ქართული პრესის მიმოხილვა 09.10.2023

გიორგი გობრონიძე - ნაღმი, რომელმაც შესაძლოა მთელი არაბული სამყარო ააფეთქოს?!

ახალი პრეზიდენტი და არჩევის ახალი წესი - რა მოხდება, თუკი სალომე ზურაბიშვილი გადააყენეს

რას ნიშნავს ოკუპირებულ ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ფლოტის სევასტოპოლიდან გადმოტანა

“ებრაული პერლ ჰარბორი” - კიდევ ერთი დიდი ომი, რომელშიც შეიძლება ახალი მონაწილეები ჩაერთონ

ირაკლი მელაშვილი - “რევოლუციას კარვები კი არა, ხელისუფლების სისულელეები იწვევს”

* * *

გიორგი გობრონიძე - ნაღმი, რომელმაც შესაძლოა მთელი არაბული სამყარო ააფეთქოს?!

“ის, რაც ხდება, ვერ ვიტყვით, რომ მთლად მოულოდნელი იყო. საქმე ის არის, როდესაც იწყება გლობალური უსაფრთხოების სისტემების რღვევა, ამას მოჰყვება შედეგები. შესაბამისად, სხვადასხვა ცხელ რეგიონში კიდევ უნდა ველოდოთ, რომ თავგაცხელებული ადამიანები არა მარტო პროვოკაციებს დაგეგმავენ, არამედ ასეთ მძიმე, აგრესიულ ნაბიჯებსაც გადადგამენ. ცალსახაა, რომ ეს თავდასხმა ასეთი მასშტაბური არ იქნებოდა, რომ არა ირანის ისლამური რესპუბლიკის მხარდაჭერა, ის პოლიტიკა, რასაც ირანი წლებია ატარებს ახლო აღმოსავლეთში. სამწუხაროდ, ევროპის გარდა, ცხელი წერტილი მივიღეთ უკვე ახლო აღმოსავლეთშიც და ამას ისრაელის პრემიერმა უკვე დაარქვა ომი. დარწმუნებული ვარ, ისრაელისგან აუცილებლად ძალიან მძიმე და მასშტაბური პასუხისა და შურისძიების მომსწრენი გავხდებით”, - აცხადებს ექსპერტი გიორგი გობრონიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ნაღმი, რომელმაც შესაძლოა მთელი არაბული სამყარო ააფეთქოს?!

“ისეთ დროში ვცხოვრობთ, ვერაფერს გამოვრიცხავთ. ძალიან ბევრი რამ ჯერ უცნობია და რთულია იმაზე მტკიცებით ლაპარაკი, ამ ყველაფერში ვინ შეიძლება იყოს გარეული. შეიძლება რუსეთი იყო კიდეც ამ თავდასხმის მომზადებაში ჩართული, თუ რა ფორმით და როგორ, ვფიქრობ, ეს დამალული ვერ დარჩება და მალე გამოჩნდება, თუმცა დღეს ამის თქმა დანამდვილებით გამიჭირდება, რადგან ამის მტკიცებულება არ ჩანს. რაც შეეხება ირანს, იმის გათვალისწინებით, რომ ისრაელში ეს ოპერაცია წამოიწყეს იმ ჯგუფებმა, რომელთა ხელშემწყობად და სპონსორად რეგიონში ირანი გვევლინება, გვაქვს საფუძვლიანი არგუმენტი, რომ ამ ყველაფრის უკან შეიძლება იდგეს სწორედ ეს ქვეყანა. დარწმუნებული ვარ, ამას აუცილებლად მოჰყვება ისრაელისგან პასუხი, რომელიც გასცდება ღაზის სექტორს და იმ არაბულ ჯგუფებს, ვინც სისხლისღვრაზე წავიდნენ. ეს, სავარაუდოდ, მოიცავს სირიის იმ ნაწილს, სადაც დამყარებულია ირანული არმიის კონტროლი. უკიდურეს შემთხვევაში პირდაპირ ირანის წინააღმდეგ განსაზღვრული ღონისძიებების გატარებასაც ვერ გამოვრიცხავთ. ის პროცესი, რაც ახლა დაიწყო, მნიშვნელოვანწილად დაუსვამს კითხვის ნიშანს ირანის დასავლეთთან მოლაპარაკებების წარმატების ალბათობას, გამომდინარე იქიდან, რომ ისრაელი არაფრით არ დაუშვებს მოლაპარაკებების გაგრძელებას”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი გობრონიძე.

“მომხდარი, ჩემი აზრით, უკრაინაში ბრძოლის ველზე ვერაფერს შეცვლის, თუმცა საერთაშორისო ეკონომიკაზე ახალი კონფლიქტი აუცილებლად აისახება ზუსტად ისევე, როგორც საზოგადოდ ახლო აღმოსავლეთის კრიზისები მოქმედებს ხოლმე, ვგულისხმობ, ენერგომატარებლებზე ფასების ზრდას... რაც შეეხება ოპჩამჩირეში რუსული ბაზის საკითხს, ჩემი აზრით, რუსეთმა ეს უპირველესად იმიტომ განაცხადა, რომ აჩვენოს, თითქოს შავ ზღვაზე პოზიციას ინარჩუნებს. არადა, ასე არ არის. მან დაკარგა შავ ზღვაში დომინანტის როლი მას შემდეგ, რაც ომში მისი შავი ზღვის ფლოტის უმნიშვნელოვანესი ნაწილი განადგურდა. მარტო კრეისერ “მოსკვას” ჩაძირვა რად ღირს... კრემლს შეუძლია იძახოს, რომ ოჩამჩირეში მუდმივ საზღვაო ბაზას აკეთებს, მაგრამ თუ აღარაფერი იქნება იქ დასაყენებელი, იძახებს და ამით დასრულდება ყველაფერი. გარდა ამისა, ჩვენ უნდა მივიღოთ მოცემულობა, რომ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთი ოსეთი არ არის მხოლოდ ოკუპირებული რეგიონები, ეს ტერიტორიები, ფაქტობრივად, ანექსირებულია. ის, რომ მათი მიერთება არ გამოუცხადებია კრემლს, სულაც არ ნიშნავს, რომ ამ რეგიონების ბიუჯეტი რუსეთის ფედერალური ცენტრალური ბიუჯეტიდან არ ფინანსდება და თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებს რუსეთის მოქალაქეები არ მართავენ”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, ინალ არძინბა სხვა არავინაა, თუ არა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩინოვნიკი. აქედან გამომდინარე, არ უნდა გვიკვირდეს მსგავსი გადაწყვეტილებები. პირადად მე არა მგონია, რომ ამით განსაკუთრებული საფრთხე ემუქრება საქართველოს, მაგრამ ეს არის პრობლემა თურქეთისა და დასავლეთისთვის - ნატოს წევრი ქვეყნებისთვის შავი ზღვის აუზში, თუ, რა თქმა უნდა, მართლა რამეს გააკეთებს რუსეთი ამ ბაზაში. რა ვიცი, ჩვენც შეგვიძლია ვთქვათ, დიდ დიღომში კოსმოდრომი გავაკეთეთო, მაგრამ ეს საქართველოს კოსმოსურ სახელმწიფოდ აქცევს? ბოლოს და ბოლოს, რაღაც ნაწილის დაყენება აქამდეც შეეძლო ამ პორტში რუსეთს. მიმაჩნია, რომ ეს განცხადება მიზანმიმართულად და დემონსტრაციულად გააკეთეს იმიტომაც, რომ საქართველოში ვნებათაღელვა გამოეწვიათ, ჩვენ ხომ ცივი გონებით აზროვნება გვიჭირს. თან როგორ აკეთებენ ამას, ცალი ხელით აგერ ლავროვი აქებს ჩვენს ხელისუფლებას, მეორე ხელით კიდევ ასეთ პროვოკაციებს გვიგდებენ. ეს არის ყოვლად არასერიოზული და არასანდო ქვეყანა. მას, როგორც პარტნიორს, ჩალის ფასიც არა აქვს და ეს სომხეთის მაგალითმაც აჩვენა”, - ამტკიცებს ექსპერტი.

“უნდა ვიმუშაოთ და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ არ ვიყოთ ამ ქვეყანაზე დამოკიდებული. ნურავის ექნება იმის ილუზია, აი, ჩვენ კარგად მოვიქცევით და რუსები ამის სანაცვლოდ რაღაცას გადმოგვიგდებენო. არ შეიძლება რუსეთის ნდობა! სამწუხაროდ, ვხედავთ ჩვენი ხელისუფლების რუსეთთან დაკავშირებულ ძალიან გაუგებარ ნაბიჯებს. მე მიმაჩნია, რომ ეს ხელისუფლება პრორუსული კი არ არის, არამედ იმდენად სუსტია, მასთან მცირე დაპირისპირებაც კი აშინებს და ამიტომ იქცევა ასე, თითქოს ძალთა დაბალანსებას ცდილობს, ცდილობს ლავირებას, რაც შეიძლება გავიგოთ კიდეც, მაგრამ სხვა საქმეა, რამდენად სწორად და პროფესიონალურად აკეთებს ამას, თანაც ეს მხოლოდ ხელისუფლების საქმე არ არის. შესაბამისად, პოლიტიკურმა ძალებმა ქვეყანაში კეთილი ინებონ, დასხდნენ და ჩამოაყალიბონ ერთიანი პოზიცია საგარეო საფრთხეებთან გასამკლავებლად. ჩვენი უსაფრთხოების პოლიტიკა საშინლად არაინკლუზიურია, პრაქტიკულად, არა გვაქვს უსაფრთხოების კონცეფცია. ამიტომაც აუცილებელია მუშაობა, რისთვისაც საჭიროა ფართო პოლიტიკური და საზოგადოებრივი კონსენსუსი. ქვეყანაში, რომლის ტერიტორიებიც ოკუპირებულია, არ შეიძლება მოსახლეობის მცირე ნაწილიც კი მიიჩნევდეს, რომ რუსეთი მტერი არ არის”, - დაასკვნის გიორგი გობრონიძე.

“ქვეყნის გარეთ საზოგადოება და სახელმწიფო უნდა ლაპარაკობდეს ერთი ხმით, როგორც ამას აკეთებენ თუნდაც ისრაელელები. ქვეყანაში შეიძლება მართლა უმწვავესად უპირისპირდებიან ერთმანეთს პოლიტიკური ძალები, მაგრამ მტრისადმი განსხვავებული დამოკიდებულება არავის აქვს. ჩვენთან რა ხდება? - პოლიტიკური ძალები, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც, საკუთარი პოლიტიკური კაპიტალის დაგროვებაზე ზრუნავენ მხოლოდ და ქვეყნის ინტერესები მათთვის მეორეხარისხოვანია. წარმოიდგინეთ, ჩვენთან რა მდგომარეობაა - შიდასახელისუფლებო, უწყებრივი დაპირისპირება გვაქვს, რომელიც გამომდინარეობს უპირველესად პიროვნული პრობლემებიდან... დიახ, პრობლემა ის არის, რომ სალომე ზურაბიშვილი ჯიუტია, თავისი პოზიცია აქვს და არ უჯერებს მმართველ გუნდს. ამიტომაც ცდილობენ მის შეზღუდვას და არ აძლევენ უცხოეთში ვიზიტით წასვლის ნებას. სულ ეს არის ამ იმპიჩმენტის საფუძველი. არადა, ეს როგორ იკითხება ქვეყნის გარეთ, ამაზე არავინ ფიქრობს. ეს შიდაუწყებრივი, პიროვნულ დონეზე დამყარებული კინკლაობა ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს პირდაპირ ანადგურებს”, - მიიჩნევს რესპონდენტი.

“სამწუხაროდ, ხელისუფლება მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნების პრიზმაში ხედავს ყველაფერს და მთელი მისი მოქმედება, დაწყებული გადატრიალების თემით და კარვების დადგმის აკრძალვით დასრულებული, მხოლოდ მომავალი არჩევნებისთვის მზადებით აიხსნება. ამერიკელი მეცნიერი რიჩარდ ჯექსონი “დაუცველობის დილემას” უწოდებს ვითარებას, როდესაც ხელისუფლება საკუთარი რეჟიმის არსებობასა და სახელმწიფოს ნაციონალურ უსაფრთხოებას ერთი და იმავე სიბრტყეზე აყენებს. ეს პრობლემა საქართველოს წლებია აქვს, იმიტომ, რომ ჩვენ სუსტი სახელმწიფო ვართ და ხელისუფალიც სუსტი გვყავს. მათ ეშინიათ დემოკრატიული პროცესის, მათი ერთადერთი ამოცანაა დიდხანს დარჩნენ ქვეყნის სათავეში. სად გინახავთ ხელისუფლებაში მოსული ქართველი, რომელსაც წასვლა უნდოდეს?! ამას მე დავარქმევდი ქართველი პოლიტიკოსის სინდრომს, რაც გულისხმობს სავარძლებს ჩაბღაუჭებულ ხალხს”, - ამბობს ექსპერტი.

“გვყავს ჩამოგდებული და მოკლული პრეზიდენტი, ასევე დაპატიმრებული თუ მშვიდობით გაშვებული... ახლა გვეყოლება იმპიჩმენტით გასტუმრებული. სიმართლე გითხრათ, ამ ოპოზიციის ხელში არაფერი გამიკვირდება. ჩემი აზრით, საერთოდ არ აინტერესებს ოპოზიციას ეს საკითხი. ზურაბიშვილი მათთვის არც პოლიტიკური მხარდამჭერია და არც ოპონენტი. ზურაბიშვილი საქართველოში პოლიტიკურ გარემოს არსებითად ვერ ცვლის. ქალბატონი სალომე არის ის პრეზიდენტი, რომლის ხელისუფლებაში მოსაყვანადაც ბატონი კობახიძე პლაკატებზე თვითონ პოზირებდა. შესაბამისად, ეს არის პრობლემა კობახიძესა და პრეზიდენტს შორის. ჰოდა, ამ ორმა მიხედოს საქმეს. სხვა სამარცხვინო თემაა ის, თუ წინასწარ როგორ აბრალებენ ოპოზიციური ძალები ერთმანეთს, რომ მმართველ ძალას მიეყიდებიან. ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო.. ჩემი აზრით, ოპოზიციისთვის არაფერი იცვლება სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად დარჩენით თუ წასვლით. მიუხედავად მისი საერთაშორისო კავშირებისა, სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკურ პარტნიორად ვერ გამოდგება ისევ და ისევ მისი ძალიან ჯიუტი ხასიათის გამო. “ქართულ ოცნებასაც” ეგონა, რომ მის მართვას შეძლებდა, მაგრამ კარგად ვნახეთ, რა გამოუვიდათ. ჰოდა, ახლა გაბრაზებულ გულზე იმპიჩმენტს უწყობენ”, - დასძენს გიორგი გობრონიძე და შეკითხვაზე - “ევროსამიტის შემდეგ ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაში საქართველოს, დიდი ალბათობით, მხარდაჭერა ექნება...” - პასუხობს:

“ჩემი აზრით, სტატუსის მინიჭების საკითხი 50/50-ზეა. ჩვენ ეს სტატუსი უნდა მიგვეღო მაშინ, როდესაც უკრაინასა და მოლდოვას მისცეს. უკრაინა გასაგებია, მაგრამ მოლდოვაზე უარესი არაფრით ვართ. ის, რომ საქართველო გამოყვეს ამ ორისგან, ძალიან დიდი შეცდომა იყო, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ მანამდე ურსულა ფონ დერ ლაიენმა გააფორმა შეთანხმება აზერბაიჯანთან ბუნებრივი აირის მიწოდების გაზრდაზე, მაგრამ რომელ ქვეყანაზე უნდა გაიაროს ამ აირმა, ალბათ, ამაზე არ დაფიქრებულან. ევროპას სჭირდება ეს რეგიონი და ქვეყანა, აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ კიდევ არ მივიღეთ სტატუსი, ჩვენი მარცხის გარდა, ეს იქნება ევროკავშირის დიდი ჩავარდნა სამხრეთ კავკასიაში”.

ახალი პრეზიდენტი და არჩევის ახალი წესი - რა მოხდება, თუკი სალომე ზურაბიშვილი გადააყენეს

“საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის იმპიჩმენტზე სამდღიანი განხილვა დაასრულა და საბოლოო დასკვნას მომავალ კვირაში გამოაქვეყნებს. თუ სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტმა კონსტიუტუცია დაარღვია, პროცედურა პარლამენტში გაგრძელდება და უკვე იქ უნდა ეყაროს კენჭი საბოლოოდ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაყენებას, რასაც მინიმუმ 100 ხმა სჭირდება. რა მოხდება მოქმედი პრეზიდენტის გადაყენების შემთხვევაში - რამდენ ხანში და როგორი წესით აირჩევა ახალი პრეზიდენტი და ვინ იქნება პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი? ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ თუ ოქტომბრის შუა რიცხვებში იმპიჩმენტი განხორციელდა, ასეთ შემთხვევაში დაახლოებით თვე-ნახევარში დასრულდება ახალი პრეზიდენტის არჩევის პროცედურა ახალი წესით - 300 კაციანი კოლეგიით. მანამდე კი, მისი თქმით, 46 დღით პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იქნება, თუმცა მას საკადრო ცვლილებების განხორციელების უფლება არ ექნება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ახალი პრეზიდენტი და არჩევის ახალი წესი - რა მოხდება, თუკი სალომე ზურაბიშვილი გადააყენეს.

“საპარლამენტო უმრავლესობაში, “ხალხის ძალის” ჩათვლით, 84 დეპუტატია. სავარაუდოა, რომ “ოცნების” იდეას მხარს დაუჭერს “ევროპელი სოციალისტების” 4 დეპუტატიც, ოპოზიციაში არ გამორიცხავენ, რომ “ოცნებამ” მოახერხოს და ასი ხმა შეკრას და 12 დეპუტატი ოპოზიციიდან მოიძიოს. ასეთ შემთხვევაში კი პრეზიდენტი უფლებამოსილებას წყვეტს. კონსტიტუციის თანახმად, თუ პრეზიდენტი ხდება ქმედითუუნარო, ან იმპიჩმენტით გადააყენებენ, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ახალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე, ხდება პარლამენტის თავმჯდომარე. აქვე აღსანიშნავია, რომ 300-წევრიან კოლეგიაში შედიან: საქართველოს პარლამენტის ყველა წევრი; აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი, საკრებულოების წევრები. როგორც ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, პრეზიდენტის ახალი არჩევნები იმპიჩმენტის გამოცხადებიდან 46 დღეში უნდა ჩატარდეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“არჩევნები უნდა დაინიშნოს. პრეზიდენტის იმპიჩმენტის გამოცხადებიდან, თუ არ ვცდები, 46 დღეში პრეზიდენტის ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს და ასეთ ვარიანტში შესაძლოა პაპუაშვილმა პრეზიდენტის მოვალეობა შეასრულოს, მაგრამ 46 დღით და არა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე. რაც შეეხება იმას, თუ როგორ უნდა აირჩეს ახალი პრეზიდენტი, ალბათ 300-კაციანი კოლეგიით, სხვა ვარიანტი ნაკლებად მისაღებია. ეს საკამათო თემაა, მაგრამ თუ რეალურად შევხედავთ, ეს ნიშნავს, რომ პრეზიდენტი ახლა 300-კაციანმა ასამბლეამ უნდა აირჩიოს. ეს უფრო სწორია, ვიდრე ახალი პრეზიდენტის არჩევა პირდაპირი კენჭისყრით. მაშინ 2024 წელს განმეორებითი არჩევნები უნდა ჩატარდეს და ეს არ გამოვა”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“პროცედურაზე ისაუბრა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემაც. ამასთან, კითხვაზე - სურს თუ არა თავად გახდეს პრეზიდენტი - განაცხადა, რომ ასეთი გეგმები არ აქვს “იქიდან გამომდინარე, რომ პრეზიდენტი არსებითად დისტანცირებულია პოლიტიკური პროცესებიდან”. “კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი არ არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში. ძალიან ნაადრევია სპეკულაციები იქიდან გამომდინარე, რომ სალომე ზურაბიშვილმა სწორედ რადიკალური ოპოზიციის იმედით დაარღვია კონსტიტუცია. მას იმის რწმენა აქვს, რომ რაც არ უნდა გადაწყვეტილება გამოიტანოს საკონსტიტუციო სასამართლომ, რადიკალური ოპოზიცია მის იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს. შესაბამისად, ასეთ პირობებში იმპიჩმენტი ვერ განხორციელდება. ამიტომ დაველოდოთ. ეს პროცედურა ათ დღეში ჩატარდება. რაც შეეხება პროცედურას, არის 300-კაციანი კოლეგია, ვინც საქართველოს პრეზიდენტს ირჩევს. ამ ყველაფერს შეიძლება თვე-თვენახევარი დასჭირდეს, მაგრამ ამაზე საუბარი ნაადრევია იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ იმპიჩმენტის მიმდინარე პროცესი არსებობს. პირობითად, თუ იმპიჩმენტი განხორციელდება ორ კვირაში, ამ შემთხვევაში, დაახლოებით თვენახევარში დასრულდება ახალი პრეზიდენტის არჩევის პროცედურა ახალი წესით. რაც შეეხება სტანდარტულ წესს, როცა პრეზიდენტი ნაადრევად წყვეტს საკუთარ უფლებამოსილებას, ასეთ დროს პარლამენტი აირჩევს განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომლის განმარტებით, “თუ პრეზიდენტი გადადგა და ასე შემდეგ, მოქმედი პარლამენტი ახალი წესით აირჩევს პრეზიდენტს. 300-კაციანი კოლეგია აირჩევს პრეზიდენტს”, - დასძენს გამოცემა.

რას ნიშნავს ოკუპირებულ ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ფლოტის სევასტოპოლიდან გადმოტანა

“ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერმა ასლან ბჟანიამ რუსულ მედიასთან თქვა, რომ ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა გაკეთდება და ამ შეთანხმებაზე ხელი უკვე მოწერილი აქვთ. საუბარია სევასტოპოლის რუსული სამხედრო ფლოტიდან ნაწილის ოჩამჩირეში გადმოტანაზე. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბა ბჟანიას განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს შეთანხმება “დღეს არ დადებულა” და გადაწყვეტილება წინა ერთობლივ შეხვედრებზე მიიღეს. მისივე თქმით, აფხაზეთისთვის ეს არის რუსეთის ფედერაციასთან სამოკავშირეო ხელშეკრულებების მაგალითი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნულთან დაკავშირებით “შეშფოთებას” გამოთქვამს და აღნიშნავს, რომ მსგავსი ქმედება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაა. ოპოზიციაში კი ხელისუფლებას ადანაშაულებენ და იმ საფრთხეებზე ლაპარაკობენ, რაც ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ფლოტის შექმნას შეიძლება მოჰყვეს. რა საფრთხეს ქმნის ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ფლოტის გადმოტანა და როგორ იცვლება სამხედრო და გეოპოლიტიკური ძალთა ბალანსი, ამ საკითხებზე საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორს, ჯიპას პროფესორ თორნიკე შარაშენიძეს და “ჯეოქეისის” თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების დირექტორს, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძეს ვესაუბრეთ”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში, სათაურით რას ნიშნავს ოკუპირებულ ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ფლოტის სევასტოპოლიდან გადმოტანა.

“როდის დასრულდება ამ ბაზის მოწყობა, არ ვიცით, ორი წელი მაინც უნდა, სრულფასოვან ბაზად რომ იქცეს. საქართველოში გავრცელდა გიჟური ვერსია, რომ სევასტოპოლის ბაზა სრულად უნდა გადმოიტანონ, მაგრამ სრულად გადმოტანა როგორ მოხერხდება, როცა ფიზიკურად ვერ დაეტევა? ამის საშუალება რომ ყოფილიყო, აქამდეც ნახევარს სევასტოპოლში დატოვებდა და ნახევარს აქ გადმოიტანდა. რაც შეეხება იმას, თუ ჩვენთვის რას ცვლის, ცოტა კომიკურია, როცა თბილისიდან 40 კილომეტრში მათი ტანკები დგას, ოჩამჩირეში გემების განლაგების ვინმეს მეტად შეეშინდეს. რუსეთს თბილისზე დარტყმა თუ უნდა, ოჩამჩირიდან კი არა, ცხინვალიდან წამოვა. ამიტომაც ჩვენთვის ბევრი არაფერი არ იცვლება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თორნიკე შარაშენიძე.

“რეალობას რომ შევხედოთ, ამით რა იცვლება? სევასტოპოლში თუ ჰყავს პირობითად 15 საბრძოლო ხომალდი, ამის მერე სევასტოპოლში ეყოლება, ვთქვათ, 8 და ოჩამჩირეში - 7. გასაგებია, რომ ამით უფრო მანევრირებადი ხდება, მაგრამ განსაკუთრებული ამაში არაფერია. შავ ზღვაში ნატოს ძლიერი წევრი თურქეთია, ის რუსეთთან მშვენივრად თანამშრომლობს. ასე რომ, თურქეთს დიდად არ ადარდებს, რუსეთს გემები სევასტოპოლში ეყოლება თუ ოჩამჩირეში. ამაში მთელი ამბავი ის არის, რომ აფხაზებს რაღაცას უმტკიცებენ და მეორე, ერთ პორტს ორი სჯობს - ეს არის და ეს. მეორე საკითხია, თუ უკრაინაში დამარცხდება რუსეთი, გინდ ერთი პორტი ჰქონია, გინდ ორი, გასვლა მაინც მოუწევს. ყველაფერი იდეალურად თუ წავიდა, ეს პორტი დარჩება უკრაინას, მეორე კი ჩვენ. ამაშია საქმე, ყველაფერი უკრაინაში ომამდე დადის”, - მიიჩნევს შარაშენიძე და შეკითხვაზე - “ითქვა, რომ ანაკლიის პორტს შეუშლის ხელს, რადგან საფრთხე იზრდება და ინვესტორები მოერიდებიან იქ ფულის ჩადებას. ამას არ თვლით საფრთხედ?” - პასუხობს:

“აფხაზეთში აქამდე არ იყო რუსეთი? ანაკლიის პორტით ჩინელი ინვესტორების გარდა, არავინაა დაინტერესებული. ჩინელებს ოჩამჩირეში რუსული პორტის არსებობა რომ ადარდებდეთ, მეეჭვება. სიმართლე გითხრათ, ამაზე აქ ატეხილი პანიკა იმას მაგონებს, რამდენიმე წლის წინ რუსეთმა “მისტრალები” რომ იყიდა და აქ პანიკა ატეხეს, ჩვენ დაგვარტყამსო. რად უნდა “მისტრალით” დარტყმა, როცა 40 კილომეტრში სამხედრო ბაზა უდგას, თან “მისტრალი” შავ ზღვაში ვერ შემოვიდოდა, რადგან მონტროს კონვენცია არეგულირებს ამ საკითხს”.

“ეს არის მძლავრი სამხედრო სისტემების საქართველოსთან ახლოს მოტანა. საბრძოლო ხომალდი რთული პლატფორმაა, რომელზეც არის როგორც სარაკეტო, ასევე საარტილერიო შეიარაღება, ასევე სადაზვერვო, რადიოლოკაციური შესაძლებლობები. ასე რომ, თუ ბაზა დიდი იქნება, ეს ნიშნავს, რომ ოკუპანტის მნიშვნელოვანი სამხედრო შესაძლებლობები მრავალჯერ გაძლიერდება აფხაზეთში. შესაბამისად, სამომავლოდ აქედან რუსეთის საოკუპაციო ძალების გაყვანა ძალზე გართულდება. რაც უფრო მნიშვნელოვანია, სამხედრო-პოლიტიკურად სამხედრო ბაზის ახლოს არსებობა ანაკლიის მომავალ პორტთან, რა თქმა უნდა, საფრთხის შემცველია ინვესტორების მოზიდვისთვის”, - ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ კაპანაძე და შეკითხვაზე - “ნიშნავს თუ არა ეს შავ ზღვაში რუსეთის სამხედრო გაძლიერებას?” - პასუხობს:

“არა. ეს არ იქნება ახალი ბაზა - არსებული ბაზის ნაწილი გადმოაქვთ მეორე წერტილში. ეს ჩვენთვისაა პოლიტიკური პრობლემა, რადგან რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ძლიერდება, თორემ სამხედრო თვალსაზრისით არაფერი იცვლება. ის 700 კილომეტრი, რაც არის ოჩამჩირიდან სევასტოპოლამდე, არ იძლევა შესაძლებლობას, რომ აქ ახალი ბაზა შეიქმნას, რომელიც გააძლიერებს რუსულ შავი ზღვის ფლოტს. ოჩამჩირის ბაზას, ალბათ, უფრო ტექნიკურად გამოიყენებენ, შესავსებად, დასასვენებლად და ა.შ., მაგრამ იმის თქმა, რომ ამით რუსული შავი ზღვის ფლოტი ძლიერდება, მართებული არ იქნება. თურქეთს, რომელიც ნატოს წევრია, შავ ზღვაში გაცილებით ძლიერი სამხედრო ფლოტი ჰყავს. რუსეთს ის დანაკარგი, რაც განიცადა უკრაინასთან ომში, ჯერ არც შეუვსია. ასე რომ, ამ ბაზის არსებობა არაფერს ცვლის.

“რუსეთს ხომალდების შემოყვანა აფხაზეთის სანაპიროზე აქამდეც შეეძლო. ახლა ის იცვლება, რომ მისთვის ინფრასტრუქტურა იქნება უფრო მოსახერხებელი, რასაც სჭირდება მომსახურება, დაცვა და ეს გაზრდის რუსულ სამხედრო კონტინგენტს აფხაზეთის ტერიტორიაზე, იმის გარდა, რომ საბრძოლო და სადაზვერვო შესაძლებლობითაც მნიშვნელოვნად იზრდება. ხოლო რაც შეეხება რუსეთის მზადებას გიუმრის ბაზის აქ გადმოსატანად, ამის შესახებ არაფერი ვიცი და ვერ გეტყვით, გიუმრის ბაზის საზღვაო ბაზაზე გადატანა რამდენად რელევანტური იქნება. გიუმრის ბაზის გადატანა თუ დასჭირდათ, შესაძლოა აფხაზეთში ახალი სამხედრო ბაზა გააკეთონ, მაგრამ საკითხავია, აფხაზები ამას როგორ შეხვდებიან. ასეთ შემთხვევაში კი, რა თქმა უნდა, რუსული გავლენა შემცირდება, რადგან ეს იქნება რუსული სამხედრო ბაზების ყოფნა არა მეგობარ სახელმწიფოში, არამედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. რა თქმა უნდა, ეს ჩვენ პრობლემებს გაგვიძლიერებს, მაგრამ იმის თქმა, რომ რუსეთი ამით თავის კავკასიაში ყოფნას გააძლიერებს, უსაფუძვლოა, მით უმეტეს, თავისთავად გიუმრის ბაზის გადატანა რუსეთს მნიშვნელოვნად დაასუსტებს როგორც სამხედრო, ასევე პოლიტიკურად”, - დაასკვნის ვახტანგ კაპანაძე.

“ებრაული პერლ ჰარბორი” - კიდევ ერთი დიდი ომი, რომელშიც შეიძლება ახალი მონაწილეები ჩაერთონ

“მსოფლიო კიდევ ერთი მასშტაბური სამხედრო კონფლიქტის წინაშეა - 7 ოქტომბერს დილით პალესტინურმა დაჯგუფება “ჰამასმა”, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელზე ბოლო წლების ყველაზე მასირებული სარაკეტო იერიში განახორციელა, რის შემდეგაც “ჰამასის” მებრძოლები ისრაელის სამხრეთში მდებარე ებრაულ დასახლებებში შეიჭრენ. ისრაელის არმია და სპეცსამსახურები ამას სრულიად მოუმზადებელი დახვდა. სამხედრო ანალიტიკოსები წერენ, რომ ეს იყო “ებრაული პერლ ჰარბორი”, რომლის შედეგების წინასწარ განჭვრეტაც საკმაოდ რთულია. ისრაელის სახელმწიფო ოფიციალურად გამოაცხადა ომი. საბრძოლო მოქმედებები მიდის ღაზას სექტორის მიმდებარე ებრაულ დასახლებებში და ისრაელი-ლიბანის საზღვართან. “ჰამასი” აცხადებს, რომ მათ ისრაელის წინააღმდეგ წამოიწყეს სამხედრო ოპერაცია “ალ-აქსას ქარიშხალი”. სხვადასხვა მონაცემებით, ისრაელის მიმართულებით გაშვებული იქნა 5-დან 7 ათასამდე რაკეტა. ისრაელის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ “რკინის გუმბათი” მათი უმრავლესობა ჩამოაგდო, თუმცა რაკეტების ნაწილმა მაინც მიაღწია სამიზნეებამდე”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ებრაული პერლ ჰარბორი” - კიდევ ერთი დიდი ომი, რომელშიც შეიძლება ახალი მონაწილეები ჩაერთონ.

“მასირებული დარტყმის ფონზე “ჰამასის” მებრძოლებმა ისრაელის ტერიტორიაზე შეაღწიეს. თვითმხილველები ყვებიან, რომ ისინი ჯიპებითა და მოტოციკლებით გადაადგილდებოდნენ ავტომაგისტრალებზე და განურჩევლად ცეცხლს უხსნიდნენ ყველა შემხვედრს. ამას გარდა, მათი ნაწილი ისრაელის ტერიტორიაზე დელტაპლანებით გადაფრინდა და სხვადასხვა მცურავი საშუალებებით გადავიდა. პირველი შოკის შემდეგ, ისრაელის არმია საპასუხო მოქმედებაზე გადავიდა. გამოცხაცხადდა სამხედრო ოპერაცია “რკინის ხმლების” დაწყება. შეიკრიბა ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტი, რომელმაც ოფიციალურად გამოაცხადა ომი. გარდა ამისა, გაჩნდა სამხედრო კონფლიქტში სხვა მონაწილეების ჩართვის საშიშროება. “ჰამასმა” სხვა რადიკალურ დაჯგუფებებს მხარდაჭერისაკენ ოფიციალურად მოუწოდა. კვირას უკვე დაიწყო საარტილერიო დარტყმები ისრაელსა და ლიბანს შორის, რაც ნიშნავს, რომ ომში დიდი ალბათობით ლიბანელ შიიტთა დაჯგუფება “ჰეზბოლაც” ჩაერთვება, რომლის უკანაც ირანი დგას. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ გარდა ირანისა, ამ დაჯგუფებებს ზურგს უმაგრებდნენ რუსული სპეცსამსახურებიც”, - აღნიშნავს გამოცემა.

“სიტუაცია ეფთქებადსაშიშია და არაა გამორიცხული დაპირისპირებამ ახალი მასშტაბები შეიძინოს. სპეციალისტები და სამხედრო მიმომხილველები წერენ, რომ შაბათის თავდასხმა იყო ისრაელის დაზვერვისა და ზოგადად უსაფრთხოების სრული ჩავარდნა. ისრაელის ტერიტორიის მასიური სარაკეტო დაბომბის ფონზე, თავდამსხმელებმა ებრაული არმიის რამდენიმე საგუშაგოსა და სამხედრო ნაწილის აღება თითქმის უბრძოლველად შეძლეს, რის შემდეგაც ღაზას სექტორის მოსაზღვრე დაბებსა და ქალაქებში შეიჭრნენ, ბუნკერებს შეფარებული მშვიდობიანი მოსახლეობისა და პოლიციელთა ნაწილი დახოცეს და და ნაწილი ტყვედ აიყვანეს. ყველაზე დიდი მსხვერპლი იყო უშუალოს ღაზას სექტორის მიმდებარედ მიმდინარე მუსიკალურ ფესტივალზე, რომლის მონაწილეებიც მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდნენ. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ხანგრძლივ და რთულ ომს იწყებენ და “ისრაელი გაიმარჯვებს”, - განაგრძობს გამოცემა.

“არაბულ სამყაროში კი მკვეთრად იმატა ანტიებრაულმა განწყობებმა. მაგალითად, იორდანიაში ღამით მასშტაბური აქცია გაიმართა, სადაც მოსახლეობის ნაწილი თავის მთავრობას პალესტინელთა მხარდაჭერისა და ისრაელის წინააღმდეგ ომში ჩართვისკენ მოუწოდებდა. მოხდა სისხლიანი ინციდენტებიც - ეგვიპტეში ადგილობრივმა პოლიციელმა ებრაელი ტურისტების ავტობუსს გაუხსნა ცეცხლი, რის შედეგადაც ორი ებრაელი ტურისტი და ერთი ეგვიპტელი მოქალაქე დაიღუპნენ. პოლიციელი ადგილზევე დააპატიმრეს. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორო და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” აცხადებს, რომ სიტუაცია ფეთქებადსაშიშია და არაა გამორიცხული, რომ ომმა ახალი მასშტაბები მიიღოს. განსხვავებული მოსაზრება აქვს პოლკოვნიკ ლაშა ბერიძეს. იგი აცხადებს, რომ ისრაელ-პალესტინის ომი უფრო დიდ მასშტაბებს ვერ მიიღებს”, - დასძენს გამოცემა.

“არაბული სახელმწიფოების უმრავლესობამ ფაქტიურად ისრაელი გააფრთხილა, რომ სახმელეთო ოპერაცია არ დაიწყოს. თურქეთიც ორჭოფობს. ერთადერთი მაჰმადიანური ქვეყანა იყო აზერბაიჯანი, რომელმაც ისრაელს მხარი დაუჭირა და სამხედრო დახმარება შესთავაზა. ამიტომაც სიტუაცია ფეთქებადსაშიშია და შესაძლოა დაპირისპირებამ ახალი მასშტაბები შეიძინოს. რთულია იმის თქმა, იქნება თუ არა ეს ომი ხანგრძლივი. ისრაელმა განაცხადა, რომ ისინი ღაზას სექტორის განადგურებას დაიწყებენ. როგორც ჩანს, იმაზეა გათვლა, რომ სექტორს აიღებენ. ჯერჯერობით პალესტინის ოფიციალური ავტონომიის ლიდერი აბასი დუმს და თუ ღაზას სექტორის ავტონომიის გაუქმების ოპერაცია დაიწყო, ამან შესაძლოა ახალი არაბულ-ებრაული ომი გამოიწვიოს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“ეს ომი უფრო დიდ მასშტაბებს ვერ მიიღებს, რადგან ამ რეგიონში არც ერთ სახელმწიფოს ისრაელთან კონვენციური ბრძოლის საშუალება არ აქვს. ისრაელი კონვენციური საშუალებებით ყველა სახელწიფოს აღემატება და მათი დამარცხება შეუძლია. გამორიცხული არაა, რომ “ჰამასი” და “ჰეზბოლა” შეხმატკბილებულად მოქმედებდნენ, მით უმეტეს, რომ ორივე ირანიდან იმართება. ეს ომი პრინციპით ძალიან განსხვავდება იმისგან, რაც ჩვენ გვაქვს. ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი ფუნდამენტურად განსხვავებულია, იქ სხვა პრობლემებია, რომელიც ჩვენ კარგად არ გვესმის. მაგრამ არ ვვარაუდობ, რომ ეს კონფლიქტი სხვა რამეს გადაფარავს. კონფლიქტის ხანგრძლივობა კი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად გადაწყვეტს ისრაელი, რომ ეს ოპერაცია გააგრძელოს. ისეთი საფრთხის ბოლომდე დამარცხება, რასაც რადიკალური ისლამი ჰქვია, შეუძლებელია”, - ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლაშა ბერიძე.

“სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” აცხადებს, რომ ისრაელის დაზვერვის ეს ჩავარდნა, სავარაუდოდ, რამდენიმე ფაქტორს უკავშირდება, მათ შორის შიდა პოლიტიკურ კრიზისსა და ქვეყნის სპეცსამსახურების არასათანადო მუშაობას. პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე კი მიიჩნევს, რომ მართალია, ისრაელი 7 ოქტომბრის თავდასხმას მოუმზადებელი შეხვდა, მაგრამ ყველაფერს “გამოასწორებს”, - წერს სტატიის ავტორი.

“ჩემი აზრით, სამი ქვეყნის სპეცსამსახური მუშაობს - სირიის, ირანის და სავარაუდოდ რუსეთის. ირანმა “ორმაგი კაუჭის” სპეცოპერაცია განახორციელა, რომლითაც გადაიბირეს ისრაელის აგენტურა, რომელიც ღაზას სექტორში მოქმედებდა, ისრაელს ცრუ ინფორმაციას აწვდიდნენ და ამით სპეცსამსახურების ყურადღება მოადუნეს. ამასთან, ისრაელის სპეცსამსახურებს საკმაოდ სერიოზული ჩავარდნები ადრეც ჰქონდათ. 2009 წლიდან ეს ეროზია სერიოზულად დაიწყო. ეს უკვე მესამე ჩავარდნა იყო და როგორც ჩანს, ეს ქვეყნის შიგნით არსებულ პოლიტიკურ კრიზისს უკავშირდება. იქ პოლარიზაციის მაღალი დონეა, რამაც სტრუქტურების სერიოზული ეროზია გამოიუწვია. ასეთივე სიტუაციაა საქართველოში - პოლარიზაციის ამ დონემ შესაძლია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების პრობლემები შეუქმნას და ოჩამჩირეში ბაზის გახსნა სწორედაც რომ ამის გამოძახილია. 7 ოქტომბერი ჩვენთვის გაკვეთილი უნდა იყოს”, - დაასკვნის ვახტანგ მაისაია.

“აშშ-ს ვალდებულება აქვს, რომ ისრაელს დაეხმაროს. ამერიკის მთავრობა ყოველ წელს გამოყოფს ისრაელისათვის 3 მილიარდ დოლარს სამხედრო ხარჯებისთვის. ისრაელს ალბათ ევროკავშირიც დაეხმარება. ისრაელს პოლიტიკური მხარდაჭერა საქართველომ და სხვა დასავლურმა ქვეყნებმა გამოუცხადეს. აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის თბილისში ჩამოსვლაც შესაძლოა ამ მოვლენებს უკავშირდებოდეს”, - თვლის მაისაია.

“ძალიან რთულია ამისთვის ყოველთვის მზად იყო. დღესასწაული ჰქონდათ და საკმაოდ დიდი მოულოდნელობა იყო. ჩემი აზრით, ისრაელს თავდაცვა უნდა გაეძლიერებინა, თუმცა იმდენად ძლიერი სახელმწიფოა, რომ ამას გამოასწორებს და კონვენციური საშუალებებით ამას გაუსწორდება. მაგრამ “ჰამასს”და “ჰეზბოლას” ბოლომდე ისედაც ვერ გაანადგურებს, ისევე, როგორც ეს ტერორიტული ორგანიზაციები ვერ გაანადგურებენ ისრაელს. ეს მუდმივი ომის ციკლია. ახლა ალბათ ისრაელი ტერორისტების დეგრადირებას იმ დონემდე შეეცდება, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდეს. დასავლეთში ისრაელზე სენტიმენტი მეტია, მუსლიმურ და არაბულ სამყაროში კი პალესტინური სენტიმენტია. ისრაელი გააკეთებს იმას, რაც უსაფრთხოებისთვის საჭიროა და იმდენს, რომ ტერორისტებმა ასეთი რამ აღარ გაბედონ. “ჰამასიც” საკმაოდ კარგად მომზადებული აღმოჩნდა და კომპლექსური შეტევა განახორციელეს - რაკეტების, დრონებისა და მსგავსი საშუალებების გამოყენება ტერორისტებს და სამთავრობო ძალებს თანაბარ სიტუაციაში აყენებს. ისრაელის თავდაცვის ძალები ომში მთელი ძალით ჩაერთვნენ და მათ ძალიან დიდი უპირატესობა აქვთ. არ ვვარაუდობ, რომ კონფლიქტში ”ჰეზბოლას" გარდა სხვა მხარეც ჩაერთვება”, - დასძენს ლაშა ბერიძე.

ირაკლი მელაშვილი - “რევოლუციას კარვები კი არა, ხელისუფლების სისულელეები იწვევს”

“რაც არ უნდა კარგი იურისტები იყვნენ, ვინც პარლამენტს წარმოადგენდნენ, კობახიძე იქნება თუ სხვები, კარგად იცოდნენ სხვა ქვეყნების პრაქტიკა, ისინი ვერ ხვდებიან მთავარს, რა საჭიროა კონსტიტუცია და რისთვის შეიქმნა. თავის დროზე, როცა დამფუძნებელმა მამებმა მიიღეს კონსტიტუცია, მიზანი იყო, დაეცვა საზოგადოება იმათგან, ვისაც ძალაუფლება ჰქონდა ხელში და არ ეკეთებინათ ის, რაც სურდათ. საქართველოში კი ამ ხალხს კონსტიტუცია და კანონები პირიქით აქვთ წარმოდგენილი და ჰგონიათ, კონსტიტუცია და კანონები იმისთვის არის, დაიცვას მათი ძალაუფლება საზოგადოებისგან და უპირველესად მათგან, ვისაც მათი საწინააღმდეგო პოზიცია აქვს. მთელი ამ პროცესის განმავლობაში ბატონი კობახიძე ცდილობდა საოცრების დამტკიცებას, რომ ხელისუფლება არის ერთადერთი, ვისაც აქვს უფლება ისაუბროს საგარეო პოლიტიკაზე”, - აცხადებს ექსპერტი ირაკლი მელაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “რევოლუციას კარვები კი არა, ხელისუფლების სისულელეები იწვევს”.

“ხომ არავინ დაობს იმაზე, რომ საგარეო პოლიტიკის წარმართვა მთავრობის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა და, თუკი პრეზიდენტი მართავს მოლაპარაკებას, დებს ხელშეკრულებას და ა.შ., მას სჭირდება მთავრობის ნებართვა. მაგრამ კობახიძე და საპარლამენტო გუნდი ირწმუნებოდნენ, რომ მთავრობის უნებართვოდ მას არა აქვს უფლება ვინმეს ესაუბროს საგარეო პოლიტიკის საკითხებზე. მე და თქვენ რომ ჩავიდეთ ევროპაში და ვთხოვოთ, რომ მხარი დაუჭირონ საქართველოს, ესეც მთავრობის ექსკლუზიურ უფლებამოსილებაში ჩარევაა? ესენი სწორედ ასე განმარტავდნენ, თურმე მხოლოდ მათ ჰქონიათ ამ საკითხზე საუბრის უფლებამოსილება. მმართველი გუნდი ცდილობს ყველას ბოქლომი დაადოს პირზე და შეიძლება ძალიან სახიფათო პრეცედენტი შექმნას საკონსტიტუციო სასამართლომ, თუკი ის განმარტავს კონსტიტუციას, რომ ნებისმიერი თანამდებობის პირის ნებისმიერი საუბარი საგარეო პოლიტიკაზე, მათ შორის კერძო ვიზიტების დროს, კონსტიტუციის დარღვევაა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი მელაშვილი.

“კონსტიტუციაში გვიწერია, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და, თუკი მე, რიგით მოქალაქეს, შემიძლია გავავრცელო ინფორმაცია, მაგალითად, როგორ მიმდინარეობს ამ ყბადაღებული 12 პუნქტის შესრულება, პრეზიდენტს ეს უფლება ჩამორთმეული აქვს? პრეზიდენტის უფლებები დისკრიმინირებულია? პრეზიდენტის არა აქვს სახელმწიფოს სახელით ლაპარაკის უფლება, თუ ამის უფლება მთავრობამ არ მისცა, მაგრამ კერძო ვიზიტის დროს პრეზიდენტი რას ილაპარაკებს, რა კობახიძის საქმეა? ამ პროცესში მთავარი ის არის, რომ ხელისუფლება ცდილობს საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით ლაგამი ამოსდოს ყველას და საზღვარგარეთ საგარეო პოლიტიკაზე საუბარი მხოლოდ მთავრობის ექსკლუზივად დააწესოს. ეს წარმოუდგენელია დემოკრატიულ სახელმწიფოში და ძალიან დიდი ნაბიჯია ტოტალიტარიზმისკენ, გვეუბნებიან, მხოლოდ მე მაქვს საუბრის უფლებაო”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“როცა “ოცნება” ამბობს, რომ პრეზიდენტი მთავრობის თანხმობის გარეშე წავიდა ვიზიტებზე, არავის არ დაუსვამს კითხვა, რატომ არ მისცა მთავრობამ ზურაბიშვილს ამ ვიზიტების უფლება. სადმე ვნახეთ მთავრობის დასაბუთებული უარი ზურაბიშვილის ვიზიტებზე? თუ მთავრობასა და “ოცნებას” ასე წარმოუდგენიათ ქვეყნის მართვა, რომ კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებები მხოლოდ მათ აძლევს უფლებას ყოველგვარი დასაბუთების გარეშე აუკრძალონ პრეზიდენტს ვიზიტები? “ოცნებას” ამ საკითხზე საერთოდ არ უსაუბრია. რა, მთავრობა მომხრე იყო სტატუსის მონიჭების და ზურაბიშვილი იქ იმისთვის მიდიოდა, რომ ეს ჩაეშალა, ანუ ეწინააღმდეგებოდა მთავრობის გაცხადებულ პოლიტიკას? მთავრობამ ვალდებულადაც არ ჩათვალა თავი აეხსნა პრეზიდენტისთვის თავისი გადაწყვეტილება, ეთქვა მისთვის არგუმენტები, თუ რატომ უკრძალავს ვიზიტს, დაესაბუთებინა თავისი გადაწყვეტილება თუნდაც საზოგადოებისთვის”, - განმარტავს ექსპერტი.

“არ არსებობს მსოფლიოში არც ერთი საღად მოაზროვნე, ცივილიზებულობის პრეტენზიის მქონე იურისტი, რომელიც ამ კონსტიტუციური ჩანაწერებით “მთავრობა ახორციელებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკას”, “საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში” და “პრეზიდენტი მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში” დაასაბუთებს მთავრობის ქცევის სისწორეს. რა გამოდის, მთავრობას ყოველგვარი დასაბუთების გარეშე შეუძლია პრეზიდენტს აუკრძალოს უცხოელ კოლეგებთან საუბარი საგარეო პოლიტიკის საკითხებზე? ეს ნიშნავს მხოლოდ ერთს, რომ “ოცნების” ლიდერებს საკითხი ასე ესმით - მთავრობას კონსტიტუცია აძლევს უფლებას, თუკი არ მოსწონს პრეზიდენტი, აუკრძალოს ვიზიტები. კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილების ასეთი არაცივილიზებული, ველური გაგება პირველად გავიგე”, - დაასკვნის ირაკლი მელაშვილი.

“წარმოუდგენელია, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება, რომლითაც პრეზიდენტს აუკრძალავს საუბარს, როგორც ითხოვს “ოცნება”. რამდენიმე მოსამართლე რომ მხარს არ დაუჭერს ამას, ვიცი, მაგრამ იქ არის რამდენიმე მოსამართლე, რომლებსაც მთელი სამი დღის განმავლობაში ხმა არ ამოუღიათ. ერთი კითხვა მაინც არ დაებადათ? რაც შეეხება იმპიჩმენტს, არ გამოვრიცხავ, რომ ხმები ჰქონდეთ. ამ პარლამენტში ოპოზიციის ნაწილის მხარდაჭერით ისეთი რაღაცებია გასული, ეს გაგიკვირდებათ? გადააყენებენ პრეზიდენტს და გახდება მერე კობახიძე ან ვინმე პრეზიდენტი. ეს შეიძლება კარგიც იყოს, რადგან საზოგადოება, ბოლოს და ბოლოს, დაინახავს ამათ სახეს”, - ამბობს რესპონდენტი.

“მაგრამ ამ პროცესში სხვა რამ არის ძალიან საინტერესო: თუ მიაქციეთ ყურადღება, კობახიძემ თქვა, ერთმა სახელმწიფომ შემოგვთავაზა საერთო სამხედრო ნაწილების გაკეთება და ჩვენ რომ ამაზე დისკუსია დაგვეწყო, მაშინვე იტყოდნენ, რომ ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხი - ანუ რაღაც შეთავაზება ჰქონდათ და არა მგონია, ეს გაკეთებულიყო ან სურინამიდან, ან ინდონეზიიდან. წესით, ლაპარაკია ნატოს წევრ რომელიმე ქვეყანაზე, ეს კი ნიშნავს, რომ ხმები რაღაც შეთავაზებაზე, რომელსაც უნდა გაეძლიერებინა საქართველოს თავდაცვისუნარიანობა და უსაფრთხოება და მთავრობა უარყოფდა, გამოდის, მართლაც იყო და მთავრობამ მოგვატყუა. აქ საინტერესოა კობახიძის მიდგომა: მე პასუხი არ გავეცი, საერთოდ გავატარეო _ ანუ მას ასე ესმის სახელმწიფო ინტერესები. ერთმა კაცმა გადაწყვიტა, რა ექნა. სახელმწიფომ მიიღო ეს შეთავაზება და ნაცვლად იმისა, ინსტიტუციურად მიეღოთ გადაწყვეტილება, კობახიძემ გადაწყვიტა. მისაღები იყო თუ არა ეს საკითხი, ვერ შევაფასებთ, რადგან დეტალები არ ვიცით. მთავარი ის არის, თუ გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი როგორი იყო. ასეთი ნარცისიზმი კატასტროფა და ავტორიტარიზმის ზედონეა”, - ამტკიცებს ექსპერტი.

“კიდევ ერთი საოცარი რამ თქვა კობახიძემ, არ ვიცი, ამით ღარიბაშვილს დაარტყა თუ არა, მაგრამ თქვა, სტატუსი რომ არ მოგვანიჭონ, სალომე ზურაბიშვილი გადადგებაო? არ გადადგება, რადგან სტატუსის მიღებაზე პასუხისმგებელი არ არისო, მაგრამ მთავრობა ხომ არის პასუხისმგებელი? რომ არ მივიღოთ, ღარიბაშვილს შეახოცავს ხელებს და ეტყვის, გადადექიო? ამას თავი დავანებოთ, კობახიძის ნარცისიზმი იმის დემონსტრირება იყო, რომ ცალკეულმა პირებმა ჩაანაცვლეს სახელმწიფო ინსტიტუტები და როდესაც დაისმება კითხვა, არის თუ არა ქვეყანაში ავტორიტარიზმი, არავის არ უნდა გაუკვირდეს, რადგან ეს მათი ქმედებებიდან და სიტყვებიდან გამომდინარეობს. ეს ძალიან აშკარად გამოჩნდა ამ პროცესზე. პრეზიდენტის გადაყენება სურთ ერთი რამის გამო - ყველა ადამიანი, რომელსაც აქვს განსხვავებული აზრი, რომელიც რაღაცაში ეცილება მათ, მაგალითად, კომპეტენციაში, საერთაშორისო ავტორიტეტში, ყველა უნდა ჩამოიშორონ და იმოქმედონ ერთი პრინციპით “ყველაფერს მე ვწყვეტ, მე ვაკეთებ”. ეს გვიჩვენა ამ სასამართლო პროცესმა, რაც ძალიან საგანგაშოა”, - მიიჩნევს ირაკლი მელაშვილი.

“ოცდაათი წელია, ეს ქვეყანა გადასულია ზვიადი-ედუარდი, ედუარდი-მიშა, მერე მიშა-ბიძინას ძახილზე. ახლა მიშა-ბიძინას წრეზე ვტრიალებთ. სინამდვილეში პრობლემაა ის, რომ ქვეყანას მართავენ არა ინსტიტუტები, არამედ სხვადასხვა პირი, მათი პირადი ნება და შეხედულებაა უფრო მაღლა, ვიდრე ნებისმიერი დოკუმენტი, სტრატეგია. რასაც კობახიძე ამბობს, სწორედ ამის დასტურია. საკონსტიტუციომ რომ თქვას, ზურაბიშვილს კონსტიტუცია არ დაურღვევიაო, “ქართული ოცნება” გამოაცხადებს, აი, ნახეთ, როგორი დემოკრატია გვაქვსო. შესაძლოა ისიც გვითხრან, სპეციალურად გავაკეთეთ, რომ გვეჩვენებინა, როგორი დემოკრატიაა ქვეყანაშიო... ხელისუფლება ძალიან შეშინებულია. ეს იმაზეც ეტყობათ, რა ფართხა-ფურთხით მიიღეს აქციებზე აკრძალვების კანონი. ვინმეს თუ მართლა ჰგონია, რომ რევოლუცია კარვების გარეშე ვერ მოხდება, პირდაპირ ფსიქიატრიულშია წასაყვანი. კარვები ჰგონიათ რევოლუციის აუცილებელი ატრიბუტი და დადგმას თუ აკრძალავენ, ამით ქვეყანას გადაარჩენენ, თან ამას ისეთი ზეშთაგონებული სახეებით ლაპარაკობენ, ძალიან სასაცილოა”, - თვლის რესპონდენტი.

“კარვებზე ასეთივე გართულება ჰქონდა სააკაშვილს, 7 ნოემბერს სწორედ ამიტომ დაგვარბია და მაინც წააგო. შემდეგ მთელი რუსთაველი კარვებით იყო გადავსებული და რა რევოლუცია მოხდა? რევოლუციებს სინამდვილეში სხვა რაღაცები იწვევს და მთავარი ხელისუფლების სისულელეა. იქ, სადაც ხელისუფლება სულელი არ არის, რევოლუციები არ ხდება. გარდა იმისა, რომ საქართველო უკვე აცრილია რევოლუციებზე, რევოლუციას ავტორიტეტიანი ლიდერი სჭირდება. ვერ ვხედავ ოპოზიციაში ისეთ პირს, ვინც შეძლებს ამ ტვირთის აღებას. არც ერთ ლიდერს არა აქვს ხალხის ისეთი ნდობა, რომ მის მოწოდებაზე ქუჩაში გავიდნენ. შესაძლოა ხალხი ძალიან გაბრაზებულია მთავრობაზე, მაგრამ არანაკლებ გაბრაზებულია ოპოზიციაზეც. როდესაც ოპოზიცია ამბობს, რომ ხელისუფლებას მხოლოდ ხალხის 1/3 უჭერს მხარს, ტყუილად აქვს იმედი, რომ დანარჩენს ის გაიყვანს ქუჩაში. 1/3 უჭერს მხარს “ოცნებას”, ამაზე ნაკლები ოპოზიციას და დანარჩენი ე.წ. აბსენტისტია, რომელიც ქუჩაში ოპოზიციას არ გაჰყვება. ქუჩაში გადის ძალიან მოტივირებული ხალხი, რომელსაც სჯერა ლიდერის და რაც მთავარია, სჯერა, რომ თუკი ოპოზიცია მოვა ხელისუფლებაში, უკეთესს გააკეთებს. ჩვენი ოპოზიცია კი თუ მოვა, რას გააკეთებს, კაციშვილმა არ იცის, არც თვითონ იციან და ხალხსაც ვერაფერს ეუბნებიან, გარდა იმისა, ევროპაში გვინდა და `ოცნების~ ლიდერები ბიძინას ზებრები არიანო”, - დასძენს ექსპერტი.

“ასეთ პირობებში რევოლუციის მოწყობა ძალიან რთული იქნება და არც იმ ჯგუფებით არის შესაძლებელი, ჩვენი უშიშროების სამინისტრო რომ აანონსებს. ვიღაცას თუ ჰგონია, საქართველოში 2003 წელს რევოლუცია “კმარამ” მოახდინა, ძალიან ცდება. რევოლუციური განწყობა იყო, იყვნენ ლიდერები, “კმარა” კი იყო ინსტრუმენტი, რომელსაც პოლიტიკოსები იყენებდნენ. მხოლოდ და მხოლოდ ინსტრუმენტი და არამც და არამც რევოლუციის იდეოლოგი და მამოძრავებელი ძალა. კიდევ ვიმეორებ - რევოლუციას სჭირდება მკაფიოდ გამოკვეთილი ლიდერი ან ლიდერთა ჯგუფი, რომელსაც საქართველოში ვერ ვხედავ”, - აცხადებს მელაშვილი და შეკითხვაზე - “თუკი ვერ მივიღეთ სტატუსი, ზურაბიშვილს მოუწყვეს იმპიჩმენტი, ეს არ იქნება საკმარისი ხალხის მოტივაციისთვის? გამორიცხულია ამ მოტივირებულ, სტატუსის ვერმიღებით გაბრაზებულ ხალხს სათავეში ზურაბიშვილი ჩაუდგეს და ამ პროცესმა ხელისუფლება ჩამოშალოს?” - პასუხობს:

“ამის პოტენციალი ზურაბიშვილს შეიძლება ჰქონდეს. თვითონ მოინდომებს თუ არა, ძნელი სათქმელია, რადგან რთული ადამიანია. როცა პრეზიდენტობის კანდიდატად წამოაყენეს, თუ გახსოვთ, მაშინ ვთქვი, “ოცნებას” მისგან ძალიან დიდი სირთულეები ელის-მეთქი. ის უფრო პოლიტიკოსი ქალების წინ წამოწევას ცდილობს და ვნახოთ, რა გამოუვა, როგორი რესურსები და მხარდაჭერა ექნება. მე არ მიყვარს ისეთ რაღაცებზე საუბარი, რაზეც ობიექტური მონაცემები არ გამაჩნია. თუმცა ნამდვილად ობიექტურობაა ის, რომ პატარა პარტიების შეკრება მას ნამდვილად შეუძლია...”

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა