სერგო ჩიხლაძე - უცნაური იყო, ნახევრად ჩაბნელებულ ადგილას, მაინც და მაინც იმ მიდამოებში სეირნობა, სადაც ივანიშვილის რეზიდენციაა, უცნაური მეჩვენება მეორე დღეს ამის გამეორებაც, თითქოს ეს პრეზიდენტის ყოველდღიური რუტინაა - სულ მცირე, კითხვები ისმის

ეს კადრებიც რომ არ ყოფილიყო, სალომე ზურაბიშვილს ბიძინა ივანიშვილთან წითელი ხაზი არ გადაუკვეთავს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბიძინა ივანიშვილთან შესაძლო შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.

ჩიხლაძის განმარტებით, ივანიშვილის რეზიდენციასთან პრეზიდენტის სეირნობა უცნაურია.

„სპეკულაციებში ვერ შევალ - შეხვდა, არ შეხვდა... ფაქტია, რომ საკმაოდ უცნაური იყო, საღამო ხანს, ნახევრად ჩაბნელებულ ადგილას და მაინც და მაინც იმ მიდამოებში, სადაც ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახის წევრების სხვადასხვა რეზიდენციებია, სეირნობა. ცოტა უცნაური მეჩვენება მეორე დღეს ამის გამეორება, თითქოს, ეს მისი ყოველდღიური რუტინაა. სულ მცირე, კითხვები ისმის, მაგრამ ეს კადრებიც რომ არ ყოფილიყო, მას ბიძინა ივანიშვილთან წითელი ხაზი არ გადაუკვეთავს. შეხვდა თუ არ შეხვდა, ამის გარეშეც მაფიქრებინებს უფრო მეტად, რომ ის ბიძინა ივანიშვილთან დაპირისპირებული არ არის და გარკვეულ საკითხებში მათ შეიძლება შეთანხმება ჰქონდეთ“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

ის ასევე გამოეხმაურა პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, მომავალში თანამდებობის პირის არჩევა, ან თანამდებობიდან გადაყენება ფარული კენჭისყრით აღარ მოხდება.

„დაგეგმილია, რომ ეს ცვლილებები „ქართულმა ოცნებამ“ დაჩქარებული წესით მიიღოს, ეს ერთადერთ რამეს ემსახურება, პირველ რიგში, საკუთარი დეპუტატების გაკონტროლებას. ეს „ქართული ოცნების“ დეპუტატებისადმია გზავნილი, რომ ყველა ჯერზე ეცოდინებათ, ვინ რას მისცა ხმა. ეს ერთ რამეზე მეტყველებს, რომ ყველა ხმა თვლაზე აქვთ აყვანილი, ოპოზიციურ ჯგუფებზე ეს გავლენას ვერ მოახდენს, კენჭისყრა ფარული იქნება, თუ ღია, ეს იქნება პრეზიდენტის იმპიჩმენტი, თუ სხვა ნებისმიერი თანამდებობის პირის საკითხი. ერთადერთი რამის გამო ცვლიან წესს - საკუთარ გუნდშიც არ არის ერთმანეთის მიმართ ნდობა. ჩემი და ჩემი კოლეგების ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ შიგნითაც, ყველა საკითხზე ერთგვაროვანი დამოკიდებულება არ არის, თუმცა, საბოლოო ჯამში, „ქართული ოცნება“ იმ ბერკეტებით, რაც გააჩნია, ყველა თავისი დეპუტატის მორჩილებაში მოქცევას ახერხებს. ერთი რამ „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან კარგად გააკეთა, საკუთარ დეპუტატებს, საკუთარი მეობა, პრინციპები დაათმობინა, მიუხედავად ამისა, მათ შეხვედრებზე საწინააღმდეგო აზრიც ისმის ხოლმე, ამიტომ კიდევ ერთი ფილტრი დააყენეს, რომ ზუსტად იცოდნენ, ვინ რას აძლევს ხმას“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

თენგიზ ფხალაძე - ტრამპის პრეზიდენტობა მრავალ გამოწვევასთან და ცვლილებასთან იქნება დაკავშირებული, მათ შორის ჩვენს რეგიონში
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2025
„არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ ცინცაძეების უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება
„საქკაბელი“ პორტფელს „Schneider Electric“-ის პრემიუმ ხაზით - „Merten D-Life“-ით აფართოებს