ასოციაცია „ევროპის დროით“ ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით „ევროკავშირის ბიულეტენს“ ავრცელებს

ასოციაცია „ევროპის დროით“ ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით გთავაზობთ „ევროკავშირის ბიულეტენს“. თქვენ გაეცნობით ევროკავშირის შესახებ და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების თაობაზე ზუსტ და ფაქტობრივ ინფორმაციას.

8, ოქტომბერი, 2023

ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებს შორის კომპეტენციები/უფლებამოსილებანი გამიჯნულია; განსაზღვრულია ევროკავშირი რა სფეროში შეიმუშავებს და იღებს კანონებს, შესასრულებლად სავალდებულო ბუნების გადაწყვეტილებებს (იხ. მაისის თვის ბიულეტენი, https://www.interpressnews.ge/ka/article/755135-asociacia-evropis-droit-evrokavshiris-biuletens-akveqnebs ). ამასთან, დადგენილია ევროკავშირის ძალაუფლების შეფასების სამართლებრივი პრინციპები. ამ პრინციპებიდან სუბსიდიარობის პრინციპი გამოიყენება ევროკავშირის ქმედებათა გაზომვისა და შეფასებისთვის, როცა ევროკავშირი მოქმედებს ექსკლუზიური კომპეტენციების გარეთ.

ისეთ სფეროებში, სადაც ევროკავშირს არ გააჩნია ექსკლუზიური კომპეტენცია, წევრ სახელმწიფოებს აქვთ შესაძლებლობა ევროკავშირს ჩარევის ნება დართონ, როდესაც მოქმედების მიზნები საკმარისად ვერ მიიღწევა უშუალოდ წევრი სახელმწიფოების მიერ (ეროვნულ დონეზე) და უკეთესად მიიღწევა კავშირის დონეზე „შემოთავაზებული მასშტაბებისა და შედეგების გამო“. ამდენად, სუბსიდიარობის პრინციპის ძალით წევრი ქვეყნები დაცულია ევროკავშირის მხრიდან ამ მინდობილი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისგან.

სუბსიდიარობის პრინციპის შემოწმებისას, ევროკავშირის ქმედება ფასდება რამდენიმე კრიტერიუმით, მათ შორის:

1. ევროკავშირის მხრიდან უფლებამოსილება უნდა განხორციელდეს მოქალაქესთან სიახლოვის პრინციპით. გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული მაქსიმალურად მოქალაქეთა სასარგებლოდ;

2. ევროკავშირის ქმედება უნდა იყოს აუცილებელი და გამომდინარეობდეს იქიდან, რომ წევრი სახელმწიფოები ინდივიდუალური ძალისხმევით ვერ მიაღწევენ მიზნებს (არასაკმარისობის კრიტერიუმი);

3. ქმედებამ უნდა მოიტანოს ისეთივე ღირებულება, როგორიც შესაძლებელი იყო მიღწეულიყო ინდივიდუალურად წევრი ქვეყნის მიერ (სარგებლიანობის კრიტერიუმი);

4. ქმედება უნდა იყოს უსაფრთხო კერძო პირთა თავისუფლებისთვის (ავტონომიურობის კრიტერიუმი).

რესურსებს ევროპულ დონეზე ევროკავშირის ბიუჯეტი აერთიანებს. ის საშუალებას აძლევს ევროკავშირის ქვეყნებს ერთად მიაღწიონ იმაზე მეტს, ვიდერე ამას განცალკევებულად შეძლებენ. ევროკავშირის ბიუჯეტი ხელს უწყობს სახელმწიფო თანხების დაზოგვას ისეთი პროექტების დაფინანსებით, როგორიცაა ინფრასტრუქტურული და კვლევითი პროგრამები.

ევროკავშირის ბიუჯეტი, უპირველეს ყოვლისა, საინვესტიციო ბიუჯეტია, ზრდის კონკურენტუნარიანობას ევროპულ დონეზე. ევროკავშირის ბიუჯეტი გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც უფრო ეფექტურია ფულის დახარჯვა ევროკავშირის დონეზე, ვიდრე ადგილობრივ, რეგიონულ ან ეროვნულ დონეებზე. ის აფინანსებს:

1. სოფლის განვითარებას

2. გარემოსდაცვითი საქმიანობის განვითარებას

3. საგანმანათლებლო და კვლევითი პროგრამების (Erasmus და Horizon)განხორციელებას

4. გარე საზღვრების დაცვას

5. ადამიანის უფლებების დაცვას

ევროკავშირის ბიუჯეტი სოლიდარული ხასიათისაა, გაერთიანებას აძლევს შესაძლებლობას მხარი დაუჭიროს ნაკლებად მდიდარ წევრ-ქვეყნებს ეკონომიკურ განვითარებაში. ასევე მხარს უჭერს და ეხმარება მეზობელ ან სხვა მესამე ქვეყნებს მათი მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებაში.

გრძელვადიანი ბიუჯეტი - ცნობილი როგორც მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩო (Multiannual Financial Framework - MFF) - განსაზღვრავს ხარჯვის პრიორიტეტებს, ლიმიტებს შვიდწლიანი პერიოდისთვის და ხარჯვის პროცესს უფრო პროგნოზირებადს ხდის. ამჟამინდელი MFF მოქმედებს 2021 წლიდან 2027 წლამდე. ყოველწლიურად მიმდინარეობს მოლაპარაკება და მიიღება ახალი წლიური ბიუჯეტი, რომელიც ასახავს ფინანსური წლის ხარჯებსა და შემოსავალს ამჟამად მოქმედი MFF-ის მიხედვით შეთანხმებული ლიმიტების ფარგლებში. ევროკავშირის ქვეყნები და ევროკომისია იზიარებენ პასუხისმგებლობას ბიუჯეტის დაახლოებით 80%-ის შესრულებაზე.

EESC (European Economic and Social Committee) - ევროპული ეკონომიკური და სოციალური კომიტეტი. ევროკავშირის სამართლით დადგენილია, რომ ევროპარლამენტს, ევროკავშირის საბჭოს/საბჭოს და ევროკომისიას დახმარებას გაუწევს ევროპული ეკონომიკური და სოციალური კომიტეტი. კომიტეტი ჩამოყალიბდა 1958 წელს და არის საკონსულტაციო ორგანო. იგი შედგება დამსაქმებელთა, პროფკავშირთა (დასაქმებულთა) და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისგან. ის თამაშობს მნიშვნელოვან როლს გადაწყვეტილების მიღების პროცესში. კომიტეტს ჰყავს 329 წევრი, რომლებიც შერჩეულია ეკონომიკური და სოციალური ინტერესების მატარებელი ევროპული ჯგუფებიდან. წევრთა რაოდენობა განაწილებულია ევროკავშირის ქვეყნების მიხედვით:

1. საფრანგეთი, გერმანია და იტალია - 24 წევრი თითოეულს

2. პოლონეთი და ესპანეთი - 21 წევრი თითოეულს

3. რუმინეთი 15 წევრი

4. ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, ჩეხეთი, საბერძნეთი, უნგრეთი, ნიდერლანდები, პორტუგალია და შვედეთი - 12 წევრი თითოეულს

5. ხორვატია, დანია, ფინეთი, ირლანდია, ლიეტუვა და სლოვაკეთი - 9 წევრი თითოეულს

6. ლატვია, სლოვენია და ესტონეთი - 7 წევრი თითოეულს

7. კვიპროსი და ლუქსემბურგი - 6 წევრი თითოეულს

8. მალტა - 5 წევრი

წევრთა კანდიდატურებს წარადგენენ ევროკავშირის წევრი ქვეყნის მთავრობები და ამტკიცებს ევროკავშირის საბჭო/საბჭო.

კომიტეტი გამოსცემს წლიურად 160-დან 190-მდე მოსაზრებას და საინფორმაციო ანგარიშებს.

https://www.eesc.europa.eu/en/about

ნონა გელაშვილი, ეთერ ყამარაული, ევროკავშირის სასამართლო პრაქტიკა, 2010, http://lawlibrary.info/ge/books/giz2010-ge-casebook-eu-law.pdf

მოგვწერეთ, გვკითხეთ

european.time.geo@gmail.com

ekakardava2014@gmail.com

გილიომ მერსიე - ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნება საქართველოს ხელისუფლების ხელშია - ევროკავშირი მზადაა განაახლოს ურთიერთობა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.02.2025
ანდრო გოცირიძე - საქართველო დღეს ბევრად უფრო დაუცველია, ვიდრე, მაგალითად, ათი წლის წინ იყო
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის შესახებ - ახალი სპორტული ობიექტები შესანიშნავია და უმაღლესი დონის საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული საერთაშორისო სკოლის დირექტორი  - „საქართველოს კაპიტალი“ ბრიტანულ-ქართული აკადემიის დირექტორად არაკომპეტენტური და საეჭვო რეპუტაციის პირის დანიშვნას ცდილობს
„ამბასადორი აილენდ ბათუმს“ ზღვაში მოწყობილი 19 ჰექტარი  ტერიტორია საკუთრებაში გადაეცა