ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023

“სებ-მა ფარცხალაძეს დრო მოაგებინა...” - ექსპროკურორისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევით სკანდალის მიზეზი ამოიწურა?

ვახტანგ მაისაია - “რუსეთი გლობალურ, ტრანსრეგიონულ და რეგიონულ დონეზეც მარცხდება, ჩვენ კი მათკენ მივექანებით და ყულფში ვყოფთ თავს”

იქნება თუ არა ოპოზიციის აქციები განგრძობითი - “სჯობს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას დაელოდონ”

* * *

“სებ-მა ფარცხალაძეს დრო მოაგებინა...” - ექსპროკურორისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევით სკანდალის მიზეზი ამოიწურა?

“საქართველოს ეროვნულ ბანკთან საპროტესტო აქცია გაიმართა. ოპოზიციის ნაწილმა შეკრება მთავარ საფინანსო ინსტიტუტთან ოთხშაბათს 5 საათზე ნიკა მელიამ და “ლელომ” დაანონსეს. განსხვავებულ დროსა და ადგილას გადაწყდა გიორგი ვაშაძის და ლევან ხაბეიშვილის აქცია. მათ ხალხს თავი რუსთაველზე 7-ზე მოუყარეს. პროტესტის საფუძველი სებ-ის 19 სექტმებრის გადაწყვეტილებაა, რომელიც საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ საერთაშორისო ფინანსური სანქციების აღსრულების შეჩერებას ითვალისწინებს, თუ არ არსებობს ქართული სასამართლოს განაჩენი. კერძოდ კი საუბარი ექსპროკურორ ოთარ ფარცხალაძეზეა, რომელიც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაასანქცირა. ოპოზიცია აცხადებს, რომ ახალი წესი ერთ პერსონას მოარგეს, ხელისუფლების არგუმენტი კი ქვეყნის კონსტიტუციაა და ამბობენ, რომ ნათია თურნავა კონსტიტუციის შესაბამისად მოიქცა. თუმცა თურნავას გადაწყვეტილებას დაპირისპირება ეროვნული ბანკის შიგნითაც მოჰყვა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “სებ-მა ფარცხალაძეს დრო მოაგებინა...” - ექსპროკურორისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევით სკანდალის მიზეზი ამოიწურა?

“სებ-ის ვიცე-პრეზიდენტებმა არჩილ მესტვირიშვილმა და პაპუნა ლეჟავამ განაცხადეს, რომ თანამდებობებს ტოვებდნენ. თანამდებობა დატოვა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველმა, “რა? სად? როდის?” ცნობილმა მოაზროვნე გიორგი ბაქრაძემაც. საქართველოს ეროვნული ბანკს კიდევ ერთი ვიცე-პრეზიდენტი და საბჭოს წევრი, ნიკოლოზ გაგუაც ტოვებს. გაგუა ამბობს, რომ თანამდებობის დატოვება ნათია თურნავას გადაწყვეტილების შემდეგ მიიღო. საქმე ეხება რუსეთის აგენტობაში მხილებული ოთარ ფარცხალაძისთვის ანგარიშებზე წვდომის აღდგენას. მისი თქმით, გადაწყვეტილება თურნავას საბჭოსთან უნდა შეეთანხმებინა, თუმცა ასე არ მოიქცა. სებ-ის რღვევა ამით არ დასრულებულა, მალევე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი გიორგი ბაქრაძე თანამდებობას ტოვებს. მანამდე კი თანამდებობა ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა დატოვა. “ვერ ვიქნები ისეთი გადაწყვეტილების მონაწილე, რომელზეც არც გავლენა მაქვს და არც ვეთანხმები”, - განაცხადა მან. ისიც ამბობს, რომ ფარცხალაძისთვის ანგარიშებზე წვდომის აღდგენის გადაწყვეტილება თურნავამ საბჭოს წევრებთან შეუთანხმებლად მიიღო”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მიმდინარე ფაქტს პრეზიდენტი გამოეხმაურა და მან ნათია თურნავას გადადგომა მოითხოვა. როგორც სალომე ზურაბიშვილი ამბობს, თურნავას ერთპიროვნული გადაწყვეტილების ბათილად გამოცხადება ეროვნული ბანკის საბჭოს კოლექტიური გადაწყვეტილებითაა შესაძლებელი. “ეს შესაძლებელია 3 ვიცე-პრეზიდენტის გადადგომის მიუხედავად, რადგან მათ ორი თვის მანძილზე კიდევ გააჩნიათ ვადა, რათა მათი უფლებამოსილება გაგრძელდეს. გადადგომის ვადა არის 2 თვის შემდეგ. საბჭო სრულად ფუნქციონირებს და შეუძლია ყველანაირი გადაწყვეტილება მიიღოს. ეს არის ის ნაბიჯები, რაც სასწრაფოდ გადასადგმელია, რათა უფრო სერიოზული რეპუტაციული ზიანი არ მიადგეს ქვეყანას. ასევე საერთაშორისო რეაქციები, რაც არის მოსალოდნელი”, - განაცხადა პრეზიდენტმა. ამასთანავე ცნობილი ხდება, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა. შესაბამისი დასკვნა გადაგზავნილია საქართველოს პრეზიდენტთან”, - განაგრძობს გამოცემა.

“საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვავრცელებთ ინფორმაციას, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დაწყებულია წარმოება ოთარ ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვასთან დაკავშირებით. შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდგომ სააგენტოს დასკვნა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე უმოკლეს ვადაში გადაეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს” - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში. ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე “რეზონანსთან” მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ რაღაცის გათამაშება სცადა და ოპოზიციამ უნდა გაარკვიოს, რისი. იუსტიციის სამინისტროსთვის ახალი არ ყოფილა, რომ ფარცხალაძემ რუსეთის მოქალაქეობა მიიღო, დღევანდლამდე კი ამაზე რეაგირება არ ჰქონია. თუმცა ეროვნული ბანკის ირგვლივ დაწყებულმა აჟიოტაჟმა რთული ვითარება გამოიწვია, ამიტომაც ახლა ხელისუფლებამ დაიხმარა იუსტიციის სამინისტრო, რომ აქედან გამოძვრეს”, - დასძენს გამოცემა.

“ან საქართველო უნდა შეერთებოდა ამ სანქციებს, ან გამიჯვნოდა. დღესდღეობით გამიჯვნა ხელისუფლებას ხელს არ აძლევს. ვნახეთ ბანკებს რა რეაგირებაც ჰქონდათ. არც შეერთება უნდათ. ამიტომ გამოსავლის ძებნა დაიწყო. გვახსოვს, როცა ფარცხალაძე ეროვნულმა ბანკმა დაასანქცირა პირველად, გამოვიდა კობახიძე და განაცხადა, რომ ეს კანონთან შეუსაბამო იყო. ჯერ ერთი კობახიძეს ვინ აკითხებდა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებასთან და მერე მეორეც, კონსტიტუციის დარღვევა არ არის, როცა იუსტიციის სამინისტრო ამ ხნის განმავლობაში ფარცხალაძეს მოქალაქეობას არ ართმევს? მე ვფიქრობ ეროვნული ბანკის პირველ გადაწყვეტილებას კულუარებში დიდი შიდაპარტიული დაპირისპირება მოჰყვა. „ანუ თავად ხელისუფლებებს შტოებს შორის დაიწყო კინკლაობა და გამოვიდა დღეს თურნავა, რომელსაც საბჭოს წევრებთანაც კი არ ჰქონდა შეთანხმებული და ფარცხალაძეს ანგარიშებზე წვდომა ისევ აღუდგინა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“დავინახეთ, როგორ დაიწყო ქვეყნის სისტემურმა სექტორებმა რღვევა. ვნახეთ თურნავას გადაწყვეტილებას როგორ გაემიჯნა მისი მოადგილეც კი და საბჭოს ორი წევრი. ასევე მისი მრჩეველი. ანუ ეს იმხელა საფრთხის შემცვლელი გადაწყვეტილება იყო ქვეყნისთვის, რომ მასში მონაწილოების მიღება და მასთან ასოცირება არავის მოუნდა. ამიტომ დაიწყო გამოსავლის, გეგმა “ბ”-ის ამოქმედება, სადაც უკვე იუსტიციის სამინისტრო ჩაერთო. მიიღო თუ არა ეროვნულმა ბანკმა არაკონსტიტუციური გდაწყვეტილება, ეს საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა გადეწყვიტა და არა თურნავასა და კობახიძეს. მათ არავინ აკითხებს ასეთ საქმეებს“, - მიიჩნევს ექსპერტი

“ფაქტია, რომ ხელისუფლებამ თურნავას დახმარებით ოთარ ფარცხალაძეს რაღაცის შანსი მისცა. მან მოქალაქეობის ჩამორთმევამდე დრო მოიგო და დარწმუნებული ვარ, თანხების გადამალვით არის დაკავებული. მთელი ამ აჟიოტაჟის მიზეზი ეს მგონია. ფარცახალაძეს “ოცნებამ” თავისუფალი მოქმედების დერეფანი გაუკეთა. ოპოზიციამ უნდა მიაქციოს ყურადღება და გაარკვიოს, ეს ფარცხალაძის აქტივების გადატანის გამო ხომ არ მოხდა. ხელისუფლებამ გამოსავალი მოძებნა, მაგამ როგორც ქვეყნის, ასევე მის გარეთ ეროვნული ბანკისთვის დიდი რეპუტაციული დარტყმაა. ვინ უნდა დააჯერონ, რომ ფარცხალძის თემა მართლა საქრათველოს მოქალაქესთან და კონსტიტუციასთან არის დაკავშირებული?! არ მგონია, ნორმალური იყოს ადამიანი და ეს სისულელე დაიჯეროს”, - დაასკვნის ვახტანგ ძაბირაძე.

ვახტანგ მაისაია - “რუსეთი გლობალურ, ტრანსრეგიონულ და რეგიონულ დონეზეც მარცხდება, ჩვენ კი მათკენ მივექანებით და ყულფში ვყოფთ თავს”

“სეპარატისტულ რეჟიმთან ბრძოლის აზერბაიჯანულ მოდელს მგონია, რომ განგრძობითი პროცესები მოჰყვება. თუმცა დღეს პოსტსაბჭოთა ქვეყნები, რომლებსაც ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა აქვთ, სხვადასხვა გამოწვევების წინაშე არიან. აზერბაიჯანს თურქეთი უდგას მყარად ზურგში, რომელიც ნატოს წევრია. აზერბაიჯანისგან განსხვავებით, უკრაინა ანექსირებულია, თუმცა იქ დღეს ომია, რომელსაც დასავლეთის დახმარებით ახორციელებს. საქართველოს სიტუაცია ნაწილობრივ უკრაინისას წააგავს, რადგან ჩვენი ტერიტორიებიც ანექსირებულია, მაგრამ დიდწილად მოლდოვური სიტუაცია გვაქვს, რადგან ჩვენ არ გვაქვს იმის უნარი, რომ ამ ტერიტორიების დაბრუნება სამხედრო ძალით მოვახერხოთ. აზერბაიჯანმა ტერიტორიები სამხედრო ალიანსური მეთოდით დაიბრუნა, მას ზურგში არა მხოლოდ თურქეთი, არამედ პაკისტანი და ისრაელი ედგა. ჩვენ სამწუხაროდ მსგავსი საყრდენი არ გვაქვს”, - აცხადებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “რუსეთი რეგიონში დამარცხდა” - რა გაგრძელება ექნება “ყარაბაღის პრეცენდენტს” და როგორ აისახება ეს საქართველოზე.

“უკრაინას დასავლეთი კი ეხმარება, მაგრამ რუსულ შეტევებს მაინც მარტო უმკლავდება და დასავლეთი უშუალო მონაწილეობას არ იღებს. აზერბაიჯანმა აჩვენა თუ როგორ შეიძლება ბალანსირებული პოლიტიკით რუსეთისგან დისტანცირდე. მან რუსეთი საკუთარი ტერიტორიების დასაბრუნებლად გამოიყენა, რადგან “ევლახის შეთანხმებაში”, რომელიც მთიანი ყარაბაღის სეპარატისტულ რეჟიმთან ჰქონდათ, რუსეთის ე.წ. სამშვიდობო კონტინგეტმა მიიღო მონაწილეობა... კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია (ოდკბ) ისედაც მკვდრადშობილი ორგანოა და ახლა უკვე მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა მიზანს მიაღწია, ფორმალურადაც დაიწყება მისი დაშლა მარტივ მამრავლებად. რა თქმა უნდა რუსეთის გავლენები კავკასიის რეგიონში საგრძნობლად შემცირდა, მან ამ ომში ფსონი აზერბაიჯანზე დადო, თუმცა ფსონი თურქეთმაც დადო და გავლენებისთვის იბრძვის. ანკარას და მოსკოვს დღეს პარტნიორული ურთიერთობები აქვთ, თუმცა არაა გამორიცხული, რომ გავლენების გადანაწილების ჭიდილში მათ შორის დაპირისპირებაც ვიხილოთ”, - აღEნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“რუსეთს თავისი გავლენების შეკვეცა და სხვა რეგიონულ ჰეგემონებთან გავლენების გადანაწილება მოუწია. კავკასიის რეგიონში რუსეთის აბსოლუტური ჰეგემონობა ნულამდე დავიდა და, შეიძლება ითქვას, რომ ის რეგიონში დამარცხდა. რაც შეეხება 3+3 ფორმატს, ვფიქრობ, რომ სამწუხაროდ ეს ფორმატი მნიშვნელობას ახლა უფრო შეიძენს, რადგან ამაში სწორედ შიდა მთავარი მოთამაშეები იგულისხმებიან, რომელშიც გარე მოთამაშეებს არ დაუშვებენ, მათ შორის აშშ-ს და ჩინეთს. შიდა პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, სამწუხაროდ ჯერჯერობით აუტსაიდერის მდგომარეობაში ვართ. ცოტა სკეპტიკურად ვარ განწყობილი იმაში, რომ 2024 წლამდე აქ სიტუაცია შეიცვალოს, ან დალაგდეს. პოლიტიკურ ჩიხში ვართ, მართალია საგარეო პოლიტიკური მდგენელი გვაქვს, მაგრამ ეს საკითხიც კითხვის ქვეშაა. რუსეთი არა მხოლოდ გლობალურ, არამედ ტრანსრეგიონულ და რეგიონულ დონეზე მარცხდება, ჩვენ კი პირიქით მათკენ მივექანებით და ამ ცუდ პერიოდში ფაქტიურად ყულფში ვყოფთ თავს. ახლა თითქოს ასე ჩანს, რომ ამ მდგომარეობაში სომხეთია, მაგრამ მას ფორმალური მოკავშირე ისევ რუსეთი ჰყავს და ირანი”, - ამტკიცებს ანალიტიკოსი.

“თურქეთის გეოპოლიტიკური ფსონები გაიზრდება და კიდევ უფრო გამყარდება. როგორც ჩანს, აზერბაიჯანის თანხმობით ზანგეზურის კორიდორზე წვდომა ექნება. აზერბაიჯანიც კავკასიის რეგიონის ლიდერი გახდა, ეკონომიკური სამხედრო, პოლიტიკური და ახლა უკვე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თვალსაზრისით. მას გამარჯვებული ქვეყნის იმიჯი ექნება, ამასთან ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში აზერბაიჯანული მოდელი უკვე ადაპტირებულია. გამარჯვების ფონზე მთავარი მოთხოვნა ისაა, რომ ბაქომ ყარაბაღში ეთნიკური წმენდა არ ჩაატაროს და თუ ეს შეასრულა, მის იმიჯს უფრო განამტკიცებს. რაც შეეხება სომხეთს, მან ბალანსირების პოლიტიკა აირჩია, სავარაუდოდ მისი და ირანის ურთიერთობები კიდევ უფრო გაიზრდება, ურთიერთობას გააძლიერებს საფრანგეთთანაც. ის, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიად აღიარა, ეს დასავლეთში დადებითად აღიქმება და გავლენებს არ დაკარგავს, პირიქით, შესაძლოა საკმაოდ საინტერესო და სატრანზიტო ჰაბი გახდეს და გეოეკონომიკური განვითარების პერსპექტივები გაეხსნას”, - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “მოვლენების რა განვითარებას ელოდებით სომხეთში?” - პასუხობს:

“მგონია, რომ გარკვეული პრორუსული ძალები კრემლის დახმარებით, სახელმწიფო გადატრიალებას შეეცდებიან. არაა გამორიცხული, რომ მოსკოვმა რევანშის აღება სომხეთიდან სცადოს იმის საპირწონედ, რომ რეგიონში გავლენები შეუმცირდა. სამოქალაქო დაპირისპირებას ველოდები, მაგრამ, ჩემი აზრით, ფაშინიანის ხელისუფლება პოზიციებს შეინარჩუნებს. სომხეთმა ომს მშვიდობა არჩია და გეოსტრატეგიული პოზიციები დათმო, რომ გეოეკონომიკური პოზიციები განემტკიცებინა. არაა გამორიცხული, რომ სომხეთმა და აზერბაიჯანმა სამშვიდობო ხელშეკრულებას მიაღწიონ და მათ შორის სხვა ურთიერთობები ჩამოყალიბდეს. სანამ ნიკოლ ფაშინიანის ხელისუფლება იქნება, ეს ურთიერთობა დარჩება და მერეც არ მგონია შეიცვალოს. მიუხედავად ყველაფრისა, მგონია, რომ ფაშინიანი დარჩება - იმიტომ კი არა, რომ ძლიერი ძალაა, არამედ იმიტომ, რომ სხვა ალტერნატივა ქვეყანაში არაა”.

იქნება თუ არა ოპოზიციის აქციები განგრძობითი - “სჯობს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას დაელოდონ”

“ოპოზიცია საპროტესტო გამოსვლებს იწყებს, ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების გამო. “ოცნებას” მიაჩნია, რომ პროტესტი “პანიკის შექმნას ემსახურება”, რომ საზოგადოებაში საბანკო სექტორის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება შეიქმნას. ექნება თუ არა აქციებს განგრძობითი ხასიათი და იქნება თუ არა ეს მასობრივი, ანალიტიკოსთა შეხედულებები ურთიერთსაწინააღმდეგოა. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იუსტიციის სამინისტროდან ელოდება ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნას და მზად არის შესაბამისი დასკვნის მიღების შემთხვევაში, ყოფილ მთავარ პროკურორს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტოს. ნაწილი ანალიტიკოსებისა ფიქრობს, რომ სჯობს ოპოზიცია ამ დასკვნას დაელოდოს და პროტესტის გეგმები ისე დასახოს, თუმცა ნაწილი ამბობს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში გამოსვლები განგრძობითიც იქნება და მასობრივიც”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით იქნება თუ არა ოპოზიციის აქციები განგრძობითი - “სჯობს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას დაელოდონ”.

“ამასთან აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკს თანამშრომლები ტოვებენ, მანამდე სებ-მა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისი დაუშვა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნებულია. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ერთადერთი მოქალაქე, რომელიც საერთაშორისო ფინანსური სანქციების ქვეშ მოხვდა, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა. საქართველოს ორი უმსხვილესი კომერციული ბანკი - “საქართველოს ბანკი” და “თიბისი ბანკი” - აცხადებენ, რომ იცავდნენ და დაიცავენ აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს საერთაშორისო სანქციებით დაწესებულ რეგულაციებს. “ლიბერთიც” “რადიო თავისუფლებასთან” აცხადებს, რომ ფარცხალაძე ამ ეტაპზე მათი კლიენტი არ არის და სანქციების დაწესების მომენტშიც არ ყოფილა. “აქციები და საერთო პროტესტი! ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის ანტიეროვნული ქმედების წინააღმდეგ ერთად ბრძოლაა საჭირო!” - ამის შესახებ “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორთან დაკავშირებით სებ-ის გადაწყვეტილებას ეხმაურება. როგორც ხაზარაძე აღნიშნავს, რუსული კრიმინალური მმართველობა საქართველოში არ იქნება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ვიწყებთ კონსულტაციებს ყველასთან, ვისთვისაც ქვეყნის დასავლური მომავალი მნიშვნელოვანია!” - აცხადებს ხაზარაძე. პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ კი ნათია თურნავას ბრძანების შემდეგ ოპოზიციის განცხადებების კომენტირებისას აღნიშნა, რომ აქცია პანიკის შექმნას ემსახურება და “მთავარი თემაა, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოხდეს, და ამისთვის ოპოზიცია ნებისმიერ საკითხს გამოიყენებს”. ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძეს “რეზონანსთან” ეეჭვება, რომ ოპოზიციამ სანქციების თემაზე საპროტესტო აქციების აგორება შეძლოს, ანალიტიკოსი რამდენიმე მიზეზს ასახელებს. განსხვავებული მოსაზრება აქვს შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორსა და ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძეს, მას მიაჩნია, რომ ოპოზიციის აქციები განგრძობითიც იქნება და ხალხმრავალიც”, - დასძენს გამოცემა.

“ძალიან მეეჭვება, რომ ოპოზიციამ ამ თემაზე საპროტესტო მოძრაობის გაშლა მოახერხოს და ამას განგრძობითი ხასიათი მიეცეს. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, ერთ-ერთი პირველი ისაა, რომ მოსახლოება ოპოზიციის საპროტესტო აქციებს ნაკლებად ენდობა და მეორე, ამერიკული სანქციების მიმართ გარკვეული კრიტიკული დამოკიდებულებაა გაჩენილი, არა იმიტომ, რომ ფარცხალაძის მომხრეები არიან. ფარცხალაძე ქართულ სინამდვილეში იმთავითვე ნეგატიური ფიგურა იყო, მაგრამ გარკვეულ წრეებში სანქციების პათოსით ასეთი აღტყინება შეიძლება არ იყოს და გარკვეული კრიტიკული დამოკიდებულებაც არსებობს. ბევრს აქვს იმის განცდა, რომ დასავლეთის მხრიდან საქართველოს მიმართ გარკვეული უსამართლო ნაბიჯები იდგმება. ეს ნიშნავს, რომ საპროტესტო გამოსვლებში ასეთი ხალხი მონაწილეობას არ მიიღებს. ამასთანავე ალბათ სუს-ის გაფრთხილებაც ალბათ იმოქმედებს იმაზე, აყვება თუ არა საზოგადოების ფართო ფენები ოპოზიციის აქციებს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

“ბევრი რამ ჯერ პროცესშია და ოპოზიცია მე მგონი ცოტა ჩქარობს, რადგან პრეზიდენტმაც განაცხადა, რომ თუ გაირკვევა, რომ ფარცხალაძე საქართველოს მოქალაქე უკანონოდაა, მაშინ მზად ვარო, რომ მოაქალაქეობა მოვუხსნაო. თუკი პრეზიდენტმა მას მოქალაქეობა მოუხსნა, მაშინ სანქციები ამუშავდება. სასურველია, რომ პროცესებს დაველოდოთ, გაჟღერებით ყველა საპროტესტო მოწოდება გაჟღერდა, შინაარსი გასაგებია, მაგრამ იმიტომ პრომ პროცესი ბილომდე მიყვანილი არაა, შესაძლოა კიდევ ერთ-ერთი მიზეზი გახდეს იმისა, რომ ამ საპროტესტო აქციებს მომხრეები ნაკლები ჰყავდეს. თუკი ოპოზიცია პროცესს ბოლომდე დაელოდება და პროტესტს უფრო მკაფიო შინაარსი ექნება, თუნდაც თურნავას იმპიჩმენტი, ან სხვა ამდაგვარი, ალბათ უფრო სწორი იქნება თავად აქციების ორგანიზაციის თვალსაზრისით”, - დაასკვნის საყვარელიძე.

“მგონია, რომ აქციებზე ბევრი ადამიანი გამოვა, რადგან წინა წელს 8-9 მარტს დვინახეთ, რომ დასავლეთის თემაზე დიდი პროტესტი იყო. ახლაც საკითხი მხოლოდ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას და ფარცხალაძეს არ ეხება, საფრთხე ქვეყანას ექმნება. ამას წინ უძღვოდა კორუფციული სკანდალები. თან შემოდგომა პოლიტიკურად შედარებით უფრო აქტიურია. პარლამენტში სხდომაც დაპირისპირებით გაიხსნა. ჩემი აზრით, პროტესტს განგრძობითი ხასიათი ექნება, ოღონდ ოპოზიციამ მოსახლეობასთან უნდა იმუშავოს და ხალხს აუხსნას რა ხდება და “ოცნება” რას აკეთებს. თუ ეროვნულმა ბანკმა საანქციების პირობები დაარღვია, ბუნებრივია ეს დასავლეთი საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობაზე აისახება”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა