მანანა კობახიძე - ევროკავშირისკენ გზა კონსტიტუციის და კანონის უზენაესობის დაცვაზე მიდის და ეს ყველამ უნდა დაიცვას - დამერწმუნეთ, სასამართლოს სამართლებრივი არგუმენტები აქვს და ყველა კითხვაზე პასუხია გაცემული

სასამართლომ იმ სამ ვიზიტთან დაკავშირებით იმსჯელა, რაც იყო სადაო და რა თქმა უნდა, ამ შემთხვევებს არ გასცდენია. ვფიქრობ, ჩვენი სამართლებრივი პოზიცია საკმაოდ დასაბუთებული და არგუმენტირებულია, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მანანა კობახიძემ პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.

კითხვაზე, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი შეუშლის თუ არა ხელს ევროინტეგრაციის პროცესს, მანანა კობახიძე პასუხობს, რომ „ევროკავშირისკენ გზა ქვეყანაში კონსტიტუციის და კანონის უზენაესობის დაცვაზე ნამდვილად მიდის და ეს ყველამ უნდა დაიცვას“.

„თხოვნაა, რომ სამართლებრივი არგუმენტები, რაც სასამართლომ გადაწყვეტილებაში ჩადო, გააშუქოთ. დამერწმუნეთ, სასამართლოს ყველა კითხვაზე აქვს პასუხი გაცემული. შესაბამისად, სასამართლომ იმსჯელა სწორედ იმ სამ ვიზიტთან დაკავშირებით, რაც იყო სადაო და რა თქმა უნდა, ამ შემთხვევებს არ გასცდენია. ვფიქრობ, საკმაოდ დასაბუთებული და არგუმენტირებულია ჩვენი სამართლებრივი პოზიცია, უმრავლესობის პოზიციას ვგულისხმობ. რა თქმა უნდა, ჩემთვის საინტერესოა განსხვავებული აზრი, თუმცა ჯერ არ მინახავს და ვნახავთ. რაც შეეხება პოლიტიკურ მიზანშეწონილობას - მოგეხსენებათ, ეს სასამართლოს გადასაწყვეტი არ არის და სასამართლო ვერ შევიდოდა აღნიშნული საკითხზე მსჯელობაში, ეს არის პარლამენტის გადასაწყვეტი,“ - განაცხადა მანანა კობახიძემ.

შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე დასკვნა გამოაქვეყნა. კერძოდ, სასამართლომ, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ევროპაში, მთავრობის უნებართვო ვიზიტების განხორციელებით, ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. ამასთან, როგორც ტურავამ აღნიშნა, დასკვნაზე განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირა სამმა მოსამართლემ - ირინა იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებას გადაწყვეტილება აქვს მიღებული - ადგილობრივი არჩევნების დასრულების დღიდან ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი უნდა იყოს დამკვიდრებული
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
„სილქნეტის“ მომხმარებელი როუმინგის განახლებული ინტერნეტ პაკეტებით „ევროპასი“, კიდევ უფრო დაბალ ფასად ისარგებლებს უფრო მეტ ქვეყანაში