ოპოზიცია პარლამენტში მათ მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ინიციატივების განხილვის ხელოვნურად და დაუსაბუთებლად შეფერხებაზე საუბრობს და აღნიშნულთან დაკავშირებით სპეციალური რეზოლუციის მიღებას ითხოვს

საპარლამენტო ოპოზიცია პარლამენტში მათ მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ინიციატივების განხილვის ხელოვნურად და დაუსაბუთებლად შეფერხებაზე საუბრობს და აღნიშნულთან დაკავშირებით სპეციალური რეზოლუციის მიღებას ითხოვს.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე რეზოლუციის პროექტი განიხილა, რომელიც საპარლამენტო ოპოზიციის ერთობლივი ინიციატივაა, თუმცა მას მხარი არ დაუჭირა.

ოპოზიციონერი დეპუტატის რომან გოცირიძის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, მე-10 მოწვევის პარლამენტში ოპოზიციის მიერ წარდგენილი 81 კანონპროექტიდან 60 დღემდე არ განხილულა, საპარლამენტო ოპოზიციის საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის გადავადება რიგ შემთხვევებში, 11-ჯერ და 12-ჯერაც კი მოხდა.

მისივე თქმით, საკითხების „გაჭედვის“ მთავარი ინსტრუმენტი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტია და კანონპროექტების განხილვის შეფერხების ბერკეტად სწორედ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის გამოყენება ხდება.

ოპოზიციის შეფასებით, უმრავლესობა მათ კონსტიტუციითა და პარლამენტის რეგლამენტით მინიჭებული საკონტროლო უფლებამოსილებების გამოყენების შესაძლებლობას არ აძლევს, მათ შორის, ბლოკავს საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესაძლებლობას.

როგორც გოცირიძის პასუხად კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, პარლამენტის რეგლამენტით ნათლად არის დარეგულირებული თუ როგორ ხდება საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელება, მაგრამ მეორე საკითხია პრაქტიკა და საკითხის პოლიტიკურ მდგენელი.

„ოპოზიციას საკანონმდებლო ინიციატივის უფლება აქვს, მაგრამ პოლიტიკური მიზანშეწონილების საკითხი დგება ხოლმე, როდესაც უმრავლესობა თვლის, რომ პრიორიტეტულია მისი კანონპროექტები და არა ოპოზიციის კანონპროექტი. რეგლამენტით საკითხები სწორად არის დარეგულირებული. ჩვენ საუბარი უნდა გვქონდეს უფრო მეტად პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევაზე და პრაქტიკის დანერგვაზე, რომ ოპოზიციის კანონპროექტების განხილვა გონივრულ ვადაში მიმდინარეობდეს. ის რომ ოპოზიციის საკანონმდებლო ინიციატივა უმრავლესობის მხრიდან არ დგას იმავე რეჟიმში, როგორც უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივა, ესეც პოლიტიკის ნაწილია.

ჩვენი პოზიცია არის ასეთი, რომ ამ რეზოლუციის მიღებას აზრი არა აქვს იმ გაგებით, რომ რეგლამენტში საკითხები დარეგულირებულია. თვითონ ის რომ თქვენი წუხილია და გინდათ უფრო აქტიური იყოს თქვენნი საკანონმდებლო ინიციატივა განხილვის პროცესში, ეს წუხილი მიღებულია.

ჩემი მხრიდან გაძლევთ რეკომენდაცია, რომ უმრავლესობის წინაშე დავსვამ საკითხს, რომ კომიტეტებმა თქვენი საკითხები უფრო ინტენსიურად განიხილონ. პარლამენტის თავმჯდომარესაც ვთხოვ, რომ საკითხს მან გარკვეულად მეტი ყურადღება მიაქციოს“, - განაცხადა ქადაგიშვილმა რომან გოცირიძის პასუხად.

საკანონმდებლო ინიციატივის დაბლოკვის პრობლემასთან დაკავშირებით ოპოზიცია შემდეგი შინაარსის რეზოლუციის მიღებას ითხოვს:

„საქართველოს პარლამენტი აცხადებს, რომ საქართველოს კონსტიტუციით საქართველო არის დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფო, რაც უზრუნველყოფს ყველას უფლებას, მონაწილეობა მიიღოს საზოგადოებრივ საქმეთა მართვაში. დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოში აუცილებელია პარლამენტი განიხილავდეს ოპოზიციის ინიციატივებს და ხელს უწყობდეს პარლამენტის წევრებს შორის დისკუსიას. უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს, საქართველოს პარლამენტის წევრებმა უნდა გამოხატონ შეხედულებები და გააჩნდეთ უფლებამოსილება ხალხის ნება აღასრულონ კანონშემოქმედებისა და კონტროლის გზით. საპარლამენტო ტრიბუნიდან როგორც საპარლამენტო უმრავლესობას, ისე საპარლამენტო ოპოზიციას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა ამომრჩევლებამდე მიიტანოს საკუთარი შეხედულებები. კანონპროექტების განხილვის პროცესში პარლამენტის წევრებმა უნდა წარმოადგინონ შესაბამისი არგუმენტები და აჩვენონ ამომრჩეველს ხედვებს შორის განსხვავება.

ამ ფონზე საქართველოს პარლამენტის კომიტეტები სისტემატურად მიმართავენ პარლამენტის ბიუროს ოპოზიციის მიერ წარდგენილი კანონპროექტების განხილვის ვადის გახანგრძლივების მოთხოვნით. საქართველოს პარლამენტის ბიურო სისტემატურად იღებს გადაწყვეტილებას ოპოზიციის მიერ წარდგენილი კანონპროექტების განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ, რითაც შეგნებულად აფერხებს კანონშემოქმედებით პროცესს.

საქართველოს პარლამენტი აცნობიერებს, რომ მიუხედავად ოპოზიციის მიერ მრავალი საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენისა, მათი განხილვა იშვიათად ხდება.

გარდა ამისა, საპარლამენტო უმრავლესობა არ აძლევს ოპოზიციას შესაძლებლობას შეუფერხებლად გამოიყენოს კონსტიტუციითა და პარლამენტის რეგლამენტით მინიჭებული საკონტროლო უფლებამოსილებები, მათ შორის, ბლოკავს საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესაძლებლობას.

საქართველოს პარლამენტის მიერ მე-10 მოწვევის განმავლობაში ოპოზიციის მიერ წარდგენილი 72 კანონპროექტიდან 57 დღემდე არ განხილულა. კანონპროექტების განხილვის გადავადება კომიტეტებმა რამდენჯერმე მოითხოვეს. რიგ შემთხვევებში, 11-ჯერ და 12-ჯერაც კი მოხდა საპარლამენტო ოპოზიციის საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის გადავადება. ოპოზიციის 10 საკანონმდებლო ინიციატივა ორ წელზე მეტია, რაც არის დარეგისტრირებული და ჯერაც არ განხილულა.

განუხილველად დატოვებულ კანონპროექტებს შორისაა სოციალური, სამართლებრივი, საგადასახადო საკითხები და საზოგადოებისთვის სხვა აქტუალური ინიციატივები.

ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტი აცხადებს:

  1. საქართველოს პარლამენტის კომიტეტებმა უზრუნველყონ საპარლამენტო ოპოზიციის მიერ წარდგენილი კანონპროექტების დროულად განხილვა;
  2. საქართველოს პარლამენტის ბიურომ მაღალი დასაბუთების სტანდარტით მიიღოს გადაწყვეტილება ოპოზიციის მიერ წარდგენილი კანონპროექტების პარლამენტის კომიტეტების სხდომებზე განხილვის გადავადების შესახებ;
  3. საქართველოს პარლამენტის ბიურომ უზრუნველყოს ოპოზიციის მიერ წარდგენილი კანონპროექტების პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში დროულად შეტანა;
  4. საქართველოს პარლამენტმა შეიმუშაოს ეფექტიანი საკანონმდებლო მექანიზმები საპარლამენტო კონტროლში ოპოზიციის მონაწილეობის გასაძლიერებლად;
  5. საქართველოს პარლამენტმა შეიტანოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები, რითაც აღიკვეთება ოპოზიციის მიერ წარდგენილი კანონპროექტების განუხილველად დატოვების პრაქტიკა;
  6. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ყოველი სესიის განმავლობაში ერთხელ შეისწავლოს საპარლამენტო ოპოზიციის მიერ წარდგენილი კანონპროექტების განხილვის საკითხი. ამ მიზნით პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა აღნიშნული ინფორმაციის შესწავლის შედეგები წარუდგინოს პარლამენტის პლენარულ სხდომას“, - ნათქვამია პარლამენტის რეზოლუციის პროექტში.
ვახუშტი მენაბდე - ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა