ილია დარჩიაშვილი - საქართველომ დაამტკიცა, რომ არის სანდო პარტნიორი როგორც ევროკავშირისთვის, ასევე ჩინეთისთვის - აქტიურად ვიყენებთ შეთანხმებით მიღებულ შესაძლებლობებს და ვზრდით ვაჭრობის მოცულობას

საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა რეგიონში, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ერთდროულად, ევროკავშირთან (2014 წლიდან) და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან (2018 წლიდან) აქვს გაფორმებული. საქართველომ დაამტკიცა, რომ არის სანდო პარტნიორი როგორც ევროკავშირისთვის, ასევე ჩინეთისთვის; ჩვენ აქტიურად ვიყენებთ ამ ორივე შეთანხმებით მიღებულ შესაძლებლობას და ვზრდით ვაჭრობის მოცულობას ორივე მიმართულებით, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენენ.

მისი თქმით, ჩინეთის და საქართველოს მიერ დეკლარირებული მიზნები არ გულისხმობს საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის მოდიფიკაციას და სრულ შესაბამისობაშია საქართველოს განვითარების სტრატეგიასთან.

„ჩინეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს მიღებული ერთობლივი განცხადება არის დეკლარაციული ხასიათის და გამოხატავს მხარეთა სურვილს პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების შესახებ. განცხადების თანახმად, საუბარია თანამშრომლობაზე პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში, საერთაშორისო საკითხებში, რეგიონალური და გლობალური მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების ერთობლივად უზრუნველყოფაზე. მიგვაჩნია, რომ მხარეთა მიერ დეკლარირებული მიზნები არ გულისხმობს საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის მოდიფიკაციას და სრულ შესაბამისობაშია საქართველოს განვითარების სტრატეგიასთან.

მოგეხსენებათ, რომ საქართველო და ჩინეთი უძველესი აბრეშუმის გზის მონაწილე ქვეყნებს წარმოადგენენ და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მრავალსაუკუნოვანი ისტორია აკავშირებთ. 2018 წლის იანვრიდან მოქმედებს საქართველოს და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა ვაჭრობა, განსაკუთრებით კი, საქართველოს ექსპორტი ჩინეთის ბაზარზე. შედეგად, ჩინეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების სამეულში შედის. დღეისთვის, რეგიონში მხოლოდ საქართველოს აქვს ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რაც, თავის მხრივ, ხაზს უსვამს ჩინეთისთვის საქართველოს გამორჩეულ როლს რეგიონში.

საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა რეგიონში, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ერთდროულად, ევროკავშირთან (2014 წლიდან) და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან (2018 წლიდან) აქვს გაფორმებული. საქართველომ დაამტკიცა, რომ არის სანდო პარტნიორი როგორც ევროკავშირისთვის, ასევე ჩინეთისთვის; ჩვენ აქტიურად ვიყენებთ ამ ორივე შეთანხმებით მიღებულ შესაძლებლობას და ვზრდით ვაჭრობის მოცულობას ორივე მიმართულებით.

ჩინეთი დღევანდელი მსოფლიოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოთამაშეს წარმოადგენს, რომელთანაც სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობები დამყარებული და შესაბამისი შეთანხმება ხელმოწერილი აქვს 60-ზე მეტ ქვეყანას. მათ შორის: „ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა“ - ამერიკის და ევროპის 40 ქვეყანას; "სტრატეგიული პარტნიორობა" - ევროპის, ამერიკის, აზიის, წყნარი ოკეანისა და აფრიკის, 20 ქვეყანას; ასევე, ევროკავშირს, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციას (ASEAN) და აფრიკის კავშირს (AU). უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან თანამშრომლობის მოქმედ ფორმატში (Cooperation between China and Central and Eastern European Countries = China-CEEC) ჩართულია ევროკავშირის არაერთი ქვეყანა და შესაბამისად, საქართველოს დამკვირვებლის სტატუსით ამ ფორმატში მონაწილეობა მნიშვნელოვანია ევროპის ქვეყნების გამოცდილების გაზიარებისა და საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი სატრანზიტო ჰაბის ფუნქციის შემდგომი განმტკიცებისთვის“, - აღნიშნა დარჩიაშვილმა.

მინისტრის თქმით, ევროპისა და აზიის ქვეყნებიდან, მათ შორის ჩინეთიდან, საქართველოს გავლით ტვირთბრუნვის მოცულობების გაზრდის თვალსაზრისით, სწორედ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან დაკავშირებადობის გაზრდაა მთავარი ამოცანა.

„შესაბამისად, საქართველოს, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს და ჩინეთს შორის თანამშრომლობის გააქტიურებას და სამუშაოების კოორდინაციას სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზაციის კუთხით, განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ე.წ. „შუა დერეფნის“ ეფექტიანობის გაზრდისა და მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლებისთვის. ამასთან, ჩინეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ჩართულობა ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის შემდგომ განვითარებაში ხელს უწყობს, საქართველოს, როგორც აზია-ევროპის დამაკავშირებელი ალტერნატიული სატრანსპორტო მარშრუტის უსაფრთხოებასა და სანდო სატრანსპორტო მარშრუტის პოპულარიზაციას.

ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებოდით ჩინეთის და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების თანამშრომლობის ფორმატში მიმდინარე პროცესებს, რომლებიც მიმართულია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ერთობლივი საინვესტიციო და ბიზნესპროექტების განხორციელებისკენ, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ევროპული ქვეყნების თანამშრომლობას ჩინეთთან.

2017 წლის თებერვალში, საქართველომ ოფიციალური თხოვნით მიმართა სამდივნოს ამ ფორმატში დამკვირვებელი ქვეყნის სტატუსის მიღების თაობაზე, რასაც წინ უძღოდა მონაწილე ევროპული ქვეყნების და ჩინეთის წარმომადგენლებთან სხვადასხვა დონეზე ჩატარებული ინტენსიური კონსულტაციები. სამწუხაროდ, იმ დროისთვის, ჩვენი თხოვნა ვერ დაკმაყოფილდა. ბოლო პერიოდში, ურთიერთობების ინტენსიფიკაციის ფონზე, ჩინურმა მხარემ გამოხატა მზადყოფნა, მხარი დაეჭირა საქართველოს ამ სურვილისთვის, რაც ჩინეთის უმაღლესი ხელისუფლების მხრიდან კვლავ დადასტურდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გამართული უმაღლესი დონის შეხვედრების დროს“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

ამასთან, მინისტრის განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით, ჩინეთის მთავრობა საქართველოს აღიარებს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნად, რაც ზრდის საქართველოს, როგორც აზია-ევროპის დამაკავშირებელი ჰაბის დატვირთვას და ამ მნიშვნელოვანი ფუნქციის მაქსიმალურად ეფექტურად შესრულების შესაძლებლობებს.

როგორც დარჩიაშვილმა განმარტა, ჩინეთისა და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების თანამშრომლობის ფორმატში მონაწილეობა, თავის მხრივ, ხაზს უსვამს და ამყარებს საქართველოს ევროპულ ოჯახთან კუთვნილებას.

„საქართველოსთვის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან თანამშრომლობის ერთ ფორმატში ყოფნა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ამით საქართველო კიდევ ერთხელ მოახდენს საკუთარი თავისა და ადგილის იდენტიფიცირებას ევროპის სივრცესთან - დაადასტურებს იმ ფაქტს, რომ პოლიტიკური და გეოგრაფიული თვალსაზრისით, საქართველო ევროპის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.

14+1 ფორმატი საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების ერთგვარ დამატებით მექანიზმად შეგვიძლია განვიხილოთ, განსაკუთრებით, ევროკავშირში კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით გაკეთებული განაცხადის ფონზე. 14+1 ფორმატში დამკვირვებლის სტატუსის მოპოვება ქართულ მხარეს შესაძლებლობას მისცემს ფორმატში მიმდინარე პროცესების, ერთობლივი პროექტების და გეგმების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში, რაც, თავის მხრივ, უაღრესად სასარგებლო იქნება ჩვენთვის“, - განაცხადა მინისტრმა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა