საქართველოს განვითარების ფონდმა საინვესტიციო სტრატეგია დაამტკიცა. როგორც ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ბესიკ ბუგიანიშვილმა განაცხადა, განვითარების ფონდს, სამეთვალყურეო საბჭოსთან ერთად, განესაზღვრა მკაფიოდ გაწერილი მიზნები და ამოცანები, ისევე როგორც სტრატეგია ინვესტიციების კუთხით და საინვესტიციო გეგმა.
მისი თქმით, ახალი სტრატეგიის მიზანი საკმაოდ ამბიციურია და გულისხმობს საქართველოს ეკონომიკის ხელშეწყობას და ტრადიციულ სექტორებზე დამოკიდებულების შემცირებას. აქედან გამომდინარე, ბუგიანიშვილის განმარტებით, უფრო მეტი ყურადღება გამახვილდება მაღალტექნოლოგიურ ინოვაციურ წარმოებაზე და მოხდება ექსპორტზე ორიენტირებული საწარმოების ხელშეწყობა.
„2023 წლის ბოლოს საქართველოს განვითარების ფონდმა სამეთვალყურეო საბჭოსთან ერთად მოახერხა დაემტკიცებინა და განესაზღვრა მკაფიოდ გაწერილი მიზნები და ამოცანები, ისევე როგორც სტრატეგია ინვესტიციების კუთხით და საინვესტიციო გეგმა. მიზანი არის საკმაოდ ამბიციური და საინტერესო, ეს არის საქართველოს ეკონომიკის ხელშეწყობა. ეს ხელშეწყობა გამოიხატება ცოდნაზე დაფუძნებულ ინდუსტრიებში იმ პროექტების განხორციელების ხელშეწყობაში, რომელსაც აქვს საინტერესო კომერციული მხარე. ტრადიციულ სექტორებზე დამოკიდებულების შემცირება ესეც ამ სტრატეგიის ნაწილია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უფრო მეტ ყურადღებას გავამახვილებთ მაღალტექნოლოგიურ ინოვაციურ წარმოებაზე. თუ პრიორიტეტებსაც შევეხებით, ჩვენი მიზანია, რომ ხელი შევუწყოთ ექსპორტზე ორიენტირებულ საწარმოებს, ასევე იმპორტზე დამოკიდებულება შევამციროთ. მოვიაზრებთ, რომ დავრჩეთ გარკვეულწილად ტურისტულ სექტორში, იქიდან გამომდინარე, რომ ფონდს აქვს ძალიან მდიდარი გამოცდილება სასტუმროების დეველოპმენტის კუთხით, ამიტომ ამ „ოფციასაც“ ვტოვებთ ჯერჯერობით“,- განაცხადა განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
ბესიკ ბუგიანიშვილის განცხადებით, განვითარების ფონდის სტრატეგია როგორც დამწყები, ასევე არსებული ბიზნესის გაფართოებას მოიაზრებს.
„მინდა გითხრათ, რომ სულ რამდენიმე დღის წინ, 2024 წლის იანვრის პირველ დღეებში ჩვენ უკვე განვახორციელეთ პირველი საინვესტიციო აქტივობა. ის გამოიხატება იმაში, რომ სამი მილიონი დოლარის კონტრიბუცია მოვახდინეთ „ჰილტონის“ ბრენდის ქვეშ ოპერირებადი სასტუმროს მშენებლობა- განვითარებაში სამცხე-ჯავახეთის რეგიონში. ჩვენთვის ეს არის საკმაოდ კარგი, სტარტისთვის ძალიან პოზიტიური აქტივობით ვიწყებთ და ეს აქტივობა, ცხადია, გაგრძელდება. ამ პროექტის გარდა, რა თქმა უნდა, სხვა პროექტებზეც მიმდინარეობს მუშაობა და თან უკვე ახალ პროექტებსაც ველოდებით“,- განაცხადა ბუგიანიშვილმა.
განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ პროექტი, რომელსაც ფონდი დააფინანსებს, სრულ თავსებადობაში უნდა იყოს განვითარების ფონდის გაცხადებულ მიზნებთან და ამოცანებთან და იმ პრიორიტეტულ სექტორებთან, რომელიც გაწერილია ჩვენს სტრატეგიის ნაწილში.
„ჩვენთვის საინტერესოა მოგებაზე ორიენტირებული კომპანიები, რომლებიც წარმოადგენენ საკმაოდ კარგად გაწერილ გეგმებს, პროექტებს, რომელსაც აქვს ხარისხიანად მომზადებული ტექნიკური ნაწილი და ასევე, ეკონომიკური მხარე. ამ მიმართულებით მოხდება შერჩევა. კრიტერიუმის მნიშვნელოვანი მოთხოვნა იქნება, რომ ეს წარმოდგენილი პროექტები სრულ თავსებადობაში უნდა იყოს ჩვენს გაცხადებულ მიზნებთან და ამოცანებთან და იმ პრიორიტეტულ სექტორებთან, რომელიც გაწერილია ჩვენს სტრატეგიის ნაწილში. მეორე მხარეა, რომ თვითონ ფონდს აქვს კანონით და სამართლით განსაზღვრული შეზღუდვები, რაც გამოიხატება იმაში, რომ ჩვენი მონაწილეობა უნდა იყოს მინიმუმ 3 მილიონი ლარი, რაც მეორე მხრივ, ნიშნავს იმას, რომ პროექტის 30%-ზე მეტის დაფინანსება არ მოხდება ჩვენი მხრიდან და ასევე კაპიტალის ნაწილში ვიქნებით 49%-ში. 3 მილიონ ლარზე ნაკლები ინვესტიცია არ უნდა იყოს, ზედა ზღვარი არ არის დაწესებული, თუმცა გამომდინარეობს იმ საინვესტიციო ბიუჯეტიდან, რომელიც დაგეგმილი გვაქვს“,- განაცხადა ბესიკ ბუგიანიშვილმა.