ოპოზიცია სუსტია, მაგრამ ამ სისუსტის პირობებში პროვოკაციების რისკი, რა თქმა უნდა, მატულობს - ასეთ პირობებში შეიძლება წავიდნენ ნებისმიერ პროვოკაციაზე, სწორედ სისუსტის გამო. გვჭირდება პრევენციული ზომების მიღება და ეს კანონპროექტიც ზუსტად ამას ემსახურება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, იმ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა, რომლის თანახმად, მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონი მკაცრდება.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით განმარტა, კარვების გაშლა შეკრების ჩატარების დროს დაშვებული იქნება, ოღონდ დაშვებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ ამას აქვს არსებითი მნიშვნელობა შეკრების სათანადოდ ჩატარებისთვის.
„ეს კანონპროექტი, თავიდან ბოლომდე, მომზადდა საერთაშორისო სტანდარტების, პრაქტიკის გათვალისწინებით, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკის, თეორიის გათვალისწინებით და საერთაშორისო სტანდარტებთან სრულად არის თანხვედრაში. ასევე მოისმინეთ, სუს-ის წინა ბრიფინგი, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ კარვების გამოყენება იგეგმება პროვოკაციების მოსაწყობად, მათ შორის იარაღის შესანახად, ასაფეთქებელი ნივთიერებების და მოწყობილობების შესანახად და ა.შ. შესაბამისად, უსაფრთხოების კუთხითაც, ბუნებრივია, რისკებს შეიცავს კარვების განთავსება შესაბამის ტერიტორიაზე. ასეთი პროვოკაციების პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანი კანონპროექტის მიღება, რომელიც არის დაინფიცირებული და პარლამენტი ამ კანონპროექტს სამი მოსმენით მიმდინარე კვირაში მიიღებს“, - განაცხადა კობახიძემ.
მან უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, ეშინია, თუ არა „ქართულ ოცნებას“.
„პირდაპირი ინფორმაციაა იმასთან დაკავშირებით, რომ რევოლუციური პროცესები, რომლებზეც დეტალური ინფორმაცია დღესაც მოვისმინეთ, იგეგმება სწორედ ოქტომბრიდან, ნოემბერ -დეკემბრის ჩათვლით. აქედან გამომდინარე დაჩქარებას, რა თქმა უნდა, თავისი ლოგიკური საფუძველი აქვს. ბუნებრივია, ოპოზიცია სუსტია, მაგრამ ამ სისუსტის პირობებში პროვოკაციების რისკი, რა თქმა უნდა, მატულობს. დღევანდელი არჩევნების შედეგებიც ამის დასტურია [შუალედური და რიგგარეშე არჩევნები]. ოპოზიციამ ვერ გაბედა არჩევნებში მონაწილეობა, აბსოლუტურად დაცემულია მათი რეიტინგი, არ აქვთ სახალხო მხარდაჭერა. ასეთ პირობებში შეიძლება წავიდნენ ნებისმიერ პროვოკაციაზე, სწორედ სისუსტის გამო. რა თქმა უნდა, აქ ჩვენ გვჭირდება პრევენციული ზომების მიღება და ეს კანონპროექტიც ზუსტად ამას ემსახურება“, - აღნიშნა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდი შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებასა და ახალი ამკრძალავი ნორმების ამოქმედებას გეგმავს.
„ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით განსახილველად მზად არის „შეკრებებისა და მანიფესტაციების" შესახებ კანონში ცვლილებები, რომლის გათვალისწინებით, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციების მოწყობა ეკრძალებათ თუ მისი მოწყობა: საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.
ამასთან, კანონის პროექტის მიხედვით, „საჯარო სივრცის იერსახის დამახინჯების თავიდან აცილების მიზნით“, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციის მოწყობა იმ შემთხვევაშიც ეკრძალებათ, თუ მისი მოწყობის გარეშე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება.