წინ გვაქვს ძალიან საინტერესო გზა გასავლელი. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება, იმ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკის შენარჩუნება, რამაც ქვეყანას მოუტანა ხელშესახები შედეგები,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან ბოლო წლებში საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული საგარეო პოლიტიკა წარმატებულად შეაფასა და ამის დემონსტრირებისთვის ყურადღება რამდენიმე მიღწევაზე, მათ შორის ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე შეაჩერა ყურადღება.
„მე ვიცი, რომ გადაწყვეტილებამ კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, უკლებლივ ჩვენი ყველა თანამოქალაქე ძალიან გაახარა და ჩვენ ვართ კიდევ უფრო მოტივირებული, რომ მეტი საქმე გავაკეთოთ ჩვენი ხალხისთვის. იცით, რომ ბოლო წლებში საკმაოდ დატვირთული და ნაყოფიერი იყო ჩვენი საგარეო პოლიტიკა, მე პირადად ძალიან აქტიურ საგარეო პოლიტიკას ვახორციელებდი და მქონდა ძალიან წარმატებული ვიზიტები, შეხვედრებიც. ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო სხვა ნიშნულზე გადავიდა არა მხოლოდ სამეზობლოში, არამედ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, დავიწყებდი ევროპის მასშტაბით, სადაც ჩვენ გვქონდა არაერთი წარმატებული შეხვედრა. განვამტკიცეთ როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში ჩვენი ურთიერთობები. მქონდა ასევე ძალიან წარმატებული ვიზიტი რეგიონში, ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ჩინეთში, საკმაოდ დიდი გარღვევა გვქონდა ჩვენ და გავხდით ამ ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც არის მეორე მსოფლიო ეკონომიკა და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავება და განვითარება. რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ამერიკასთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებას და გამყარებას, ასევე ჩვენს ევროპელ მეგობრებთან. რეგიონში ჩვენ გვაქვს სრული ჰარმონიული ურთიერთობა - თურქეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან და საქართველო ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების პროცესში. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ ბოლო პერიოდი ძალიან წარმატებული საგარეო პოლიტიკა გვქონდა“,- განაცხადა პრემიერმა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ერთადერთია უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში, რომლის მმართველობის დროს ქვეყანაში ომი და დაპირისპირება არ ყოფილა.
„ჩვენთვის ახლა მთავარი ამოცანა არის, ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, ამ რეფორმების კურსის გაგრძელება, სწრაფი შედეგების, სწრაფი განვითარების მოტანა, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ არაერთი ეფექტური ნაბიჯი გადავდგით ქვეყნის კიდევ უფრო სხვა ეტაპზე გადასაყვანად. ბოლო წლებში დავიწყეთ აქტიური მუშაობა, როგორც ინფრასტრუქტურის განვითარების, ასევე მსხვილი პროექტების განვითარების მხრივ, როგორიც არის ანაკლიის პორტი, აეროპორტის განვითარება, გრძელდება მუშაობა შავი ზღვის კაბელის პროექტზე, რომელიც ძალიან მალე გამოიკვეთება, რამდენიმე თვეში გვექნება საბოლოო კვლევა. ამას გარდა, მიმდინარეობს აქტიური აღმშენებლობა ყველა მუნიციპალიტეტში, მთელ ქვეყანაში, ამიტომ, ამ ტემპს სჭირდება შენარჩუნება, სჭირდება მეტი აქტიური მუშაობა. აქვე კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ეს კეთილდღეობა, წინსვლა, განვითარება შეუძლებელი იქნებოდა მშვიდობისა და სტაბილურობის გარეშე. მშვიდობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში ეს არის ერთადერთი უპრეცედენტო გამონაკლისი, დეკადა, როცა არ ყოფილა არავითარი სერიოზული კონფლიქტი, ომი და ქვეყანას არ დაუკარგავს ტერიტორიები. ყველა მმართველის დროს ქვეყანაში იყო ომი, მათ შორის სამოქალაქო დაპირისპირება, უბედურება , ტრაგედიები, ტერიტორიების დაკარგვა, ადამიანების მიგრაცია და ა.შ. რამაც ძალიან უკან დახია ჩვენი ქვეყანა და ჩვენ გვიწევს ძალიან ბევრი რამის ხელახლა აშენება და გაკეთება“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.