საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე „ინტერპრესნიუსი“ საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხთა მკვლევარს, გიორგი ბილანიშვილს ესაუბრა.
- ბატონო გიორგი, 2008 წლის აგვისტოს ომიდან 18 წელია გასული. ამ თარიღთან დაკავშირებით ემოციებიც მატულობს და შესაბამისად პოლიტიკურად აქტიური ადამიანების აქტიურობაც. აგვისტოს ომზე, ბევრი რამ თქმულა და დაწერილა, თითქოს რაიმე ახალი რომ ითქმებოდა, ამის მოლოდინი არც იყო.
მაგრამ, წელს ახალი ისაა რომ მმართველმა გუნდმა ამ ტრაგიკული თარიღის წინ გააქტიურა საქართველოში რუსოფობიის თემა და ყველაფერი წინა ხელისუფლებას და დიფ სთეითს დააბრალა.
ამ თემაზე პრემიერ ირაკლი კობახიძის წერილი სოციალურ ქსელში ბევრმა „დემაგოგიად და უტიფრობად“ შეაფასა, მაგრამ, ვხედავთ, რომ მასზე სახელისუფლებო პროპაგანდა აქტიურად მსჯელობს.
ქართველმა ანტროპოლოგმა ზურაბ შენგელიამ რუსოფობიის თემაზე სოციალურ ქსელში დაწერა - „საქართველოსა და საერთაშორისო კანონმდებლობაში რუსოფობია სამართლებრივად განსაზღრული არ არის. ის წარმოადგენს პოლიტიკურ და სოციალურ ცნებას. რაც ზოგადი განმარტებით ნიშნავს უარყოფით განწყობას, შიშს, ზიზღს ან სიძულვილს რუსული კულტურისა და პოლიტიკის მიმართ. ეს ტერმინი გამოიყენება კრემლის კრიტიკის ჩასახშობად. რუსეთში გარკვეული სამართლებრივი ნაბიჯებია გადადგმული რუსოფობიასთან საბრძოლველად. ჩვენ ახლა იგივეს გაკეთება თავად გადავწყვიტეთ?!
რას შეიძლება ნიშნავდეს საქართველოში რუსოფობიის თემაზე მმართველი გუნდის აქტიურობა?
რამდენად სამართლიანია საქართველოში ანტირუსული განწყობების არსებობაში წინა ხელისუფლების, ან შევარდნაძის, ანაც გამსახურდიას ხელისუფლებისთვის, ანაც დასავლეთისთვის დაბრალება?
- პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ რუსოფობიას რუსული სახელმწიფო პროპაგანდა ძალზედ აქტიურად იყენებს საკუთარი შიდა აუდიტორიისთვის დასავლეთის სახით მტრის ხატის შესაქმნელად.
აქვე აღსანიშნავია, რომ კობახიძის წერილშიც ჩვენ ვხედავთ რუსული პროპაგანდის გზავნილს, სადაც შემდეგი რამ არის ნათქვამი -„აშკარაა, რომ გლობალურ ომის პარტიას სწორედ დღეს მიმდინარე კონფლიქტის მასშტაბი, იგულისხმება რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინაში, სჭირდებოდა იმისთვის, რომ ომში ევროპა ჩაერთო და რუსოფობია აგენტურაში მსოფლიო მასშტაბით, მათ შორის, საქართველოშიც, უმაღლეს დონეზე გაეღვივებინა.“
ამავდროულად, ამავე წერილში ნათქვამია, რომ „რუსეთი უკრაინაში, 2022 წელს, მეორედ შეიჭრა“. ეს ორი ამონარიდი, ვფიქრობ კარგად აჩვენებს, რომ ამ წერილის შინაარსი აბსურდულია. თუ ერთი მხრივ, თუ ვაღიარებ იმას, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, თანაც მეორედ, რამდენად ლოგიკურად უნდა ჩანდეს მკითხველისთვის ამ სამხედრო აგრესიის დაკავშირება რაღაც გამოგონილ გლობალური ომის პარტიასთან, რათა მას ამ ომში ევროპა ჩაერთო და რუსოფობია უმაღლეს დონეზე გაეღვივებინა?!
რუსოფობიას რუსული სახელმწიფო პროპაგანდა ძალზედ აქტიურად იყენებს საკუთარი შიდა აუდიტორიისთვის დასავლეთის სახით მტრის ხატის შესაქმნელად
ჩემი აზრით, ირაკლი კობახიძის წერილის ერთ-ერთი დანიშნულება, სახელისუფლებო პროპაგანდისთვის ახალი გამოგონილი თემის შექმნაა, საინფორმაციო ველის სამართავად და საზოგადების ყურადღების რეალური პრობლემებისა და გამოწვევებისგან გადასატანად. ამის არაერთი მაგალითი არსებობს ქართულ რეალობაში, იქნება ეს იგივე გლობალური ომის პარტიის, ე.წ. დიპ სტეტიტის თუ საქართველოს რუსეთთან ომში ჩათრევის თემები.
ირაკლი კობახიძის წერილის ერთ-ერთი დანიშნულება, სახელისუფლებო პროპაგანდისთვის ახალი გამოგონილი თემის შექმნაა, საინფორმაციო ველის სამართავად და საზოგადების ყურადღების რეალური პრობლემებისა და გამოწვევებისგან გადასატანად
საერთოდ, ვფიქრობ, რომ საქართველოში რუსოფობიაზე საუბარი საფუძველს მოკლებულია. ის რომ ადამიანებს პროტესტი აქვთ რუსეთის პოლიტიკის მიმართ, რომელმაც თავის დროზე ხელი შეუწყო ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში შეირაღებული კონფლიქტების გაღვივებას, ჩაერია ამ კონფლიქტებში საქართველოს ტერიტორული მთლიანობის და სუვერენიტეტის საწინააღმდეგოდ, შემდეგ განახორციელა პირდაპირი სამხედრო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, მოახდინა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია და აღიარა მათი დამოუკიდებლობა, ეს ჩემი აზრით, სულაც არ ნიშნავს რუსოფობიას.
მით უმეტეს, რომ რუსეთი ჰიბრიდული ომის ფორმატში დღემდე აგრძელებს საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლას, რისი ერთ-ერთი გამოვლინებაც არის, მაგალითად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მცოცავი ანექსია.
რუსეთი ჰიბრიდული ომის ფორმატში დღემდე აგრძელებს საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლას, რისი ერთ-ერთი გამოვლინებაც არის, მაგალითად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მცოცავი ანექსია
- დამკვირვებელთა ნაწილი თვლის რომ ხელისუფლების მხრიდან ამ თემის აქტუალიზაცია სხვა არაფერია თუ არა საზოგადოების იმისთვის მომზადება რომ 2008 წელს „სააკაშვილის ხელისფლებამ კრემლს სხვა გზა არ დაუტოვა გარდა იმისა რომ დაეცვა ცხინვალი და აფხაზეთი, ხოლო შემდეგ ეღიარებინა მათი დამოუკიდებლობა და ახლა საჭიროა მოსკოვის მოთხოვნის შესრულება და სოხუმთან და ცხინვალთან თავდაუსხმელობის შეთანხმების გაფორმება.“
დამკვირვებელთა მეორე ნაწილი თვლის რომ „ამგვარი შეთანხმების გაფორმება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება იქნებოდა, ეგ რომ „ქართულ ოცნებას“ ნდომებოდა, ამას აქამდეც გააკეთებდა.“
ახლა აქცენტი იდენტობის შენარჩუნებაზე, ტრადიციებისა კულტურის შენარჩუნებაზე კეთდება. ხელისუფლებამ გვითხრა რომ კანონმბდებლობით შექმნის ამისთვის სამართლებრივ ბაზას.
რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ იდენტობის, რელიგიისა და ფასეულობების დაცვის ფარგლებში მმართველი გუნდი ისეთ კანონებს მიიღებს, რომელთა საშუალებით რუსეთის კრიტიკის ჩასახშობად გამოიყენება შესაძლებელი იქნება?
- პირველ რიგში მინდა ისევ დავუბრუნდე ზემოთ ნახსენებ წერილს და თქვენი ყურადღება მივაქციო, ჩემი აზრით, ყველაზე სახიფათო გზავნილს, რომელსაც იგი შეიცავს. კერძოდ, წერილი იწყება შემდეგნაირად: „როგორც მოგეხსენებათ, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ საკუთარი სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულის შედეგად, რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია განახორციელა.“
შემდეგ ნათქვამია, რომ „მოხდა ის, რაც მანამდე რუსეთს ფიქრადაც კი არ ჰქონია - რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება.“ ბოლოს კი ნათქვამია - „ყველამ ვიცით, რომ როგორც წარსულში, ისე დღეს, აგენტურა საქართველოში გარე ძალების დავალებების შესაბამისად მოქმედებს და მათი სამშობლო არა საქართველო, არამედ „დიპ სტეიტია“.“
ირაკლი კობახიძის გზავნილის არსი, ჩემი აზრით, შემდეგია: საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და მათი დამოუკიდებლობის აღიარებაზე პასუხისმგებლობა არა რუსეთს, არამედ „ნაცმოძრაობასა“ და დასავლეთს ეკისრება. ეს ჩემი აზრით, არა მხოლოდ ირიბად ამართლებს იმას, რაც რუსეთმა წარსულში ჩაიდინა, არამედ იმასაც რასაც დღემდე ახორციელებს და რაც მომავალში შეიძლება გააკეთოს. ვგულისხმობ, მაგალითად ცხინვალის რეგიონის შესაძლო ანექსიას, რომლის ნიშნებიც სამწუხაროდ სულ უფრო იკვეთება.
ირაკლი კობახიძის გზავნილის არსი, ჩემი აზრით, შემდეგია: საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და მათი დამოუკიდებლობის აღიარებაზე პასუხისმგებლობა არა რუსეთს, არამედ „ნაცმოძრაობასა“ და დასავლეთს ეკისრება. ეს ჩემი აზრით, არა მხოლოდ ირიბად ამართლებს იმას, რაც რუსეთმა წარსულში ჩაიდინა, არამედ იმასაც რასაც დღემდე ახორციელებს და რაც მომავალში შეიძლება გააკეთოს
რაც შეეხება ახალი კანონების და რეგულაციების მიღებას, რომელიც განსხვავებული აზრის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ისახავს მიზნად ეს პროცესი უკვე დაწყებულია და ვფიქრობ მომავალშიც გაგრძელდება.
რაც შეეხება ახალი კანონების და რეგულაციების მიღებას, რომელიც განსხვავებული აზრის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ისახავს მიზნად ეს პროცესი უკვე დაწყებულია და ვფიქრობ მომავალშიც გაგრძელდება
- აგვისტოს ომის თემაზე ჯერ პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ იმსჯელა და ომის დაწყებაში ქართული მხარე და პირადად პრეზიდენტი სააკაშვილი დაადანაშაულა, რითაც ერთი მხრივ 2008 წლის ომის დაწყების რუსული ვერსია ერთი ერთში გაიმეორა, ხოლო მეორე მხრივ ამ ტიპის განცხადებებით ისე გაახარა მოსკოვი, რომ რუსი პოლიტიკოსები სიამოვნებით ციტირებენ ქართველი პოლიტიკოსების ამ თემაზე გაკეთებულ განცხადებებს.
- საზოგადოებაში შეიძლება არსებობდეს მოსაზრებები იმის თაობაზე თუ რა შეცდომები იქნა დაშვებული თავის დროზე ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში ან რა შეიძლება სხვანაირად გაკეთებულიყო 2008 წელს რუსეთის სამხედრო აგრესიის თავიდან ასაცილებლად.
ასეთ საკითხებზე მსჯელობა, პირველ რიგში უნდა ემსახურებოდეს სწორი დასკვნების გამოტანას და მათ გათვალისწინებას მომავალში. მაგრამ იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას, მე მგონია, რომ აზრს მოკლებულია.
იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას, მე მგონია, რომ აზრს მოკლებულია
უფრო მეტი სიცხადისთვის, შევცდები ეს საკითხი ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის ჩარჩოში განვიხილო. კერძოდ, ამა თუ იმ ქვეყანამ ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის სწორად დაგეგმვის შემთხვევაში უნდა შეამციროს მის წინაშე არ არსებული საფრთხეების ალბათობა, მათ შორის, სამხედრო აგრესიის საფრთხე.
მაგრამ მას ვერ გააქრობს, რადგან სამხედრო აგრესია, როგორც საგარეო საფრთხე, არ არის მხოლოდ მასზე დამოკიდებული და იგი პოტენციურად მომდინარეობს კონკრეტული სუბიექტისგან, რომელსაც თავისი მიზნები, გეგმები და გათვლები გააჩნია.
თუ მივუბრუნდებით ჩვენს დღევანდელ რეალობას დავინახავთ, რომ მდგომარეობა ბევრად უფრო სავალალოა. სინამდვილეში იმაზე კი არ მიდის მსჯელობა რა შეიძლება გაკეთებულიყო სხვანაირად ან თუნდაც რა გაკეთდა არასწორად, არამედ დამდგარ შედეგის გამო ერთმნიშვნელოვნად ყოფილი ხელისუფლება არის დადანაშაულებული.
თუ მივუბრუნდებით ჩვენს დღევანდელ რეალობას დავინახავთ, რომ მდგომარეობა ბევრვად უფრო სავალალოა. სინამდვილეში იმაზე კი არ მიდის მსჯელობა რა შეიძლება გაკეთებულიყო სხვანაირად ან თუნდაც რა გაკეთდა არასწორად, არამედ დამდგარ შედეგის გამო ერთმნიშვნელოვნად ყოფილი ხელისუფლება არის დადანაშაულებული
შორს რომ არ წავიდეთ ამის მაგალითია დასაწყისში განხილული წერილის შინაარსი და თქვენს მიერ ნახსენები საპარალამენტო კომისიის დასკვნაა.
- ეს თემა რომ ამოვწუროთ, აუცილებელია გავიხსენოთ ის, რასაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ხშირად იმეორებს.
მხედველობაში მაქვს ის, რომ ჯერ ხელისუფლება ამბობდა რომ რუსეთთან ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა. შემდეგ გაირკვა რომ ომის თავიდან აცილების სანაცვლოდ თბილისის ოფიციალურ ხელისუფლებას უარი უნდა ეთქვა ნატოში შესვლაზე.
იყო დრო „ქართული ოცნებაც“ მხარს უჭერდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, მაგრამ, ახლა ვხედავთ, რომ ხელისუფლების ანტიდასავლური რიტორიკა იქამდე მივიდა რომ ახლა ასეთი რამ გვესმის - „ასეთ ევროკავშირში კიდეც რომ მიგვიღონ, იქ რა გვინდა?!“
არადა, სწორედ „ქართულმა ოცნების“ ინიციატივით განხორციელებული კონსტიტუციური რეფორმის დროს ჩაიწერა საქართევლოს კონსტიტუციაში 78-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას, ხოლო სახელმწიფო სტრუქტურებს ავალდებულებს ამისათვის ყველა საშუალების გამოყენებას.
სავარაუდოდ, რამ განაპირობა „ქართული ოცნების“ საგარეო კურსის რადიკალური ცვილება?
თუ „ქართულ ოცნებას“ თავიდანვე ასე ჰქონდა ჩაფიქრებული, საკონსტიტუციო ცვლილებაში რატომ ჩაწერეს თავად 78-ე მუხლი?
- პირველ რიგში მინდა შევეხო ნატოში შესაძლო გაწევრიანების დაკავშირებას ომის თავიდან აცილებასთან. რეალურად, ამ საკითხს ასე წარმოაჩენს მოსკოვი იმიტომ, რომ გაამართლოს საკუთარი სამხედრო აგრესია. ჩვენ ამას ვხედავთ, როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მაგალითებზე. უბრალოდ იმის მტკიცებაც კი, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები ხდებოდნენ და რუსეთმა ამიტომ განახორციელა მათ წინააღმდეგ სამხედრო აგრესია ეწინააღმდეგება ფაქტობრივ გარემოებებს. პირიქით, ჩვენ ვხედავთ, რომ სწორედ რუსეთის სამხედრო აგრესიამ გამოიწვია ნატოს გაფართოება.
იმის მტკიცებაც კი, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები ხდებოდნენ და რუსეთმა ამიტომ განახორციელა მათ წინააღმდეგ სამხედრო აგრესია ეწინააღმდეგება ფაქტობრივ გარემოებებს. პირიქით, ჩვენ ვხედავთ, რომ სწორედ რუსეთის სამხედრო აგრესიამ გამოიწვია ნატოს გაფართოება
ვგულისხმობ ამ ორგანიზაციაში შვედეთის და ფინეთის გაწევრიანებას, რაც სწორედ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ინტერვენციის დაწყების შემდეგ მოხდა.
ამასთან, ნატოს წევრობის შედეგი ამ ორგანიზაციის წევრი ქვეყნების უსაფრთხოების გაძლიერებაა და მას არანაირი კავშირი არ აქვს რუსეთის წინააღმდეგ მიმართული საფრთხეების გაზრდასთან.
რაც შეეხება „ქართული ოცნების“ საგარეო კურსის ცვლილებას ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ჩვენ უნდა დავაკვირდეთ იმას თუ რა ხდება საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში 2012 წლიდან მოყოლებული.
კერძოდ, ჩემი აზრით, თანმიმდევრულად მიმდინარეობს პოლიტიკურ და სამოქალაქო სექტორში იმ აქტორების დისკრედიტაცია და სამოქმედო არეალის შეზღუდვა, რომელსაც პროდასავლური შეხედულებები და მისწრაფებები გააჩნიათ. იგივე ეხება საჯარო სექტორსაც, საიდანაც არაერთი საჯარო მოხელე დაითხოვეს პროდასავლური კურსის მხარდაჭერის საჯაროდ დაფიქსირების გამო.
საქართველოში უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის პროცესი მოშლილია. ისვე, როგორც კონსტიტუციის 78-ე მუხლი არ ცვლის იმ მოცემულობას, რომ ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია გაჩერებულია და საქართველოს ურთიერთობები დასავლეთის ქვეყნებთან, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ყველაზე არასახარბიელო მდგომარეობაშია
პარალელურად, ჩვენ ვხედავთ ანტიდასავლური და პრორუსული პროპაგანდის გაძლიერებას, რაც საზოგადების შეხედულებებსა და განწყობებზე გავლენის მოხდენას ისახავს მიზნად.
ამასთან ერთად, საქართველოს დღეისათვის ცუდი ურთიერთობა აქვს დასავლეთის იმ პარტნიორ ქვეყნებთან, რომლებმაც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვასა და განვითარებაში.
რაც შეეხება უშუალოდ თქვენს შეკითხვას კონსტიტუციაში 78-ე მუხლის შეტანასთან დაკავშირებით, ჩვენ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში არაერთი გადაწყვეტილება შეიძლება გავიხსენოთ, რომელიც შემდეგ წინააღმდეგობაში მოდის მის მიერვე განხორციელებულ ქმედებებთან. მაგალითად, მათი მმართველობის პირობებში ჯერ შეიქმნა, შემდეგ გაუქმდა, შემდეგ ისევ შეიქმნა და ბოლოს ისევ გაუქმდა უსაფრთხოების საბჭო.
ყველა ამ შემთხვევაზე „ქართული ოცნების“ წევრს ალბათ საკუთარი არგუმენტი ექნება, მაგრამ ეს არ ცვლის იმ მოცემულობას, რომ საქართველოში უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის პროცესი მოშლილია. ისვე, როგორც კონსტიტუციის 78-ე მუხლი არ ცვლის იმ მოცემულობას, რომ ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია გაჩერებულია და საქართველოს ურთიერთობები დასავლეთის ქვეყნებთან, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ყველაზე არასახარბიელო მდგომარეობაშია.
თანმიმდევრულად მიმდინარეობს პოლიტიკურ და სამოქალაქო სექტორში იმ აქტორების დისკრედიტაცია და სამოქმედო არეალის შეზღუდვა, რომელსაც პროდასავლური შეხედულებები და მისწრაფებები გააჩნიათ. იგივე ეხება საჯარო სექტორსაც, საიდანაც არაერთი საჯარო მოხელე დაითხოვეს პროდასავლური კურსის მხარდაჭერის საჯაროდ დაფიქსირების გამო
- 2008 წლის აგვისტოს ომის მე-18 წელს ვხედავთ, რომ კრემლი ცხინვალის რეგიონს რუსეთში ინტეგრაციისთვის ამზადებს. ეს პროცესი რომ იქ სექტემბერში დაგეგმილი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ახალ დინამიკას შეიძენს, ჩანს.
გუშინ პრეზიდენტმა პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა. შეთანხმება, ოკუპირებული აფხაზეთის 2026-2030 წლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო პროგრამის ხელშეწყობას ითვალისწინებს.
ფინანსური დახმარების სახსრები შეიძლება მიიმართოს განათლების, ახალგაზრდული პოლიტიკისა და კულტურის სფეროებზე, ასევე საგანგებო სიტუაციების სამინისტროს, პროკურატურისა და სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომელთა ფულადი სარგოსა და სოციალური გარანტიების გაზრდაზე.
აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობის ცნობით, რუსული ფინანსური დახმარებიდან 2026 წელს 6 მლრდ რუბლის, დაახლოებით 74 მლნ დოლარი გამოყოფაა გათვალისწინებული, საიდანაც 4.5 მლრდ სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას, 1.3 მლრდ რუბლი საბიუჯეტო ინვესტიციებს, ხოლო 0.2 მლრდ ეკონომიკის დარგების მხარდაჭერას მოხმარდება.
უცნაური ისაა, რომ აგვისტოს ომის მე-18 წლისთავზე ხელისუფლება ამ თემაზე არაფერს ამბობს. არც იმას ცდილობს რომ სირიამ, ვენესუელამ და ნიკარაუგუმ გაიწვიოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება.
ნიკარაგუას ლიდერი რომ ამის გამკეთებელი არაა, ვიცით, ამას წინათ მან განაცხადა რომ აპირებს ქვეყანაში არჩევნების გაუქმებას. ახლა აშშ-თან ნორმალური ურთიერთობები რომ გვქონდეს, ამის გაკეთება რომ შესაძლებელია, ცხადია.
სავარაუდოდ, რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა რომ საქართველოს მთავრობა ასეთ ფაქტებზე პრაქტიკულად არ რეაგირებს და რუსეთის მხრიდან ამ რეგიონების ანექსიისკენ მიმართულ ნაბიჯებზე დუმილს ამჯობინებს?
- რადგან ოკუპირებული ტეროტორიების არაღიარების თემას შევეხეთ, ხაზი უნდა გავუსვათ ნაურუს მიერ ცოტა ხნის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების თაობაზე, რაც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი წარმატებაა.
რაც შეეხება თქვენს შეკითხვას იმის თაობაზე თუ რატომ არ რეაგირებს პრაქტიკულად ხელისუფლება საქართველოს ტერიტორიების ანექსიისთვის რუსეთის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ამას ჩემი აზრით ლოგიკური ახსნა გააჩნია.
რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ანექსიისთვის გადადგმულ ნაბიჯებზე ყურადღების გამახვილება თავისთავად წინააღმდეგობაში მოვიდოდა სახელისუფლებო პროპაგანდის ნარატივთან, ანუ იმასთან, რომ ცხინვალთან და აფხაზეთთან დამდგარ შედეგზე პასუხისმგებლობა ყოფილ ხელისუფლებას და დასავლეთს დააკისროს
კერძოდ, ხელისუფლების მიერ ამ თემაზე ყურადღების გამახვილება მისთვის პოლიტიკურად წამგებიანი იქნებოდა. ეს ერთი მხრივ აჩვენებდა იმას, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში რეალურად ვითარდება ისეთი პროცესები, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ არის მიმართული. მერე მხრივ, როგორც ზემოთ ვახსენეთ, პროპაგანდა მუშაობს იმაზე, რომ ცხინვალთან და აფხაზეთთან დამდგარ შედეგზე პასუხისმგებლობა ყოფილ ხელისუფლებას და დასავლეთს დააკისროს.
რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ანექსიისთვის გადადგმულ ნაბიჯებზე ყურადღების გამახვილება თავისთავად წინააღმდეგობაში მოვიდოდა სახელისუფლებო პროპაგანდის ნარატივთან, ანუ იმასთან, რომ ცხინვალთან და აფხაზეთთან დამდგარ შედეგზე პასუხისმგებლობა ყოფილ ხელისუფლებას და დასავლეთს დააკისროს.
- „ინტერპრესნიუსისთვის“ კარგა ხნის წინ მიცემულ ინტერვიუში თქვენ გაქვთ ნათქვამი - „საქართველო მარტო, პარტნიორების გარეშეა დარჩენილი, ისეთი მცირე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა ეს არის განსაკუთრებით არასახარბიელო მდგომარეობა“.
მიუხედავად უკრაინაში წარმოებული ომისა რუსეთი საქართველოსთვის არა მხოლოდ იცლის, ცხინვალის რეგიონს სრული ანექსიითვის ამზადებს. მას ამის გაკეთება შეუძლია ნებისმიერ დროს, როცა ამას მოისურვებს.
ეს ხდება იმის ფონზე როცა ჩვენ ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტიორებთან კარგი ურთიერთობები, სამწუხაროდ, აღარ გვაქვს. არადა, აქამდე სწორედ მათი საშუალებით ხორციელდებოდა ამ რეგიონების არაღიარების პოლიტიკა.
გაქვთ განცდა, თუ რუსეთმა ცხინვალის რეგიონის რუსეთთან მიერთებაზე გადაწყვეტილება მიიღო, საქართველოს ევროპა და ამერიკა გამოექომაგებიან?
- ყველა ის ქმედება, რასაც რუსეთი განსაკუთრებით ცხინვალის რეგიონში ახორციელებს, ჩემი აზრით, მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი ამ რეგიონის ანექსიას აპირებს. უნდა ითქვას, რომ რუსეთის ბოლო საგარეო პოლიტიკის კონცეფციაში, რომელიც 2023 წელს არის მიღებული პირდაპირი ტექსტით ნათქვამია, რომ რუსეთი მხარს უჭერს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ხალხების არჩევანს რუსეთში ინტეგრაციის გაღრმავების თაობაზე.
მრჩება შთაბეჭდილება, რომ რუსეთი ცხინვალის რეგიონის ანექსიის განხორციელებას შეეცდება უკრაინაში ომის დასრულების პარალელურად, რადგან მისთვის პოლიტიკურად უფრო ხელსაყრელი იქნება, რომ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების მითვისება და ცხინვალის რეგიონის საკითხი ერთიან კონტექსტში გადაწყვიტოს
ამავე კონცეფციაში გამქრალია ჩანაწერი, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. სახელმწიფოებრიობის მხარდაჭერის თაობაზე, რაც 2008 წლის შემდეგ მიღებულ სხვა მსგავს დოკუმენტებში გვხვდებოდა.
ცხინვალის რეგიონში კამბოლოვის პირველ პირად დანიშვნა და ორი ოსეთის გაერთიანებაზე საუბარიც, ჩემი აზრით, რუსეთის მიერ ცხინვალის ანექსიის მომზადებაზე მიუთითებს.
მრჩება შთაბეჭდილება, რომ რუსეთი ცხინვალის რეგიონის ანექსიის განხორციელებას შეეცდება უკრაინაში ომის დასრულების პარალელურად, რადგან მისთვის პოლიტიკურად უფრო ხელსაყრელი იქნება, რომ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების მითვისება და ცხინვალის რეგიონის საკითხი ერთიან კონტექსტში გადაწყვიტოს.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი