სამედიცინო კლინიკების ქსელი „ჯეო ჰოსპიტალსი“ 2023 წელს აჯამებს. მიმდინარე წლის განმავლობაში როგორც თბილისში, ასევე, რეგიონებში ბევრი სიახლე დაინერგა, მათ შორის, როგორც ახალი სამედიცინო სერვისების განვითარებისა და სამედიცინო აღჭურვილობის განახლების, ისე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით.
„ჯეო ჰოსპიტალსის“ სტრატეგიული განვითარებისა და ხარისხის დირექტორის ნათია ნოღაიდელის განმარტებით, თბილისის მრავალპროფილურმა სამედიცინო ცენტრმა, რომელიც სტაციონარული მომსახურების ფართო სპექტრს ახორციელებს, ქალაქში ერთ-ერთი პაციენტცენტრული კლინიკის იმიჯი ღირსეულად მოიპოვა. მისივე თქმით, იმ მრავალ მიმართულებას შორის, რომელიც კლინიკაში განვითარდა, ერთ-ერთი საუკეთესო პედიატრიაა:
„პედიატრიის მიმართულებას ხელმძღვანელობს დარგის პროფესიონალი, რომელიც დღენიადაგ ზრუნავს ბავშვებისათვის საუკეთესო ხარისხის სამედიცინო მომსახურების მიწოდებაზე და ეს სერვისი, ვფიქრობ, ზოგადად, როგორც „ჯეო ჰოსპიტალსის“ ქსელისთვის ასევე, თბილისის სამედიცინო ცენტრისთვის საიმიჯო და მნიშვნელოვანია. თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის პედიატრიული მიმართულება პაციენტებს ფართო პროფილის დახმარებას სთავაზობს: ზოგადი პედიატრია, ბავშვთა ინფექციური სნეულებები, ბავშვთა ნევროლოგია, ბავშვთა ქირურგია, ბავშვთა უროლოგია, ბავშვთა ნეფროლოგია და სხვა, ჩვენს კლინიკაში ხელმისაწვდომია ისეთი მაღალტექნოლოგიური დარგიც, როგორიც არის ბავშვთა ნეიროქირურგია“, - აღნიშნა მან.
ნათია ნოღაიდელმა, ასევე ყურადღება გაამახვილა თბილისის მრავალპროფილურ კლინიკაში ნეიროვასკულური ცენტრის ამოქმედებაზე, რომელიც პაციენტებისთვის დროული და ხარისხიანი სამედიცინო დახმარების აღმოჩენაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს:
„მოგეხსენებათ, მთელ საქართველოში ინსულტის მართვის ორდონიანი სისტემა ამოქმედდა. მეორე დონე - ეს არის რეფერალის ბოლო საფეხური, ნეიროვასკულური ცენტრი, რომელიც სწორედ თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ნევროლოგიური დეპარტამენტის ბაზაზე შეიქმნა. მას სათავეში უდგას ისეთი კვალიფიციური ნევროლოგი, როგორიც კახა ახვლედიანია. კლინიკის ბაზაზე ნეიროენდოვასკულურ ჩარევებს ახორციელებს საქართველოში ბელორუსიიდან მოწვეული ექიმი, რომელსაც აღნიშნული მიმართულებით წარმატებული საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს“,- განმარტა „ჯეო ჰოსპიტალსის“ სტრატეგიული განვითარებისა და ხარისხის დირექტორმა ნათია ნოღაიდელმა.
„ჯეო ჰოსპიტალსის“ წარმომადგენელმა 2023 წლის შეჯამებისას ქირურგიული მიმართულების განვითარებასა და ონკოლოგიური სერვისის ჩამოყალიბებას გაუსვა ხაზი. მისი თქმით, ამ კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა როგორც პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების, ასევე, ინფრასტრუქტურის განახლების კუთხით:
„ქირურგიული სერვისის ფარგლებში ინფრასტრუქტურა თავიდან ბოლომდე განახლდა. კერძოდ, მოეწყო ახალი საოპერაციოები, თავიდან ბოლომდე გადაეწყო ქირურგიული განყოფილება და დაინერგა ისეთი მაღალტექნოლოგიური ოპერაციები, როგორიც არის ჰეპატობილიარული ქირურგია, ღვიძლის სიმსივნის ემბოლიზაცია და სხვა“, - განმარტა ნათია ნოღაიდელმა.
ამ დროისთვის „ჯეო ჰოსპიტალსი“ თბილისსა და საქართველოს 5 რეგიონში: იმერეთში, კახეთში, ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და სამცხე-ჯავახეთში ოპერირებს. უკვე წლებია, ის ერთ-ერთ მთავარ რეგიონულ სამედიცინო ქსელს წარმოადგენს.
როგორც ნათია ნოღაიდელი განმარტავს, სიახლეები დაინერგა რეგიონებშიც, მათ შორის, სამედიცინო პერსონალის გადამზადების კუთხით:
„2023 წლის განმავლობაში, პრაქტიკულად მთელი ქსელი გადავაწყეთ ახალ სანებართვო პირობებზე და განვაახლეთ ქირურგიული და რეანიმაციული ერთეულები, თავიდან აღიჭურვა საოპერაციოები, პოსტ-ოპერაციული პალატები და რეანიმაციული დარბაზები. აღნიშნული ცვლილებები მომსახურების ხარისხზე მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს.
ამავდროულად, ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ სამედიცინო სერვისების მიწოდებაში ჩართული ადამიანური რესურსების განვითარებაზე. როგორც უკვე აღვნიშნეთ, თბილისისა და ქუთაისის კლინიკების ბაზაზე ამოქმედდა ნეიროვასკულური ცენტრები, რეგიონებში, მუნიციპალურ დონეზე კი ფუნქციონირებს ინსულტის მართვის პირველადი ერთეულები და იმისათვის, რომ პაციენტებმა კიდევ უფრო მაღალი ხარისხის მომსახურება მიიღონ, ქსელის 5-ვე რეგიონში ინსულტის მართვაში ჩართული პერსონალის გადამზადება განხორციელდა. ინსულტის მართვის სფეროში გაუმჯობესებული კლინიკური გამოსავლები სწორედ გადამზადებული პერსონალის ეფექტური საქმიანობის შედეგია. ვფიქრობთ, ინსულტის მართვის კუთხით საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებლები გვექნება“, - განმარტა ნათია ნოღაიდელმა.
„ჯეო ჰოსპიტალსის“ წარმომადგენელმა გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. მისი თქმით, 2024 წელის განმავლობაში სამედიცინო ცენტრების ქსელი ახალი სანებართვო პირობების დასაკმაყოფილებლად ემზადება, ამავდროულად, ისინი მუშაობენ საერთაშორისო აკრედიტაციის მოსაპოვებლად:
„სხვა მიმართულებებითაც ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები გვაქვს, რომელთა შორის ადამიანური რესურსების განვითარება ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტულია. „ჯეო ჰოსპიტალსი“ გეგმავს ექიმთა დიპლომისშემდგომი განათლების პროგრამების გაფართოებას. ამ ეტაპზე ჩვენ დაწესებულებებში ხორციელდება რამდენიმე სარეზიდენტო პროგრამა, მაგრამ მომავალ წელს მათი რაოდენობის გაზრდას ვგეგმავთ, რათა ახალგაზრდებს ხარისხიანი სამედიცინო განათლება შევთავაზოთ.
მნიშვნელოვანი გამოწვევაა ექთანთა კვალიფიკაციაზე ზრუნვა. „ჯეო ჰოსპიტალსის“ ბაზაზე უკვე ჩაეყარა საფუძველი 4 საექთნო საგანმანათლებლო ცენტრს და 2024 წლისთვის ვგეგმავთ, უწყვეტი განათლების პროგრამებში ექთნების მონაწილეობა რუტინული გახდეს ქსელის მასშტაბით“, - აღნიშნა ნათია ნოღაიდელმა.
ამ დროისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით „ჯეო ჰოსპიტალსის“ 25 სამედიცინო დაწესებულება ოპერირებს. კლინიკებში არსებულ მიმართულებებს შორისაა: შინაგანი მედიცინა, პედიატრია, კარდიოლოგია, ნევროლოგია, მეანობა-გინეკოლოგია, ყბა-სახის ქირურგია, ბავშვთა ქირურგია, რადიოლოგია, ზოგადი ქირურგია, ანგიოლოგია, კრიტიკული მედიცინა, რევმატოლოგია, გულმკერდის ქირურგია, უროლოგია, სისხლძარღვთა ქირურგია, ნეიროქირურგია, ორთოპედია-ტრავმატოლოგია, პროქტოლოგია, და სხვა.