თუ გრიგორიადისი პოლიციელისთვის საფრთხის შექმნას ამართლებს და ცინიკური დამოკიდებულების გამოვლენასაც ბედავს, ამის შემდეგ მისი განცხადება ციხეებში ანტისანიტარიაზე, არავისთვის დიდად საყურადღებოდ არ გამოიყურება, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
რაც შეეხება გრიგორიადისის შეწყალებას, როგორც მან აღნიშნა, არ ჰგონია, „პრეზიდენტმა საკუთარი რეპუტაციით გარისკოს და პოლიციელზე თავდასხმა გაამართლოს“.
„ოპოზიციიდან წარმომადგენლები ან არასამთავრობო სექტორიდან ადამიანები ხშირად რომ აპელირებდნენ უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე გარკვეულ საკითხებზე და ცდილობდნენ კითხვის ნიშნები გაეჩინათ, მგონი ყველასთვის ცხადი გახდა ყველაფერი - ამიერიდან შეგვიძლია უფრო მარტივად ვისაუბროთ და გავაკეთოთ დასკვნები ამ საკითხის ირგვლივ. ახლა საკითხი პრაქტიკულად რჩება მხოლოდ ის, თუ ვის მოსწონს ადამიანებისთვის, პოლიციელებისთვის სიცოცხლის საფრთხის შექმნის გზით პროტესტის გამოხატვა, ვის მიაჩნია, რომ პროტესტის გამოხატვით გაამართლო სხვა ადამიანებისთვის სასიკვდილო საფრთხის შექმნა, ვის მიაჩნია, რომ ეს სწორია. ვისაც მიაჩნია, რომ ეს არის საქართველოსთვის ევროპული გზა, როცა პოლიციელებს თავს ესხმი და სიცოცხლის მოსპობის საფრთხეს ქმნი, ეს არის უმძიმესი იარლიყი, არ მგონია, ამის შემდეგ აზრი ჰქონდეს მაამებლური განცხადებების კეთებას თუნდაც პრეზიდენტთან მიმართებით, რადგან მე არ მგონია, რომ პრეზიდენტმა საკუთარი რეპუტაციით გარისკოს და გაამართლოს პოლიციელებზე თავდასხმა, ან პოლიციელებზე ახლა უკვე გაკეთებული საკმაოდ ცინიკური განცხადებები. არ მგონია, მათ შორის, პრაგმატული მოსაზრებებიდან გამომდინარე მან ასეთი ნაბიჯი გადადგას,“ - განაცხადა სარჯველაძემ.
მისივე თქმით, ციხეებში არსებული ვითარება რადიკალურად განსხვავდება იმისგან, რასაც გრიგორიადისი აღწერს.
„უამრავი წყარო არსებობს, რომელიც გვამცნობს ზუსტ ინფორმაციას ციხეებში არსებულ ვითარებაზე და ამის მიხედვით შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ ამასთან დაკავშირებით. პირდაპირ ვამბობ, ციხეებში არსებული მდგომარეობა რადიკალურად განსხვავდება იმისგან, რაც ამ ბატონის მიერ გაკეთებულ განცხადებაშია აღწერილი. რაც შეეხება დამაჯერებლობას, იმ ფონზე, რაც საკუთარი განცხადებების სხვა ნაწილებში აკეთა ამ კაცმა, არ მგონია, ვინმეს ჰქონდეს განცდა, რომ ეს დამაჯერებელი განცხადებებია, მას აქვს უბრალოდ დაუოკებელი სურვილი ხელისუფლებისთვის ჩირქის მოცხებისა. თუ ის „მოლოტოვის კოქტეილით: პოლიციელისთვის სიცოცხლის მოსპობის საფრთხის შექმნას ამართლებს და ცინიკური დამოკიდებულების გამოვლენასაც ბედავს, ამის შემდეგ მისი განცხადება, რომ ციხეებში ანტისანიტარიაა, მგონი არავისთვის მაინც და მაინც დიდად საყურადღებოდ არ გამოიყურება,"- განაცხადა სარჯველაძემ.
ინფორმაციისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულებიდან “ინტერპრესნიუსის“ კითხვებს პასუხობს.
წერილში გრიგორიადისი აცხადებს, რომ ის „არაფერს ნანობს“. ასევე, ის საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიმართ დადებით განწყობას აფიქსირებს და როგორც აღნიშნავს, მისი ოჯახი პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართავენ.
ბრალთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, რაც პოლიციელის მიმართ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ეხება, გრიგორიადისი ასე პასუხობს:
„მე ვისროლე „მოლოტოვი“... მობრძანდნენ ჩემთან დაზარალებულები, „ლევომეკოლს“ წავუსვამ და „babuska boi”-ს მოვასმენინებ“, - აცხადებს ბრალდებული.
გრიგორიადისი წერილში საპატიმროში არსებულ ვითარებაზეც საუბრობს.
„საშინელებაა, რაც აქ ხდება, სრული უპასუხისმგებლობა, კადრების ნაკლებობაც არის, დისკრიმინაციული მენიუ აქვთ, ინფრასტრუქტურა - ნაგავი, სააბაზანოებში ობია გავრცელებული, გაფუჭებული პროდუქტით დამზადებული საკვები, გაურეცხავი, მოუხარშავი, დაბინძურებული....მაღაზიის მომსახურებაც ნაგავია, როგორ მოიგო ტენდერი შპს “ექსპრეს ქსელმა”, ვერ ვხვდები. ორი დღე ერთი და იგივე საკვებია, ოთხშაბათი, პარასკევი, რადგან არიან პატიმრები, რომლებიც მარხულობენ. მარხულობ, არ მარხულობ, გწამს, არ გწამს, არ აინტერესებთ. მრავალფეროვნება არ გექნება, რადგან პატიმრების უმეტესობა ქრისტიანია. არაფერია, რითაც შეიძლება პატიმრებმა ივარჯიშონ, სასეირნოდ ჯერ მოხდილ საკანში შედიხარ, სადაც ნორმალურად ვერ ირბენ, მაგიდა საკანში იმდენად უცნაური ზომისაა, დიდი ხანი თუ გიწევს წერა, ხატვა, ან რამე მაგდაგვარი, სკამიდან განადგურებული დგები, ხერხემლის პრობლემები გაგიჩნდება მაგიდასთან თუ მუშაობ. დაჟანგებულია თითქმის ყველაფერი, საკნის კარების გარდა. სუპში მინახავს გაყავისფრებული, დამპალი მწვანილი, კატლეტში მინახავს ბუსუსები, ჭურჭლის სარეცხი ღრუბლის მწვანე ნაგლეჯი ამოვიღე ერთხელ, წიწიბურას კეფირი მოვასხი და კეფირი გაყავისფრდა, ალბათ, იმიტომ რომ, გაურეცხავად, პირდაპირ ყრიან და ხარშავენ წიწიბურას. მოუხარშავი კარტოფილი შემხვედრია სუპში, ამ საკვებს იღებს ყველა ის პატიმარი, ვისაც საშუალება არ აქვს, რომ მაღაზიის საკვები იყიდოს,"- აცხადებს გრიგორიადისი.