ქართული პრესის მიმოხილვა 20.11.2023

სანდრო თვალჭრელიძე - “დიახ, სალომე ზურაბიშვილს სურს „მესამე ძალის“ შექმნა, მაგრამ...”

გადამწყვეტი მომენტი ენმ-ისთვის - მოხდება თუ არა ახალი დიდი გაყოფა "ვარდების რევოლუციის" მე-20 წლისთავზე

ვახტანგ მეგრელიშვილი - “ქართველ ამომრჩეველს არსებული სტატუს-კვო ურჩევნია გაუგებარ მომავალს“

ღაზის ჩრდილოეთი ალყაშია, დასავლეთში კი რეგიონის ახალ პოლიტიკურ მოწყობაზე მსჯელობენ - შეიქმნება თუ არა ომის შემდეგ პალესტინის სახელმწიფო

უკრაინის კონტრშეტევა უშედეგოდ მთავრდება, რატომ?

* * *

სანდრო თვალჭრელიძე - “დიახ, სალომე ზურაბიშვილს სურს „მესამე ძალის“ შექმნა, მაგრამ...”

“გორბის” კვლევით 105% რომ არა აქვს “ქართულ ოცნებას”, არ გიკვირთ? ხუმრობა იქით იყოს და, უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს, თუ ვის გამოჰკითხავ. დარწმუნებული ვარ, “გორბიში” ძალიან კარგად იციან, ამას რაოდენი მნიშვნელობა აქვს. იციან, თუ როგორ ხდება ამისთვის რესპონდენტების შერჩევა, იციან, რომ ეს უნდა იყოს მთელი ქვეყნის მასშტაბით პროპორციულად განაწილებული და ა.შ. დარწმუნებული ვარ, სწორედ ამ შერჩევის დროს გააკეთეს ყველაფერი ისე, რომ “რომელიღაც” პარტიისთვის რეიტინგი აეწიათ. მონაცემების დამუშავებას თუ ნახავთ, ვფიქრობ, იქ უზუსტობა არ იქნება, არ იქნება რიცხვები ჩასწორებული, უბრალოდ, ისე შეარჩიეს ხალხი, რომ მიეღოთ ის შედეგი, რაც წინასწარ ჰქონდათ დაგეგმილი. ორი დანარჩენი კვლევა შედარებით რეალური ჩანს, თუმცა გამიჭირდება ამ რეიტინგების რაოდენობრივ მახასიათებლებზე ლაპარაკი, ამიტომ მხოლოდ თვისებრივ მახასიათებლებს შევეხები”, - აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “დიახ, სალომე ზურაბიშვილს სურს „მესამე ძალის“ შექმნა, მაგრამ...”

“საუბედუროდ, ამ გამოკითხვებშიც ჩანს, რომ ორი ძალა იბრძვის იმისთვის, რომ მათ გარდა არავინ შევიდეს მომავალ პარლამენტში. “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას” სურთ, რომ მომავალი პარლამენტი მხოლოდ მათგან დაკომპლექტდეს. ჩემი დაკვირვებით, ეს არ გამოუვათ და მომავალი პარლამენტი ორპარტიული არ იქნება. თითქმის დარწმუნებული ვარ, სულ ცოტა, გახარიას პარტია შევა პარლამენტში და ვიმედოვნებ, მთავრობის დასაკომპლექტებლად კოალიციის შექმნა გახდება საჭირო. როგორი იქნება ამ კოალიციის სტრუქტურა, წესით, უკვე 4-5 თვეში უნდა გამოჩნდეს. ვფიქრობ, 5%-იანი ბარიერის პირობებში ეს სამი პარტია აუცილებლად გავა. კი ითხოვს ოპოზიცია, მაგრამ არ ველი, რომ ხელისუფლება ბარიერს შეამცირებს. აქვე იმედს გამოვთქვამ, რომ ამ სამი პარტიის გარდა კიდევ მოახერხებს რომელიმე პოლიტიკური ძალა პარლამენტში მოხვედრას. საუბედუროდ, ამ პატარა ოპოზიციურ პარტიებში, რაც ნაკლები რეიტინგი აქვთ, მით მეტს ყვირიან - ძალიან დიდი ამბიციები აქვთ, მოწყვეტილი არიან რეალობას და ვერ ხვდებიან, რომ ეს რიგით ამომრჩეველს ძალიან აღიზიანებს. ეს არაადეკვატურობა ყოველთვის დამაზიანებელია”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე.

“ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში ვერ ხვდებიან, რომ მოსახლეობას ზომიერები სურს. მორჩა, დასრულდა ის დრო, როცა ძალის დემონსტრირებით და მუშტის ქნევით იწერდნენ რეიტინგებს. ჩვენი პოლიტიკოსები ვერა და ვერ გამოვიდნენ წარსულის ბურუსიდან, ნახეთ, რას აკეთებენ პარლამენტში, ლანძღვა-გინება და გაწევ-გამოწევა აქვთ ლამის ყოველდღე, არადა, ხალხს მშვიდი ცხოვრება უნდა, მოჰბეზრდა მუდმივად სტრესულ რეჟიმში ცხოვრება. ის, რომ ამდენი ძალადობრივი დანაშაული ხდება ქვეყანაში, მამა შვილს არ ინდობს და შვილი მამას, ქორწილში მეგობრები ერთმანეთს სასიკვდილოდ იმეტებენ და ა.შ., შემთხვევით არ ხდება, თქვენ გგონიათ, ამ ყველაფერში პოლიტიკურ ელიტას არ მიუძღვის ბრალი? ჩემი აზრით, მათი როლი ამაში საკმაოდ დიდია. საზოგადოების ნაწილი, განსაკუთრებით მათი შემყურე ახალგაზრდები, მათგან ტოლერანტობას კი არა, ექსტრემიზმს სწავლობენ. თუ პარლამენტი არის ჩვენი საზოგადოების სახე, გამოდის, ისეთივე საზოგადოება გვაქვს, როგორი ლანძღვა-გინებაც ისმის დღეს პარლამენტში. პოლიტიკოსებმა უნდა გაიაზრონ, რომ ქვეყანაში არსებულ ვითარებაში მათი წვლილი უდიდესია”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს ორიგინალში ანუ ფრანგულად გავეცანი და შემიძლია გითხრათ, რომ ბევრი ნიუანსი თარგმანში დაიკარგა. ფრანგული თავისებური ენაა და იქ ნახევარტონებს, პატარ-პატარა აქცენტებს დიდი მნიშვნელობა აქვს. როდესაც ოლიგარქობაზე ლაპარაკობდა, ივანიშვილი მთლად ოლიგარქად არ მოუხსენებია, დაახლოებით ასე თქვა, ოლიგარქიული ელფერის ფიგურააო. სალომე ზურაბიშვილი არის დასავლური წესებით აღზრდილი ადამიანი და არასდროს იტყვის იმას, რისი დამტკიცებაც არ შეუძლია. შესაბამისად, ის მაინც მოზომილი იყო, თუმცა გეთანხმებით, ამჯერად მან იმაზე მეტი რამ თქვა ივანიშვილზე, ვიდრე აქამდე მოგვისმენია. თუმცა მე მაინცდამაინც არ ვეთანხმები იმაში, რომ ის მართავს დღეს ხელისუფლებას. ჩემი აზრით, ივანიშვილი მხოლოდ მაშინ ერევა საქმეში, როდესაც კონკრეტულად მას შეეხება თემა თუ პრობლემა, დანარჩენ შემთხვევაში ეს “ბავშვები” მიყრილი ჰყავს და ესენიც “თამაშობენ” ”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“ჩემი აზრით, ჩვენი ხელისუფლება პრორუსული კი არა, კონფორმისტია. როგორც კი რუსეთი უკრაინაში დამარცხდება, პირველი მტერი რუსეთის ეს პოლიტიკური ელიტა გახდება. მათ ყველა ფეხზე ჰკიდიათ, რუსეთიც, უკრაინაც, ევროკავშირიც. ეს ხალხი მხოლოდ თავის თავზე ფიქრობს. მათ თვითგადარჩენისთვის აუცილებლად სჭირდებათ მშვიდობა, რა ფასიც არ უნდა დაუჯდეთ. ეს სჭირდებათ თავისი ქონების, ძალაუფლების და ა.შ. გადასარჩენად. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, ის ხვდება, რომ მას არანაირი იმპიჩმენტი არ ემუქრება და ისე იქცევა, როგორც საჭიროდ მიაჩნია. ფიქრობს არა მარტო პრეზიდენტობის დარჩენილ ვადაზე, არამედ თავის სამომავლო ბედზეც, ეს კი 120%-ით ევროპასთან არის გადაჯაჭვული, და ის ახლა ყველას აჩვენებს თავის პროევროპულ განწყობას, რაც ქართველი ერის მისწრაფებების თანმხვედრია. ძალიან საინტერესო ინიციატივებით გამოდის, ხვდება სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს. ახლახან შეხვდა კულტურის სფეროს მუშკებს, შემდგომ ხელი მოაწერეს იმ ცნობილ დეკლარაციას "ჩემი ხმა ევროპას". ეს მნიშვნელოვანია ქვეყნისთვისაც”, - ამბობს სანდრო თვალჭრელიძე.

“მე წარმოდგენა არა მაქვს, როგორ ხედავს ის თავის პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებას უახლოეს წლებში. ვნახოთ, რას მოიმოქმედებს. დიდი იმედი მაქვს, რომ არ შექმნის პოლიტიკურ პარტიას, ასეთ შემთხვევაში მას ორივე მხრიდან ემუქრება თავდასხმები. ხელისუფლება მას “ნაცმოძრაობის სახეს” უწოდებს, რაც სისულელეა, ოპოზიცია კი საყვედურობს, თუ რატომ არ შეიწყალა მიხეილ სააკაშვილი. დარწმუნებული ვარ, არც შეიწყალებს. ის საკმაოდ ხისტი ადამიანია, თავისი სიტყვის გადათქმა არ უყვარს. ვფიქრობ, შეიძლება რომელიღაც ნეიტრალურ ძალას დაუჭიროს მხარი. ვფიქრობ, რომ ის ეძებს ამგვარ ძალას, მაგრამ, სავარაუდოდ, ჯერ ვერ იპოვა. ის ძალები, ვისაც შეიძლება მან გაუწიოს ერთგვარი ლობისტობა, ძალიან სუსტები არიან.... მაგალითად, ავიღოთ ანა დოლიძის პარტია. ის სწორი მენტალიტეტის ადამიანია, მაგრამ მისი პარტიის რეიტინგი ნულის ტოლია და ამასთანავე, დგას ანა დოლიძე და სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებს, რაც აბსოლუტურად მცდარი პოლიტიკაა. მე მას მხარში ვედექი, თავის დროზე “ეკონომიკური პოლიტიკაც” დავუწერე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არაფრისმაქნისები არიან”, - თვლის რესპონდენტი.

“ასეთი ჯგუფი ბევრია საქართველოში, მაგრამ, საუბედუროდ, პოლიტიკური ამბიციები ძალიან სჭარბობთ. მათ გაერთიანების შესაძლებლობას არ აძლევს ლიდერობის სურვილი, თორემ ასეთი პატარ-პატარა ჯგუფები რომ გაერთიანდებოდნენ, შესაძლოა მნიშვნელოვანი ძალაც შეექმნათ. აქვე ვიტყვი, რომ ჩემთვის სრულიად გაუგებარია “ლელოს” პოლიტიკა. დადის ეს პარტია მოხეტიალე რაინდივით ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ... თავისი ადგილი ვერ მონახა პოლიტიკაში... არ ვიცი, ეს გამოუცდელობით მოსდის, პოლიტიკური პრაგმატიზმის არქონით თუ იმით, რომ ეს ძალა მხოლოდ მავანთა ბიზნესინტერესების დასაცავად შეიქმნა. მოკლედ, ჩემთვის “ლელო” გაუგებარი წარმონაქმნია, ნორმალური იდეოლოგიც არა ჰყავთ. არადა, ჰყავთ ასეთი წევრი პარტიაში, რომელსაც, როგორც ჩანს, ყურს არავინ უგდებს. ეს გულდასაწყვეტია, რადგან ასეთი ფინანსური შესაძლებლობის მქონე ორგანიზაციას შეეძლო პოლიტიკური სათამაშო ველის ძალიან დიდი წილი ჩაეგდო ხელში. დღეს მესამე ძალად ჩამოყალიბების რესურსი ყველაზე მეტად აქვს გიორგი გახარიას პარტიას, მაგრამ რამდენად დაუჭერს მას მხარს ზურაბიშვილი, არ ვიცი, მათ შორის საკმაოდ მკვეთრი იდეოლოგიური განსხვავებებია. დადის ხმები, რომ მათ შორის მოლაპარაკებები იმართება, თუმცა მათ კავშირს სკეპტიკურად ვუყურებ. ღმერთმა ქნას, ვცდებოდე”, - დასძენს ექსპერტი.

“მე აქამდეც არაერთხელ მითქვამს, თუ სტატუსს მოგვცემდნენ, ამის მთავარი მიზეზი იქნებოდა გეოპოლიტიკური ვითარება. დღეს ნამდვილად შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ სწორედ ასე მოხდა. ხელისუფლება, რა თქმა უნდა, ცდილობს ეს თავის მიღწევად მიითვალოს, თუმცა ყველაფერი ჩანს ზედაპირზე და მეეჭვება ამით ქულების დაწერა მოახერხონ. დათქმები ახსენეთ და, ხელისუფლება ამჯერადაც შეეცდება კვლავაც ზედაპირული ცვლილებები მოახდინოს. ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მთავარ დაბრკოლებად შეიძლება ისევ და ისევ იქცეს გეოპოლიტიკური რეალიები. რაც შეეხება არჩევნებს, ვფიქრობ, ხმების დათვლაში მნიშვნელოვანი დარღვევები არ იქნება, მაგრამ მნიშვნელოვანია, როგორ ჩაივლის უშუალოდ წინასაარჩევნო პროცესი, რა ტიპის დარღვევები გამოვლინდება, როგორ გამოიყენებს ხელისუფლება ადმინისტრაციულ რესურსს. ამას ჩვენი პარტნიორები აუცილებლად დიდი ყურადღებით დააკვირდებიან. ვინც წააგებს, ალბათ, კვლავ იყვირებს, გამიყალბეს არჩევნებიო, მაგრამ ამას დასჭირდება არგუმენტები, რაც წინა არჩევნების დროს ოპოზიციას არ ჰქონდა. ჩემი აზრით, ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა არის პოლარიზაცია, რომელიც წინასაარჩევნოდ უფრო გამწვავდება”, - დაასკვნის სანდრო თვალჭრელიძე და კითხვაზე - “სან-ფრანცისკოში გაიმართა აშშ-ისა და ჩინეთის სამიტი”... - პასუხობს:

“ვფიქრობ, თანამშრომლობა სწორი გადაწყვეტილებაა, დიდ შეცდომად მიმაჩნია ჩინეთთან დაპირისპირება. შეუძლებელია, აშშ ვერ გარიყავს 2-მილიარდიან სახელმწიფოს მსოფლიოს სოციალურ-პოლიტიკურ-ეკონომიკური ცხოვრებიდან. ეს ტრამპის შეცდომა იყო, მანამდე ყველა პრეზიდენტის ადმინისტრაციას მეტ-ნაკლებად ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა ჩინეთთან. დააკვირდით, საქართველოს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გამო დასავლეთიდან ჩვენი კრიტიკა აღარ ისმის. ჩემი აზრით, ჩვენს ქვეყანას ევროპასა და ჩინეთს შორის მედიატორის როლის შესრულება შეუძლია”.

გადამწყვეტი მომენტი ენმ-ისთვის - მოხდება თუ არა ახალი დიდი გაყოფა "ვარდების რევოლუციის" მე-20 წლისთავზე

“ნაცმოძრაობა” 23 ნოემბერს, “ვარდების რევოლუციის” 20 წლისთავთან დაკავშირებით, დიდ შეკრებას აანონსებს. პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით შედგება მანიფესტზე ხელმოწერაც, რომლის შინაარსი ჯერჯერობით უცნობია. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ თუ ტექსტი ზოგადი იქნება, მაშინ მას ენმ-ის ყოფილი თავმჯომარის ნიკა მელიას ფლანგიც ხელს მოაწერს, რომელიც პარტიის ამჟამინდელ მენეჯმენტთან ღია კონფლიქტშია. თუმცაღა, თუ მემორანდუმის ტექსტში პარტიის ერთიანობაზე იქნება აქცენტი, დიდი ალბათობით მელია თავისი მომხრეებით პარტიას გამოეყოფა და ცალკე პოლიტიკურ ძალად შეეცდება ჩამოყალიბდეს. ანალიტიკოსთა ნაწილის შეფასებით, თუ ენმ გაიყო, ეს პარტიას ყველა ვარიანტში დააზარალებს. ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ რეგიონალურ საკრებულოებში “ნაცმოძრაობის” ფრაქციების წევრთა მნიშვნელოვანი ნაწილი მელიას მხარდამჭერია და, დიდი ალბათობით, პარტიის გაყოფის შემთხვევაში მას გაჰყვებიან, რის გამოც “ნაცმოძრაობამ” შესაძლოა არჩევნების წინ რეგიონებში გარკვეული პოლიტიკური ბერკეტები დაკარგოს. ასევე მას სავარაუდოდ პარლამენტშიც ეყოლება მხარდამჭრები ენმ-ს ყოფილი წევრების - ხატია დეკანოიძისა და რომან გოცირიძის სახით”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით გადამწყვეტი მომენტი ენმ-ისთვის - მოხდება თუ არა ახალი დიდი გაყოფა "ვარდების რევოლუციის" მე-20 წლისთავზე.

“თუმცა, ანალიტიკოსთა ნაწილი პარტიის შესაძლო გაყოფაში ზოგადად ოპოზიციისათვის პოზიტიურ პერსპექტივასაც ხედავს. მათი შეფასებით, ენმ-ს, ისევე როგორც ცალკე მყოფ მელიას ჯგუფს, მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებზე 5%-იანი ბარიერის გადალახვა არ გაუჭირდებათ და შესაძლებელია ჯამში პარლამენტში იმაზე მეტი მეტი ადგილი ერგოთ, ვიდრე ენმ-მა 2020 წლის არჩევნების შედეგად მიიღო. თუმცაღა აქვე ჩნდება კითხვა - აქვს თუ არა მელიას შესაბამისი ფინანსური რესურსი და სხვა ბერკეტები, რაც ახალი პარტიის ჩამოყალიბებისათვის არის საჭირო? აქვე ისიც გასათვალისწინებელია, რომ დრო მის საწინააღმდეგოდ მუშაობს და არჩევნებამდე უკვე წელიწადზე ნაკლები რჩება. ენმ-ის წევრი დავით კირკიტაძე აზუსტებს, რომ პარტია 23 ნოემბერს “აპირებს დიდ შეკრებას” და "ვარდების რევოლუციის" 20 წლისთავის აღნიშვნას. კითხვაზე, "ვარდების რევოლუციის" 20 წლის თავზე ხომ არ მოეწერება ხელი იმ მანიფესტსაც, რომელზეც რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილი საუბრობდა, კირკიტაძემ უპასუხა: “ერთ-ერთი იქნება ეს მანიფესტი. მანიფესტთან ერთად, ჩვენს შეკრებაზე იქნება მნიშვნელოვანი სიახლეები”. თუმცა, რა სიახლეებს ვიხილავთ, კირკიტაძეს არ დაუკონკრეტებია”, - აღნიშნავს გამოცემა.

ნიკა მელია, რომელიც მიიჩნევს, რომ პარტიაში არაფორმალური მმართველობაა, კვლავ აანონსებს რეგიონებში თანაპარტიელებთან და მხარდამჭერებთან შეხვედრებს. “ნაცმოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და მასთან ალიანსში მყოფი “სტრატეგია აღმაშენებელის” ლიდერი გიორგი ვაშაძეც ასევე მართავენ შეხვედრებს მხარდამჭერებთან. როგორც ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ამბობს, გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ენმ-ის მიერ მომზადებული მანიფესტის ტექსტს. თუ მელიამ მას ხელი მოაწერა, გამოდის, რომ პარტიის ახალ მმართველობასთან პრეტენზიები უკან უნდა წაიღოს. თუ ენმ-ს მელიას ფლანგი გამოეყო, ეს პარტიისთვის ნებისმიერ შემთხვევაში დანაკლისი იქნება. თუმცა, მეორე საკითხია რამდენად აქვს მელიას ცალკე პოლიტიკური ძალის შექმნის რესურსი. ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის აზრით კი, ამ მენეჯმეტის პირობებში მანიფესტს აზრი არ აქვს, თუ მასში ერთიანობაზეა საუბარი. ხოლო გაყოფის შემთხვევაში ენმ-ს ორივე ფლანგმა შეიძლება ჯამურად მეტი ხმები აიღოს და ორივე ფრთამ 5%-იანი ბარიერი გადალახოს”, - დასძენს გამოცემა.

“თუ ნიკანორ მელიამ და მისმა მომხრეებმა ხელი მოაწერეს, გამოდის, რომ მათ უკან უნდა წაიღონ ყველა ის პრეტენზია, რაც “ნაცმოძრაობასთან” აქვთ. აქედან გამომდინარე ჩნდება კითხვა - მაშინ რა აზრი ჰქონდა ამ ფაფხურს, ავტონომიურ ჯგუფად გამოყოფას, მოსახლეობასთან შეხვედრების ჩატარებას და ა.შ.?! თუ მათ ხელი მოაწერეს, გამოდის, რომ ისინი ფაქტიურად ახალ მენეჯმენტს აღიარებენ და იმ პოზიციებს უბრუნდებიან, რა მდგომარეობაშიც მანამდე იყვნენ, ვიდრე პარტიიდან მათი გამიჯვნის პროცესი დაიწყებოდა. თუ არ მოაწერეს, მაშინ ჩავთვალოთ, რომ პარტიიდან მათი გამიჯვნის პროცესი დაწყებულია და მოუწევთ ცალკე პოლიტიკურ ძალად გაფორმება. სააკაშვილმა თავისი ”ფეისბუქ” პოსტი წაშალა, სადაც მელიას მიმართ სიმპატიებს ამჟღავნებდა - სიტყვები უკან წაიღო და ეს მას შემდეგ გააკეთა, რაც კეზერაშვილმა მას წერილი მისწერა, რომ ის შიდაპარტიულ საქმიანობაში ერევა და დაფინანსების შეწყვეტით დაემუქრა. მანიფესტის შინაარს უნდა დაველოდოთ, რადგან იქ ის პირობები უნდა იყოს ჩამოყალიბებული, რაზეც უნდა მოხდეს გაერთიანება. მისი შინაარსიდან გავიგებთ რა პერსპექტივა აქვს ენმ-ის ერთიანობას, ან პირიქით”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.

“რეალურად მელიაც და ენმ-ის მეორე ნაწილიც ერთი მიზნის ქვეშ არიან გაერთიანებული - რომ ეს ხელისუფლება როგორმე შეცვალონ. ამას თუ ცალ-ცალკე გააკეთებენ, რა თქმა უნდა, ეს “ნაცმოძრაობის” ამომრჩევლის ფრაგმენტაციას გამოიწვევს. მაგრამ შესაძლოა ისე მოხდეს, რომ თუ ნიკა მელიას ირგვლივ გარკვეული სერიოზული ელექტორალური რესურსი ჩამოყალიბდა, ის ახალ პოლიტიკურ ძალად მოგვევლინოს. ამან ერთის მხრივ შესაძლოა ის სარგებელი მოუტანოს, რომ ოპოზიცია რამდენიმე ფრონტზე გაიშლება. მეორეს მხრივ, ოპოზიციის ეს ტრადიციული სენი, ანუ არჩევნების წინ ხმების ფრაგმენტაცია, მით უმეტეს 5%-იანი ბარიერის პირობებში, შესაძლოა მას ძვირად დაუჯდეს”, - განაგრძობს ანჯაფარიძე.

ნიკანორ მელია “ოცნებას” ისევე უპირისპირდება, როგორც ენმ-ს, თუმცა, მიუხედავად ამისა, მას “ნაცმოძრაობის” ელექტორატის რაღაც ნაწილი მიჰყავს და რა თქმა უნდა, პარტიისთის ეს დანაკლისია, ამ საკითხს რა კუთხითაც არ უნდა მიუდგე. ჯერ არ ვიცით, ნიკანორ მელია შეძლებს კი ამ პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებას?! ანუ რამდენი ადამიანი გაჰყვება მას “ნაცმოძრაობიდან”, ესეც ჯერ კიდევ გასარკვევია. მელია პარტიიდან ამდენი ხანს იმიტომ არ მიდიოდა, რომ ცდილობდა, რომ პარტიაში მისი ყოფნით მაქსიმალურდა ბევრი ადამიანი წამოეყვანა, მაგრამ თუკი ის პარტიიდან გავიდა, მაშინ თავის ჯგუფთან ერთად მარტო დარჩენილი რას გააკეთებს, ესეც გასარკვევია. მან უნდა მიიზიდოს ფინანსები, სხვა ტიპის რესურსები, ამას კი დრო და დამატებითი ბერკეტები სჭირდება და რამდენად გააჩნია ეს, ამას მე პირადად ჯერჯერობით ვერ ვხედავ”, - დაასკვნის ზაალ ანჯაფარიძე.

“საინტერესოა მანიფესტზე ხელმოწერა რას გულისხმობს და ქვეტექსტი რა არის, რატომ გახდა ის აუცილებელი. თუ პარტიაში მართველი რგოლი იგივე რჩება, რა ერთიანობაზეა მაშინ საუბარი?! თუ ტექსტი ზოგადი იქნება, მაშინ შესაძლოა მას ხელი ყველამ მოაწეროს, მაგრამ პარტიის მთლიანობის შენარჩუნება ნამდვილად გაჭირდება. ამ ორ ფრთას შორის ურთიერთობა ისეთი მძიმე იქნება, რომ ისინი არჩევნებს ერთად კი არა, ცალკ-ცალკე ჩაატარებენ და ერთის მხრიდან მეორეს ბლოკირება მუდმივად იქნება. ეს უკვე იმ დონემდეა მისული, რომ სჯობს გაიყარონ და ცელკ-ცალკე იყარონ კენჭი, ეს უფრო მომგებიანი იქნება, ვიდრე ის, რომ საკუთარი ამომრჩეველი საბოლოოდ დააბნიონ - ისინიც კი, ვინც დღემდე ენმ-ის ერთგულია”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“შანსია, რომ გაყოფის შემთხვევაში ორივე მხარე 5%-იან ბარიერს გადალახავს და ჯამურად შესაძლოა მათ მეტი ხმაც მიიღონ, ვიდრე ერთიანად ენმ მიიღებს. პარტიის მხარდამჭერებში გარკვეული მერყევი ჯგუფია, ვისთვისაც მიუღებელია როგორც კეზერაშვილი, ისე სხვები. თუ პარტია ერთიანობას შეინარჩუნებს, ეს ხმები შესაძლოა დაიკარგოს და ენმ-ის ზომიერმა ნაწილმა პარტიას ზურგი შეაქციოს. გაყოფის შემთხვევაში კი ეს ხმები ნიკა მელიასთან სრულად გადაბარგდება. ამ გაყოფამ შესაძლოა მელიას გუნდს დამატებითი ხმები შესძინოს ისევ იმ მერყევი ამომრჩევლისგან და იმათგან, ვისაც ენმ და ჩამოთვლილი პირები გულზე არ ეხატებათ. გაყოფის შემთხვევაში იმის ალბათობა ნამდვილად არის, რომ ჯამურად მეტ ხმებს აიღებს, ვიდრე მხოლოდ ენმ აიღებს”, - ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.

ვახტანგ მეგრელიშვილი - “ქართველ ამომრჩეველს არსებული სტატუს-კვო ურჩევნია გაუგებარ მომავალს“

“ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების სერიოზულ პარტიულ დაპირისპირებას ვერ ვხედავ. ამ ხალხის 99%-ს ერთმანეთთან ჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს. რომ დააკვირდეთ, ის “ნაციონალები”, რომლებიც ყველაზე ხშირად ჩხუბობენ, რაიმე მნიშვნელოვან საკითხებს კი არ აპროტესტებენ, უბრალოდ, უზრდელობენ. სამართლიანობისთვის უნდა ვთქვა, რომ არც ერთი მხარე არ იხევს უკან, “ნაცებიც” ილანძღებიან და “ქოცებიც”. ხომ საინტერესოა, რის დასაფარად ხდება ეს ყველაფერი? ჩემი აზრით, იმის, რომ კანონებს აღარ ვიღებთ განხილვით. დღეში ასობით კანონს ვიღებთ და სულ აკრძალვებია. ოპოზიციამ ინფორმაცია მაინც მიიტანოს საზოგადოებამდე, თუ რას შვრება ხელისუფლება. ამას ხომ არ აკეთებს და უარესიც, ამ თემაზე საუბრის შესაძლებლობას ბლოკავს”, - აცხადებს “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ქართველ ამომრჩეველს არსებული სტატუს-კვო ურჩევნია გაუგებარ მომავალს“.

“შეიძლება ითქვას, პარლამენტი მართლა აღარ არის ისეთი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ქვეყანას უნდა მართავდეს. აქ პოლიტიკოსები კი არა, როლების შემსრულებელი ადამიანები არიან. საკანონმდებლო ორგანოს ნოტარიუსის ფუნქცია აქვს. დემოკრატიულობანას ვთამაშობთ, რაღაც-რაღაცებს სახელები გადავარქვით - ადრე რომ პარტიის ცენტრალური კომიტეტი ერქვა, იმას ახლა “მთავრობა” დავარქვით, სახალხო დეპუტატების საბჭოს კი “პარლამენტი” და ა.შ. ყველაფერი ძველებურადაა, განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ დღეს ყველაფრის თქმა შემიძლია, შემიძლია აღვწერო ის, რაც სინამდვილეში ხდება და მოგიყვეთ. ადრე ამას ვერ გავაკეთებდი, იმიტომ, რომ დამიჭერდნენ. როდესაც სისტემა ერთ ვერტიკალზეა აგებული და ეს დემოკრატიული ინსტიტუტებით იფუთება, ისეთი სისულელეები ხდება, რასაც დღეს პარლამენტში ვუყურებთ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მეგრელიშვილი.

“ან თავს ვიტყუებთ, ან ვურიგდებით იმ ფაქტს, რომ პარლამენტში კორუფციაა. საქართველოში არ არსებობს სფერო, სადაც წარმატებულ ადამიანს მაღალი შემოსავალი არ ჰქონდეს. თქვენ იცით, რა ჯდება წარმატებული ექიმის, იურისტის მომსახურება? პოლიტიკაში ყველაზე წარმატებულ 150 კაცს, პოლიტიკურ ელიტას, რომელიც 25-მილიარდიან ბიუჯეტს განკარგავს, რატომ უნდა ჰქონდეს იგივე ხელფასი, რაც ტაქსის მძღოლს აქვს? ყველაზე დაბალკვალიფიციურ სამუშაოზე ადამიანებს შეუძლიათ მეტი გამოიმუშაონ, ვიდრე პარლამენტარებმა, ანუ რეალურად მათხოვრების პარლამენტი გვაქვს. უკიდეგანო გულუბრყვილობაა დაიჯერო, ეს წარმატებული ხალხი, რომელიც საარჩევნო კამპანიაში მილიონებს ხარჯავს, თვეში 4.000 ან 5.000 ლარად იცხოვრებს. კორუფცია აუცილებლად იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ქრთამს იღებენ და ჯიბეში იდებენ? ისიც კორუფციაა, ვიღაცის დაკვეთით რომ აჭერენ ღილაკს ხელს. ეს ხალხი საკუთარ ნებას ყიდის. ამაზე მეტი უბედურება რა არის?!” - განაგრძობს რესპონდენტი.

“ძალიან ცუდია, რომ დღეს პოლიტიკოსს აკრძალული აქვს პოლიტიკური საქმიანობა: მე რომ იდეის მჯერა, თუ სხვა ადამიანებსაც სწამთ ამ იდეის, რატომ არ უნდა მქონდეს უფლება პარლამენტში ლობირება გავუწიო? ჩვენ ერთადერთი პოლიტიკური პარტია ვართ, რომელიც საჯაროდ ფინანსდება - ხან გვაჯარიმებენ და ხან სხვა პრობლემებს გვიქმნიან. ყველა სხვა პარტიაში სხვაგვარი მექანიზმები მუშაობს და ყველამ კარგად ვიცით, რაც არის ეს მექანიზმები. ამიტომაც არ არსებობენ საქართველოში დამოუკიდებელი პოლიტიკოსები, ამიტომ არ აფიქსირებს დეპუტატი საკუთარ პოზიციას პარლამენტში. თქვენ გინდათ ადამიანი, რომელიც პოლიტიკაში მოვა, არც თავისუფალი იყოს და არც წარმატებული. არც ის გინდათ ეს ადამიანები თავიანთი უნარების შესაბამისად დაფინანსდნენ. თუ საზოგადოების ყველა წარმომადგენელს გინდათ გამდიდრება, პოლიტიკოსებს რატომ არ უნდა გვინდოდეს? “ფარას კანონი”, რომელსაც მთელი საქართველო აპროტესტებდა, ამერიკაში იმიტომ არის დაშვებული, რომ ლობისტური საქმიანობაა დაშვებული და პოლიტიკოსებს ევალებათ თავიანთი ლობისტური საქმიანობა საჯარო გახადონ”, - ამბობს “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი.

“საზოგადოებამ პოლიტიკოსები თავიანთ მწყემსებად ანუ ცხოვრების გზის მაჩვენებლებად კი არა, თავიანთი დაკვეთის შემსრულებლებად უნდა მიიჩნიოს. ხომ ნახეთ, რა მოხდა ცოტა ხნის წინ, კანონით ავკრძალეთ ორგანოების გადანერგვა ანუ ორგანოების გაყიდვა, რაც ნიშნავს, რომ ინდუსტრიას, რომელიც ისედაც სულს ღაფავდა, ჩაქუჩი ჩავარტყით თავში. ისედაც იშვიათი იყო ტრანსპლანტაციის ოპერაციები. ახლა სუროგაციის აკრძალვასაც აპირებენ. ე.ი. ადამიანებს ვუკრძალავთ დაეხმარონ უშვილო წყვილებს ბავშვების გაჩენაში. ჯერ სიკეთეა ბავშვების გაჩენა, მერე კიდევ ბევრისთვის ეს შემოსავლის წყაროა. ამ ხალხს რატომ არ უნდა ჰქონდეს უფლება, მივიდეს პარლამენტართან და დაუკვეთოს, რომ მათი უფლებები არ შეილახოს. ასეთი სიგიჟეების მოგონებას რაღაცით ხომ უნდა დავუპირისპირდეთ? დღეს ასეთი საკითხების განხილვისთვის პარლამენტში არავის სცალია, ერთმანეთის ლანძღვა-გინებით არიან დაკავებული. ამიტომაც არის პოლიტიკური პროცესი გათიშული. არც ის ადამიანები არიან საჭირო ადგილზე, ვისაც შეიძლება აღელვებდეს, მაგალითად, ღვიძლის ტრანსპლანტაცია, და არც ასეთი ოპერაციების გამკეთებლებს აქვთ იმის რესურსი, რომ პოლიტიკოსი თავისი ინტერესების დასაცავად დაიქირაოს”, - თვლის ვახტანგ მეგრელიშვილი.

“რაც შეეხება გამოქვეყნებულ სოციალური კვლევების შედეგებს, “გორბის” კვლევაზე კომენტარს ვერ გააკეთებ, “აირაი” თანამიმდევრული მაინც არის. მაგალითად, ამ კვლევაში ჩანს, რომ “ქართულ ოცნებას” 25% კი უჭერს მხარს, მაგრამ 38%-ს პასუხი არა აქვს გაცემული. “ნაციონალური მოძრაობის” 13%, ალოკაციით რომ ვიანგარიშოთ, 20%-მდე მაინც გაიზრდება. თუ საკითხს ასე შევხედავთ, დიდად არ განსხვავდება “ედისონის” კვლევებისგან. რაც ყველაზე მთავარია, გამიხარდა, რომ ამ კვლევების მიხედვით ჩვენ წინსვლა გვაქვს. “აირაის” კვლევის მიხედვით, საკმაოდ ახლოს ვართ ბარიერთან”, - დასძენს მეგრელიშვილი და შეკითხვაზე - “სხვა პარტიების ლიდერებს, რომლებსაც თქვენზე დიდი პროცენტი დაუწერა იგივე “აირაიმ”, განგაში აქვთ გამოცხადებული. მიაჩნიათ, რომ წინასაარჩევნოდ ოპოზიციურ პარტიებს შორის რაღაც ტიპის ერთობა თუ არ შედგება, არჩევნებს “ქართული ოცნება” ერთპიროვნულად მოიგებს” - პასუხობს:

“რანაირად შედგება ერთობა, როდესაც ეს ხალხი ერთმანეთთან არ ლაპარაკობს? ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ პარტიასთან გავერთიანდეთ, მაგრამ მანამდე წინასწარ გავიაროთ ყველა ის საკითხი, რასაც გამარჯვების შემთხვევაში ამომრჩეველს შევთავაზებთ. იცით, რატომ ვერ უგებს ძალიან სუსტ "ქართულ ოცნებას" ოპოზიცია? იმიტომ, რომ ოპოზიციონერმა ამომრჩეველმა არ იცის, მისი ფავორიტის გამარჯვების შემთხვევაში როგორ ქვეყანაში მოუწევს ცხოვრება. შესაბამისად, არსებული სტატუს-კვო ურჩევნია გაუგებარ მომავალს”.

ღაზის ჩრდილოეთი ალყაშია, დასავლეთში კი რეგიონის ახალ პოლიტიკურ მოწყობაზე მსჯელობენ - შეიქმნება თუ არა ომის შემდეგ პალესტინის სახელმწიფო

“ისრაელ-“ჰამასის” ომი, როგორც ჩანს, დასკვნით ფაზაში შედის და უკვე დაიწყო საუბარი კონფლიქტის დასრულების შემდეგ რეგიონის პოლიტიკურ მოწყობაზე. აქტიურად განიხილება ღაზის სექტორიდან ისრაელის არმიის ნაწილების გასვლის შემდეგ რეგიონში სამშვიდობო ძალების შეყვანა. ცნობილი გახდა, რომ დასავლეთი საჭიროდ მიიჩნევს ომის შემდეგ ღაზის სექტორისა და იორდანეს დასავლეთ სანაპიროს გაერთიანებას. პალესტინის სახელმწიფოს შექმნას კი, სხვა ლიდერებთან ერთად, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც დაუჭირა მხარი. რაც შეეხება თავად ღაზაში არსებულ სიტუაციას, ისრაელის სარდლობა აცხადებს, რომ სახმელეთო ოპერაციის დროს დასახული ყველა ამოცანა თითქმის მიღწეულია. ბოლო ცნობებით, ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილი ალყაშია მოქცეული, რომელიც თანდათან ვიწროვდება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ღაზის ჩრდილოეთი ალყაშია, დასავლეთში კი რეგიონის ახალ პოლიტიკურ მოწყობაზე მსჯელობენ - შეიქმნება თუ არა ომის შემდეგ პალესტინის სახელმწიფო.

“ისრაელის შეიარაღებული ძალები წმენდენ მიწისქვეშა გვირაბებსაც, რომელიც “ჰამასს” კარგად აქვს გამაგრებული. “ჰამასის” ლიდერი კი არაბულ და მუსლიმურ ქვეყნებს მოუწოდებს, ალყის გარღვევის საკითხზე შეხვედრა გამართონ. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ მიუხედავად ისრაელის განცხადებისა დასახული მიზნების მიღწევის შესახებ, ომი ჯერ დასრულებული არ არის და ისრაელი დაწყებულს შუა გზაზე არ მიატოვებს, რადგან საფრთხეა, რომ “ჰამასმა” პოზიციები კვლავ გაიმყაროს. რაც შეეხება ომის შემდგომ რეგიონის პოლიტიკურ მოწყობას, ანალიტიკოსთა აზრით, კონფლიქტის საბოლოო მოგვარებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პალესტინის სახელმწიფოს შექმნა, რაზეც უკვე 70 წელზე მეტია მიდის საუბარი. თუმცა ამას რამდენიმე დამაბრკოლებელი ფაქტორი აქვს, მათ შორის ის, თუ რა საზღვრებში უნდა მოექცეს ეს სახელმწიფო... ისრაელის თავდაცვის არმიას (ცახალი) ღაზის ჩრდილოეთ ნაწილი, სადაც ანკლავის ძირითადი მართვითი ცენტრები იყო განთავსებული, ალყაში ჰყავს მოქცეული. 18 ნოემბერს ისრაელმა განაცხადა, რომ ღაზაში მიზანს თითქმის მიაღწიეს. თავდაცვის მინისტრის იოავ გალანტის თქმით, ისინი მალე მიწვდებიან “ჰამასის” იმ წევრებსაც, რომლებიც ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში იმალებიან”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ჰამასის” ლიდერი ისმაილ ჰანიე კი არაბული და მუსლიმი ქვეყნების ლიდერებს ღაზას ალყის გარღვევის საკითხზე შეხვედრის ჩატარებისკენ მოუწოდებს. “ჰამასის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისმაილ ჰანიემ სატელეფონო საუბარი გამართა რეგიონულ და საერთაშორისო ლიდერებთან და მათ ღაზის სექტორში მიმდინარე აგრესიის შეჩერებისა და ანკლავის ალყის გარღვევასთან დაკავშირებით სასწრაფო შეხვედრის აუცილებლობაზე ესაუბრა. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია აღნიშნავს, რომ ღაზის სამხრეთი ნაწილი ჯერჯერობით “ჰამასის” ხელშია და ამიტომ ისრაელი საომარ მოქმედებებს ჯერჯერობით არ შეწყვეტს. მისი აზრით პალესტინის სახელმწიფოს შექმნის პერსპექტივა ჯერ არ იკვეთება. თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩიაც აცხადებს, რომ საომარი მოქმედებების დასრულებას ჯერ პირი არ უჩანს. პალესტინის სახელმწიფოს შექმნა კი დიდი ხნის იდეაა, თუმცა, მიუხედავად დასავლელი ლიდერების მონდომებისა, დღესაც არ იკვეთება ამის შესაძლებლობა და ძირითადი პრობლემა საზღვრების დადგენაა”, - დასძენს გამოცემა.

“დაკავებულია ანკლავის ჩრდილოეთ ნაწილის ძირითადი 70%, თუმცა სამხრეთი მთლიანად “ჰამასის” ხელშია. ისინი ცდილობენ, რომ გამოფიტვის სტრატეგია გამოიყენონ. არაბული სახელმწიფოებიც ცდილობენ, რომ ისრაელის ძალები გამოიფიტოს, რომ სექტორი მთლიანად ალყაში არ მოაქციონ. ისრაელის შეიარაღებული ძალები გვირაბებს წმენდენ, მაგრამ ეს ძალიან რთულია, დაახლოებით 5 ათასი გვირაბია და ზოგი ისე მყარადაა დაცული, რომ ადვილად ვერ მოანგრევ... პალესტინის სახელწიფო რომ უნდა შეიქმნას, ეს ფაქტია, მაგრამ, როგორ და რა პრინციპით - ამაზე საუბარი საომარი მოქმედებები სანამ არ მინელდება ჯერ ადრეა. კარგია, რომ ამერიკელებმა ეს აღიარეს, ეს დადებითი მომენტია. თუ ისეთი ვარიანტი განვითარდა, როცა ლიბანის 1982 წლის ომში ამერიკული და ფრანგული სამშვიდობოების შეყვანა მოხდა და ისრაელი ამაზე დათანხმდა, მაშინ კი, ბატონო. ღაზის სექტორზე შესაძლოა ლიბანის ვარიანტი გამოიყენონ, თუმცა ამაზე “ჰამასი” და “ჰეზბოლა” არ წავლენ, ამას მუშაობა სჭირდება, რომ ყატარისა და იორდანიის მეშვეობით „ჰამასის" ხელმძღვანელობა დაარწმუნონ ამ საქმის აუცილებლობაში, თუკი ისრაელი და აშშ შეთანხმდნენ”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“მე მგონი საომარი მოქმედებების დასრულებას ჯერ პირი არ უჩანს. ალბათ ისრაელი ბოლომდე მივა, თუ რაღაც ძალიან დიდი საერთაშორისო წინააღმდეგობა არ შეხვდა. თანდათან სართაშრისო თანამეგობრობისგან ეს მოწოდებები მოდის, რომ შეწყვიტოს ეს ბრძოლა, მაგრამ სამხედრო თვალსაზრისით ის ნახევრად გაკეთებულ საქმეს ვერ მიატოვებს, რადგან მერე არსებობს რისკი, რომ “ჰამასი” ისევ გამაგრდეს და ისევ დაბრუნდეს ძველ ადგილებზე... პალესტინის სახელმწიფოს შექმნა ძალიან დიდი ხნის იდეაა, რომელიც ათეული წლებია მუსირებს. ამ საქმეში ბევრი ადამიანი იყო ჩართული, მათ შორის ბევრმა ნობელის პრემიაც კი მიიღო მშვიდობის დარგში, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, სამწუხაროდ, ეს ისეთი ადვილი არაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ისრაელი და ზოგადად საერთაშორისო თანამეგობრობა დაინტერესებული არიან, რომ გაეროს მითითების მიხედვით ორი სახელმწიფოს გამიჯვნა მოხდეს, მაგრამ ყველაზე მთავარი, რაზეც შეთანხმების მიღწევა ვერ ხერხდება, ესაა საზღვრების საკითხი. პალესტინელ მოსახლეობას მიაჩნია, რომ ისრაელს მათი ტერიტორიები აქვთ ოკუპირებული და ბუნებრივია, რომ ესაა ერთ-ერთი მთავარი ხელის შემშლელი”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კორნელი კაკაჩია.

“რაც შეეხება სამშვიდობო ძალების შეყვანას, ეს რა თქმა უნდა კარგი იქნება, განსაკუთრებით იმისათვის, რომ ღაზის სექტორიში “ჰამასის” ბატონობა არ დაბრუნდეს, რადგან ყველა მიხვდა ამან რა შეიძლება გამოიწვიოს. თუ საერთაშორისო თანამეგობრობა ამაში ჩაერთვება და მოხდება ის, რომ ღაზას პალესტინის ადმინისტრაცია მართავს და არა “ჰამასი”, როგორც მანამდე იყო, ამით, შესაძლოა, პალესტინელების ნაკლები რადიკალიზაცია მოხდეს, რაც მათ შემდგომში უკვე მოლაპარაკებისკენ უბიძგებს. მაგრამ ახლა, უახლოეს მომავალში, პალესტინის სახელწიფოს შექმნა ომის ფონზე ძალიან გაჭირდება, რადგან როცა ათიათასობით ადამიანი სახლის გარეშე რჩება, ბავშვები და ქალები იღუპებიან, ძალიან რთულია ეს გადაწყვეტილება. თუმცა ფაქტია, რომ ეს არის ის, რაც ამ რეგიონს სჭირდება. სახელმწიფოს ჩამოყალიბების სხვადასხვა მოდელი არსებობს. მთავარია პოლიტიკური ნება არსებობდეს პალესტინელებისგან, ისრაელისგან და საერთაშორისო თანამეგობრობისგან”, - მიიჩნევს კაკაჩია.

უკრაინის კონტრშეტევა უშედეგოდ მთავრდება, რატომ?

“2023 წლის 4 ივნისს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა წამოიწყეს დიდი ხნით ადრე დაანონსებული კონტრშეტევები რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების გასათავისუფლებლად. დღეს 20 ნოემბერია და ხუთ თვეზე მეტხანს მიმდინარე უკრაინული კონტრშეტევების შეფასებისას, სამწუხაროდ, შეიძლება ითქვას, რომ უკრაინის არმიის მთავარი საბრძოლო ამოცანა, ზაფხულ-შემოდგომის კონტრშეტევების შედეგად მიეღწია აზოვის ზღვის სანაპირომდე და, ფაქტობრივად, შუაზე გადაეჭრა თითქმის ათასკილომეტრიანი ფრონტის ხაზი, რითაც რუსეთის დონის როსტოვიდან სახმელეთო მომარაგებას გადაუკეტავდა ანექსირებულ ყირიმს, შეუსრულებელი აღმოჩნდა და როგორც ჩანს, ამ წელს უკრაინის სასარგებლოდ ამ მხრივ ბევრი არაფერი შეიცვლება, წვიმების სეზონის დაწყების გათვალისწინებითაც. რა გახდა უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევების წარუმატებლობის მთავარი მიზეზები. მიზეზი არაერთია და ისინი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული, ზოგს ობიექტური საფუძველი აქვს, ზოგსაც წმინდა სუბიექტური, რის გაანალიზებასაც ამ სტატიაში შევეცდებით”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში, სათაურით უკრაინის კონტრშეტევა უშედეგოდ მთავრდება, რატომ?

“პირველი: უკრაინის კონტრშეტევები დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე დაანონსდა და უკრაინელ მოსახლეობასა და მსოფლიოს იმ ნაწილშიც, რომელიც უკრაინის მხარეზეა, შეიქმნა კონტრშეტევების წარმატებული შედეგის ძალიან დიდი მოლოდინი. უფრო მეტიც, ასეთი განწყობა სუფევდა არა მარტო სამოქალაქო საზოგადოებაში, არამედ თურმე თავად უკრაინის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობაშიც - უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი დღეს აღიარებს, რომ უკრაინის გენშტაბში შეიძლება ნატოელი გენერლების კარნახითაც გეგმავდნენ, რომ კონტრშეტევაზე გადასული უკრაინის არმია დღე-ღამეში 30 კმ-ით მაინც უნდა წაწეულიყო წინ, რაც ფანტასტიკა აღმოჩნდა, რადგან ზაპოროჟიეს ფრონტზე ხუთ თვეში უკრაინის არმიამ მხოლოდ... 17 კმ-ით თუ წაიწია წინ. მეორე: უკრაინის არმიის გენერალური კონტრშეტევის მიმართულების ამოცნობა არცთუ ძნელი იყო ფრონტზე შექმნილი ოპერატიული მდგომარეობიდან გამომდინარე და ის ყველა შემთხვევაში დაემთხვეოდა სამხრეთ ფრონტზე, ზაპოროჟიედან სამხრეთით ტოკმაკისა და მელიტოპოლის მხრიდან აზოვის სანაპიროსკენ გაჭრას ბერდიანსკზე გასასვლელად”, - აღნიშნავს სტატიის ავტორი, სამხედრო ექსპერტი, სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ "არსენალის" რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი.

“ხოლო დამხმარე კონტრიერიშის წამოწყება მოსალოდნელი გახლდათ აღმოსავლეთ ფრონტზე, მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან (ხერსონიდან) მარცხენა სანაპიროზე დესანტირება, ყირიმის ნახევარკუნძულისკენ წინსვლა არმიანსკზე გასასვლელად და საუკეთესო შემთხვევაში, აზოვის ზღვის საპორტო ქალაქ გენიჩენსკთან ამ ორივე კონტრიერიშის მიმართულებების შეერთება, რაც რუს ოკუპანტებს ხერსონის მარჯვენა სანაპიროზე "ტომარაში" მოაქცევდა და შესაბამისად, გათავისუფლებული იქნებოდა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ენერგოდართან, რომლის ნაპირზეც უკრაინელები დესანტს გადასხამდნენ. ჩრდილო-აღმოსავლეთ ფრონტზე, კრემენოე-სვატოვოს მონაკვეთზე, მთავარი კონტრშეტევის დაწყება ოკუპირებული ლუგანსკის ოლქის გასათავისუფლებლად ან აღმოსავლეთ ფრონტზე ოკუპირებული დონეცკისკენ დიდი შეტევის წამოწყება აზრს მოკლებული იყო, რადგან ოკუპირებული ლუგანსკისა და დონეცკის ოლქები უშუალოდ ესაზღვრება რუსეთის ფედერაციას და იმ მიმართულებებზე რუსეთიდან დამატებითი ძალების მიხმარება კრემლს არ გაუჭირდებოდა”, - განაგრძობს სტატიის ავტორი.

“მესამე: რუსეთის გენშტაბის სამხედრო ანალიტიკოსებისთვის ძნელი არ იყო იმის განსაზღვრა, თუ დაანონსებული საზაფხულო კონტრიერიშებს საით მიმართავდა უკრაინის არმია და ამიტომაც ჯერ კიდევ 2022 წლის შემოდგომა-ზამთრის პერიოდიდან დაიწყო გრანდიოზული მასშტაბის თავდაცვითი ზღუდეების აგება სწორედ ზაპოროჟიეს სამხრეთ ფრონტის გასწვრივ, რაც 2023 წლის გაზაფხულზეც გაგრძელდა. რუსეთის საოკუპაციო ძალების მაშინდელი სარდლის, გენერალ სუროვიკინის პატივსაცემად არაოფიციალურად შერქმეული “სუროვიკინის თავდაცვის ზღუდე”, ალბათ, 21-ე საუკუნის ყველაზე გრანდიოზული მასშტაბისა და სიგრძის საინჟინრო ნაგებობაა, რომელიც “დრაკონის კბილებს” (პირამიდის ფორმის რკინაბეტონის კონსტრუქციები), ტანკსაწინააღმდეგო თხრილებს, ესკარპებსა და კონტრესკარპებს და რაც მთავარია, ამ თავდაცვითი ზღუდეების პირველ ხაზამდე (სულ თავდაცვის სამი ხაზი გაკეთდა, ძირითადი იყო მეორე, მესამე _ სარეზერვო) მისასვლელები უხვად იყო დანაღმული ქვეით- და ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებით”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“მეოთხე: ლოგიკურად მოსალოდნელი გახლდათ, რომ უკრაინის არმია თავიდან სამხრეთ ფრონტზე რამდენიმე მიმართულებით წამოიწყებდა კონტრშეტევას მოწინააღმდეგის დასაბნევად და შემდეგ მთელ ძალებს გენერალური კონტრშეტევის მიმართულებაზე მოუყრიდა თავს. თუმცა ასე რატომღაც არ მოხდა - კონტრშეტევის ორი მთავარი მიმართულება რამდენიმე დღეში თითქოს მართლაც გამოიკვეთა - ერთი ორეხოვოდან ტოკმაკისკენ, ხოლო მეორე უფრო აღმოსავლეთით, მარიუპოლისკენ, მაგრამ მთელი ძალების კონცენტრაცია მაინც არ მოხდა და უკრაინული დანაყოფები ჯიუტად აგრძელებდნენ შეტევებს აღმოსავლეთ ფრონტზე ბახმუტის ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან ალყაში მოსაქცევად, მიუხედავად იმისა, რომ უკვე დაკარგული და მიწასთან გასწორებული ბახმუტის უკან დაბრუნების სამხედრო აუცილებლობა არ არსებობდა. ეს შეიძლება მხოლოდ უკრაინის პოლიტიკური ხელისუფლებისთვის ყოფილიყო მომგებიანი, რათა პრეზიდენტ ზელენსკის დასავლელი ლიდერებისთვის დაენახებინა, დაკარგული ბახმუტი უკან დავიბრუნეთო, მაგრამ ამან ძალების გაფანტვა გამოიწვია. ომის დროს პოლიტიკოსების სამხედროების საქმეში უხეშად და დამღუპველად ჩარევის მაგალითი ხომ საქართველოშიც მოგვეპოვება, თუნდაც აგვისტოს ომის დროს ცხინვალის ოპერაციის დროს”, - თვლის ჟურნალ "არსენალის" რედაქტორი.

“მეხუთე: დასავლელი პარტნიორების სამხედრო დახმარება უკრაინის მთავარი კონტრიერიშის წინ დაგვიანებული და არასრული აღმოჩნდა. მართალია, ნატოს წევრმა ქვეყნებმა 4 ივნისამდე მოახერხეს 9 უკრაინული ბრიგადის პირადი შემადგენლობის გაწვრთნა და უკრაინის არმიას 230 ტანკი და 1 550 ჯავშანმანქანა გადასცეს საარტილერიო დანადგარებთან ერთად, მაგრამ ეს არ კმაროდა საავიაციო მხარდაჭერის გარეშე - უკრაინელ მებრძოლებს (მათ შორის უცხოელ მოხალისეებს, პირველ რიგში კი ქართველ მეომრებს) ისე უწევდათ შეტევაზე გადასვლა, რომ არ იყო ჩახშობილი მოწინააღმდეგის საარტილერიო ცეცხლი. ასეთ პირობებში, ძლიერი საავიაციო და საარტილერიო ცეცხლის მხარდაჭერის გარეშე, მაგალითად, ნატოს წევრი ქვეყნების არმიების, მათ შორის თავად ამერიკული არმიის მებრძოლებიც კი უარს იტყოდნენ შეტევაზე. მეექვსე: უკრაინის გენშტაბმა და ნატოელმა გენერლებმა არასათანადოდ შეაფასეს იმ ნაღმური ველების საფრთხე, რომლებიც “სუროვიკინის თავდაცვის ზღუდეებამდე” მისასვლელებში იყო. არასაკმარისი რაოდენობით იქნა გამოყენებული ნაღმური ველების განნაღმვის დისტანციური სისტემები, ასევე განნაღმველი ტრალები. შესაბამისად, რობოტინესთან იერიშის დროს ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებზე ერთმანეთის მიყოლებით აფეთქდნენ გერმანული “ლეოპარდები” და ამერიკული “ბრედლის” ქვეითთა საბრძოლო მანქანები, რამაც უარყოფითი ფსიქოლოგიური ზემოქმედება მოახდინა შეტევაზე გადასულ უკრაინელ მებრძოლებზე, რადგან მათ დასავლეთის პოლიგონებზე მომზადების პერიოდში უნერგავდნენ, რომ "ლეოპარდებისა" და "ბრედლების" დანახვაზე რუს ოკუპანტებს პანიკა დაეწყებოდათ და სანგრებიდან თავქუდმოგლეჯილები გაიქცეოდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა...” - განმარტავს ირაკლი ალადაშვილი.

“პირიქით, ნაქებმა დასავლურმა ტექნიკამ “სუროვიკინის თავდაცვის ზღუდის” პირველ ხაზამდეც ვერ მიაღწია, ისე გამოვიდა მწყობრიდან ნახევარი საუკუნის წინანდელი საბჭოთა ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებით. მეშვიდე: ნაღმურ ველზე შეფერხებულ უკრაინული კონტრშეტევის მთავარ ძალას, უმოძრაოდ მდგარ ჯავშანსატანკო ჯგუფებს, არანაკლებ ოთხი დიდი საფრთხე დაემატა - რუსული სანგრებიდან ნასროლი “კორნეტისა” და “ფაგოტის” მართვადი ტანკსაწინააღმდეგო კუმულაციურქობინიანი რაკეტები, რუსული არტილერიის ძლიერი ცეცხლი, კამიკაძე-დრონები და “ალიგატორის” შვეულმფრენებიდან შორი მანძილიდან გამოშვებული “ვიხრის” ტიპის ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტები. მერვე - რუსეთის საოკუპაციო ძალები აქტიურად იყენებენ მძლავრ რადიელექტრონული ბრძოლის საშუალებებს უშუალოდ ფრონტის ხაზთან, რითაც პრობლემები შეუქმნეს უკრაინელების “საბრძოლო კოზირს” - “ჰაიმარსებიდან” გაშვებულ მართვად რაკეტებს, რადგან მიზანში მათ ზუსტად მოხვედრას სწორედ “ჯიპიეს” სისტემა უზრუნველყოფს, მის სიგნალებს კი ხშირად რუსული სადგურები ახშობენ”, - წერს ავტორი.

“შესაბამისად, უფრო შორ მანძილზე მფრენი “ჰაიმარსების” მიზანში მოხვედრის სიზუსტემაც იკლო და უკრაინელების კონტრსაბატარეო ბრძოლაც არც ისე შედეგიანი აღმოჩნდა, როგორც შარშან, როდესაც ფრონტის ხაზზე გამოჩენილი ამერიკული “ჰაიმარსები” რუსი არტილერისტებისთვის ჯერ კიდევ “ახალი ხილი” იყო. მეცხრე - რუსეთის ხელისუფლებამ გამოიყენა რამდენიმეთვიანი პოზიციური ბრძოლების პერიოდი და საოკუპაციო ძალების რაოდენობა 400 ათასამდე გაზარდა, რითაც უკრაინის ფრონტზე პირადი შემადგენლობის რაოდენობა “გადააჯერა”, რის გამოც რუსი ოკუპანტებისთვის დიდი მსხვერპლი პირად შემადგენლობაში კატასტროფული აღარ არის. მეორე მსოფლიო ომის გაკვეთილებიდან გამომდინარე, გამარჯვებულმა საბჭოთა არმიამ დამარცხებულ გერმანიაზე ბევრად მეტი მსხვერპლი ნახა, მაგრამ ამას სტალინი არ შეუჩერებია და არც პუტინს შეაჩერებს, რადგან ისტორიულად რუსეთის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს მიაჩნია, რომ ახალი, სხვა ქვეყნების ტერიტორიების დასაპყრობად რუსეთი ყველა ფასს გადაიხდის, ხოლო დაღუპულების ნაცვლად “ქალები ახალ შვილებს გააჩენენ”, - ამტკიცებს სამხედრო ექსპერტი.

“კიდევ ბევრი ობიექტური და თუნდაც სუბიექტური მიზეზის ჩამოთვლა შეიძლება, რის გამოც უკრაინის ამ წლის მთავარი კონტრიერიში რუსი ოკუპანტების ნაწილობრივ გასაყრელად მაინც, სამწუხაროდ, უშედეგო აღმოჩნდა, მაგრამ ომი გრძელდება... ფეხბურთის არ იყოს, როდესაც ერთი მხარე უტევს და ბურთი ვერ გააქვს, შეიძლება თავად მიიღოს კარში ბურთი - ასეა ომშიც. ახლა მოსალოდნელია რუსი ოკუპანტების შეტევების გაძლიერება ახალი უკრაინული ქალაქების დასაპყრობად, მათ შორის ავდეევკისა თუ კუპიანსკის. ამასთან, ძალზე არასახარბიელო ვითარება იქმნება უკრაინისთვის დასავლეთის სამხედრო დახმარების გაგრძელებაზე - ამერიკელი კონგრესმენები ვიწროპარტიული ქიშპობის გამო არ ამტკიცებენ ქვეყნის იმ ბიუჯეტს, სადაც უკრაინისთვის 2024 წელს 61-მლრდ დოლარიანი ამერიკული სამხედრო დახმარების გაწევაა გათვალისწინებული; ევროკავშირი აღიარებს, რომ მომავალი წლის გაზაფხულამდე უკრაინის არმიას ვერ მიაწვდის შეპირებულ ერთ მილიონ საარტილერიო ჭურვს; სლოვაკეთის ახალი პრემიერ-მინისტრი საერთოდ წყვეტს სახელმწიფო სამხედრო დახმარებას უკრაინისთვის უნგრეთის ხელისუფლების მსგავსად, რომელიც ომის დაწყების დღიდან ბლოკავს ევროკავშირის მიერ 50 მლრდ ევროს გამოყოფას კიევისთვის; ღაზის სექტორში “ჰამასის” ინსპირირებული ომი ისრაელის არმიას უკრაინის მოწილედ აქცევს ისედაც დეფიციტური 155 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვების გაყოფაში. მოკლედ, უკრაინას ძალზე რთული პერიოდი დაუდგება ამ ზამთრისთვის, რაც კიევმა რამენაირად უნდა გადაიტანოს, მათ შორის მოსალოდნელი რუსული საჰაერო დარტყმების მომატების ფონზე, რაც უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურის განადგურებისკენ იქნება მიმართული. სხვა შემთხვევაში, აგრესორ რუსეთთან წაგებული უკრაინა მთლიანად დასავლეთის წაგებად აღიქმება, რაშიც საქართველოც მძიმედ “გაიჭყლიტება”, - დაასკვნის ჟურნალ "არსენალის" რედაქტორი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო