ვარლამ გოლეთიანი - არ ვართ პოლიტიკური ძალა, რომ ქულების დაწერაზე ვმუშაობდეთ - აცხადებენ, რომ რაჭის ტყეებზე ლიცენზია თვის ბოლოს გაუქმდება, მაგრამ გვინდა, პროცესს ბოლომდე დავაკვირდეთ, ამ ხალხს სიტყვაზე ვერ ვენდობით

სამინისტრო ცდილობს ჩვენი პროტესტი უსაფუძვლოდ წარმოაჩინოს, თითქოს მათ ბევრად ადრე ჰქონდათ გაცხადებული პოზიცია ლიცენზიის გაუქმებასთან დაკავშირებით - როდესაც ჩვენ დავიწყეთ კარვებით პროტესტი, ამის შემდეგ დაიწყო განცხადებები ლიცენზიის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით, მანამდე ამაზე საუბარი არ ყოფილა, - ამის შესახებ „მოძრაობა რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა რაჭის ტყეებთან დაკავშირებით მიმდინარე პროტესტზე საუბრისას განაცხადა.

როგორც გოლეთიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, პროტესტის მონაწილეებისთვის ცნობილი გახდა, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ, ოთარ შამუგიასთან შეხვედრა ვერ შედგება და არც სამინისტროს შიგნით შეეძლებათ პროტესტი.

„რამდენიმე წუთის წინ გვითხრეს, რომ მინისტრთან [ოთარ შამუგია] შეხვედრა ვერ შედგება და არც სამინისტროს შიგნით შეგვიშვებენ, ანუ არ მოგვცემენ პროტესტის უფლებას.

რაც თბილისში ვართ ჩამოსული, შინაარსამდე ვერ მივედით, საუბარი გვიწევს იმაზე, გვაქვს თუ არა პროტესტის უფლება. გვეუბნებიან, რომ არ გვაქვს. თბილისში პროტესტის მეოთხე დღეს გაირკვა, რომ მათ არც საუბარი უნდათ და არც სამინისტროს ტერიტორიაზე შეშვება.

ჩვენ გვგონია, რომ ხელისუფლება ნერვიულობს იმაზე თუ ვის დაეწერება ქულები, იმიტომ, რომ ისინი ამბობენ, რომ ლიცენზია თვის ბოლოს უქმდება“, - განაცხადა გოლეთიანმა.

კითხვაზე, თუკი თვის ბოლოს ლიცენზია გაუქმდება, რატომ არის მოძრაობისთვის აღნიშნული თემა აქტუალური და რატომ ჩამოვიდნენ თბილისში, გოლეთიანი პასუხობს, რომ ხელისუფლებას „სიტყვაზე ვერ ენდობიან“, ამიტომ თვის ბოლომდე დააკვირდებიან სიტუაციას.

„მინისტრმა [ოთარ შამუგია] გუშინ ბრიფინგზე განაცხადა, თითქოს, მაისში თქვეს, რომ ლიცენზია უქმდებოდა. მაისში აცხადებდნენ, რომ ხიდაშელმა [დავით ხიდაშელი , ბიზნესმენი] არ წარმოადგინა სამეურნეო მართვის გეგმა და ამიტომ ის დაჯარიმდებოდა შესაბამისი სანქციით, რომელიც 2000 ლარს ითვალისწინებდა. ასევე კანონი ითვალისწინებდა გადავადებას, რაც გულისხმობდა კანონით დადგენილ ვადებში თავიდან სამეურნეო მართვის გეგმა წარმოედგინა.

რაზეც, გუშინ მინისტრი აპელირებდა, თითქოს მაისში ამბობდნენ, რომ ლიცენზია გაუქმდებოდა, ამაზე საუბარი არასდროს ყოფილა. უბრალოდ თქვეს, რომ ხიდეშელმა არ წარმოადგინა გეგმა და ამის გამო ჯარიმდებოდა.

ისინი ცდილობენ ჩვენი პროტესტი უსაფუძვლოდ წარმოაჩინონ, თითქოს სამინისტროს ბევრად ადრე ჰქონდა გაცხადებული პოზიცია ლიცენზიის გაუქმებასთან დაკავშირებით. როდესაც ჩვენ დავიწყეთ კარვებით პროტესტი, ამის შემდეგ დაიწყო მათ მხრიდან განცხადებები ლიცენზიის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით, მანამდე ამაზე საუბარი არ ყოფილა.

ახლა სამინისტრო ნერვიულობს იმაზე რომ ეს ქულა, რაღაცნაირად არ მოგვეწეროს ჩვენ. ჩვენ არ ვართ პოლიტიკური ძალა, რომ ქულების დაწერაზე ვმუშაობდეთ.

კი აცხადებენ, რომ ლიცენზია თვის ბოლოს გაუქმდება, მაგრამ ჩვენ გვინდა პროცესს ბოლომდე დავაკვირდეთ, ნამდვილად გაუქმდება თუ არა. ჩვენ, ამ ხალხს სიტყვაზე ვერ ვენდობით“, - განაცხადა გოლეთიანმა.

შეგახსენებთ, უკვე რამდენიმე დღეა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან რაჭის ტყეებთან დაკავშირებით საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. კერძოდ, აქციის მონაწილეების ძირითადი მოთხოვნაა, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში 2022 წლის მარტში 104 712 ჰექტარ ტყეზე 49-წლიანი სამონადირეო ლიცენზიის გაუქმება.

ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება