სახალხო დამცველის განცხადებით, პენიტენციურ დაწესებულებებში არაფორმალური მმართველობის „ინდივიდუალური შემთხვევები არის“

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, პენიტენციურ დაწესებულებებში არაფორმალური მმართველობის ცალკეული შემთხვევები არსებობს. აღნიშნულის შესახებ იოსელიანმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ციხის ე.წ. ობშიაკი, ე.წ. მაყურებლები, აზარტული თამაშები, მსჯავრდებულებისგან ფულის გამოძალვის თემა, ისევ პრობლემურ საკითხად რჩება, იოსელიანი აცხადებს, რომ ასეთი პრობლემები ზოგიერთ დაწესებულებაში არსებობს, რაც ციხის ზომასთანაა დაკავშირებული.

„ინდივიდუალური შემთხვევები არის. მათ შორის, არაფორმალური მმართველობის ცალკეულ შემთხვევებზეც გვაქვს მომართვა. ბუნებრივია, ჩვენ ამაზე ვრეაგირებთ, ვსწავლობთ. ეს ყველაფერი მაინც დაწესებულებების ზომასთანაა დაკავშირებული, რაც უფრო მცირეა დაწესებულება, ასეთი მომართვიანობაც ნაკლებია. არის დაწესებულებები, სადაც მსგავსი რამ საერთოდ არ ხდება. არის დაწესებულებები, სადაც ასეთი პრობლემები ჯერ კიდევ არსებობს და ყველაფერი, როგორც აღვნიშნე, დაწესებულების სიდიდემდე, ტიპამდე მიდის. ბუნებრივია, რეფორმამ სწორედ ეს უნდა მოაწესრიგოს. ახლახან გახსნილი, ლაითურის დაწესებულება ნაკლებ სივრცეს ტოვებს იმისთვის, რომ არაფორმალური მმართველობის შესაძლებლობა გაჩნდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა იოსელიანმა.

ის პენიტენციური სისტემის ერთ-ერთ გამოწვევად მენტალური და ფსიქიკური პრობლემის მქონე პატიმრების მდგომარეობას ასახელებს. ამასთან, სახალხო დამცველი პრობლემად მიიჩნევს დიდი ზომის დაწესებულებებსაც.

„საქართველოში 14 პენიტენციური დაწესებულებაა. არის, როგორც დახურული, ასევე ნახევრად ღია დაწესებულებები. აქედან 10 მათგანი პირადად მაქვს დამონიტორინგებული. ბოლოს, გეგუთის პენიტენციურ დაწესებულებაში ვიყავი და შემიძლია მეტ-ნაკლებობით ზუსტი სურათი წარმოვადგინო იმ პრობლემების, გამოწვევებისა, რაც არსებობს. ბუნებრივია, შედარება იმასთან, რაც ადრე იყო, არაგონივრულია, მაშინ ადამიანის უფლებები სრულად უგულებელყოფილი იყო, დღეს ეს ასე აღარ არის. მიუხედავად ამისა, გამოწვევები არსებობს და ეს გამოწვევები იმ პატიმრებთანაა დაკავშირებული, რომელთაც მენტალური და ფსიქიკური პრობლემები აქვთ. ისინი ხშირ შემთხვევაში, პენიტენციურ დაწესებულებებში იმყოფებიან და იქ უწევთ სასჯელის მოხდა, მათთვის ის გარემო შესაფერისი არ არის, მათ განსხვავებული გარემოც, მიდგომაც, სკრინინგიც, ეფექტური მკურნალობაც სჭირდებათ. როცა პრობლემა გამოვლინდება, მათი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანა ხდება და ისევ დაწესებულებაში დაბრუნება. ასეთ დროს, პრობლემა ისევ ხელახლა იჩენს ხოლმე თავს, ეს ძალიან რთული პროცესია. ამ მიმართულებით, 2024 წელს ძალიან დიდი კვლევა და მისი პრეზენტაცია გვექნება, მსოფლიოში ერთ-ერთი აღიარებული ექსპერტი იმუშავებს ამ კვლევაზე. კვლევის შედეგები იუსტიციის სამინისტროს დაეხმარება, რომ ამ მიმართულებით ეფექტური ნაბიჯები გადადგას.

გარდა ამისა, ზოგადად, პრობლემაა დიდი ზომის დაწესებულებები, სადაც 1000-1500 პატიმარია. თუ გვინდა, რომ ეფექტურად იყოს ადამიანის უფლებები დაცული, პატარა ტიპის დაწესებულებების მიმართულებით უნდა წავიდეთ, მაგალითად, 500-700-კაციანი დაწესებულებები უნდა გვქონდეს. დიდ დაწესებულებებში ერთ-ერთი პრობლემაა მსჯავრდებულებისთვის ისეთი სერვისების, გარემოს შეთავაზება, რაც მათ განთავისუფლების დღისთვის მომზადებაში დაეხმარებათ. როცა წლებს დახურულ დაწესებულებაში ატარებ და გარეთ გადიხარ, აბსოლუტურად შეცვლილი გარემო გხვდება, ადაპტირება რთულია. განმეორებითი დანაშაულის ჩადენის გამო, უამრავი ადამიანი ბრუნდება ისევ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რადგან ის გარემო, სადაც ისინი გამოდიან, ადეკვატურ შესაძლებლობებს არ სთავაზობს”, - აცხადებს იოსელიანი.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი