სალომე სამადაშვილი - „ლელოში“ გახარიასთან პარტნიორობა არც არასდროს განხილულა და არც განიხილება

ორბანს თავისი ინტერესები აქვს, მაგრამ ის საკუთარი ქვეყნის ინტერესებს რუსეთთან მიმართებაშიც უფრთხილდება. ჩვენ­ მისგან განსხვავებით, გვყავს ხელისუფლება, რომელიც მხოლოდ რუსების დავალებას ასრულებს , - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.

ამასთან, სამადაშვილი აცხადებს, რომ მას არ ჰქონია უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან შეხვედრის სურვილი, რადგან სამადაშვილის განმარტებით, მან „იცის, რით განისაზღვრება ორბანის პოზიციები“.

„ხუმრობით, ალბათ, უნდა ვთქვა: პუტინიც, რომ ჩამოსულიყო, შეიძლება უფრო დიდხანს გაეგრძელებინათ სიამტკბილობაში ვიზიტი - ორბანს, ღარიბაშვილს და პუტინს.

როდესაც ჩვენ ვამბობ, რომ ეს ხალხი არის რუსეთის მოკავშირე ხელისუფლება, ძალიან სიმპტომატურია, რომ დღეს ევროკავშირის ქვეყნებს შორის ერთადერთი ხელისუფლებაა, რომელიც ღიად არის საქართველოს ხელისუფლების მოკავშირე, არის ვიქტორ ორბანის ხელისუფლება. ის, ამავე დროს, ძალიან ხშირად სიტუაციურია, ორბანი ხშირად იმუქრება უკრაინის დახმარების დაბლოკვით, რამდენჯერმე ჰქონდა მცდელობა რუსეთისთვის დაწესებული სანქციები დაებლოკა. ორბანი წარმოადგენს იმ ხელისუფლებას, რომელსაც აქვს ისეთი პოლიტიკური სისტემა და გამოწვევები დემოკრატიის, კანონის უზენაესობის თვალსაზრისით, რომ ევროკავშირმა სანქციები დაუწესა, ფაქტობრივად, დახმარება შეუჩერა უნგრეთს. დროდადრო ისმის ევროკავშირში ხმა, რომ არ შეიძლება ამ ხელისუფლების სისტემის მქონე ქვეყანა საერთოდ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო იყოს და ამ დროს, ჩვენ ვართ ასეთ მდგომარეობაში, რომ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ვერავინ სხვა მოკავშირეს ვერ პოულობს ევროკავშირში, გარდა, ორბანისა. ამიტომ, ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არ არის ის ხელისუფლება, რომელიც ქართველი ხალხის ინტერესებს ემსახურება. ქართველი ხალხის ინტერესი არის, რომ ჩვენ ევროკავშირში რაც შეიძლება მეტი მოკავშირე გვყავდეს, ამათ ჰყავთ მოკავშირე რუსეთთან საერთო მეგობარი, რომელიც ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ლობირებას ჩვენს საკითხს ვერ გაუწევს.

როდესაც ის [ორბანი] წინა ხელისუფლებას უჭერდა მხარს, მაშინ მისი პარტია „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრი იყო, შემდეგ ის „ევროპის სახალხო პარტიიდან“ გააძევეს. დღეს ის ევროპულ მეინსტრიმს სრულიად ჩამოშორებულია. როდესაც ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც გეუბნება, თითქოს რუსეთის მოკავშირე არ არის, შეკითხვა მაქვს: „რატომ არის მაშინ, რომ ერთი და იგივე მთავრობა, ერთი და იგივე პოლიტიკური ლიდერი, ვინც რუსეთის ინტერესებს იცავს, ძალიან ხშირად, მათ შორის იმიტომ, რომ მისი ხედვები იმასთან დაკავშირებით, რომ დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ა.შ. არ არის ღირებულება, ემთხვევა რუსეთის ხედვებს? ღარიბაშვილს მარტო ასეთი მოკავშირე რატომ ჰყავს? მოლდოვაში ვინ არის ჩასული? - მაგალითად, ჩასულია ევროკომისიის პრეზიდენტი, რომელიც პირდაპირ აცხადებს, რომ მოლდოვასთან უნდა დაიწყონ მოლაპარაკებები გაწევრიანებაზე. უკრაინაში რა ხდება? - უკრაინაში ევროკავშირის საგარეო მინისტრების სხდომა ჩატარდა, ევროკავშირის გარეთ პირველად სხდომა უპრეცედენტოდ ჩაატარეს. როგორ ხდება, რომ ჩვენს ხელისუფლებას, რომელიც არის რეალურად რუსეთის დავალებების შემსრულებელი, სხვა მოკავშირე არ ჰყავს, გარდა ორბანისა.

მე ისეთი გრძნობა მაქვს, რომ რუსების შემოსევაა ჩვენს ქვეყანაში. აქ გადმოდიან საცხოვრებლად, მუშაობენ, აქ იწყობენ საცხოვრებელს, ყიდულობენ მიწებს, ბინებს და სახლდებიან. საინტერესოა, ღარიბაშვილი რომ იძახის, უნგრეთი სამაგალითო ქვეყანააო“, ორბანი ასახლებს რუსებს ჯგუფურად? - თუ მოსწონს მისი პოლიტიკა, მაინტერესებს, გასული წლის მანძილზე ასობით ათასი რუსი ჩასახლდა უნგრეთში? ორბანს თავისი ინტერესები აქვს, ის საკუთარი ქვეყნის ინტერესებსაც რუსეთთან მიმართებაშიც უფრთხილდება. ჩვენ მისგან განსხვავებით გვყავს ხელისუფლება, რომელიც მხოლოდ რუსების დავალებას ასრულებს.

მე არ მქონია არანაირი სურვილი ორბანთან შეხვედრის, რადგან ზუსტად ვიცი ორბანის პოზიციები რითი განისაზღვრება. მას თავისი დღის წესრიგი აქვს, როგორ შეიძლება, რომ ადამიანს აინტერესებდეს ობიექტური რეალობა ქვეყანაში და ორბანი ჩამოვიდა და ის ქართველ ხალხს ეუბნება, რომ „თქვენი მთავრობა არის სანიმუშო - ეკონომიკური მონაცემების მქონე მთავრობა“, როდესაც მაღაზიაში შევდივარ და გამყიდველი, რომ მეუბნება, რომ ცხოვრებისთვის ფული აღარ ჰყოფნის ყოველდღე და აღარ იცის, როგორ იცხოვროს. აი, იმას შეხვდეს ორბანი, მე ნუ შემხვდება. ქუჩაში გაიაროს და დაელაპარაკოს ადამიანებს, რომლებიც ამ ქვეყანაში ცხოვრობენ და გადარჩენისთვის იბრძვიან.

მისი ქვეყანა ნატოში კარგად არის გაწევრიანებული და ჩვენ გვეუბნება, რომ უნდა ვისწავლოთ რუსეთის ჩრდილში ცხოვრება თურმე. ე.ი. ჩვენ არ გვაქვს უფლება ნატოს წევრი ვიყოთ? არ უჭერს ორბანი ნატოში ჩვენს გაწევრიანებას მხარს. რატომ არ უჭერს? იმიტომ, რომ რუსეთს აქვს გავლებული წითელი ხაზი. მისი ქვეყანა ე.ი. დაცული უნდა იყოს და ჩვენ ოჩამჩირეში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე [რუსეთმა] უნდა აგვიშენოს სამხედრო ფლოტი და ფაქტობრივად, ფრონტის ხაზი ჩვენს ტერიტორიაზე გადმოიტანოს.... და ჩვენ თურმე ამას უნდა შევეგუოთ?!“, - განაცხადა სამადაშვილმა.

ამასთან, სალომე სამადაშვილი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას „ლელოს“ და გიორგი გახარიას პარტიების შესაძლო პოლიტიკური გაერთიანებასთან დაკავშირებით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ეს მორიგი, რუსული, სულელური პროპაგანდაა“.

„სამწუხაროა, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2-იც“, როგორც სხვა ტელევიზიები, რომლებსაც ხელისუფლება აკონტროლებს, ტყუილების მანქანად არიან გადაქცეულები. ცხადია, ეს არის რუსული ხერხებით გავრცელებული რაღაც ცრუ პროპაგანდა. ჩვენ ერთადერთი პარტნიორი გვყავს პოლიტიკური და ეს არის ქართველი ხალხი. ჩვენ ან შევძლებთ, რომ ქართველი ხალხი დავარწმუნოთ, რომ ცვლილებების დროა, ან ამ ქვეყანაში არაფერი არ შეიცვლება. ამიტომ ჩვენ პარტნიორობას ვაპირებთ ქართველ ხალხთან, რაც შეეხება გახარიას, ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ეს არც განიხილება, არც არასდროს განხილულა. ჩვენ არა ერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ძალიან ბევრი შეკითხვებია, რომელზეც გახარიამ პასუხები უნდა გასცეს, რომ საერთოდ საზოგადოებამ დაიჯეროს მისი პოლიტიკური დღის წესრიგის და მოტივაციის. ჩვენ ცხადია არანაირი გეგმა გახარიასთან თანამშრომლობის არ გვაქვს. ეს უბრალოდ მორიგი, რუსული, სულელური, პროპაგანდაა, რომელზეც სერიოზული კომენტარიც კი გამიჭირდება“, - აღნიშნა სამადაშვილმა.

ემილ ავდალიანი - მოლოდინი იმისა, რომ ტრამპის პრეზიდენტობისას არაბული ქვეყნები აშშ-ის მხარეს იდგებიან, მცდარია, მათი მჭიდრო ურთიერთობები ჩინეთთან და რუსეთთან გაგრძელდება, როგორც ერთგვარი გეოპოლიტიკური საპირწონე
ქართული პრესის მიმოხილვა 09.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყველას, ვისაც გვიყვარს ეს ქვეყანა და ვერასდროს შევეგუებით ძალადობას, ცხელი გულით და ცივი გონებით მოქმედება გვმართებს!
PSP ჯგუფი განცხადებას ავრცელებს