იუსტიციის მინისტრის მოადგილე - სააკაშვილთან 2500-ზე მეტი ვიზიტორი იმყოფებოდა, რაც ადასტურებს, რომ არავითარი უფლებრივი სტანდარტის დარღვევასთან საქმე არ შეიძლება გვქონდეს

იუსტიციის მინისტრის მოადგილის თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, მიმდინარე წლის სექტემბრის მდგომარეობით მიხეილ სააკაშვილთან ბოლო 2 წლის განმავლობაში 2500-ზე მეტი ვიზიტორი იმყოფებოდა.

ამის შესახებ მან პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე განაცხადა, სადაც სახალხო დამცველის 2022 წლის ანგარიშს უსმენენ.

თორნიკე ჭეიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი არის უზრუნველყოფილი ყველა იმ სამედიცინო სერვისით, რომელიც მას შეიძლება სჭირდებოდეს.

„2 წელია გასული მიხეილ სააკაშვილის პენიტენციურ სისტემაში შემოსახლების დღიდან და სექტემბრის მდგომარეობით, 2500-ზე მეტი ვიზიტორი იმყოფებოდა აღნიშნულ პატიმართან. ძალიან მარტივი არითმეტიკით - 1 250-ზე მეტი ვიზიტორი საშუალოდ ერთი წლის განმავლობაში, რაც, ალბათ დამეთანხმებით, არის ძალიან მაღალი მაჩვენებელი და ადასტურებს იმას, რომ არავითარი უფლებრივი სტანდარტის დარღვევასთან საქმე არ შეიძლება გვქონდეს. რა თქმა უნდა, ამას ამყარებს ისიც, რომ ჩვენ როგორც არაერთხელ განვაცხადეთ, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი არის უზრუნველყოფილი ყველა იმ სამედიცინო სერვისით, რომელიც მას შეიძლება სჭირდებოდეს და პრეისტორიასაც თუ გავიხსენებთ, მათ შორის, გლდანის #18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა, ემსახურებოდა იმ მიზანს, რომ მომხდარიყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისი სამედიცინო სერვისის გაწევა და ცოტა გამიკვირდა, როცა გაჟღერდა, რომ თითქოს აქ რაღაც მიზანმიმართულ არაადამიანურ მოპყრობასთან შეიძლება გვქონოდა საქმე. ამას კატეგორიულად ვერ დავეთანხმებით და გარდა იმისა, რომ ჩვენ არ ვეთანხმებით, ამას ადასტურებს, ვფიქრობ, როგორც ეროვნული სასამართლოები, ისე საერთაშორისო სასამართლოები, ამ შემთხვევაში საუბარი მაქვს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს შესაბამის გადაწყვეტილებაზე, როდესაც არაერთგზის იქნა უარი ნათქვამი შესაბამისი დროებითი ღონისძიების გამოყენებაზე, ეს იქნებოდა, ერთი მხრივ, საზღვარგარეთ გადაყვანა თუ სხვა სახის ღონისძიებები, რომლებიც იქნა მოთხოვნილი. შესაბამისად, მინდა კიდევ ერთხელ საზოგადოებას განვუმარტო, რომ მსჯავრდებულ სააკაშვილთან დაკავშირებით ყველა ის ძირითადი უფლება, რომელიც შეიძლება იყოს აქტუალური პატიმართან მოპყრობისას, არის უზრუნველყოფილი და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ამას ადასტურებს სასამართლოს შესაბამისი ინსტანციები“,- განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

გიორგი ანთაძე - ოფიციალურ ციფრებს რომ გავყვეთ, მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი ოპოზიციურად არის განწყობილი, ბოლო მოვლენების ფონზე ეჭვი მეპარება, რომ ეს ხალხი დღეს ხელისუფლების მომხრე გამხდარიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 28.04.2025
დღეს „ავერსის“ სააფთიაქო ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით მომხმარებელს ქეშბექ აქციას სთავაზობს
ქართველი სტომატოლოგებისა და სტუდენტებისთვის PSP-ს ექსკლუზიური პარტნიორის, იტალიური ბრენდის Curasept-ის ერთობლივი ღონისძიებები ჩატარდა