გეოგრაფიული აღნიშვნა „ჩოგი“ „საქპატენტში“ არის რეგისტრირებული

გეოგრაფიული აღნიშვნა „ჩოგი“ „საქპატენტში“ 2012 წლის 24 იანვარს არის რეგისტრირებული.

„საქპატენტმა“ საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ საინფორმაციო კამპანია დაიწყო.

ინფორმაციას „ჩოგის“ წარმომავლობის შესახებ „საქპატენტი“ ავრცელებს.

„მგზავრს თურმე მკვდარი ტოროლა უნახავს. შე საწყალო, რა თუშ მეცხვარესავით გზაზე მომკვდარხარო“ ­- ხალხური თქმულება.

ამ სიტყვებით იწყება დოკუმენტური ფილმი „თუში მეცხვარე“. თუში ხალხის ცხოვრების დეტალური მატიანე, რომელიც 1976 წელს არის გადაღებული. მთელ ფილმს ლაიტმოტივად გასდევს ეს სიტყვები - გზა, უსასრულო გზა, რომელიც მეცხვარის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ყველი ჩოგიც ამ გზის არსებობამ შექმნა. თავისთავად, ბუნებრივად ჩამოაყალიბა და დღეს ის უკვე ყველის ერთ-ერთი გამორჩეული სახეობაა.

თუშეთის უკიდურესი მთიდან აზერბაიჯანამდე მიმავალ კაცს გზად უამრავი სირთულე, ამინდის ცვალებადობა, თუ სხვა ხიფათი ხვდებოდა. მეცხვარე დააკვირდა, რომ თვეების განმავლობაში, ცხენზე გადაკიდებულ გუდაში ყველი ტყდებოდა, იშლებოდა და მისი შრომა წყალში იყრებოდა. ამიტომ, იმავე მასალით დამზადებულ ყველს ხაჭო/კარაქის მაგვარი ფორმა მისცა და გუდის შევსება ამ მასით დაიწყო. თანაც აღმოჩნდა, რომ ასეთი ფორმის ყველი გუდაში გაცილებით მეტი ეტეოდა. თუ მანამდე ერთი გუდა 30 კგ ყველს იტევდა, ახლა მისი მოცულობა 50 კგ-მდე ავიდა.

თავდაპირველად, მეცხვარე მხოლოდ იმდენ ჩოგს ამზადებდა, რამდენიც თვითონ სჭირდებოდა საჭმელად ერთი სეზონის განმავლობაში. ნელ-ნელა კი, როდესაც ამ სახეობის ყველს მომწონებელიც გამოუჩნდა და მყიდველიც, ჩოგის რაოდენობაც გაიზარდა.

ჩოგი, ეს არის გუდაში დაძველებული გადაზელილი ყველი. ის მზადდება ივლისსა და აგვისტოს თვეებში მოწველილი ცხვრის მაღალ ცხიმიანი რძისგან. ყოველ შემოდგომას, თუშეთის ყველა ოჯახში გასინჯავთ ახლად მომზადებულ ჩოგს. შეგიძლიათ კარაქივით დანით წაისვათ პურზე, ან კოვზით მიირთვათ ხაჭოსავით, ან ტაფაზე, ცხიმთან ერთად ცხლად მოხრაკოთ. მისგან მზადდება ხავიწიც. მოკლედ რომ ვთქვათ, მომზადებისა და დაგემოვნების ფორმა სხვადასხვანაირი აქვს.

ჩოგის დამზადება ხდება რძის ჩაკვეთით, რომელიც 32-34 გრადუს ტემპერატურაზე 30-40 წუთი გრძელდება. შემდეგ ჭრიან დელამოს, აქუცმაცებენ, მარცვალს დააყენებენ და მეორედ გააცხელებენ. მარცვლის გაშრობის შემდეგ, ყველი ამოაქვთ პარკებში, აჩერებენ 3-5 წუთს შრატის მოცილებამდე და დაუმარილებლად ათავსებენ გუდაში. მისი შენახვა დაახლოებით ისე ხდება, როგორც გუდის ყველის. ინახება ვაკუუმში, ჰერმეტულად თავშეკრული და გაუხსნელ მდგომარეობაში ძლებს საკმაოდ დიდხანს. თუმცა, საბოლოო შენახვამდე, ყოველი 10 დღის განმავლობაში იღებენ, რომ ახალგაფუებული ჩოგი დაჭრან, დააქუცმაცონ და ხელახლა გადაზილონ. მარილთან ერთად გადაზელილი ჩოგი, ამ პროცესების შემდეგ, ერთ-ორ თვეში მზადაა რეალიზაციისთვის. ჩოგს მზა მდგომარეობაში აქვს კარაქის მსგავსი კონსისტენცია, მოყვითალო, თავისებური პიკანტური გემო და სუნი.

ჩოგის დასამზადებლად საჭირო რძის მიღება, გადამუშავება და ყველის წარმოება ხდება მხოლოდ თუშეთის საზაფხულო საძოვრებიდან მიღებული რძისგან.

დეტალური სპეციფიკაციის გაცნობა შესაძლებელია საქპატენტის ვებგვერდზე: https://www.sakpatenti.gov.ge/ka/state_registry/#

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე