დიმიტრი ცქიტიშვილი - ევროპული პერსპექტივისთვის პრემიერ ორბანის ვიზიტი საქართველოში, შესაძლოა, საქართველოსთვის კონტრპროდუქტიული აღმოჩნდეს

საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პარლამენტის ყოფილ წევრს, არასამთავრობო ორგანიზაცია „პროგრესული ფორუმის“ თავმჯდომარეს, დიმიტრი ცქიტიშვილს ესაუბრა.

- ბატონო დიმიტრი, უკვე ცნობილია, რომ ევროკომისია გაფართოების შესახებ ანგარიშს ნოემბრის შუა რიცხვებში გამოაქვეყნებს და გვეცოდინება საქართველო მიიღებს თუ არა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.

თუმცა, დეკემბრის ბოლოს დაგეგმილი ევროპული საბჭო მიიღებს თუ არა ჩვენთან დაკავშირებით ევროკომისიის რეკომენდაციას, ან გადადებს საკითხს გაურკვეველი ვადით, არ ვიცით.

ასეთ ფონზე საქართველოს, რბილად რომ ვთქვათ, ევროკავშირის სტრუქტურებისთვის ბევრი თვალსაზრისით უნგრეთის პრემიერი ორბანი სტუმრობდა.

როცა ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოლოდინშია, ორბანის თბილისში ვიზიტი რა ტიპის გზავნილია ჩვენი დანარჩენი ევროპელი პარტნიორებისთვის?

- პრემიერ ორბანის ვიზიტი რომ იყოს სხვა ევროპელი ლიდერების ვიზიტების ფარგლებში ერთ-ერთი, ეს ნაკლებად დამაზიანებელი იქნებოდა. დღეს, როცა ორბანი ევროპის ერთადერთი ლიდერია, ვინც საქართველოს ვიზიტით სტუმრობს, ძნელად წარმოსადგენია, უნგრეთი იყოს ევროპაში საქართველოს ლობისტი, რადგან ევროპულ სტრუქტურებში უნგრეთის მმართველობა პრობლემურია არადემოკრატიულების გამო.

ძნელად წარმოსადგენია, უნგრეთი იყოს ევროპაში საქართველოს ლობისტი, რადგან ევროპულ სტრუქტურებში უნგრეთის მმართველობა პრობლემურია არადემოკრატიულების გამო

მეტიც, დღეს უნგრეთი ევროკავშირის წევრი არ იყოს, მას ამ მდგომარეობაში არ მიიღებდნენ ევროკავშირში. ასეთია მოცემულობა. ასეთ მოცემულობაში, საქართველოს ევროპული პერსპექტივისთვის უნგრეთის პრემიერ ორბანის ვიზიტი, შესაძლოა, საქართველოსთვის კონტრპროდუქტიული აღმოჩნდეს.

ასეა იმის გამო, რომ ევროპის დანარჩენი 27 ქვეყნის ლიდერი ორბანის მიმართ, როგორც არადემოკრატიული ლიდერის მიმართ პოზიტიურად განწყობილი არ არის. ორბანის განცხადებები და გზავნილები ევროპაში არ არის საქართველოს პოზიციების გამაძლიერებელი ევროპული პერსპექტივის თვალსაზრისით.

მესმის, რომ უნგრეთი ევროკავშირის წევრი ქვეყანაა და საქართველოს მასთანაც უნდა იყოს თანამშრომლობის რეჟიმში. მაგრამ, ახლა ჩვენ უფრო წაგვადგებოდა ისეთი ქვეყნის ლიდერების თბილისში სტუმრობა, რომლებიც ჩვენი ევროპული პერსპექტივის მხარდამჭერები დიდი ხანია არიან და ახლა სამწუხაროდ, ბევრი თვალსაზრისით კრიტიკულ მოსაზრებებს გამოთქვამენ. ვგულისხმობ ბალტიის ქვეყნებს, პოლონეთს, აღმოსავლეთ ევროპის სხვა წარმატებულ ქვეყნებს.

- ორბანის საქართველოში ვიზიტისას ბევრმა გაიხსენა 2012 წლის არჩევნების წინ უნგრეთის პრემიერ ორბანის ვიზიტები და შეხვედრები იმხანად პრეზიდენტ სააკაშვილთან.

ბევრმა ისიც გაიხსენა, რომ მაშინ არჩევნების წინ თბილისში ჩამოსული ბატონი ორბანი ამომრჩეველს მოუწოდებდა ხმა მიეცათ პრეზიდენტ სააკაშვილის იმხანად ხელისუფლებაში მყოფი „ნაცმოძრაობისთვის“.

ვიცით თუ როგორი დაპირისპირებული არიან მმართველი „ქართული ოცნება“ და სააკაშვილის „ნაცმოძრაობა. ფაქტია ისიც, რომ მათი დაპირისპირება აგერ უკვე 11 წელს ითვლის.

რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ უნგრეთის პრემიერ ორბანს დღეს ისევე მოსწონს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება, როგორც 2012 წელს სააკაშვილი და მისი ხელისუფლება მოსწონდა?

- მართალი გითხრათ, არ ვიცი რა უცვლის ორბანს გემოვნებას. თუმცა, ევროპული გადმოსახედიდან თუ შევხედავთ, ორბანი არასწორ თამაშ თამაშობს იმ მხრივ, რომ ევროპის ერთიან დამოკიდებულებებში მას განსხვავებული პოზიციები აქვს უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით. ის ძალიან განსხვავდება ევროპის სხვა ლიდერებისგან იმით, რომ ისინი რუსეთთან კარგა ხანია აღარ ფლირტაობენ.

2012 წლის არჩევნებზე ორბანი იყო ერთ ერთი მთავარი მხარდამჭერი „ნაცმოძრაობის“. სხვათა შორის, უნგრეთმა სააკაშვილის ბევრი მხარდამჭერი შეიფარა და ისინი ახლაც უნგრეთში ცხოვრობენ

ევროპის ლიდერებს თუ განსხვავებული დამოკიდებულებები ჰქონდათ ევროკავშირისა და ნატოს გაფართოების საკითხებში, ახლა ვითარება შეცვლილია და ახლა ევროპელ ლიდერებთაგან ერთადერთი ორბანი დარჩა, ვინც ევროპაში რუსეთთან დაკავშირებულ ლიდერად აღიქმება.

რატომ მოსწონდა მას წლების წინ სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა“, ახლა კი „ქართული ოცნება“ მოსწონს, ძნელი სათქმელია. მაგრამ, ფატია, რომ 2012 წლის არჩევნებზე ორბანი იყო ერთ ერთი მთავარი მხარდამჭერი „ნაცმოძრაობის“. სხვათა შორის, უნგრეთმა სააკაშვილის ბევრი მხარდამჭერი შეიფარა და ისინი ახლაც უნგრეთში ცხოვრობენ.

- ორბანის ვიზიტზე საუბარს ისე ვერ დავასრულებთ, რომ არ გავიხსენოთ უნგრეთის პრემიერის საქართველოში სტუმრობასთან დაკავშირებით დეპუტატ ბუჩუკურის კითხვა პრემიერ ღარიბაშვილისადმი.

მოგეხსენებათ, დღევანდელი ხელისუფლება როგორი დაპირისპირებულია წინა ხელისუფლებასთან. წინა ხელისუფლების დანაშაულებზე დღევანდელი ხელისუფლება ბევრს კი საუბრობს, მაგრამ დეპუტატმა ბუჩუკურმა კითხვით მიმართა პრემიერს - ესაუბრა იგი თუ არა სტუმარს ამჟამად უნგრეთში მცხოვრები სააკაშვილის თანამებრძოლების ადეიშვილის, კოდუას ადა უდესიანის გადმოცემაზე სასჯელის აღსრულების საკითხზე.

მესმის რომ კითხვა რიტორიკულია, მაგრამ, თქვენი აზრით, ამ თემაზე პრემიერ ღარიბაშვილს ექნებოდა თუ არა საუბარი პრემიერ ორბანთან, თუ არა რატომ?

- არ მგონია, ამ თემაზე რომ ესაუბრათ, რადგან, ეს ისეთი საკითხებია, ვგულისხმობ იმას, რომ თუ ჩვენი ხელისუფლება მათ გადმოცემას მოითხოვდა, ეს ხმამაღლა გაჟღერდებოდა კიდეც. ჩემი აზრით, წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც ახლა უნგრეთში ცხოვრობენ, ახლა არც არავის არ სჭირდება.

წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც ახლა უნგრეთში ცხოვრობენ, ახლა არც არავის არ სჭირდება... ხელისუფლებას აღარც აქვს სურვილი სამართლიანობის აღდგენის, რაზეც მანამდე საუბრობდა. ეს ის თემაა, რომელსაც ხელისუფლება ქვეყნის შიგნით დრო და დრო იყენებს ხოლმე

შესაბამისად, ამ თემაზე საუბარიც არ იქნებოდა. გაგრძელდება ისე, როგორც აქამდე იყო - იმ ხალხს ეკრძალება საქართველოში დაბრუნება ესა და ესა. ფაქტია, რომ საქართველოს ხელისუფლება მათ ინტენსიურად არ ეძებს, არ მოითხოვს მათ გადმოცემას.

ასეა, რადგან, ხელისუფლებას აღარც აქვს სურვილი სამართლიანობის აღდგენის, რაზეც მანამდე საუბრობდა. ეს ის თემაა, რომელსაც ხელისუფლება ქვეყნის შიგნით დრო და დრო იყენებს ხოლმე.

- ქვეყნის ევროპულ პერსპექტივაზე რომ გავაგრძელოთ, გვერდს ვერ აუვლით 9 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ვენეციის კომისიის დასკვნა, რომელიც პირდაპირ მიუთითებს თუ რაში მდგომარეობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მასშტაბური რეფორმის შინაარსი.

მოვისმინეთ ამ თემაზე ხელისუფლების კომენტარები და დარჩა შთაბეჭდილება, რომ მმართველი გუნდი მათ შესრულებას არ აპირებს.

თქვენ როგორ აღიქვით სასამართლოს რეფორმაზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით ხელისუფლების პოზიცია?

- არა თუ შთაბეჭდილება მრჩება, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლებას სასამართლო სისტემაში რეფორმების განხორციელება არ უნდა. შესაძლოა, აღარც შეუძლია, იმიტომ რომ, ისე შორსაა ამ პროცესში შესული, არც შეუძლია. შესაძლოა, იგი ახლა მის მიერვე შექმნილი პოლიტიკური სისტემის ტყვეობაშიც იყოს.

ვიმეორებ, არა მგონია ხელისუფლებას ამ სფეროში რაიმეს შეცვლა უნდოდეს. თუ ამ სფეროში რამე გააკეთა, ეს იყო კოსმეტიკური რეფორმა, რომ ითქვას, რეფორმები გატარდა, თითქოს პროცედურებიც გაიწერა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის, მაგრამ, რეალურად, ვხედავთ, რომ სისტემა არაა გახსნილი და არ ექვემდებარება შიდა კონტროლს. შესაძლებელი არაა შიდა წმენდა, ამ კუთხით სისტემა რეალურადაა ჩაკეტილი.

თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლებას სასამართლო სისტემაში რეფორმების განხორციელება არ უნდა. შესაძლოა, აღარც შეუძლია, იმიტომ რომ, ისე შორსაა ამ პროცესში შესული, არც შეუძლია. შესაძლოა, იგი ახლა მის მიერვე შექმნილი პოლიტიკური სისტემის ტყვეობაშიც იყოს

აქ მთავარია იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების წესი. 2018 წლიდან ამ თემაზე საუბარი და კამათი იყო, მაგრამ ბოლო წლებია ჩვენ ვხედავთ, რომ აქ ფუნდამენტურად არაფერი შეცვლილა.

2018 წელს როცა პარლამენტში ვიყავი, თითქოს გაიწერა იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების წესი, მაგრამ, რეალურად, ყველაფერი ისევ ისეა დარჩენილი, როგორც იყო. ამიტომ, არა მაქვს მოლოდინი, რომ ხელისუფლება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს გაითვალისწინებს.

- სულ ცოტა ხნის წინ საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ მმართველი გუნდის მიერ შეტანილი სარჩელის სამდღიან განხილვას ვადევნებდით თვალს.

მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციონალისტთა უმრავლესობა თვლის რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილს ევროპაში ვიზიტებისას კონსტიტუცია არ დაურღვევია, ამის დამამტკიცებელი არგუმენტები სარჩელის ავტორებს არ წარმოუდგენიათ, ხელისუფლება და მისი მხარდამჭერები თვლიან, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია და იგი უნდა გადადგეს.

ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას გამოიტანს ამ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლო. მაგრამ, თუ საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტი გაამტყუნა და პარლამენტში 100 დეპუტატიც მოიძებნა და პრეზიდენტს იმპიჩმენტი შედგა, ეს რა გზავნილი იქნება ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის?

- თუ პრეზიდენტის იმპიჩმენტი შედგა, ეს ცალსახად იქნება კიდევ ერთი დამატებითი გზავნილი, რომ საქართველოს არ ეკუთვნის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.

ბევრ ქვეყანაში ყოფილა კონსტიტუციური დავა. ზოგადად, კონსტიტუციის თემაზე დავა არადემოკრატიული არა, მაგრამ ახლა ჩვენ ვნახეთ რომ სალომე ზურაბიშვილის მიმართ არის პოლიტიკური ანგარიშსწორების პროცესი და არა კონსტიტუციური მუხლების დარღვევა-არდარღვევის საკითხზე დავა.

თუ პრეზიდენტის იმპიჩმენტი შედგა, ეს ცალსახად იქნება კიდევ ერთი დამატებითი გზავნილი, რომ საქართველოს არ ეკუთვნის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი

საკონსტიტუციო სასამართლოში მოსმენის ბოლო დღეს დაისვა საკითხი იმაზე, რომ ხომ არ აჯობებდა საკონსტიტუციო სასამართლოს განეხილა უფლებამოსილებათა გამიჯვნის საკითხი, რაც შესაძლებელი იყო და უფრო სწორიც იქნებოდა.

რეალურად, ვნახეთ, რომ არანაირი სურვილი იმისა, რომ მთავრობასა და პრეზიდენტს შორის გამიჯნულიყო უფლებამოსილებები, სარჩელის შემტანებს არ ჰქონიათ. ხელისუფლებას უნდა ზურაბიშვილის სახით გაანეიტრალოს ის საფრთხე, რომელიც მისი სახით აქვს.

ფაქტია, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი ქვეყნის შიგნით და გარეთ ავტორიტეტით სარგებლობს და როგორც ჩანს, საფრთხეს უქმნის „ქართულ ოცნებას“. ნებისმიერი ავტორიტეტი, რომელსაც ხელისუფლება ვერ აკონტროლებს, მმართველი გუნდისთვის საფრთხეა.

პრეზიდენტი ზურაბიშვილი ქვეყნის შიგნით და გარეთ ავტორიტეტით სარგებლობს და როგორც ჩანს, საფრთხეს უქმნის „ქართულ ოცნებას“. ნებისმიერი ავტორიტეტი, რომელსაც ხელისუფლება ვერ აკონტროლებს, მმართველი გუნდისთვის საფრთხეა

ვერ გეტყვით ხელისუფლებას მართლა უნდა თუ არა მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, მაგრამ, ფაქტია, რომ ხელისუფლებას უნდა მაქსიმალურად დაიცვას თავი მისგან მომდინარე საფრთხეებისგან.

პირადად მე, ვფიქრობ, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილს კონსტიტუცია არ დაურღვევია, რადგან, მისი საქმიანობა არ ქმნიდა ახალ სამართლებრივ მოცემულობას. იმ პოლიტიკის ფარგლებში იყო, რომელიც განსაზღვრულია კონსტიტუციით და მთავრობის მიერ.

- ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ბაზის შექმნასთან დაკავშირებით ბოლო დღეებია ბევრს საუბრობენ. ამ თემაზე საგარეო უწყება მხოლოდ ერთი განცხადებით შემოიფარგლა.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუციით დაგმო ოჩამჩირეში რუსული საზღვაო ბაზის შექმნის პერსპექტივა. ვხედავთ, რომ ამ თემაზე ჩვენს პარლამენტს ჯერ რეზოლუცია არ მიუღია.

რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ ოჩამჩირეში რუსული საზღვაო ფლოტის შექმნაზე ხელისუფლების პოზიცია მკაფიო არ ყოფილა?

- ალბათ ის, რომ ხელისუფლება რუსეთთან მიმართებაში არგაღიზიანების პოლიტიკას ატარებს. არადა, ოჩამჩირეში რუსული საზღვაო ბაზის გაჩენა ძალიან სერიოზული პროვოკაციაა, რადგან ომში მყოფი ქვეყანა სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზას ქმნის.

ოჩამჩირეში რუსული საზღვაო ცენტრის შექმნა შესაძლოა აღმოჩნდეს საქართველოს ომში ჩართვის საბაბი, ამის რეალური საფრთხე რომ არსებობს, ამიტომაცაა ეს რუსული გეგმა პროვოკაციული.

როცა „ქართული ოცნების“ ლიდერები ხშირად ამბობენ, რომ დასავლეთი ცდილობს საქართველოს ომში ჩართვას, ოჩამჩირეში რუსული საზღვაო ცენტის შექმნით ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი ცდილობს საქართველოს ომში ჩართვას.

როცა „ქართული ოცნების“ ლიდერები ხშირად ამბობენ, რომ დასავლეთი ცდილობს საქართველოს ომში ჩართვას, ოჩამჩირეში რუსული საზღვაო ცენტის შექმნით ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი ცდილობს საქართველოს ომში ჩართვას

თავისთავად აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მოლაპარაკებებისთვის საქართველოს პლატფორმად შეთავაზების სურვილი კარგია, მაგრამ, პლატფორმა რომ იყო, ამ მოლაპარაკებებს რაღაცას მაინც უნდა სძენდე

ოჩამჩირეში რუსულ საზღვაო ცენტრის საკითხში „ქართული ოცნების“ პოლიტიკა აშკარად დაუბალანსებელი და არარაციონალურია. ასეთი დამოკიდებულება ვნახეთ ჩვენ ხელისუფლებისაგან მედვედევის განცხადებებზე.

ასეთ ფონზე ვხედავთ, რომ რუსეთი კი არ აჩერებს, აღრმავებს საქართველოს ტერიტორიების ანექსიის პროცესს. ეს კი სხვა არაფერი თუ არა ხელისუფლების მხრიდან სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ სვლა.

- უკვე ვიცით, რომ სომხეთმა უარი თქვა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მოლაპარაკებების საქართველოში გამართვაზე. რადგან, ამ ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებების ყველა პუნქტი ევროკავშირსა და ვაშინგტონში დეტალურად იქნა განხილული, ბაქოსა და ერევნის მოლაპარაკებებიც ბრიუსელში გაიმართება.

თქვენ როგორ შეაფასებდით აზერბაიჯანის მცდელობას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მოლაპარაკებები საქართველოში გამართულიყო?

- რადგან ამ თემაზე ბევრიც არაფერი თქმულა, მე გამიჭირდება ამ თემაზე საუბარი. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ საქართველოს ხელისუფლების სურვილი უფრო იყო ყოფილიყო აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მოდერატორი.

თავისთავად აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მოლაპარაკებებისთვის საქართველოს პლატფორმად შეთავაზების სურვილი კარგია, მაგრამ, პლატფორმა რომ იყო, ამ მოლაპარაკებებს რაღაცას მაინც უნდა სძენდე.

იმისათვის, რომ მედიატორი იყო, როგორც სამშვიდობო პროცესის მონაწილეს, რაღაც რესურსები უნდა გაგაჩნდეს და ავტორიტეტი უნდა გქონდეს. სამწუხაროდ, საქართველოს არც ერთი აქვს და არც მეორე

გარანტიების მიცემის რესურსი და გავლენები უნდა გქონდეს. საქართველოს მხოლოდ ლოჯისტიკურად შეეძლო ასეთი შეხვედრის ორგანიზება, მაგრამ, მას არ შეუძლია იყოს მხარეებს შორის მომლაპარაკებელი, რადგან, შესაბამისი არც წონა აქვს და არც გავლენა.

ამიტომ, ვფიქრობ, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტი უფრო ჰგავდა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ახალ საკითხებზე მოლაპარაკებებს, მათ შორის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ერთობლივად განხორციელების გეგმებზე მსჯელობას. ვიცით რომ ორ ქვეყანას შორის ამ ტიპის თანამშრომლობით ევროკავშირიცაა დაინტერესებული.

- აზერბაიჯანის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის შემდეგ რამდენიმე დღეში ბაქოში ჩავიდა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი პატრუშევი. ცნობილია, რომ პატრუშევმა ბაქოში სხვა საკითხებთან ერთად 3 + 3 ფორმატის საკითხებზე იმსჯელა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან.

ამ გადასახედიდან თუ შევხედავთ, უფრო ის ჩანს, რომ რუსეთი იყო დაინტერესებული აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მოლაპარაკებები საქართველოში გამართულიყო და შემდეგ მოსკოვს თბილისისაგან უფრო აქტიურად მოეთხოვა 3+3 -ის ფორმატში მონაწილეობა.

რადგან უკვე ვიცით, რომ აზერბაიჯან-სომხეთის მოლაპარაკებები ბრიუსელში გაიმართება, ცხადად ჩანს, რომ სომხეთი ახლა დახმარებას უფრო ევროპისაგან და ამერიკისგან ელის, ვიდრე რუსეთისაგან.

ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ მოსკოვი კვლავ ითხოვს საქართველოსგან 3 + 3 ფორმატში მონაწილეობას...

- გავიმეორებ, იმისათვის, რომ მედიატორი იყო, როგორც სამშვიდობო პროცესის მონაწილეს, რაღაც რესურსები უნდა გაგაჩნდეს და ავტორიტეტი უნდა გქონდეს. სამწუხაროდ, საქართველოს არც ერთი აქვს და არც მეორე.

სხვათა შორის, თავის დროზე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მოლაპარაკებებში საქართველოს მიეღო მონაწილეობა, ამის მცდელობები იყო და ამაში შევარდნაძის ავტორიტეტი უდავოდ გვეხმარებოდა. მაშინ შევარდნაძის უკან მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა მოიაზრებოდა, რომელსაც სურდა ამ პროცესში მონაწილეობა მიეღო.

მაგრამ, დღეს საქართველოს არც ევროკავშირთან აქვს ავტორიტეტი და არც სხვა საერთაშორისო აქტორებთან.

სომხეთისთვის და რეგიონისთვის, საჭიროა უფრო მაღალი და ქმედითი ავტორიტეტის მქონე მედიატორებთან ურთიერთობა. ვფიქრობ, ამისთვის სომხეთისთვის უფრო საინტერესოა ბრიუსელთან და აშშ-სთან ურთიერთობა, რადგან უფრო დიდია შანსი მიიღოს უფრო პოზიტიური შედეგი, ვიდრე რუსეთთან ურთიერთობაში

რაც შეეხება რუსეთს, რუსეთს, რა თქმა უნდა, მას შემდეგ, რაც ურჩობისთვის დასაჯა სომხეთი, უნდა გააძლიეროს თავისი გავლენები ამ ქვეყანაში და რეგიონში. ვფიქრობ, რომ ეს რუსეთისთვის ხელიდან გაშვებული შანსები და უკან დაბრუნებაა. სომხეთი რუსულ ორბიტაზე უკან ვეღარ დაბრუნდება. ფაშინიანის გადაწყვეტილებები საკმაოდ მკაფიოა.

ამიტომ, ვფიქრობ, რომ რუსული 3 + 3 ფორმატი ვერ იმუშავებს. მე არ მგონია, რომ სომხეთი ამას დათანხმდეს. სომხეთს ახლა უსაფრთხოების ახალი გარანტები აქვს მისაღები, რადგან, რაც აქამდე გქონდა აშკარად არ მუშაობს. ვერც ოდბკ-მ კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმებამ იმუშავა, ფაშინიანი ამის გამო არც დსთ-ს სამიტზე არ წასულა, სომხეთს ოდბკს- ფარგლებში წვრთნებშიც კი არ მიუღიათ მონაწილეობა.

შესაბამისად, სომხეთისთვის და რეგიონისთვის, საჭიროა უფრო მაღალი და ქმედითი ავტორიტეტის მქონე მედიატორებთან ურთიერთობა. ვფქირობ, ამისთვის სომხეთისთვის უფრო საინტერესოა ბრიუსელთან და აშშ-სთან ურთიერთობა, რადგან უფრო დიდია შანსი მიიღოს უფრო პოზიტიური შედეგი, ვიდრე რუსეთთან ურთიერთობაში.

რა თქმა უნდა, რუსეთი ეცდება შეინარჩუნოს თავისი გავლენები სამხრეთ კავკასიაში, მაგრამ, არა მგონია ამ თვალსაზრისით რუსეთსა და ირანს სამხრეთ კავკასიაში დიდი პერსპექტივა ჰქონდეს

კონფლიქტების მოგვარების კუთხით საკმაოდ საინტერესო გამოცდილება აქვს მიღებული ევროკავშირს ბალკანეთის კონფლიქტებზე მუშაობისას. თავიდან, მხარეები ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობდნენ, მაგრამ შემდეგ ეს გადაიზარდა სხვა სფეროებში თანამშრომლობაში. მცირე გამონაკლისის გარდა, პრაქტიკულად ბალკანეთში კონფლიქტები ამოწურულია, პრაქტიკულად ევროკავშირმა უზრუნველყო კონფლიქტების საბოლოოდ ამოწურვა.

კარგი იქნება, თუ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მოლაპარაკებები ამ კუთხით წარიმართება. რა თქმა უნდა, რუსეთი ეცდება შეინარჩუნოს თავისი გავლენები სამხრეთ კავკასიაში, მაგრამ, არა მგონია ამ თვალსაზრისით რუსეთსა და ირანს სამხრეთ კავკასიაში დიდი პერსპექტივა ჰქონდეს.

რუსეთისკენ მიმავალი გზა არის გზა არსაით, და რაც მთავარია სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ გზა

- ყველაფერ ამის ფონზე სამხრეთ კავკასიაში რუსეთის გააქტიურებამ, კერძოდ ოჩამჩირეში საზღვაო ცენტრის შექმნაზე კრემლის საუბარმა გააჩინა განცდა, რომ ახლა როცა ბევრი რამ არეულია, სწორედ ასეთ არეულობაში უნდა რუსეთს საქართველოსგან მაქსიმალური სარგებელი მიიღოს.

თქვენ ასე არ ფიქრობთ?

- რუსეთის გავლენები საქართველოში იზრდება, მაგრამ, ეს დროებითია, რადგან, საბოლოო ჯამში საქართველო ვერ გახდება პრორუსული ქვეყანა. ქართულ საზოგადოებაში რუსეთის მიმართ ნეგატიური განწყობებია იმის გამო, რომ რუსეთს ჩვენი ტერიტორიები აქვს ოკუპირებული. ეს ის ბარიერია, რომელიც ჩვენს ვერც ერთ მთავრობას ვერ მისცემს იმის საშუალებას, რომ რუსეთთან დამეგობრდეს და მასთან სტრატეგიული ურთიერთობები ჰქონდეს.

რუსეთისკენ მიმავალი გზა არის გზა არსაით, და რაც მთავარია სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ გზა. უმრავლესობაში რომ ვიყავი, მაშინაც ვამბობდი, რომ რუსეთთან დიალოგი უნდა გვქონდეს, მაგრამ, მაშინ ეს საჭირო იყო იმისთვის, რომ შეგვემცირებინა რუსეთის აგრესიული ქმედებები და საფრთხეები აგვეცილებინა.

მაგრამ, დღეს როცა რუსეთი აგრესიულ ქმედებებზეა გადასული, ახლა რუსეთის მიმართ მოკრძალებული პოზიციების ქონა და იმაზე ზრუნვა, რომ იგი არ გაღიზიანდეს, ეს ძალიან ნეგატიურად აისახება ქვეყანაზე და არ მგონია რომ ამას პერსპექტივა ჰქონდეს.

ღიად პრორუსული პარტიები ჯამში 5%-საც ვერ იღებენ. ყველა პოლიტიკური ძალა, მათ შორის ხელისუფლება ამბობს, რომ პროდასავლური და პროდასავლურია. ყველამ ისიც, რომ საპირისპიროს მტკიცება მათთვის არჩევნებზე დრამატული იქნება.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ