შემოთავაზებული ცვლილებები არასაკმარისია კონსენსუსზე დაფუძნებული პოლიტიკური პროცესის უზრუნველსაყოფად, რაც გადამწყვეტია ცესკოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობისთვის და ამ ინსტიტუტის მიმართ საზოგადოების ნდობისთვის, - ამის შესახებ საარჩევნო კოდექსსა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიისა და ოდირის ერთობლივ დასკვნაშია აღნიშნული.
„2023 წლის 22 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ვენეციის კომისიის სთხოვა მოსაზრება საარჩევნო კოდექსსა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების პროექტზე. ვინაიდან ეს დასკვნა ეხება საარჩევნო სფეროს, იგი მომზადდა ერთობლივად ვენეციის კომისიისა და ოდირის მიერ“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
ვენეციის კომისია და ოდირი აღიარებენ, რომ არსებობს მოქმედი საარჩევნო ჩარჩოს ზოგიერთი ხარვეზის მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე აღმოფხვრის მიზანი, მაგრამ წუხან, რომ რამდენიმე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია ჯერ კიდევ არ არის შესრულებული.
„საარჩევნო კოდექსსა და პარლამენტის რეგლამენტში შემოთავაზებული ცვლილებები ეხება მხოლოდ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) შემადგენლობას და მისი (უპარტიო) წევრებისა და თავმჯდომარის არჩევას. ისინი რთული და საკმაოდ დამაბნეველია, განსაკუთრებით იმიტომ, რომ მოიცავს არაზუსტ და მრავალჯერად ჯვარედინ გზავნილებს კანონის ორივე წყაროს შორის. მიმდინარე რეფორმის დრო, რა თქმა უნდა, არ არის იდეალური, რადგან ის ეხება საარჩევნო კანონის ფუნდამენტურ ელემენტებს - კერძოდ, საარჩევნო კომისიების წევრობას და მიღებული იქნება, როდესაც არჩევნებამდე ერთ წელზე ნაკლები დრო იქნება დარჩენილი. მეორეს მხრივ, უნდა ვაღიაროთ, რომ მიღების პროცესი პარლამენტში პირველი მოსმენის შემდეგ შეჩერდა, რათა მოხდეს ერთობლივი მოსაზრების დასკვნების გათვალისწინება და რომ რეფორმა ნაწილობრივ მაინც ემსახურებოდეს ევროპის საარჩევნო მემკვიდრეობის სტანდარტებს და განხორციელდეს ვენეციის კომისიისა და ოდირის წინა რეკომენდაციები. ეს განვითარება, პრინციპში, მისასალმებელია. ამავდროულად, შემოთავაზებული ცვლილებები არასაკმარისია კონსენსუსზე დაფუძნებული პოლიტიკური პროცესის უზრუნველსაყოფად, რაც გადამწყვეტია ცესკოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობისთვის და ამ ინსტიტუტის მიმართ საზოგადოების ნდობისთვის“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
დასკვნაში აღნიშნულია, რომ საქართველოში უმრავლესობასა და რამდენიმე ოპოზიციურ პარტიას შორის 2021 წლის 19 აპრილის მიღწეული პოლიტიკური შეთანხმების შემდეგ, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა, მათ შორის ცესკოს შემადგენლობასთან დაკავშირებით, რასაც, ვენეციის კომისია და ოდირი მიესალმნენ.
„იმავდროულად, მიღებულ იქნა შემდგომი ცვლილებების სერია, რომელიც გასცდა ამ ფართო პოლიტიკურ შეთანხმებას. ვენეციის კომისიის და ოდირის აზრით, მიმდინარე ცვლილებების პროექტი სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ საჭიროებს შემდგომ განვითარებას“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
ამასთან, ვენეციის კომისია და ოდირი რეკომენდაციას იძძლევიან:
შეიცვალოს ცვლილებების პროექტი, რათა უზრუნველყოფილ იქნას კონსენსუსი ცესკო-ს არაპარტიული წევრებისა და თავმჯდომარის დანიშვნა/არჩევაზე; ეს შეიძლება გულისხმობდეს პირველ რიგში მოთხოვნას საპარლამენტო უმრავლესობის 2/3-თან დაკავშირებით და ნებისმიერ შემთხვევაში, ჩიხის საწინააღმდეგო მექანიზმს, რომელიც უპირატესობას ანიჭებს კვალიფიციურ უმრავლესობას, მანამ, სანამ შესაძლოა მიმართავდეს მარტივ (ან აბსოლუტურ) უმრავლესობას, როგორც ჩიხის საბოლოო გადაწყვეტას, გათვალისწინებულ იქნას ჩიხის საწინააღმდეგო მექანიზმის სხვადასხვა ეტაპებს შორის შემოთავაზებული შეზღუდული დროის გახანგრძლივება; ცესკოს უპარტიო წევრებისა და თავმჯდომარის წარდგენის უფლებამოსილება პარლამენტის თავმჯდომარისგან საქართველოს პრეზიდენტს დაუბრუნდეს, მოხდეს ცესკოს წევრის ან თავმჯდომარის კანდიდატის წარდგენის, უარყოფისა და დანიშვნის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარისა და საქართველოს პრეზიდენტის ნებისმიერი გადაწყვეტილების დასაბუთება, პროექტიდან ამოღებულ იქნას ოპოზიციური პარტიის მიერ დანიშნული ცესკოს წევრებიდან არჩეული თავმჯდომარის მოადგილის გაუქმება.
ვენეციის კომისია და ოდირი მიიჩნევენ, რომ შეთავაზება - ხელახლა იქნას შემოღებული მოთხოვნა, რომ ცესკოს თავმჯდომარისა და უპარტიო წევრების არჩევა/დანიშვნა კვალიფიციური უმრავლესობის მიერ მოხდეს გადამწყვეტი და გადაუდებელია.
ვენეციის კომისია და ოდირი ასევე იმეორებენ თავიანთ წინა რეკომენდაციებს საარჩევნო კომისიების შემადგენლობასთან დაკავშირებით, კერძოდ:
„უზრუნველყოფილ უნდა იქნას შესარჩევი კომისიისა და მისი მიუკერძოებელი და ავტორიტეტული წევრების გამჭვირვალე ფორმირება და ცესკოს არაპარტიული წევრებისა და თავმჯდომარის კანდიდატურის გამჭვირვალე, დამსახურებაზე დაფუძნებული წარდგენის პროცესი, მკაფიოდ უნდა იქნას განსაზღვრული, თუ რა საფუძვლებით შეიძლება პარტიების მიერ წარდგენილი წევრების გათავისუფლება და გაძლიერდეს ქვედა დონის საარჩევნო ორგანოების (საოლქო საარჩევნო კომისიები და საუბნო საარჩევნო კომისიები) წევრების კრიტერიუმები და შერჩევის პროცესი, რათა უზრუნველყოფილ იქნას, გამჭვირვალე, ჭეშმარიტად დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესები უპარტიო წევრების დანიშვნისათვის“.