ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2023

ზურაბიშვილი კვლავ საქართველოს პრეზიდენტია - როგორ მიმდინარეობდა იმპიჩმენტის განხილვა და რატომ ჩავარდა კენჭისყრა

“ზურაბიშვილს ებრძვის ორივე პარტია, რადგან ხელს უშლის “ოცნებასაც” და “ნაციონალებსაც” - ვახტანგ ძაბირაძე

რა ზეგავლენას მოახდენს ბაიდენის ვიზიტი ისრაელი-ჰამასის ომზე - სიტუაციის განვითარების რამდენიმე ვერსია

* * *

ზურაბიშვილი კვლავ საქართველოს პრეზიდენტია - როგორ მიმდინარეობდა იმპიჩმენტის განხილვა და რატომ ჩავარდა კენჭისყრა

სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე რჩება - პარლამენტში იმპიჩმენტის საკითხი ჩავარდა, ასი ხმა ვერ შეგროვდა და კენჭისყრისას ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენებას მხოლოდ 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ერთი კი წინააღმდეგ წავიდა. პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, თუ იმპიჩმენტს პარლამენტის წევრთა შესაბამისი რაოდენობა არ დაუჭერს მხარს, საკითხი მოხსნილად ითვლება და თანამდებობის პირისთვის იმავე ბრალდების წარდგენა დაუშვებელია. დღეს უმრავლესობაში “ხალხის ძალის” ჩათვლით 84 დეპუტატია, კენჭისყრისას, პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში, “ქართული ოცნების” უმრავლესობის წევრების გარდა, “ევროპელი სოციალისტები”, “გირჩის” წევრები და “მოქალაქეების” ალეკო ელისაშვილი იმყოფებოდნენ. დარბაზში იმყოფებოდა თავად პრეზიდენტი ზურაბიშვილიც. კენჭისყრა ფარული იყო”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ზურაბიშვილი კვლავ საქართველოს პრეზიდენტია - როგორ მიმდინარეობდა იმპიჩმენტის განხილვა და რატომ ჩავარდა კენჭისყრა.

“კენჭისყრამდე პარლამენტში იმპიჩმენტის განხილვის პროცესი ხმაურის ფონზე მიდიოდა, პრეზიდენტს სიტყვით გამოსვლის საშუალება მიეცა, თუმცა შემდგომ ზურაბიშვილმა დეპუტატების მიერ მისთვის შეკითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა. ზურაბიშვილმა “ქართული ოცნება” კვლავ ღიად გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მას კონსტიტუცია არ დაურღვევია. “ოცნებას” კი კვლავ კითხვები აქვს, როგორც უმრავლესობა აცხადებს, თუ პრეზიდენტი კონსტიტუციის შესაბამისად მოქმედებდა, რატომ არ გამოიყენა სახელმწიფო ბიუჯეტის თანხა, რომელიც განკუთვნილია კანონის შესაბამისად მოქმედებისთვის. “ოცნება” ამბობს, რომ პრეზიდენტმა დეპუტატების შეკითხვებს თავი იმიტომაც აარიდა, რომ ამ ევროპულ ტურნეს არანაირი შედეგი არ ჰქონია, ეს კი უმრავლესობის კითხვების მთავარი თემა იყო. მათივე შეფასებით, პრეზიდენტი არა სამართლებრივ, არამედ პოლიტიკურ თემებზე აპელირებდა. რაც შეეხება ოპოზიციას, “ნაციონალური მოძრაობა” და “სტრატეგია აღმაშენებელი” პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესს ფრაქციის ოთახიდან ადევნებენ თვალს და აცხადებდნენ, რომ “შოუში” მონაწილეობას არ მიიღებენ. ამასთან, მათ თან ჰქონდათ ბარათები, რომელსაც რეგისტრაციისას და კენჭისყრისას იყენებენ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ოპოზიციის ნაწილი კი რომელიც დარბაზში დებატებში იღებდა მონაწილეობას, იმპიჩმენტის განხილვას ცირკი და შოუ უწოდა და პრეზიდენტს მოუწოდა, რომ კვლავ აიღოს ბილეთი და იაროს საერთაშორისო ვიზიტებზე ისე, როგორც აქამდე დადიოდა “მტრის ჯინაზე”. მათი შეფასებით, ზურაბიშვილს კონსტიტუცია არ დაურღვევია და “ოცნებასთან” ზურაბიშვილი მართალია. იმპიჩმენტის პროცესმა პარლამენტში მას შემდეგ გადაინაცვლა, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ევროპული ტურნეთი, რომელზედაც მთავრობის თანხმობა არ ჰქონია კონსტიტუცია დაარღვია. |”ეს დღეც დადგა, საქართველო ამასაც მოესწრო”, - ასე დაიწყო სიტყვით გამოსვლა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს განიხილებოდა. მან “ოცნება” და საკონსტიტუციო სასამართლო მწვავედ გააკრიტიკა”, - განაგრძობს გამოცემა.

“სხვა არაფერში და ამაში ვითომც და პროცესით კანონის უზენაესობას ამტკიცებთ. ამ დროს კი, 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება შევა არა როგორც კანონის უზენაესობის გამარჯვება, არამედ როგორც ერთპარტიული უზენაესობის გამყარება სასამართლო სისტემაზე. საკონსტიტუციო სასამართლო, რომელზეც უნდა იდგეს სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფო, სრულად გამოვიდა თავისი როლიდან, გადაინაცვლა პოლიტიკურ სფეროში და წინ ვერ აღუდგა პარტიის პოლიტიკურ ნებას. საკონსტიტუციო სასამართლომ აბუჩად აიგდო და დააკნინა კონსტიტუციის 78-ე მუხლი ევროინტეგრაციის შესახებ. ესე იგი, თავადვე არ შეასრულა ამ მუხლით დაკისრებული ვალდებულება, რომელიც ყველა და არა ექსკლუზიურად მთავრობისა, ყველა კონსტიტუციურ ორგანოზე ვრცელდება. გამაოგნებელია ის ფაქტი, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ იხელმძღვანელა მმართველი პარტიის თავმჯდომარის პოლიტიკური არგუმენტაციით და სრულად გადმოიტანა დასკვნაში”, - განაცხადა ზურაბიშვილმა, რომლის თქმით, “სამმა მოსამართლემ შეძლო გადაერჩინა არა მხოლოდ საკუთარი, არამედ საქართველოს მართლმსაჯულების რეპუტაცია”, - დასძენს გამოცემა.

“მათ გააცოცხლეს ჩვენი საუკუნოვანი მართლმსაჯულების საამაყო ტრადიცია. მათი განსხვავებული აზრი გავრცელდება ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ, აღიარებული იქნება მათი დამოუკიდებლობა და პროფესიონალიზმი. ხვალინდელი სტუდენტები კი, ამით იამაყებენ და ამ მაგალითზე გაიზრდებიან. ეს იმედისმომცემია... საკონსტიტუციომ თუკი საკუთარ სინდისს გადააბიჯა, ახლა თქვენი ჯერია! მე აქ არც არაფრის დამტკიცებას ვაპირებ და არც ვინმეს დარწმუნებას იმაში, რაც ისედაც ცხადზე ცხადია. კონსტიტუციის არც არსი და არც სულისკვეთება არ დამირღვევია. ბრალდებების გასამყარებლად თქვენ უნდა წარმოგედგინათ მტკიცებულებები და ვერც ერთი ვერ წარმოადგინეთ! ვერ მოიტანეთ ფაქტები იმის დასამტკიცებლად, რაზეც აპელირებდით, რომ ხან საბოტაჟს ვუწყობდი ჩვენს ევროპულ გზას, ხან თურმე შედეგი ვერ დავდე, ხან მოლაპარაკებებს ვაწარმოებდი, როცა არ ვაწარმოებდი, ხან რა და ხან რა... ვერ დაამტკიცეთ, რომ რამე დავაშავე, ან რამე დავაკელი ჩვენი ქვეყნის დაცვას და ევროინტეგრაციის გზაზე მის მხარდაჭერას. ჩემი თუ არ გჯერათ, შეგიძლიათ, გადაამოწმოთ და დაურეკოთ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს, შარლ მიშელს, ემანუელ მაკრონს, ან კიდევ ალარ კარისს, ედგარს რინკევიჩს, გიტანას ნაუსედას... სია შემიძლია გავაგრძელო...”, - აღნიშნა თავის სიტყვაში საქართველოს პრეზიდენტმა.

“ესენი კი, ის ლიდერები არიან, რომლებზეც ხვალ ჩვენი სტატუსის მინიჭებაა დამოკიდებული და უნდა ითქვას, რომ ამ საიმპიჩმენტო პროცესით თქვენ მხოლოდ მე კი არა და მე სულაც არა, არამედ ამ ლიდერებს აყენებთ შეურაცხყოფას და ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებთ. საკვირველია ისიც, რომ ამ დროს და ეს კონტრასტი ბევრისმთქმელია, დიდი მოწიწებით ეპყრობით ოკუპანტ ქვეყანას და მის ლიდერებს, მეტიც - ღიად იმსახურებთ ქებას ოკუპანტებისგან და ეს არც კი გეუხერხულებათ; ისიც არ გეუხერხულებათ, როცა ჩემი მისამართით ოკუპანტი ქვეყნისა და თქვენი წამოძახილები ერთი-ერთში ემთხვევა... მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, მე ამ ქვეყნის პრეზიდენტი, რამეთუ წარმოვადგენ სწორედ ამ ხალხს და მის ისტორიულ არჩევანს, მაშასადამე, მაქვს სრული ლეგიტიმაცია და უფლებამოსილება, მათთან ერთად და მისი სახელით ვითხოვო ამ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. მჯერა, რომ სტატუსზე გადაწყვეტილების მიღებისას ჩვენი პარტნიორები მხედველობაში მიიღებენ ერთი მხრივ, ქართველი ხალხის მრავალჯერ დადასტურებულ მისწრაფებას და მეორე მხრივ, საქართველოსა და ევროპის საერთო გეოპოლიტიკურ გამოწვევებს”, - ასე დაასრულა სიტყვა სალომე ზურაბიშვილმა.

“მინდა გკითხოთ, მაშინ თქვით ტყუილი თუ ახლაც იზიარებთ იმავე პოზიციას 2008 წლის ომთან დაკავშირებით, ეს ძალიან პრინციპულ საკითხია, - ასე მიმართა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს პარლამენტის პლენარულს სხდომაზე. მისივე განმარტებით, თუ სალომე ზურაბიშვილი ამ კითხვაზე პასუხის გაცემას “გაექცევა”, საზოგადოება დუმილს თანხმობად მიიღებს... უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს კითხვით მიმართა, საქართველო იმსახურებს თუ არა კანდიდატის სტატუსს. “დღეს ჩამოთვალეთ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები, თქვენ მოგვიყევით თუ შეიძლება, რას ელაპარაკებოდით. ვერსიებსაც გეტყვით, შეიძლება ელაპარაკებოდით, საქართველოში რაც თქვით, რომ საქართველოს სტატუსი არ ეკუთვნის... გაგვიმხილეთ, არავინ იცის დახურულ კარს მიღმა რაზე საუბრობდით. ბოლობოლო გვითხარით თქვენი პოზიცია, ეს ქვეყანა იმსახურებს თუ არა კანდიდატის სტატუსს დღევანდელი მოცემულობით და დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, ეს დღეს მაინც გაიგოს ხალხმა”, - განაცხადა მდინარაძემ. როგორც პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, საზოგადოებას აქვს ლეგიტიმური შეკითხვა, თუ კონსტიტუციის შესაბამისად იმოქმედა პრეზიდენტმა, ლოგიკურია, რომ თანხაც უნდა გამოიყენოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო თუ ამას არ აკეთებს, გამოდის, რომ კონსტიტუციის შესაბამისად არ მოქმედებდა”, - წერს სტატიის ავტორი.

“თქვენ ხართ ადამიანები, რომლებსაც არავითარი პრინციპი კი არა, თავმოყვარეობაც არ გაგაჩნიათ - ბიძინა ივანიშვილი თუ იტყვის ვარდისფერზე, რომ შავია, იტყვით, რომ შავია. ბიძინა ივანიშვილი თუ ხვალ იტყვის, რომ სალომე ზურაბიშვილი კარგია, თქვენც იტყვით, რომ კარგია”, - ასე მიმართა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ უმრავლესობის წევრებს. მისი თქმით, “ქართულ ოცნებას” საქართველოს ევროპული მომავალი არ აინტერესებს და აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი ხელისუფლებას ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წასვლას არ აპატიებს. “მოქალაქეების” ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, რეალურ პრობლემებზე საუბრის ნაცვლად, საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტ “სალომე ზურაბიშვილს ლანძღავს და შარს დებს” იმის გამო, რომ საზღვარგარეთ წასვლა მთავრობას არ შეუთანხმა, რითაც კონსტიტუცია დაირღვა. “დღეს სალომე ზურაბიშვილი თქვენთან მიმართებით სწორია, ის ევროპის გზაზე დგას, საქართველოს ინტერესებს იცავს, უკრაინის გვერდით არის, ანტირუსულ პოზიციებზეა და მისი გადაყენების მთავარი ამოცანა იყო, რომ გაგეჩერებინათ და მისი პარალიზება მოგეხდინათ. ამიტომ, ქალბატონ სალომეს მოვუწოდებ, ხვალ აიღეთ ბილეთი და წადით, იარეთ, იარეთ, როგორც დადიოდით ამათ და მტრის ჯინაზე”, - განაცხადა ოპოზიციონერმა რომან გოცირიძემ, რომლის აზრით, “ოცნებამ” სრული ფიასკო განიცადა”, - დასძენს სტატიის ავტორი.

“ზურაბიშვილს ებრძვის ორივე პარტია, რადგან ხელს უშლის “ოცნებასაც” და “ნაციონალებსაც” - ვახტანგ ძაბირაძე

“86 მომხრე, ერთი წინააღმდეგი. დეპუტატების არასაკმარისი ხმების გამო, საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი პარლამენტში ჩავარდა. ოპოზიცია, რომელმაც იმპიჩმენტის პროცესში მონაწილეობაზე უარი თქვა, აცხადებს, რომ “ქართულმა ოცნებამ” სრული პოლიტიკური, ზნეობრივი და სამართლებრივი ფიასკო განიცადა. მმართველი გუნდი თავს დამარცხებულად არ მიიჩნევს. როგორც ჩანს, შემდგომი პოლიტიკური ნახტომისთვის ემზადება, ანუ პრეზიდენტის უფლებების კიდევ უფრო შეზღუდვას გეგმავს, რადგან არის საუბრები იმაზე, რომ ქვეყნის შიგნით უცხოელ წარმომადგენლებთან საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრის საკითხი კანონის დონეზე უნდა მოწესრიგდეს. როგორ გაგრძელდება პრეზიდენტის, ხელისუფლების და ოპოზიციის ურთიერთობა, სალომე ზურაბიშვილმა უკვე განაცხადა, რომ მას არც კონსტიტუციის არსი და არც სულისკვეთება არ დაურღვევია; “როგორც ნიკო ნიკოლაძის შვილიშვილს, რომელიც გაასამართლეს, მაგრამ ვერაფერი ვერ დააკლეს, ქვეყანაში მრავალგზით და ფორმით ევროპა მაინც შემოიყვანა”, ამიტომ, მასაც არაფრის ეშინია და დღეს მხოლოდ ერთი გეგმა აქვს, ამ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მოპოვება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ზურაბიშვილს ებრძვის ორივე პარტია, რადგან ხელს უშლის “ოცნებასაც” და “ნაციონალებსაც” - ვახტანგ ძაბირაძე.

სალომე ზურაბიშვილის მომავალ პოლიტიკურ ცხოვრებასთან მიმართებაში განსხვავებული მოსაზრებებია ექსპერტულ წრეებში. გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ ვერდიქტი სასამართლოს მიერ გამოტანილია და სალომე ზურაბიშვილს ძალიან სერიოზული პოლიტიკური და რეპუტაციული ზიანი უკვე მიადგა. ნაწილი კი მიიჩნევს, რომ იმპიჩმენტის ჩავარდნის შემდეგ მისი რეიტინგი საგრძნობლად გაიზრდება. “სალომე ზურაბიშვილს ებრძვის ორივე პარტია “ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა”, რადგან ორივეს ხელს უშლის, ამიტომ, არ არის გამორიცხული, რომ ის დამოუკიდებელ ლიდერად ჩამოყალიბდეს, მესამე ძალის პოლიტიკურ ლიდერად. “ზურაბიშვილი იმავე სტილში გააგრძელებს მოქმედებას და უკან არ დაიხევს. ნდობა და რეიტინგი რომ არ დაკარგოს, ზურაბიშვილმა ზუსტად უნდა აწონ-დაწონოს მოვლენები და მოზომილი ნაბიჯები გადადგას”, - განაცხადა “რეზონანსთან” ვახტანგ ძაბირაძემ. პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, სიტუაცია ბუნდოვანია და ძნელია პროგნოზის გაკეთება, როგორ დალაგდება პრეზიდენტის ურთიერთობა ხელისუფლებასთან და ოპოზიციასთან”, - აღნიშნავს გამოცემა.

“არ მეგონა, რომ საქმე აქამდე მივიდოდა, მაგრამ სიტუაცია ჯერჯერობით ბუნდოვანია. უფრო ველოდი, რომ სალომე ზურაბიშვილი კონფლიქტზე უარს იტყოდა. კარგი იქნებოდა მისი სტილი პოლიტიკურ სიმაღლეზე ყოფილიყო, მაგრამ ის გადაეშვა იმ სტილში, რომლითაც ერთმანეთს ებრძვიან ოპოზიცია და ხელისუფლება. რაც შეეხება მის მომავალ პოლიტიკურ ცხოვრებას, არა მგონია, რომ ოპოზიციას სალომე უნდოდეს. ის ოპოზიციისთვის მანამდე არის საინტერესო, სანამ ხელისუფლებას აკრიტიკებს; ოპოზიცია სალომეს არ ენდობა, ერთმანეთს არ ენდობიან... საკმარისია პრეზიდენტის მოქმედებაში მკვეთრი მოძრაობები შენიშნონ, რომ თვითონვე გზას ჩაუხერგავენ. რაში სჭირდება ოპოზიციას ზედმეტი ლიდერი თავის რიგებში?” - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

“მის მიმართ ინტერესი დიდი არ იქნება, რადგან ზურაბიშვილი უპარტიო პოლიტიკოსია, ანუ ამ პოლიტიკურ სპექტრში ის ანგარიშგასაწევი ძალა ვერ იქნება, საზოგადოებაშიც ბოლო მოვლენების გამო ავტორიტეტი დაკარგა. მრჩება შთაბეჭდილება, რომ არც სალომე ზურაბიშვილის სურვილია მომავალი პოლიტიკური გეგმები საქართველოს დაუკავშიროს, უფრო დასავლეთი ეგულება ნავსაყუდელად. ეს დაპირისპირებაც ხელისუფლებასთან და აჟიოტაჟი უფრო იმისთვისაა, რომ დასავლეთის თვალში გმირი და მსხვერპლი გამოჩნდეს. აქ მის კარიერას დასავლეთი ვერ უზრუნველყოფს, თანაც ერთი წლის განმავლობაში მისი უფლებები უფრო შესუსტდება, და ძალიან ცუდი საყურებული იქნება პრეზიდენტისა და ხელისუფლების ურთიერთობა” , - დაასკვნის რამაზ საყვარელიძე.

რა ზეგავლენას მოახდენს ბაიდენის ვიზიტი ისრაელი-ჰამასის ომზე - სიტუაციის განვითარების რამდენიმე ვერსია

“პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აშშ-დან პირდაპირ ისრაელში ჩავიდა, რადგან მისი იორდანიაში ვიზიტი აღარ შედგა. სამიტის გაუქმების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პალესტინის ლიდერმა, მაჰმუდ აბასმა ღაზას სექტორში ალ-აჰლის არაბულ საავადმყოფოს აფეთქების შემდეგ, პროტესტის ნიშნად, შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ისრაელმა კი ბაიდენის ვიზიტს “ღრმად ამაღლელვებელი” უწოდა. აღსანიშნავია, რომ ისრაელი სახმელეთო ოპერაციის დაწყებისგან ამ დრომდე თავს იკავებს, როგორც სამხედრო სპეციალისტები ამბობენ, არაა გამორიცხული, რომ ბაიდენის ვიზიტმა და ღაზას საავადმყოფოში მომხდარმა აფეთქებამ და საერთაშორისო გამოხმაურებებმა ეს ოპერაცია გადადოს, ან საერთოდაც გააუქმოს და ისრაელმა მიზნები სხვა გზით განახორციელოს. ისრაელის თავდაცვის ძალები დრონით გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს და აცხადებს, რომ ალ-აჰლის ბაპტისტურ საავადმყოფოს ტერიტორიაზე აფეთქება ისრაელის შეტევას არ გამოუწვევია, რადგან ასეთ დროს აფეთქების შემდეგ კრატერი დარჩებოდა და არა ცეცხლმოკიდებული ავტოსადგომი. ისრაელის თავდაცვის ძალებმა განმარტა, რომ აფეთქების ადგილზე დიდი ხანძარი გაჩნდა, მაგრამ იქ კრატერი არ არის. მათი შეტევები კი, როგორც წესი, თავდასხმის ადგილებზე დიდი ზომის ხვრელებს ტოვებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა ზეგავლენას მოახდენს ბაიდენის ვიზიტი ისრაელი-ჰამასის ომზე - სიტუაციის განვითარების რამდენიმე ვერსია.

“ისრაელის მხარის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში საავადმყოფოს ავტოსადგომი ჩანს, სადაც დიდი აფეთქება მოხდა, რომელსაც როგორც პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, ასობით მსხვერპლი მოჰყვა. მათი რიცხვი დაახლოებით 500-ს შეადგენს. ალ-აჰლის არაბულ საავადმყოფოში მომხდარი აფეთქების გამო, რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის ლიბანში და თურქეთში, საპროტესტო აქციები გაიმართა. ასობით პალესტინელი შეიკრიბა დასავლეთ სანაპიროს ქალაქებში, მათ შორის რამალაში, სადაც მომიტინგეებსა და პალესტინელ უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკება მოხდა. ასობით დემონსტრანტსა და ლიბანის უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკება მოხდა ლიბანში, აშშ-ის საელჩოსთანაც, რომელიც დედაქალაქ ბეირუთთან ახლოს მდებარეობს. ასობით ადამიანი შეიკრიბა ბეირუთში საფრანგეთის საელჩოსთან, სადაც “ჰეზბოლას” დროშები აღმართეს და საელჩოს შენობას ქვები დაუშინეს. ლიბანში, მოძრაობა “ჰეზბოლამ”, საავადმყოფოში მომხდარი აფეთქების გამო, ოთხშაბათი “მრისხანების დღედ” გამოაცხადა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, “ჰამასის” ორი მეთაური საჰაერო იერიშების შედეგად დაიღუპა. მათი თქმით, შეტევების სამიზნეები, “ჰამასის” ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების ჯგუფის ხელმძღვანელი მუჰამედ აუდალა და “ჰამასის” საზღვაო ძალების მეთაური აკრამ ჰიჯაზი, იყვნენ. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მათ შეტევები “ჰამასის” სამეთაურო ცენტრებზე, რაკეტების გამშვებ ობიექტებსა და სამხედრო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის ზოგიერთ გვირაბზე განახორციელეს. პალენსტინის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ღაზის სექტორში ისრაელის მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმების შედეგად დაღუპულია 3 200 და დაჭრილია 11 000 ადამიანი. რაც შეეხება ისრაელს, მსხვერპლი აქაც იზრდება, დაღუპულია 1500-მდე ადამიანი და 4 ათასზე მეტია დაჭრილი”, - განაგრძობს გამოცემა.

“აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს აეროპორტში ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ დახვდა. ისრაელის მედია წერს, რომ ბაიდენი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და მთავრობის სხვა ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებებს გამართავს. აშშ-ის პრეზიდენტი, ისრაელში ვიზიტისას, ასევე “ჰამასის” ტყვეობაში მყოფი ამერიკელების ოჯახის წევრებს შეხვდება. ნეთანიაჰუმ ისრაელში ჯო ბაიდენის ვიზიტს “ღრმად ამაღელვებელი” უწოდა. “მინდა მადლობა გადაგიხადოთ დღეს აქ ჩამოსვლისთვის და იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც თქვენ ისრაელს ამ რთულ დროს გამოუცხადეთ. მხარდაჭერა, რომელიც ამერიკელი ხალხის აბსოლუტურ ნებას გამოხატავს”, - განაცხადა ნეთანიაჰუმ. მისი თქმით, ბაიდენმა “სწორად გაავლო ზღვარი ცივილიზაციის ძალებსა და ბარბაროსულ ძალებს შორის” და დაამატა, რომ მან ისრაელის მტრებს “მკაფიო გზავნილები გაუგზავნა, რათა მათ არ გამოცადონ ისრაელი”. შეხვედრის დასასრულს, ნეთანიაჰუმ მადლობა გადაუხადა ბაიდენს ისრაელის გვერდით დგომისთვის “დღეს, ხვალ და ყოველთვის”, - დასძენს გამოცემა.

“ბაიდენი იორდანიაში აღარ ჩავა, რადგან ქვეყნის ხელისუფლებამ მეფე აბდულა II-სთან, ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ-ფატაჰ ელ-სისისთან და პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასთან მისი შეხვედრა გააუქმა. იორდანიამ სამიტის გაუქმების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პალესტინის ლიდერმა, მაჰმუდ აბასმა ღაზას სექტორში საავადმყოფოს აფეთქების შემდეგ, პროტესტის ნიშნად, შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. თეთრმა სახლმაც დაადასტურა, რომ ჯო ბაიდენი იორდანიის დედაქალაქ ამანს აღარ ეწვევა. სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ “არსენალის” მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი აცხადებს, რომ დიდია იმის რისკი, რომ ისრაელის ომში სხვა ქვეყნებიც ჩაერთვნენ, ამიტომაც არაა გამორიცხული, რომ აშშ სახმელეთო ოპერაციის დაწყებისგან აჩერებს. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია კი ამბობს, რომ ბაიდენი ისრაელში მძიმე სიტუაციის ფონზე ჩავიდა და არაა გამორიცხული, რომ შეეცადოს და სახმელეთო ოპერაციის დაწყება გადააფიქრებინოს”, - წერს სტატიის ავტორი.

“ფაქტია, რაც “ჰამასმა” ისრაელის სამხრეთში დივერსიულ ტერორისტული შეჭრა მოაწყო, მას შემდეგ ისრაელს სურს, რომ “ჰამასს” უფრო ძლიერად შეუტიოს, ვიდრე ეს სერიოზული და დაუნდობელი საჰაერო დაბომბვებია, მაგრამ, როგორც ჩანს, დასავლეთი და პირველ რიგში აშშ სახმელეთო ოპერაციის დაწყებისგან აქამდე აჩერებენ. არის ინფორმაცია და ეს ნელ-ნელა უფრო რეალური ხდება, რომ ამ ომში უკვე სხვა ქვეყნებიც ჩაერევიან და ისრაელს სხვა ფრონტებსაც გაუხსნიან, ჩრდილოეთში “ჰეზბოლა”, იორდანიის დასავლეთ ნაპირზე დიდი აჯანყებები მოხდება და სირიიდანაც შეიძლება განახორციელონ დარტყმები. ეტყობა ამის საშიშროებაა და ბაიდენს ამიტომაც სურდა ჯერ სირიაში ჩასვლა, მერე იორდანიაში გადასვლა და იქ ამ ქვეყნების წარმოადგენლებთან შეხვედრა, მაგრამ საავადმყოფოს აფეთქების გამო, ეს გადაიდო. თუმცა, ამ საავადმყოფოსთან დაკავშირებით საქმე ისე არაა, როგორც თავიდან წარმოაჩინეს, თითქოს ისრაელმა დაბომბა. დიდი შანსია, რომ საავადმყოში სწორედ “ჰამასის” მიერ გასროლილი რაკეტა ჩამოვარდა. ყოველ შემთხვევაში, ვიდეოკადრებოდან ასეთი დასკვნის გამოტანა შეიძლება, თუმცა ეს კარგად იქნა გამოყენებული ისრაელის ანტიპიარ კამპანიისთვის”,- აცხადებს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას ირაკლი ალადაშვილი.

“თუ რატომ ჩავიდა ბაიდენი ისრაელში, ამის კონკრეტული მიზეზის თქმა ცოტა რთულია. არაა გამორიცხული, რომ საუბრები იყოს იმაზე, რომ სახმელეთო ოპერაციაზე ხელი აიღოს. მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ღაზის სექტორში საავადმყოფოს რაკეტა მოხვდა და საკმაოდ მძიმე ფონია, ამის გამო ამანში ოთხმხრივი მოლაპარაკება გადაიდო, სადაც საერთო ენა უნდა გამოენახათ. ეს სიტუაციას სერიოზულად შეცვლის სამხედრო დაპირისპირების ფორმატში. აშშ ისრაელს სოლიდარობას უცხადებს და მის გვერდით დგას, თუმცა, შეეცდება, რომ სახმელეთო ოპერაციის დაწყება შეაჩეროს და დაარწმუნოს, რომ მიზნები სხვა გზებით განახორციელოს, რადგან მძევლებში ამერიკელებიც არიან და მათი გათავისუფლება ბაიდენის ინტერესებშია”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა