ვახტანგ ხმალაძე - სალომე ზურაბიშვილს ნერვები კარგ მდგომარეობაში აქვს, რადგან პარლამენტში მისვლის გადაწყვეტილება მიიღო

ეტყობა სალომე ზურაბიშვილს ნერვები კარგ მდგომარეობაში აქვს, რადგან ასეთი [პარლამენტში მისვლის] გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა, ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა, რითაც საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადება შეაფასა, რომ ის იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას, პარლამენტში მივა.

ამასთან, ხმალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ისაუბრა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პრეზიდენტის მხრიდან საგარეო ვიზიტების განხორციელებისას კონსტიტუციის დაღრვევის დადგენაზე და განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის დადგენით, დიდი ზიანი მიაყენა პირველ რიგში, საკუთარ თავს.

„ერთი კონსტიტუციური ინსტიტუტი იყო დარჩენილი, რომელიც მიიჩნეოდა, რომ შედარებით უკეთესად იყო დაცული პოლიტიკური ზეგავლენისგან. ძირითადად ინარჩუნებდა დამოუკიდებლობას. ახლა უკვე ამის თქმაც აღარ შეიძლება.

ეტყობა სალომე ზურაბიშვილს ნერვები კარგ მდგომარეობაში აქვს, რადგან ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. ბოლომდე ვარ დარწმუნებული, რომ პარლამენტში „ქართული ოცნება“ 100 ხმის შეგროვებას ვერ შეძლებს, ანუ ვერ შეძლებენ გადაყენებას. თუ ეს მოახერხეს, მაშინ ძალიან ბედნიერები იქნებიან, არა მხოლოდ იმიტომ რომ სალომე ზურაბიშვილს დასჯიან, არამედ იმიტომ რომ ისეთ პრეზიდენტს აირჩევენ, როგორიც მათ ენდომებათ“, - განაცხადა ხმალაძემ.

მისივე შეფასებით, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას ხელში დაიჭერს და არჩევნებამდე გამუდმებით იქნება საუბარი იმაზე, რომ კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი გვყავს.

„ამ თვალსაზრისითაც მავნე აღმოჩნდება საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება“, - აღნიშნა ხმალაძემ.

პრეზიდენტთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებებთან დაკავშირებულ კითხვაზე, რომ კობახიძემ პრეზიდენტს მძიმე წელი დაუანონსა, ხმალაძე პასუხობს: „მძიმე იქნება რით, ერთადერთი იმით, რომ აუკრძალავენ პირის გაღებას და ხელში კალმის აღებას, რომ არ მისწეროს წერილი ან არ დაელაპარაკოს ვინმე სხვა სახელმწიფოს რომელიმე პოლიტიკური თანამდებობის პირს“.

წამყვანის კითხვაზე, რა დარჩება ამის შემდეგ პრეზიდენტის უფლებამოსილებებში, ხმალაძე პასუხობს, რომ გარკვეულ მოქმედებებს პრეზიდენტს ვერ აუკრძალავენ, მათ შორის საჯარო განცხადებებს.

„მას დარჩება კანონებზე ვეტოს უფლება, რომლის დაძლევა „ოცნებას“ შეუძლია. მას დარჩება თანამდებობებზე კანდიდატების წარდგენის უფლება. ეს კარგია თუ პრეზიდენტი ისევ არ დაუშვებს საკადრო შეცდომებს. მაგალითად, როგორც ბოლოს იყო ეროვნული ბანკის საბჭოს ორი წევრის წარდგენისას. მას შეუძლია გააკეთოს საჯარო განცხადებები, ინტერვიუები, რომელსაც არა მხოლოდ საქართველოში კითხულობენ, არამედ საქართველოს ფარგლებს გარეთაც. ამ მოქმედებებს ვერ აუკრძალავენ“, - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა