პროკურორ ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, კარგი იქნებოდა მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მოესმინა იმ დაზარალებულებისთვის, ვისაც 2007 წლის 7 ნოემბერს უმძიმესი დაზიანებები მიადგა. აღნიშნულის შესახებ პროკურორმა ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა, სადაც 7 ნოემბრის ბრალდების საქმეზე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართა.
სხდომას სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩაერთო, თუმცა მისი ბრალდების საქმეზე მას განცხადება არ გაუკეთებია. სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე პროკურატურის სამი მოწმე დაიკითხა.
„სამწუხაროდ, ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი როცა სარგებლობს სიტყვით გამოსვლით, შემდეგ გამოეთიშება პროცესს და მოწმეების, დაზარალებულთა დაკითხვას აღარ ესწრება. კარგი იქნებოდა მას მოესმინა ამ ადამიანებისთვის, დაზარალებულებისთვის, ვისაც უმძიმესი დაზიანებები მიადგა 7 ნოემბერს. სწორედ ეს ადამიანები იხსენებენ იმ მოვლენებს, რაც გადახდათ მათ, მათი ოჯახის წევრებს 7 ნოემბერს", - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.
რაც შეეხება ზაზა გოგავას, რომელიც ახლა “ნაციონალური მოძრაობის” წევრია და რომელსაც 7 ნოემბრის საქმეზე ჩვენება აქვს მიცემული, პროკურორი განმარტავს, რომ გოგავას შემდგომ პროცესებზე მოუწევს სასამართლოს ჩვენება კიდევ ერთხელ მისცეს.
„ზაზა გოგავა გახლავთ სახელმწიფო ბრალდების მოწმე. ის ერთხელ უკვე წარსდგა სასამართლოში და მან პირდაპირი მამხილებელი ჩვენება მისცა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ. სწორედ ზაზა გოგავამ დაადასტურა, რომ 7 ნოემბერს, იმჟამინდელმა პრეზიდენტმა ბრძანება გასცა შეიარაღებული ძალები გამოეყენებინათ მომიტინგეთა წინააღმდეგ. სწორედ ზაზა გოგავას ჩვენებით და ამ ჩვენების გათვალისწინებითაც ჩვენ ვამტკიცებთ ჩვენს პოზიციებს, ის ბრძანება ჯარის გამოყვანაზე იყო კონსტიტუციის დარღვევით, ასევე, იყო კანონი საგანგებო მდგომარეობის შესახებ, თავდაცვის შესახებ კანონი და ეს შემთხვევა გახლავთ სახელმძღვანელო მაგალითი, თუ რა შეიძლება იყოს სამსახურებრივი უფლება-მოსილების გადამეტება, რასაც ვედავებით სწორედ მიხეილ სააკაშვილს, მათ შორის 7 ნოემბრის საქმეზე. ხსენებული მოწმეს, ზაზა გოგავას კიდევ ერთხელ მოუწევს წარდგენა სასამართლოს წინაშე და პასუხის გაცემა შეკითხვებზე, ვინ დაავალა 7 ნოემბერს ჯარის გამოყვანა. მას მოუწევს შემდგომ პროცესებზე ისე, როგორც სხვა მოწმეებს, კიდევ ერთხელ მისცეს ჩვენება სასამართლოს. მოწმეებს, რომლებსაც ჩვენებები მიცემული აქვთ გამოძიების წინაშე, მიცემული აქვთ ერთხელ სასამართლოშიც, რა თქმა უნდა, ამ ადამიანებს მოუწევთ ეს ჩვენებები და ის რეალური გარემოებები კიდევ ერთხელ გაიმეორონ სასამართლოში. სხვას ვერაფერს გეტყვით. ასევე არიან სხვა მნიშვნელოვანი მოწმეები, რასაც ჩვენ ვეყრდნობით და ყველა ეს მოწმე დაიკითხება სასამართლოში ხელმეორედ", - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.
ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აღნიშნულ საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.