საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის დღე აღინიშნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის დღე აღინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, საუნივერსიტეტო სივრცეში ახალი ფაკულტეტი 2021 წლის 11 დეკემბერს, მთის საერთაშორისო დღეს დაფუძნდა და დღეს უკვე, სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებულ ოთხ პრიორიტეტულ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ცოდნას 300-მდე სტუდენტი ეუფლება.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, აკადემიკოსი სოლომონ პავლიაშვილი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი - ავთანდილ კორახაშვილი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი - ნოდარ ჭითანავა, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით იოსებაშვილი, პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის მთიანი რეგიონების განვითარების საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მირიან წიკლაური, სტუ-ის კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ფაკულტეტების დეკანები, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელები, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა მიწვეული სტუმრები.

ფაკულტეტის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ გახსნა, ფაკულტეტის ხელმძღვანელს, პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს ღირსშესანიშნავი დღე მიულოცა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მან საუნივერსიტეტო სივრცეში ახალშექმნილი ფაკულტეტის ისტორია მიმოიხილა და იმ წარმატებულ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც ფაკულტეტის მეცნიერ-თანამშრომლებმა და სტუდენტებმა 2021 წლიდან დღემდე განახორციელეს.

როგორც რექტორმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი, თავისი 2-წლიანი ისტორიის მიუხედავად, ერთ-ერთი წარმატებულია საუნივერსიტეტო სივრცეში და მის სტუდენტებს ყველა საშუალება აქვთ, უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, ქვეყნისთვის უაღრესად საჭირო პროფესიები აითვისონ, ჩაატარონ ექსპერიმენტები, კვლევები, სამეცნიერო კონფერენციები თუ სემინარები და რაც მთავარია, კონკურენტუნარიან სპეციალიტებად და მკვლევრებად ჩამოყალიბდნენ.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია ყველა ის პროფესია, რომლებსაც ახალგაზრდები ალმა-მატერში ეუფლებიან, მაგრამ დღეს, 21-ე საუკუნეში, უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს მთიანი რეგიონების მდგრადი განვითარებისთვის კონკურენტუნარიანი ახალგაზრდა სპეციალისტების მომზადება. მთიანი რეგიონების განვითარება ერთ-ერთი აქტუალური საერთაშორისო გამოწვევაა, რისი დასტურია ისიც, რომ გაერო 2002 წლიდან აღნიშნავს მთის საერთაშორისო დღეს. ახალი ფაკულტეტი, მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკის - ავსტრიის, შვეიცარიის, იტალიის, შოტლანდიის და ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების გამოცდილების გაზიარებითა და ქართულ სინამდვილესთან ადაპტირებით, სწორედ 2 წლის წინ, 11 დეკემბერს დაარსდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. ჩვენი უნივერსიტეტი ერთადერთია ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, სადაც მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი ოთხი საბაკალავრო პროგრამით მოქმედებს და ამ ფაკულტეტზე, დღევანდელი მოცემულობით, 300-მდე სტუდენტი სწავლობს. ჩვენი ახალგაზრდებისთვის ამ უნიკალური შესაძლებლობის შექმნისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რადგან სწორედ იმ დროიდან დაიწყო ფაკულტეტის დაარსებაზე ზრუნვა. ქმედითი მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მინისტრს, ბატონ გიორგი ამილახვარს, ყოფილ მინისტრს, ბატონ მიხეილ ჩხენკელს - უნივერსიტეტი ძალისხმევას არ დაიშურებს, აღზარდოს პროფესიონალი კადრები, რომლებიც უშურველად იზრუნებენ მთიანი რეგიონების განვითარებისთვის. გილოცავთ ფაკულტეტის დღეს და გისურვებთ წარმატებებს“, - აღნიშნა თავის გამოსვლაში რექტორმა დავით გურგენიძემ.

სტუ-ის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნოე ხოზრევანიძემ მადლობა გადაუხადა რექტორსა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, ასევე, პარტნიორ ორგანიზაციებს იმ მხარდაჭერისთვის, რაც ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების მიმართ ვლინდება.

„ჩვენი ფაკულტეტი 2021 წლის 11 დეკემბერს ჩამოყალიბდა. ამ მნიშვნელოვან დღეს ვულოცავ კოლეგებს, სტუდენტებს, პარტნიორ ორგანიზაციებს და ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მთიანი რეგიონების მდგრადი განვითარების საკითხები. ჩვენ არ ვართ დიდი ისტორიის მქონე ფაკულტეტი, მაგრამ ორი წლის განმავლობაში აქტიური და ორგანიზებული მუშაობით მივაღწიეთ იმას, რომ ოთხ საბაკალავრო პროგრამაზე, რომელსაც სრულად აფინანსებს სახელმწიფო, 300-მდე სტუდენტი სწავლობს. ის, რომ ჩვენი პროგრამები მიმზიდველია ახალგაზრდებისთვის, ამას მოწმობს ერთიან ეროვნულ გამოცდებში ოთხივე პროგრამაზე კონკურსების მაღალი მაჩვენებელი. დღეს, მილანის უნივერსიტეტთან პარტნიორობით, იქმნება ახალი ერთობლივი საბაკალავრო პროგრამა, ასევე, უკვე შემუშავებული გვაქვს სამაგისტრო პროგრამა და შესაბამისი სილაბუსები. გარდა ამისა, აქტიურად მიმდინარეობს საველე პრაქტიკები სტუდენტების ჩართულობითა და ბიზნესთან მჭიდრო კოოპერაციით. მნიშვნელოვანია, რომ უახლოეს მომავალში ფაკულტეტი დაანონსებს ორგანული ფერმერული პროდუქტების წარმოების ასოციაციის შექმნას, ასევე, ვგეგმავთ ორგანული ფერმერული ტურიზმის ასოციაციის დაფუძნებასაც. უნდა აღინიშნოს, რომ ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებლებისა და სტუდენტების აქტიური ჩართულობითა და თანაორგანიზებით, გაიმართა ორი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია. ახალგაზრდებისთვის ვაწყობთ კონკურსებს, გამოფენებს, განვიხილავთ გაცვლითი პროგრამების კიდევ უფრო მეტად გააქტიურების საკითხებსაც და კვლევების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით სერიოზული ნაბიჯების გადადგმას. უამრავი გეგმა გვაქვს, რაც პირდაპირ კავშირშია ფაკულტეტის განვითარებასა და დეფიციტურ პროფესიებში ახალგაზრდა სპეციალისტთა თუ დარგის მკვლევართა აღზრდა-ფორმირებასთან“, - აღნიშნა ნოე ხოზრევანიძემ.

სტუ-ის ინფორმაციით, მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე რექტორმა და ფაკულტეტის ხელმძღვანელმა საპატიო სიგელებით დააჯილდოვეს ასოცირებული პროფესორები - კობა კობალაძე და შორენა კუპრეიშვილი. სერტიფიკატები გადაეცათ საუნივერსიტეტო სტუდენტური ოლიმპიადის - ,,ბუნებრივი კატასტროფების რისკების შემცირება“ და სტუდენტთა მე-3 სამეცნიერო კონფერენციის - „მთის ეკოსისტემები“ მონაწილე სტუდენტებს, ხოლო სტუდენტურ ოლიმპიადაში გამარჯვებული ოთხი სტუდენტი - თამარ სეფაშვილი, ირაკლი ჭინჭარაული, ანა ომანაძე და ნუში ჯაყელი ფაკულტეტმა სპეციალური პრიზებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ