4 აგვისტოს გამოქვეყნებული ირაკლი კობახიძის წერილი, უპირველეს ყოვლისა, უნდა განვიხილოთ როგორც პოლიტიკური დოკუმენტი, რომელიც ახალი სახელმწიფოებრივი ნარატივის ფორმირებას გვთავაზობს. ტექსტის მთავარი მიზანია ახლო წარსულის კარგად ცნობილ ფაქტებს ახალი პოლიტიკური მნიშვნელობა შესძინოს. ეს წერილი არ არის იზოლირებული პოლიტიკური განცხადება - ის ოფიციალური პოლიტიკური დისკურსის უფრო ფართო ტრანსფორმაციის ერთ-ერთი ელემენტია. ეს ტექსტი აგრძელებს „ქართული ოცნების“ ბოლო პერიოდის სხვა პროგრამულ დოკუმენტებთან თანხვედრას და მათი კონცეფციის განვითარებას, მათ შორის შეიძლება ჩამოვთვალოთ: თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით მოქმედი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მასალები და დასკვნა; ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ შეტანილი საკონსტიტუციო სარჩელი და სახელმწიფოს უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობის განცხადებები. ეს ჯერჯერობით არ ნიშნავს, რომ ახალი სახელმწიფოებრივი ნარატივი უკვე საბოლოოდ ჩამოყალიბებულია. უფრო სწორია ითქვას, რომ ვხედავთ მისი ფორმირების მკაფიო ნიშნებს, რომლებიც სხვადასხვა პოლიტიკურ დოკუმენტსა და საჯარო გამოსვლაში ერთი და იმავე აზრობრივი მოდელების თანმიმდევრულ გამეორებაში ვლინდება.
მრავალი წლის განმავლობაში ქართული პოლიტიკური დისკურსის ცენტრალურ ღერძს საქართველო-რუსეთის დაპირისპირება წარმოადგენდა. რუსეთის აგრესია, აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” ოკუპაცია, ასევე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა განიხილებოდა სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად საკითხებად. შიდა პოლიტიკური კონფლიქტები, მიუხედავად მათი სიმწვავისა, აღიქმებოდა როგორც მეორეხარისხოვანი მოვლენები საერთო საგარეო საფრთხის არსებობის ფონზე.
ირაკლი კობახიძის წერილი არსებითად განსხვავებულ ლოგიკას გვთავაზობს. თუმცა, რუსეთი კვლავ ინარჩუნებს ადგილს საერთო პოლიტიკური სურათში, ის, კობახიძის ხედვით, აღარ არის მიმდინარე პროცესების მთავარი სუბიექტი. ახალი კონსტრუქციის ცენტრალურ ელემენტად წარმოდგენილია შიდა პოლიტიკური ძალების საქმიანობა, რომლებიც, ტექსტის ლოგიკის თანახმად, გარე გავლენის ცენტრებისთვის მოქმედებენ. შესაბამისად, საფრთხის ძირითად წყაროდ უკვე არა იმდენად რუსეთის აგრესიულობა, არამედ შიდა „აგენტურა“ ცხადდება, რომლის მეშვეობითაც, თითქოს, გარე გავლენები ხორციელდება. რუსეთი პოლიტიკური თხრობიდან არ ქრება, თუმცა უფრო რთულ კონსტრუქციაში ექცევა, სადაც მისი როლი შიდა პოლიტიკური აქტორების საქმიანობაზე დამოკიდებულ და მათგან წარმოებულ ელემენტად იქცევა.
ამ ტრანსფორმაციას თან ახლავს პატრიოტიზმის შინაარსის გადაფასებაც. თუ ადრე პატრიოტიზმი უპირველესად რუსეთის გავლენისადმი წინააღმდეგობას, ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და ქვეყნის დასავლური განვითარების კურსის განმტკიცებას უკავშირდებოდა, ახლა იგი განისაზღვრება მშვიდობის შენარჩუნებით, ესკალაციაზე უარის თქმითა და რუსეთთან ფრთხილ ურთიერთობებში. ამგვარად, იცვლება არა მხოლოდ პოლიტიკური შეფასებების სისტემა, არამედ სახელმწიფოსთვის მისაღები ქცევის ნორმატიული გაგებაც.
საგულისხმოა, რომ წერილის ავტორი თითქმის არ კამათობს იმაზე თუ რა მოხდა 2008 წლის აგვისტოში. პოლემიკის საგანი არა თავად ომის ისტორია, არამედ ისაა, თუ ვის აქვს დღეს მორალური უფლება ამ მოვლენებზე ისაუბროს. ტექსტის მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა იმის მტკიცებას, თითქოს ოპოზიციის წარმომადგენლები საკუთარ შეფასებებში არაგულწრფელები არიან. განხილვის საგანია არა მათი პოზიციის სისწორე ან ცდომილება, არამედ მათი მოტივები. ამგვარად, დელეგიტიმაცია უკვე აღარ ეხება მხოლოდ ოპოზიციის პოლიტიკურ შეხედულებებს — იგი შეეხება მათ მორალურ სტატუსსაც.
არანაკლებ მნიშვნელოვანია 2008 წლის ომსა და 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ სრულმასშტაბიან ომს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის გაწყვეტის გამოკვეთა. დასავლურ ინტერპრეტაციათა უმეტესობაში ეს ორი მოვლენა რუსეთის ერთიანი რევიზიონისტული პოლიტიკის თანმიმდევრულ ეტაპებად განიხილება: საქართველო — პირველი ეტაპია, უკრაინა კი მისი გაგრძელებაა. კობახიძის წერილი საპირისპირო ლოგიკას გვთავაზობს. უკრაინა აღარ არის ქართული ისტორიის გაგრძელება; იგი წარმოდგენილია როგორც განყენებული ფაქტორი, რომელმაც საქართველოს შიდა პოლიტიკა და, განსაკუთრებით, ოპოზიციის ქცევა განსაზღვრა.
თეა წულუკიანის კომისიის დასკვნისა და ოპოზიციის წინააღმდეგ შეტანილი საკონსტიტუციო სარჩელის მსგავსად, კობახიძის წერილიც მნიშვნელოვნად ამცირებს რუსეთთან პირდაპირი კონფრონტაციის ხარისხს, თუმცა, ამავე დროს, ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ კონფლიქტებს არ ანიჭებს ცალკე პოლიტიკურ სტატუსებს. რუსეთის გაქრობსთან ერთად, ეს კონფლიქტებიც ფაქტობრივად კარგავენ რაღაც ფორმით მაინც არსებობის სტატუსს. შექმნილ ცარიელ ადგილზე ყალიბდება განმარტებითი ნარატივი, რომლის ცენტრში ეროვნული კატასტროფის პირველმიზეზად შიდა ღალატი წარმოჩნდება.
ამ ლოგიკით გამოდის, რომ აფხაზეთი და “სამხრეთ ოსეთი” არ განიხილებიან არც რეალურ პოლიტიკურ სუბიექტებად და არც ანალიზის ობიექტებად. ამ წერილით აფხაზები და ოსები პრაქტიკულად ქრებიან პოლიტიკური პროცესის მონაწილეთა ჩამონათვალიდან. ისინი წარმოდგენილნი არიან ან რუსეთის პოლიტიკის ობიექტებად, ან საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებების შედეგად (მაგ. ჯადაცვა) წარმოქმნილ რეალობად.
არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რაზეც წერილი საერთოდ არ საუბრობს. მასში პრაქტიკულად არ გვხვდება ისეთი კატეგორიები, როგორიცაა ნდობა, მშვიდობის მშენებლობა, შერიგება, საერთო მომავალი ან კონფლიქტების ტრანსფორმაცია. წერილი თანმიმდევრულად ცვლის ქართული სახელმწიფოებრიობის განმარტებით მოდელს. ანალიზის ცენტრალურ ობიექტად უკვე აღარ გვევლინება ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების ტრანსფორმაცია ან მათი მოგვარების მექანიზმების ძიება. მის ნაცვლად ყურადღების ცენტრში ექცევა შიდა პოლიტიკური ლეგიტიმურობა, წინა ხელისუფლების პასუხისმგებლობა და ახალი ომის თავიდან აცილება. შედეგად, თავად კონფლიქტებიც თანდათან კარგავენ დამოუკიდებელ ანალიტიკურ სტატუსს და მათი განხილვა, პირველ რიგში, საქართველოს შიდა პოლიტიკისა და რუსეთის ინტერესების ანგარიშგაწევის კონტექსტში თავსდება.
პაატა ზაქარეიშვილი