არ მგონია, არსებობდეს მიზეზი იმისა, რომ ვინმემ პოლიტიკაში დაბრუნების თაობაზე ბიძინა ივანიშვილის გადაწვეტილებაში განსხვავებული ქვეტექსტის ძიება და საზოგოებისთვის სპეკულაციური ინტერპრეტაციების შეთავაზება დაიწყოს - ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტის გამოყენება იმ შესაძლო რისკების დამზღვევად, რასაც ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კონფიგურაცია შეიძლება აჩენდეს, მხოლოდ აპლოდისმენტებს იმსახურებს! - ეს განცხადება პარლამენტში “ქართული ოცნების“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ გააკეთა.
როგორც ამ კონტექსტში სარჯველაძემ აღნიშნა, “შესაძლო სირთულეების დასაზღვევად, რომლის წინაშეც სახელისუფლო პარტია ჭარბი ძალაუფლების შემთხვევაში შეიძლება აღმოჩნდეს, ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება ლეგიტიმური და მისასალმებელია“.
ამასთან, სარჯველაძის აზრით, პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე ბიძინა ივანიშვილის მიერ 2021 წელს მიღებული გადაწყვეტილების 2023 წლის გადაწყვეტილებასთან შეპირისპირება, “ნონსენსი და აბსურდულია, რადგან 2021 წელს მსოფლიო და მოცემულობა თვისობრივად განსხვავებული იყო, ხოლო ახლა თვისობრივად განსხვავებული მდგომარეობაა“.
“ყველასთვის, ვინც სახელისუფლო პარტიის გულშემატკივარია, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ, გასახარი ამბავია.
როდესაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, მისი გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის დეტალურად იყო ახსნილი. პოლიტიკაში დაბრუნების დროსაც მკაფიოდ და ცხადად განმარტა მიზეზები, რის გამოც მან ასეთი გადაწყვეტილება მიიღო.
ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება ერთმნიშვნელოვნად გულისხმობს იმას, რომ რა საჭიროებებიც ქვეყანას უდგას - უპირველეს ყოვლისა, გამომდინარე იქედან, რომ ძალიან დიდია მმართველ პოლიტიკურ პარტიაზე დაკისრებული პასუხისმგებლობა - ბუნებრივია, რომ ეს სწორი არგუმენტაციაა.
ბიძინა ივანიშვილს კითხვის ნიშნები არ დაუტოვებია, როდესაც ის პოლიტიკაში დაბრუნდა. პირველ რიგში, მე ამ ამბავს ჩვენს გუნდს ვულოცავ - ეს მთელი ქვეყნის ინტერესებისთვის მხოლოდ და მხოლოდ სასარგებლო იქნება.
რაც შეეხება ოპოზიციის უსუსურ მცდელობებს, რომ დასახელებული არგუმენტების მიღმა საზოგადოებას არასწორ ინტერპრეტაციები შესთავაზონ და განსხვავებული მიზეზები დაანახონ, არც ერთი მათგანი სერიოზულად განსახილველად არ ღირს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.