„საქართველოს რეფორმების ასოციაცია“ - შალვა პაპუაშვილი აგრძელებს მადისკრედიტებელ კამპანიას

„საქართველოს რეფორმების ასოციაცია“ პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს პასუხობს და აცხადებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე აგრძელებს „საქართველოს რეფორმების ასოციაციისა“ და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმართულ მადისკრედიტებელ კამპანიას.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შალვა პაპუაშვილის განცხადება, გაჯერებული იყო მაპოლარიზებელი რიტორიკით და შეურაცხმყოფელი ტერმინებით, რომელიც ხელს არ უწყობს დეპოლარიზაციისა და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის პროცესს.

„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აგრძელებს „საქართველოს რეფორმების ასოციაციისა“ და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმართულ მადისკრედიტებელ კამპანიას. 2023 წლის 9 ოქტომბერს შალვა პაპუაშვილმა გააკეთა მორიგი განცხადება, რომელიც ისევ გაჯერებული იყო მაპოლარიზებელი რიტორიკით და შეურაცხმყოფელი ტერმინებით. სამწუხაროდ, აღნიშნული ხელს არ უწყობს დეპოლარიზაციისა და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის პროცესს.

შალვა პაპუაშვილი, სამწუხაროდ, ამახინჯებს როგორც „კანდიდატის სტატუსმეტრში“ მოცემულ ევროკავშირის პრიორიტეტების შესრულების შეფასებებს, ასევე ამ დოკუმენტის შინაარსს, რომელსაც, გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ის არც გასცნობია. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე ცალკეული სტატიის ამონარიდებით მიზანმიმართულად მანიპულირებს, რითაც აგრძელებს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების წინააღმდეგ მიმართულ პროპაგანდას. ამით ის ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება და, იმ თეორიულ შემთხვევაში, რომელსაც მმართველი პარტია, სამწუხაროდ, თვითონვე უშვებს, თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, სხვაზე გადაბრალებით საკუთარი პასუხისმგებლობა გადაფაროს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ პოზიცია, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან და კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, მკაფიოდაა ასახული „კანდიდატის სტატუსმეტრსა“ და ევროკომისიის პრეზიდენტისთვის ურსულა ფონ დერ ლეიენისთვის გადაცემულ წერილშიც. წერილში ჩვენ კიდევ ერთხელ ვთხოვთ ევროკომისიის პრეზიდენტს, მხარი დაუჭიროს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ვინაიდან „ეს იქნება საქართველოს ისტორიული არჩევანის აღსრულებაში კიდევ ერთი ეტაპი, შეასრულებს კატალიზატორის როლს დემოკრატიული რეფორმების გაგრძელებასა და ინსტიტუტების გაძლიერებაში და განამტკიცებს როგორც საქართველოს, ასევე ევროპის უსაფრთხოებას.“ „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ ოფიციალური პოზიცია აღნიშნულ საკითხზე სრულიად ნათელი, ქართული და ევროპულია, განსხვავებით, მაგალითად, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის მიღების გადაწყვეტილებისაგან, რომელიც როგორც ევროკავშირმა, ასევე ქართულმა საზოგადოებამ, თავის დროზე, ანტიევროპულად და ანტიდემოკრატიულად შეაფასა.

გვსურს კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ GRASS-ის პოზიციაზე საუბრისას GRASS-ის პოზიციას დაეყრდნოს და შეფასებისას, ფაქტების საპირისპირო სურათის დახატვით, შეცდომაში არ შეიყვანოს საზოგადოება.

კიდევ ერთხელ გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ საქართველოს ევროპულ ოჯახში გაწევრიანების პროცესი საერთო ეროვნული ამოცანაა. როგორც ეს ევროკომისიის პრეზიდენტისადმი მიწერილ წერილში აღვნიშნეთ, „ამ პროცესმა, ევროკავშირში გაწევრიანების ეროვნული მიზნის მიღწევის გზაზე უმნიშვნელოვანეს მომენტში, ყველა დაინტერესებული მხარე უნდა გააერთიანოს.“ მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ შეცვალოს დამაზიანებელი და მაპოლარიზებელი რიტორიკა და იმოქმედოს საზოგადოების არა დაყოფის, არამედ გაერთიანების ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ პროცესის მხარდაჭერასა და ხელშეწყობას. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პარლამენტის თავმჯდომარეს, გადადგას რეალური ნაბიჯები და, ევროკავშირში გაწევრიანების საერთო მიზნის მისაღწევად, ყველა დაინტერესებულ მხარესთან რეგულარული შინაარსობრივი შეხვედრები დაიწყოს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, როგორც შალვა პაპუაშვილმა 9 ოქტომბერს აღნიშნა, არასამთავრობო ორგანიზაცია „გრასის“ მოთხოვნას, რომ საქართველომ რუსეთს დაუწესოს სანქციები და შეიყვანოს ქვეყანა რუსეთთან სამხედრო დაპირისპირების და ეკონომიკური კოლაფსის რისკში, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები არ გაემიჯნნენ. მან მიმართა „ნამდვილ სამოქალაქო საზოგადოებას“, რათა მათ ხმამაღლა განაცხადონ, რომ არ ეთანხმებიან „გრასის“ პოზიციებს და სერგი კაპანაძე არ მიაჩნიათ „ენჯეოდ“.

ირაკლი მელაშვილი - ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის რაიმე იდეოლოგიური კომპრომისის ადგილი ფაქტობრივად აღარ არსებობს, არჩევანია ან აქეთ - ევროპისკენ, ან იქით - რუსეთისკენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.07.2024
გაზმომარაგების უმსხვილესმა კომპანია, „თბილისი ენერჯიმ“ BDO Digital-თან პარტნიორობით კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი, ISO/IEC 27001:2022 დანერგა
საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა
ახალი „ლენდ კრუიზერ პრადო“ - ლეგენდის თანამედროვე გაგრძელება
20 ივლისიდან სილქნეტი ოპტიკური ინტერნეტის სიჩქარეებს გაზრდის
კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა და კომპანია „პარვუს ჯგუფი“ აბიტურიენტებს და დაინტერესებულ პირებს ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის ახალი საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციაზე იწვევს
კავკასიის მედიცინის ცენტრი JCI აკრედიტებული პირველი მულტიპროფილური რეფერალური ჰოსპიტალი გახდა ქვეყანაში
მეხუთე თაობის „სანტა ფე“ - მზად ნებისმიერი თავგადასავლისთვის