ვინ დაეხმარა საქართველოს ნაურუს პოზიციის შეცვლაში
საქართველოს რუსეთის მიერ “დაწუნებული” სომხური პროდუქტი მოაწყდება
როგორ ცდილობს რუსეთი ნატო-ს მე-5 მუხლის გამოცდას - იმიგრანტთა შესაძლო შემოსევები და ალიანსის პასუხი
* * *
ვინ დაეხმარა საქართველოს ნაურუს პოზიციის შეცვლაში
“ნაურუს რესპუბლიკის მხრიდან ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკასთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობის გაუქმების გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა არის ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობის საფუძველი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, საქართველო მზადაა, ნაურუს რესპუბლიკასთან დაამყაროს დიპლომატიური ურთიერთობა და ხელი შეუწყოს თანამშრომლობის გაღრმავებას. პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრს და თითოეულ დიპლომატს მადლობა გადაუხადა. მალევე აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ ინფორმაცია დაადასტურა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ნაურუს გადაწყვეტილება “უპრეცედენტო და სისტემატური საგარეო ზეწოლის” შედეგია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ვინ დაეხმარა საქართველოს ნაურუს პოზიციის შეცვლაში - “სწორი იყო გვემუშავა მათთან, ვისაც ამ ქვეყანაზე ზემოქმედება შეეძლო” / საქართველო ნაურუსთან დიპლომატიური ურთიერთობის დასამყარებლად ემზადება.
“სოხუმის მტკიცებით, 2009 წელს, “აფხაზეთის აღიარების” შემდეგ, საქართველო და მისი დასავლელი პარტნიორები ნაურუზე წლების განმავლობაში პოლიტიკურ, დიპლომატიურ და ეკონომიკურ ზეწოლას ახდენდნენ, რათა ქვეყანა ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმებაზე დაეყოლიებინათ. დე ფაქტო უწყება ამტკიცებს, რომ ზეწოლის შესახებ საჯაროდ საუბრობდა ნაურუს ყოფილი პრეზიდენტიც... საპროცედურო საკითხთა თავმჯდომარე დავით მათიკაშვილის თქმით, ნაურუს გადაწყვეტილება პირდაპირ ასახავს “ქართული ოცნების”, საგარეო პოლიტიკის წარმატებას. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, “საქართველოს ნაურუზე პირდაპირი ზემოქმედების საშუალება რომ ჰქონოდა, ამას 16 წლის წინ გააკეთებდა, სწორი იყო, გვემუშავა მათთან, ვისაც ამ ქვეყანაზე ზემოქმედება შეეძლო”... ენმ-ს, “ლელოსა” და “ახალის” წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ არაღიარების პოლიტიკის წარმატება საქართველოს სახელმწიფოებრივი, მრავალწლიანი სტრატეგიის ნაწილია, რომელსაც საფუძველი ჯერ კიდევ წინა წლებში ჩაეყარა - როდესაც მსგავსად გააუქმეს აღიარება ვანუატუმ და ტუვალუმ და ამ შედეგის მიწერა მხოლოდ მოქმედი ხელისუფლების დამსახურებად არასწორია”, - აღნიშნავს გამოცემა.
“გარდა ამისა, რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ოანა ცოიუ სოციალურ ქსელში წერს, რომ რუმინეთი საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ევროკავშირისკენ გზის მიმართ სრულად ერთგული რჩება. რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ოანა ცოიუ რუსეთის მიერ 2008 წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიას გმობს. “საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული არაპროვოცირებული აგრესიის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, რუმინეთი კვლავ გმობს აფხაზეთსა და ცხინვალში/სამხრეთ ოსეთში უკანონო სამხედრო ყოფნას”, - წერს რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი “იქსზე”. კავკასიის საკითხებში ექსპერტის, მამუკა არეშიძის განცხადებით, თავის დროზე მოსკოვმა დიდი თანხები დახარჯა იმისათვის, რომ ცალკეულ ქვეყნებს აფხაზეთი ეღიარებინათ”, - დასძენს გამოცემა.
“ნაურუს ფული ნამდვილად გადაუხადეს. ზუსტი ოდენობა არ ვიცი, მაგრამ ეს დადასტურებული ფაქტია. ნიკარაგუის, ვენესუელისა და სირიის შემთხვევაში კი უფრო სხვადასხვა პოლიტიკური და ეკონომიკური გაცვლები მოხდა. დაახლოებით ვიცი, სირიაში როგორ მუშაობდა ადგილობრივი აფხაზური დიასპორა და ისიც ვიცით, რა როლი ითამაშა მოსკოვმა. იქაურ ტარტუსის რუსულ სამხედრო ბაზაში წლების განმავლობაში მუშაობდნენ ადგილობრივი აფხაზები და მათ გარკვეული გავლენა ჰქონდათ როგორც დიასპორაზე, ისე ადგილობრივ გარემოზე. თუმცა, ეს გადამწყვეტი არ ყოფილა. მთავარი მაინც მოსკოვის კატეგორიული მოთხოვნა იყო. ბაშარ ასადი იმ პერიოდში რუსეთის განსაკუთრებულ მოკავშირედ მიიჩნეოდა და იძულებული შეიქნა ეს გადაწყვეტილება მიეღო. მაშინ ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ სირია აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარებას აპირებდა. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები ცდილობდნენ ამ პროცესის შეჩერებას, თუმცა, შედეგს ვერ მივაღწიეთ. სამაგიეროდ, იორდანიის შესაბამისი გადაწყვეტილების დაბლოკვა მოხერხდა, სადაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იქაური ჩერქეზული დიასპორის ანტაგონისტურმა მიდგომამ ამ საკითხისადმი”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.
საქართველოს რუსეთის მიერ “დაწუნებული” სომხური პროდუქტი მოაწყდება
“სომხური მედიის ინფორმაციით, მეზობელი ქვეყანა საქართველოში თევზის ექსპორტს გეგმავს. ეს გადაწყვეტილება “როსელხოზნადზორის” მიერ, სომხური პროდუქციის, ახლა უკვე თევზის რუსეთში იმპორტის შეზღუდვას უკავშირდება. სხვათა შორის, თევზი ერთადერთი პროდუქტი არ არის, რომლის ექსპორტიც აიკრძალა რუსეთში. სომხეთის პრემიერის “დასასჯელ” ზომებს პუტინმა დიდი ხანია მიმართა და თითქმის ყველა სახის პროდუქტის ექსპორტი აკრძალა. იმ ფაქტმა, რომ თევზის და სხვა სახის სომხური პროდუქტების ექსპორტი საქართველოში გადმოინაცვლებს, ადგილობრივი მწარმოებლები უკვე შეაშფოთა. ისინი შიშობენ, რომ ქართული საწარმოების განვითარდება შეფერხდება, მაგრამ ეკონომისტებს ადგილობრივი მეწარმეების “ცრემლების არ სჯერათ”. თევზის ქართველი მწარმოებლები განმარტავენ, რომ სომხეთიდან თევზის შესაძლო იმპორტი საფრთხეს უქმნის ადგილობრივ აკვაკულტურას იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა ისედაც 97%-ით იმპორტირებულ პროდუქციაზეა დამოკიდებული”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით საქართველოს რუსეთის მიერ “დაწუნებული” სომხური პროდუქტი მოაწყდება / ქართველი მეწარმეები უკვე შფოთავენ, მაგრამ ეკონომისტები მათ წუხილს არ იზიარებენ.
“მეტიც, თევზის მეწარმეების განცხადებები მედიაში უკვე გამოჩნდა, სადაც ისინი ამბობენ, რომ იმ სახეობების წარმოება, რაც სომხეთშია განვითარებული, საქართველოშიც სრულადაა შესაძლებელი. თევზის მწარმოებლების მსგავსად, არ არის გამორიცხული, სხვა პროდუქტების მწარმოებლებიც აღშფოთდნენ და ადგილობრივი პროდუქციის დაცვა მოითხოვონ. ეს მაშინ, როდესაც საქართველო თავისუფალი ბაზრის, ღია ეკონომიკის ტიპის ქვეყანაა. სწორედ ამიტომ უკვირთ ეკონომისტებს ადგილობრივი მეწარმეების ასეთი მკვეთრი განცხადებები და მათი შფოთვების დაჯერებაც უჭირთ. არადა, სომხეთისთვის საქართველო ყველაზე ახლო მეზობელი ქვეყანაა, სადაც აუცილებლად განახორციელებენ იმ პროდუქტების ექსპორტს, რომლებსაც პუტინმა თავისი ქვეყნის საზღვრები ჩაუკეტა. რა მოხდება, თუკი სომხური პროდუქცია: თევზი, ხილი, ბოსტნეული და ა.შ. საქართველოში შემოვა? ეკონომისტი პაატა ბაირახტარის აზრით, არავითარი პრობლემა არ არის, თუკი სომხური პროდუქციის ექსპორტი საქართველოში დაიწყება, ჩვენ ღია ეკონომიკა აქვს, რაც თავისუფალ ვაჭრობას ნიშნავს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“რა მნიშვნელობა აქვს, სომხური პროდუქტი შემოვა, თუ აზერბაიჯანული, რადგან ჩვენ ვართ ღია ბაზრის ეკონომიკა და უნდა შემოვიდეს კიდეც. ისევე, როგორც ქართული პროდუქცია გადის სხვადასხვა ქვეყანაში, ექსპორტზე. ეს არის თავისუფალი ვაჭრობა და ღია ეკონომიკის პრინციპი. რას ნიშნავს, რომ მეწარმეს ეშინია, იმპორტირებულ პროდუქციასთან კონკურენციაში დამარცხდება? უცხოურ პროდუქციას, რომელიც სხვა ქვეყნიდან მოდის, გაცილებით მეტი დამატებითი ხარჯები აქვს, ესე იგი ასეთი მეწარმის პროდუქცია არარენტაბელური ყოფილა. ვინმე თუ არარენტაბელურ პროდუქციას აწარმოებს, ეს მისი პრობლემაა, ამის გამო ეკონომიკასა და ვაჭრობას ვერ ჩავკეტავთ”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ბაირახტარი.
“მეტსაც გეტყვით, ძალიან ბევრ მეწარმეს უნდა, რომ ის იყოს ბუნებრივი მონოპოლისტი. ვის არ ენდომება ასეთი სასათბურე პირობები, მაგრამ ღია ბაზრის ეკონომიკა და ზოგადად, თავისუფალი ბაზრის ეკონომიკა სწორედ ჯანსაღ კონკურენციაზეა აგებული. მეორე მხრივ, სახელმწიფოს გააჩნია უამრავი რეგულაცია, გადასახადი და ასე შემდეგ, რაც ბიზნესს მნიშვნელოვნად აფერხებს. ქართულ ბიზნესს თუ რამ აფერხებს, ეს არის რეგულაციები და გადასახადები. შესაბამისად, თუ ადგილობრივ მეწარმეებს ხელს უშლის ზედმეტი რეგულაცია და გადასახადი, რის გამოც ვერ შეძლებენ პროდუქციის გაიაფებას, ეს ღიად უნდა განაცხადონ და მხარს დავუჭერ. სხვა შემთხვევაში, არ ვემხრობი და არ მივესალმები, რომ იმპორტირებულ პროდუქციას ხელოვნური ბარიერები შევუქმნათ. თუ რენტაბელურ პროდუქციას აწარმოებ, იმპორტირებულ პროდუქციას აუცილებლად გაუწევთ კონკურენციას და აჯობებთ კიდეც. თუმცა, ბაზარი ჩავკეტოთ იმიტომ, რომ ადგილობრივ მეწარმეს სურს, უფრო მაღალ ფასში გაყიდოს პროდუქცია და იმპორტიორი არ უნდა შემოუშვას, ეს ღია ბაზრის ეკონომიკას არ შეესაბამება”, - დაასკვნის ბაიარახტარი.
“ამ პოზიციას სრულად იზიარებს ეკონომისტი ნოდარ კაპანაძე, რომელიც თვლის, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც შესაძლოა, სომხური თევზი, ბოსტნეული, ხილი და სხვა პროდუქცია შევიდეს. მისი თქმით, აზერბაიჯანი და თურქეთი საგულდაგულოდ ჩაკეტავენ თავიან ბაზრებს და არ დაუშვებენ სომხური პროდუქციის ექსპორტს. მისი თქმით, ურსულა ფონ დერ ლაიენის დაპირება, რომ სომხური პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირში განხორციელდებოდა, ეს ზღაპარია რადგან ამ დღეებშივე გაირკვა, როცა სომხურ პროდუქციაზე განაცხადეს, რომ ევროკავშირის სტანდარტებს არ აკმაყოფილებს. კაპანაძი განმარტავს, რომ ქართველი მეთევზეების, მეხილეებისა და მებოსტნეების შიშიც ბუნებრივია, ერთი შეხედვით, რომ სახელმწიფომ დაიცვას ბაზარი, მაგრამ მეორე მხრივ, მომხმარებლებისთვის ეს არც ისე ცუდია”, - დასძენს გამოცემა.
“კეთილი ინებეთ, ქართველო მეწარმეებო, აწარმოეთ ხარისხიანი პროდუქცია და გაყიდეთ შედარებით ნორმალურ ფასად. ფასების რეგულირების პრობლემა, რაც პრემიერმა დააყენა, სულაც არ არის ჰაერიდან მოტანილი, რეალური და შინაარსიანი პრობლემაა. ყველას თავისი წილი სიმართლე აქვს - ქართველი მეწარმეების წილი სიმართლე ის არის, რომ ადგილობრივი ბაზრის დაცვა სურთ, მაგრამ მომხმარებლის სიმართლეც გასათვალისწინებელია... რატომ იქნება უფრო იაფი სომხური პროდუქცია, როდესაც მას ტრანსპორტირების, იმპორტის ხარჯი ემატება? მაშინ, ადგილობრივებმა დადონ თავისი ფასწარმოქმნა და შევადაროთ სომხურს, რათა ანალიზი გავაკეთოთ. თუ სახელმწიფო ახრჩობს მათ გადასახადებით, რის გამოც არ შეუძლიათ, რომ იაფად გაყიდონ, გამოვიდნენ და თქვან... მე მაქვს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ სომხეთიდან ჩვენთან ძალიან ბევრი ხილ-ბოსტნეული და სხვა პროდუქტები შემოვა, ეს ყველაფერი გადაიფუთება ქართულად და რეექსპორტზე წავა ისევ რუსეთის ბაზარზე! ზოგადად, ეკონომიკას აქვს ისეთი კანონი, რომელიც გრავიტაციის კანონის მსგავსად, ჩვენგან დამოუკიდებლად მოქმედებს და ეს უნდა ვიცოდეთ”, - ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნოდარ კაპანაძე.
როგორ ცდილობს რუსეთი ნატო-ს მე-5 მუხლის გამოცდას - იმიგრანტთა შესაძლო შემოსევები და ალიანსის პასუხი
“უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ევროპაში უსაფრთხოების გარემო მნიშვნელოვნად შეიცვალა. რუსეთის სამხედრო მოქმედებებს თან დაერთო ჰიბრიდული ოპერაციების გაფართოება, რაც ანალიტიკოსების შეფასებით, მიზნად ისახავს არა მხოლოდ ცალკეული სახელმწიფოების, არამედ ნატოს კოლექტიური თავდაცვის პრინციპის გამოცდას. ამ ფონზე, სულ უფრო აქტუალური ხდება კითხვა - რამდენად მზად არის ჩრდილოატლანტიკური ალიანსი თანამედროვე საფრთხეებთან გასამკლავებლად და შეძლებს თუ არა მისი მთავარი პრინციპის, მეხუთე მუხლის, ეფექტიანად განხორციელებას? აქვე უნდა ითქვას, რომ ნატოს მეხუთე მუხლში აღნიშნულია, რომ ერთ წევრ სახელმწიფოზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმა ყველა წევრზე თავდასხმად მიიჩნევა. თუმცა, თანამედროვე გამოწვევები ხშირად არ ჯდება ტრადიციული სამხედრო აგრესიის ჩარჩოებში. ბოლო წლებში ევროპაში გაიზარდა კიბერშეტევების, დეზინფორმაციული კამპანიების, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაზიანებისა და საზღვრებთან პროვოკაციების რაოდენობა. დასავლეთის არაერთი დაზვერვითი სამსახური ამ ქმედებების ნაწილს რუსეთს უკავშირებს. ანალიტიკოსების შეფასებით, მოსკოვი ცდილობს იმ ზღვრის პოვნას, რომლის გადაკვეთაც ნატოს მხრიდან კოლექტიური პასუხის აუცილებლობას გამოიწვევს, თუმცა, სრულმასშტაბიან სამხედრო კონფლიქტს თავიდან აირიდებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით როგორ ცდილობს რუსეთი ნატო-ს მე-5 მუხლის გამოცდას - იმიგრანტთა შესაძლო შემოსევები და ალიანსის პასუხი.
“ასეთი ოპერაციები განსაკუთრებულ გამოწვევას წარმოადგენს. სწორედ ამ რეალობის საპასუხოდ ნატომ ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გააძლიერა აღმოსავლეთ ფლანგი. გაიზარდა მრავალეროვნული სამხედრო კონტინგენტები ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში, გაფართოვდა სწრაფი რეაგირების ძალები, გაძლიერდა საჰაერო და საზღვაო პატრულირება, ხოლო კიბერუსაფრთხოება ალიანსის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად იქცა. ამასთან, თანამედროვე საფრთხეები მხოლოდ სამხედრო სფეროთი აღარ შემოიფარგლება. ხელოვნური ინტელექტი, უპილოტო სისტემები, კოსმოსური შესაძლებლობები და ენერგეტიკული უსაფრთხოება უკვე ეროვნული თავდაცვის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევა. ნატო ცდილობს ამ მიმართულებებითაც გააძლიეროს თანამშრომლობა წევრ ქვეყნებს შორის. ამ კონტექტში აღსანიშნავია ის, რომ 2026 წლის 29 მაისის ღამეს, უკრაინაზე თავდასხმის დროს, რუსული დრონი ნატო-ს წევრი რუმინეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა და სასაზღვრო ქალაქ გალაცში 10-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა. აფეთქებას ხანძარი მოჰყვა, დაშავდა ორი ადამიანი და ევაკუირებული იქნა 70-ზე მეტი მცხოვრები”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ექსპერტების ნაწილის შეფასებით, რუსეთის მთავარი მიზანი შესაძლოა არა უშუალოდ ნატოსთან სამხედრო დაპირისპირება, არამედ ალიანსის პოლიტიკური ერთიანობის გამოცდა იყოს და თუ წევრ სახელმწიფოებს შორის განსხვავებული მიდგომები იქნება კონკრეტულ ინციდენტებზე რეაგირების საკითხში, ეს შეკავების ეფექტს შეასუსტებს. საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი, სამხედრო ექსპერტი, ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ რუსეთი ნატოს მისამართით ჰიბრიდულ ომს აწარმოებს, რისი მიზანიც, ალიანსის მეხუთე მუხლის გამოცდაა, თუმცა, ნატოს ბოლო რეფორმები საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა ამის გასამკლავებლად”, - განაგრძობს გამოცემა.
“რუსებს “ჩემი შენ გითხარიო” სჭირთ. ნატო საკმაოდ კარგად პასუხობს არსებულ გამოწვევებს, მათ შორის, წარმატებით უმკლავდება რუსეთის ჰიბრიდული ომს, რომელსაც ბალტიისპირეთისა და ევროპული ქვეყნების მიმართ აწარმოებს. ნატო უკრაინას უკვე საკმაოდ ეფექტურად ეხმარება, უკრაინამ კი საკმაოდ სერიოზული ეფექტი აჩვენა, რომელიც გამოწვეულია იმით, რომ რუსეთში ეკონომიკური კოლაფსია. ამის შედეგია, რომ 21 სექტემბრის მერე, მობილიზაციის გამოცხადებას ელოდებიან, რაც პუტინის რეჟიმს კიდევ უფრო სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის... ნატოსთვის დიდი გამოწვევა იყო სწორედ მაროკოდან გადმოსული უკანონო მიგრანტების ნაკადი. ვარაუდობდნენ, რომ ამ ასიმეტრიული შეტევის უკან მაროკოს ხელისუფლება იდგა. ეს უკვე იყო ორგანიზებული შეტევა ჰიბრიდული ომის ფორმატში და ნატომ საკმაოდ ადეკვატური ღონისძიება მიიღო - ესპანეთმა მოიგერია ეს მოქმედება, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია და შეკითხვაზე - “რამდენად გაგრძელდება რუსეთის სამხედრო მცდელობები ნატოსთან მიმართებაში, რომ შეამოწმოს წესდების მეხუთე მუხლის ეფექტურობა?” - პასუხობს:
“რუსეთს ახლა რაღაც პატარა წარმატება სჭირდება და მისი მიზანია აჩვენოს, რომ, თითქოს ნატოს მეხუთე მუხლი არაქმედითუნარიანია, ცდილობს, რომ ეს მოქმედებები ფსიქოლოგიური ომის ფორმატში განახორციელოს, უკრაინაში სერიოზული ჩავარდნების ერთგვარი კომპენსაცია მოახდინოს და უკრაინული სინდრომი დაძლიოს. აქედან გამომდინარე, რუსეთს სჭირდება მცირე ზომის წარმატებაც კი, თუნდაც იგივე დაშინების ან ფსიქოლოგიური ომის ფორმატში, მაგრამ ესეც არ გამოსდის, ის პირდაპირ გეოსტრატეგიულ ჩიხშია შესული. ახლა რა თქმა უნდა მოსალოდნელია, რომ ნატოს ე.წ. გამოცდები მოუწოს ალიანსის ქვეყნების ტერიტორიებზე, რაზედაც პასუხი ნატოს ყოველთვის ექნება”.
“რუსეთი ალიანსთან სერიოზულ შეიარაღებულ დაპირისპირებას ვერ გაბედავს, მეორე ფრონტზე წარმოება რუსეთს ნამდვილად გაუჭირდება კი არა და ეს წარმოუდგენელი იქნება. რუსეთი სერიოზულ დარტყმას მიიღებს. ჰიბრიდულ ომზეა გადასული და ამ ომში ჯერჯერობით წარმატება რუსეთს ჰქონდა, სანამ ეს წარმატებას უკვე ნატოს სამხედრო ხელმძღვანელობამ არ გაანეიტრალა და საკმაოდ სერიოზული კონტრზომები მიიღო. ახლა შეიძლება იგივე არალეგალური მიგრანტების ორგანიზებულ შემოსევებზე გადავიდეს, ესპანეთის სცენარი გაიმეოროს ნატოს ჩრდილოეთ ფლანგზე - შეიძლება იყოს ფინეთი, ესტონეთი, პოლონეთი. ასევე, შეიძლება იყოს სამხედრო მუქარები, მაგალითად, უპილოტოების უნებლიე ვითომ შესვლა რაღაცა ობიექტებზე, თუნდაც უნებლიე დარტყმები - ეს კი ბატონო. შეიძლება შეაგზავნონ სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფები ვითარების რადიკალიზაციისთვის”, - მიიჩნევს მაისაია.
“ტრამპის პოზიცია მართალია ცოტა მერყევია და ხან ასე და ხან ისეა, მაგრამ დღეს ისიც მიხვდა, რომ რუსეთთან მაინც მკაცრი პოლიტიკა უნდა გაატაროს. მისი ბოლო პოლიტიკა საკმაოდ ადეკვატურია. ტრამპიც უკვე მიხვდა, რომ ირანს ეხმარება რუსეთი. თუ ამერიკა ეხმარება უკრაინას, რუსეთი ეხმარება ირანს. ამერიკა-ირანისა და რუსეთ-უკრაინის ეს ორი ომი, ეს ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია და უკვე ტრამპსაც ესმის, რომ რუსეთი არის ამერიკის მთავარი მოწინააღმდეგე”, - დასძენს მაისაია.