ეკა სეფაშვილი - ჩვენი ბიუჯეტი, ჩვენი პოლიტიკა სოციალურ საჭიროებებზეა მიმართული

ჩვენი არჩევანია, რომ ბიუჯეტის მესამედი მიმართული იყოს სოციალური პროგრამების და სოციალური საჭიროებების დაფინანსებისკენ. რა თქმა უნდა, ეს მთლიანად ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც ქვეყნის წინაშე დგას, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ეს არის მიმართული ძალისხმევა. ასე იყო შარშან, შარშანწინ და ასევე იქნება მომავალშიც, რადგან ჩვენი პოლიტიკის მიზანი არის ხალხის საჭიროებებზე პასუხი , - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფ „ხალხის ძალის" წარმომადგენელმა ეკა სეფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონპროექტის განხილვისას.

მისი თქმით, ოპოზიციის მიერ პოპულისტური განცხადებები ერთ რამეს ამტკიცებს, რომ მათ ეკონომიკაზე წარმოდგენაც კი არა აქვთ.

„ჩვენი ბიუჯეტი, ჩვენი პოლიტიკა მიმართულია სოციალურ საჭიროებებზე. 165 მილიონი ლარით გაზრდილი ბიუჯეტის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, კერძოდ, 130 მილიონი ლარი მიმართულია რეგიონების განვითარებაზე. ეს არის ის პრობლემა, რომელიც ასევე დგას ჩვენს ქვეყანაში, ანუ რეგიონული განვითარების გათანაბრების პრობლემა და 130 მლნ ლარით მეტი არის გამოყოფილი რეგიონებზე. არავის აქვს იმის ილუზია, რომ ეს საკმარისი იქნება რეგიონების განვითარებისთვის და აბსოლუტური გათანაბრებისთვის, მაგრამ ეს არის ამისკენ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯი. ჩვენ მხოლოდ კონკრეტულ ნაბიჯებზე ვსაუბრობთ და არა ოპოზიციის მსგავსად პოპულისტურ გამონათქვამებზე, რომელიც არაფრის მომცემია და მხოლოდ ელექტორატში იწვევს დაბნეულობას და გაურკვევლობას. ასევე 29 მილიონი ლარით არის გაზრდილი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი და ა. შ", - აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა ოპოზიციის განცხადებებს და აღნიშნა, რომ ოპოზიციას არ სურს დაინახოს ეკონომიკური ზრდა და ცრუ ბრალდებებზე მიდის.

„მაშინ, როცა მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი ბევრი ქვეყნისათვის ნეგატიურ ზრდას პროგნოზირებენ, საქართველოს შემთხვევაში პოზიტიური მიმართულებით გაზარდეს ეკონომიკური პროგნოზი. ამ პროგნოზებს რომ ვერ ეწინააღმდეგებიან, ვინაიდან რეალურად გასული წლის განმავლობაშიც ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვქონდა, ასევე წელსაც დაგეგმილზე გაცილებით მეტი ზრდა მივიღეთ, ოპოზიციამ ასეთი სისულელე მოიფიქრა, რომ თურმე ყველაფერი 25 ადამიანის ჯიბეში მიემართება და კორუფციაა. მეორე ოპოზიციონერისგან გავიგეთ, რომ თურმე ეს ყველაფერი 250 ადამიანის ჯიბეში მიემართება. ეს ყველაფერი ტყუილია. ჩემს ხელთ არსებული მონაცემებით, დავალება მიღებულია უცხოეთიდან, რომ კორუფციაზე ისაუბრონ ეს იყოს მათი პოლიტიკური პლატფორმის ძირითადი შემადგენელი ნაწილი, რათა როგორმე ამომრჩევლების ყურადღება მიიპყრონ", - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

როგორც „ხალხის ძალის" წარმომადგენელმა აღნიშნა, მსოფლიო ბანკის და მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის მონაცემებით, საქართველო მსოფლიოში მე-20 ადგილზე და ევროკავშირის მასშტაბით მე-11 ადგილს იკავებს კორუფციის კონტროლის მიხედვით.

„ეს არის ობიექტური საერთაშორისო ექსპერტების შეფასება. ამ შეფასების მიხედვით საქართველო ლიდერია ევროპაში და უსწრებს ნატო-ს წევრ 25 ქვეყანას და „დიდი შვიდეულის" წევრ 5 ქვეყანას სხვადასხვა მაჩვენებელში. ეს არის სიმართლე და არა ის, რასაც ოპოზიცია ქადაგებს", - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი