ზაზა ბიბილაშვილი - „ოცნების“ რიტორიკის ცვლილება ცოტა შემაშფოთებელია, ვინაიდან მათი ნათქვამი პირიქით უნდა გავიგოთ - საუბარი, რომ სტატუსის მიღების 100%-იანი შანსია, შეიძლება გვაფიქრებინებდეს, რომ უარყოფითი სიგნალები აქვთ

“ჭავჭავაძის ცენტრის” ხელმძღვანელის, ზაზა ბიბილაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ რიტორიკა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღების 100%-იანი შანსი აქვს, შემაშფოთებელია და შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ პირიქით, ხელისუფლებას „უარყოფითი სიგნალები აქვს“.

როგორც ბიბილაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, კანდიდატის სტატუსზე საუბრისას აღსანიშნავია ის, „მივიღებთ თუ არა მას ხელისუფლების ქმედებათა მიუხედავად და არა ამ ხელისუფლების ქმედებათა გამო“.

„შევნიშნე „ქართული ოცნების“ რიტორიკის ცვლილება და ცოტა შემაშფოთებელია, ვინაიდან, როგორც წესი, „ქართული ოცნების“ ნათქვამი პირიქით უნდა გავიგოთ ხოლმე. საუბარი, თითქოს სტატუსის მიღების 100%-იანი შანსია, შეიძლება გვაფიქრებინებდეს, რომ უარყოფითი სიგნალები აქვთ. მენიშნა ორბანის სიტყვები, როდესაც ერთმანეთს ადარებს საბჭოთა კავშირსა და ევროპის კავშირს; ადარებს ერთმანეთს მოსკოვსა და ბრიუსელს. ამ ადამიანზე გვეუბნებიან ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ თურმე, ორბანი ყოფილა ჩვენი გასაღები ევროკავშირში და რომ თურმე, ორბანი დაგვილაგებს ურთიერთობას ბრიუსელთან - ეს აპრიორი ტყუილია. მეტიც, ორბანი ევროკავშირში კეთროვანია და მას ტოტალური შეუთავსებლობა აქვს ევროკავშირის ღირებულებებთან. ევროკავშირს თუ რამე არ სურს, ეს არის ახალი ორბანი საკუთარ საზღვრებში. ჩვენი ხელისუფლება კი ყოველდღიურად ყველაფერს აკეთებს, რათა მსოფლიოს ანახოს, რომ დიახ, ეს არის „ქართული ოცნება“ და ის იქნება ახალი ორბანი.

რაც შეეხება იმას, თითქოს 100%-იანი შანსია სტატუსის მიღების - ქართველი ხალხი ამას რომ იმსახურებს, ეჭვი არავის აქვს; ევროპას რომ უნდა, რომ საქართველო იყოს კანდიდატის სტატუსის მქონე, შემდეგ კი წევრი, ამაშიც ეჭვი არავის ეპარება. ერთადერთი გამოწვევა, რატომაც ვმკითხაობთ, რაღაც იქნება თუ არა, ისაა, რომ ხელისუფლებაში „ქართულო ოცნებაა“, - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ პირობებში ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსი ფორმალური წინსვლა იქნება.

„იმედი მაქვს, სტატუსს მივიღებთ, რადგან „ქართული ოცნება“ წავა და ქართველი ხალხი დარჩება. „ქართული ოცნების“ პირობებში სტატუსი ილუზორული, ფორმალური წინსვლა იქნება, რადგან როგორ წარმოგიდგენიათ დემოკრატია, მართლმსაჯულება ან თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები „ქართული ოცნების“ პირობებში? მე რომ ახლა არაფერი ვთქვა, გავა 2-3 წელიწადია და (როგორც სალომე ზურაბიშვილზე თქვეს, არავინ იყო და სპეცოპერაციის გზით ჩვენ დავსვით სავარძელშიო) ღმერთმა უწყის, რას იტყვიან იმ ადამიანებზე, რომლებიც დღეს არიან სათავეში“,- განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

რაც შეეხება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტს და იმას, რა გზავნილები შეიძლება მიიღოს ხელისუფლებამ, ზაზა ბიბილაშვილი ამბობს, რომ „ევროკავშირის გადმოსახედიდან საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობა ძალიან რთულია“.

მისივე თქმით, ის, რომ ხელისუფლება პროდასავლური არაა, ეს ცხადი ფაქტია და ის, რაც „ქართულ ოცნებას“ უნდა, ხელისუფლების შენარჩუნებაა.

„ევროკავშირის გადმოსახედიდან საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობა ძალიან რთულია, ვინაიდან, მთავარი გამოწვევა გახლავთ ის, რომ ადამიანები, რომლებიც მათ ესაუბრებიან, გადაწყვეტილების მიმღებები არ არიან. მათ ესაუბრება ადამიანი, რომელიც რეალურად შიკრიკია და დე-ფაქტო ძალაუფლება არ გააჩნია. მათ დანამდვილებით იციან, რომ ასეა. ეს ართულებს კომუნიკაციას, განსაკუთრებით იმ ვითარებაში, როდესაც პირდაპირ ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არაფერი რომ არ გააკეთოს, ჩათვალეთ, რომ სტატუსი გარანტირებულია. მაგრამ ხელისუფლება თითქოს ჯინაზე, განგებ აკეთებს ყველაფერს, რომ სტატუსი არ მივიღოთ - რუსული კანონიდან დაწყებული, რუსეთთან ფრენების აღდგენით გაგრძელებული, მართლმსაჯულების სფეროში უკან სვლა, ჩინეთთან ურთიერთობა - სრულიად არასწორი ვექტორია საგარეო ვექტორის - ხან აზიაში მიემართებიან, ხან აფრიკაში“,- განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

გარდა ამისა, ბიბილაშვილმა უპასუხა კითხვას, ოჩამჩირეში რუსული სამხედრო საზღვაო ბაზის შექმნის შესახებ გადაწყვეტილების თაობაზე და აღნიშნა, რომ ეს საქართველოს დეოკუპაციას გაართულებს. მისივე თქმით, ამ თემაზე ხელისუფლებამ „განგაშის ზარები უნდა შემოკრას“.

„ოჩამჩირეში თუ გადავიდა შავი ზღვის ფლოტი, ჩათვალეთ, გაცილებით უფრო გართულდება საქართველოს დეოკუპაცია, ვინაიდან, რუსეთისთვის ეს იქნება ბოლო მაშველი რგოლი შავ ზღვაზე. სამწუხაროა, მაგრამ ლოგიკურია, რომ საქართველოს ხელისუფლება ხმას არ იღებს ამ თემაზე. განგაშის ზარები უნდა შემოკრან მსოფლიოს მასშტაბით, რა დროს კენიაში და ანგოლაში მგზავრობაა? რა დროს, თუნდაც ჩინეთია, როდესაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, დე-ფაქტო საოკუპაციო ზოლთან რუსეთი თავის მთავარ სამხედრო, საზღვაო ბაზას აშენებს. წარმოიდგინეთ, ოჯახში შემოვარდა ყაჩაღი და ოჯახის მამაკაცი წევრები გეუბნებიან - მიდით წინ ქალები, რადგან ქალებს არ გესვრიან; იმ ოთახში შევიდა? რა პრობლემაა; სამზარეულოში გავიდა? იყოს; დიდ ოთახში შემოვიდა? რა პრობლემაა. რაც შეეხება „ქართული ოცნების“ პოლიტიკას: „გვაცადეთ მშვიდობა“ - ამას აკეთებენ, რადგან თვითონ იყვნენ კარგად“,- განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა