანს, ხელისუფლება იმ პრობლემასაც აცნობიერებს, რომ მესამე ძალისთვის აუცილებელია ლიდერი და დიდი შანსია, ის ზურაბიშვილი გახდეს. ფაქტია, დღეს ზურაბიშვილის ნდობა ძალიან მაღალია, განსაკუთრებით დასავლეთში და ესეც ემატება ამ ყველაფერს”, - აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით „პრეზიდენტის იმპიჩმენტი ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ თავად შეუწყოს ხელი მესამე ძალის ჩამოყალიბებას“ .

“ასე რომ, იმპიჩმენტის მიზანი მისთვის რეპუტაციის შელახვა მგონია, თუნდაც ქვეყანაში. მეორე მიზანი მგონია, რომ სურთ მოსკოვს აჩვენონ, “ქართული ოცნება” რომ ყველაფერზე წამსვლელია და უნდა დასაჯონ პრეზიდენტი იმისთვის, რაც გააკეთა. არ არის გამორიცხული, კობახიძეს პრეზიდენტობა მართლაც სურდეს, მაგრამ ერთი წელი არც ისეთი დიდი დროა, რომ ვერ მოიცადოს, მოიცდის არჩევნებამდე და მერე გახდება პრეზიდენტი. რა, “ოცნება” არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს თუ ხმოსნებში უმრავლესობა არ ექნება? ამიტომ ეს შემოგდებული თემაა იმის დასაფარად, რაც პრეზიდენტის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. კობახიძე უარს არ იტყვოტა პრემიერობაზე, მაგრამ ამას გადაწყვეტს ერთი კაცი და არა პარლამენტი... მე მგონია, რომ “ოცნება” 2024 წლის არჩევნებს არ შეხვდება ღარიბაშვილის პრემიერობით და შესაძლოა არც კობახიძის პარტიული თავმჯდომარეობით. ყოველ შემთხვევაში, ის ფრთა, რომელსაც პირობითად შეიძლება კობახიძის ფრთა ვუწოდოთ, ვფიქრობ, მომავალ არჩევნებში ასე სოლიდურად ვერ იქნება წარმოდგენილი, რადგან ეს “ოცნებისთვის” პრობლემატური იქნება. სხვა სიას, სხვა პრემიერს ველოდები მომავალი არჩევნებისთვის”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“ოცნება” თუ ამ შემადგენლობით გავიდა, კატასტროფა იქნება მათთვის და არა მგონია, ასე მოხდეს. ყველაზე დიდი შანსი ღარიბაშვილის ყიფიანით ჩანაცვლებაა. მგონი, საარჩევნო სიაშიც უფრო “ჯეოქეისის” ხალხი იქნება. ყიფიანი რომ ივანიშვილის ადვოკატი აღარ არის, ეს არაფერს ნიშნავს, არც იმას გამოვრიცხავ, რომ სწორედ ამიტომ აღარ არის. იქნებ იმიტომ წავიდა, რომ პრემიერად მოვიდეს? დასავლეთთან გართულებული ურთიერთობის გამო საჭიროა უფრო მოქნილი პოლიტიკა, რომელსაც არც ღარიბაშვილი და არც კობახიძე არ და ვერ გაატარებენ, რადგან დასავლეთისთვის მისაღები არც ერთი არ არის. ამიტომ უნდა მოიძებნოს სანდო კაცი, რომელიც დასავლეთისადმი ლოიალურია. ასეთი ფიგურა კი “ოცნების” წრეში თუ პოლიტიკურ სპექტრში ყიფიანის გარდა სხვა არც მეგულება. თავად ყიფიანიც ხშირად ჩანს მედიაში სწორედ პროდასავლური მიმართულებით. მოკლედ, მისი პროდასავლური იმიჯის პიარი მიმდინარეობს და ეს აისახება ახალ პოლიტიკურ პარტიაში, რომელიც არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. არც ის არის გამორიცხული, თუ ახლავე გახდება პრემიერი და ისე მიიღებს მონაწილეობას”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“არა მგონია, რომ “ოცნება” ზურაბიშვილის იმპიჩმენტს შეძლებს. არც ის მგონია, ეს ძალიან უნდოდეთ. თუ წარმოვიდგენთ, რომ პრეზიდენტს გამოუცხადეს იმპიჩმენტი, ფაქტობრივად, ეს ნიშნავს, რომ სხვა გზა არ დაუტოვეს, გარდა იმისა, რომ მოვიდეს პოლიტიკაში. დღეს პოლიტიკურ სპექტრში ისეთი განლაგებაა, რომ მესამე სეგმენტი, “ქართული ოცნებისა” და “ნაცმოძრაობის” გარდა, ფაქტობრივად, ულიდეროა და ზურაბიშვილი შეიძლება ყველაზე მისაღები აღმოჩნდეს. ამასთან, ყველა ხედავს, რომ მას აქვს ჩვენი პარტნიორების უპირობო მხარდაჭერა. იმპიჩმენტი ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ თავად შეუწყოს ხელი მესამე ძალის ჩამოყალიბებას, ეს კი არც “ოცნებას” აწყობს და არც “ნაცმოძრაობას”, - განმარტავს ექსპერტი.

სალომე ზურაბიშვილმა ერთხელ უკვე სცადა, 2005 წელს, საზოგადოების პროტესტის სათავეში ჩადგომა, თუმცა მაშინ გადაიფიქრა. ხომ გახსოვთ, საგარეო საქმეთა მინისტრობიდან რომ გადააყენეს, რამდენი ხალხი შეიკრიბა იპოდრომზე, მაგრამ მაშინ მას ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა არ ჰქონია. მეტიც, მხარდაჭერა სააკაშვილს ჰქონდა. დღეს ზურაბიშვილს ჩვენი პარტნიორების უპირობო მხარდაჭერა აქვს. ამიტომ ის ნამდვილად შეძლებს ძლიერი პოლიტიკური ჯგუფის შეკრებას. ეს კი “ქართულ ოცნებას” არ აწყობს... სცენარების განვითარების რამდენიმე ვარიანტია. ჯერ ერთი, ვფიქრობ, სტატუსს მოგვცემენ, ოღონდ იმ პირობით, რომ რაღაცები შევასრულოთ. თეორიულად შესაძლებელია სტატუსი ვერ მივიღოთ და მაშინ დგება საკითხი, ზურაბიშვილმა რა როლი შეიძლება ითამაშოს. არ გამოვრიცხავ, რომ თავად გადადგეს და სათავეში ჩაუდგეს მესამე ძალას. ამ შემთხვევაში ექნება საზოგადოების უპირობო მხარდაჭერა და ძალიან დიდი შანსია, ეს მესამე ძალა “ოცნების” და “ნაცმოძრაობის” ტოლფასი გახდეს”, - დაასკვნის ვახტანგ ძაბირაძე.

“ცხადია, ამას კიდევ ბევრი რამ სჭირდება, თუნდაც პოლიტიკური პროგრამა, მაგრამ მნიშვნელოვანი ის იქნება, რომ მესამე ფლანგზე გაჩნდება წონიანი და დასავლეთისგან მხარდაჭერილი ლიდერი. ამიტომ მგონია, რომ თუკი სტატუსს არ მოგვცემენ, ამ სცენარით განვითარდება მოვლენები, მაგრამ აუცილებლად არჩევნებამდე მივა. დაახლოებით ისეთივე პროცესები იქნება, რაც “ოცნებას” ჰქონდა 2012 წლის არჩევნებისთვის. რაც შეეხება სამოქალაქო დაპირისპირების საშიშროებას, 1990-იანებში ორივე მხარეს ერთი უსაფრთხოების სამსახური მუშაობდა და პროვოცირებაც მოხდა - აბა, დღემდე რატომ არ არის გამოძიებული, ვინ ისროლა და ა.შ.? ძალიან ბევრი კითხვაა და რომელიმე ხელისუფლებას წარსულში რეალური ჩახედვა რატომ არ სურს? თუმცა, მგონია, ეს მაინც გაცხადდება. უკრაინის გამარჯვების და რუსეთის, ასე ვთქვათ, მოდერნიზების შემთხვევაში გაიხსნება არქივები და ცნობილი გახდება, ვინ რა თამაშს თამაშობდა ამ 30 წლის განმავლობაში”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“რაც შეეხება “ვარდების რევოლუციას”, მაშინ შევარდნაძეს სჭირდებოდა გარანტიები და მიიღო რუსეთისგანაც და ამერიკისგანაც. სააკაშვილმაც მიიღო გარანტიები და ამიტომაც დათანხმდა არჩევნების წაგებას. ამიტომ ივანიშვილსაც გარანტიები დასჭირდება და არა მგონია, სისხლისღვრამდე მივიდეს საქმე. ამიტომაც არც დიდ დესტაბილიზაციას ველოდები და საბედნიეროდ, არც ამის ნიშნები ჩანს. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ამ დაპირისპირების დროს საზოგადოება ორ ბანაკად იყო გაყოფილი, არსებობდა ხელისუფლება და ოპოზიცია, დღეს კი ასე არ არის - არ არის ორ ბანაკად გაყოფილი, ძალიან დიდი წილი მოდის სწორედ მესამე ბანაკზე, რომელსაც არც ერთი უნდა, არც მეორე. ამიტომაც რთულია სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირება, მიუხედავად იმისა, შესაძლოა მცდელობები იყოს”, - დასძენს ძაბირაძე და შეკითხვაზე - “თუკი სასწორზე დადგება ევროინტეგრაციის საკითხი, ეს მეორე და მესამე ბანაკს არ გააერთიანებს?” - პასუხობს:

“მოსახლეობის 80%-ს სურს ევროინტეგრაცია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა მზად არის ქუჩაში გამოსასვლელად, მით უმეტეს, არ ნიშნავს იმას, რომ ეს ყველაფერი სამოქალაქო დაპირისპირებაში გადავა. ამის საფრთხე არ არსებობს”.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო