წალენჯიხის მერის მოადგილე - ცესკოს მიერ შემოთავაზებული ვერსია შეიცავს მრავალ რისკსა და გამოწვევას

„ელექტრონული არჩევნები, რისკები და გამოწვევები“ - ცესკოს მიერ შემოთავაზებული ვერსია შეიცავს მრავალ რისკსა და გამოწვევას. ამ მოდელმა შესაძლოა მმართველ პარტიას არსებითად გაუმარტივოს მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება და დამუშავება, რაც საარჩევნო შედეგებში აისახება, - ამის შესახებ წალენჯიხის მერის მოადგილემ, ვანო ბურდულმა განაცხადა.

მისივე თქმით, არჩევნებში გამოცდილმა ადამიანებმა კარგად იციან, რომ საარჩევნო პროცესების მანიპულაციისთვის უმთავრესია კენჭისყრის დღეს მოსულ ამომრჩეველთა აღრიცხვა და ამ ინფორმაციის ზუსტმა და დროულმა ფლობამ შესაძლოა სრულად შეატრიალოს და სხვაგვარად გადაწყვიტოს არჩევნების ბედი.

„კარგად გვახსოვს საარჩევნო უბნებთან ფოტოსურათიანი სიებით ჩასაფრებული „ოცნების“ კოორდინატორები, რომლებიც დეტალურად აღრიცხავდნენ და „ოცნების“ შტაბს უგზავნიდნენ ინფორმაციას მოსული ამომრჩევლის თაობაზე. ცესკო-ს მიერ შემოთავაზებული ვერსია შეიცავს მრავალ რისკსა და გამოწვევას. ამ მოდელმა შესაძლოა, მმართველ პარტიას არსებითად გაუმარტივოს მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება და დამუშავება, რაც საარჩევნო შედეგებში აისახება.

საარჩევნო უბანზე არსებობს ორი მთავარი ელექტრონული მოწყობილობა, ესენია: 1. ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატი, რომელმაც სრულიად ჩაანაცვლა სამაგიდო სიები. მოსული ამომრჩეველი ID ბარათს ათავსებს ვერიფიკაციის MRZ წამკითხველში და შედეგად ინფორმაცია მოსული ამომრჩევლების თაობაზე აღირიცხება არა ქაღალდის სიებში ხელმოწერის სახით, არამედ ვერიფიკაციის ელექტრონულ აპარატში ციფრულ ფორმატში. ეს ნიშნავს იმას, რომ მოსულ ამომრჩეველთა შესახებ დროში მუდმივად განახლებადი, ზუსტი და უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია ინახება ვერიფიკაციის აპარატის შიდა მეხსიერებაში. და 2. ხმის მთვლელი აპარატი, რომელიც ოპტიკური სკანირების მეთოდით ასკანერებს თითოეულ ბიულეტენს, ამოიცნობს თუ ვის მისცა ამომრჩეველმა ხმა და ამ ინფორმაციას ინახავს მეხსიერებაში. ხმის მთვლელ აპარატში მთელი დღის განმავლობაში, რეალურ დროში განახლებად რეჟიმში ინახება ინფორმაცია საარჩევნო შედეგების თაობაზე. მაგალითად 12:00 ან 17:00 საათზე აპარატისთვის ცნობილია, თუ იმ დროისთვის რამდენმა ამომრჩეველმა მისცა ხმა „ქართულ ოცნებას“ ან სხვა პარტიებს.

ხელისუფლება აქტიურად არეკლამებს ელექტრონულ საარჩევნო აპარატებს და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, გვიმტკიცებდა, რომ აპარატები არ იყო ინტერნეტში ჩართული, ამიტომ შეუძლებელი იყო მათზე რაიმე სახის დისტანციური მანიპულირება, თუმცა რამდენიმე თვის წინ ამ პროცესში ჩნდება ახალი აპარატი, მაღალსიჩქარიან ინტერნეტში ჩართული მოწყობილობა-პლანშეტი, რომლის ძირითადი ფუნქციაა ხმის მთვლელი აპარატიდან, მონაცემების ცესკო-ს სერვერებზე გადაგზავნა.

რისკი #1 ვერიფიკაციის აპარატის შიდა მეხსიერებაში ინახება საარჩევნო უბანზე მოსულ ამომრჩეველთა შესახებ განახლებადი და ზუსტი ინფორმაცია. რისკი #2 ხმის მთვლელი აპარატის შიდა მეხსიერებაში ინახება განახლებადი და ზუსტი ინფორმაცია საარჩევნო შედეგების თაობაზე. რისკი #3 საარჩევნო უბანზე არსებობს პლანშეტი, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ჩართულია ინტერნეტში.

როგორ შეიძლება გამოიყენოს „ქართულმა ოცნებამ“ ეს მონაცემები?

ვინაიდან ინტერნეტში მუდმივად ჩართული მოწყობილობა გაჩნდა საარჩევნო უბანზე, მხოლოდ ვერიფიკაციის აპარატის და ხმის დათვლის აპარატების დაკავშირებაა საჭირო პლანშეტთან იმისათვის, რომ აპარატებში არსებული, არჩევნებში გამარჯვებისთვის სასიცოცხლოდ საჭირო ინფორმაცია გადაიგზავნოს შესაბამის სტრუქტურებში.

როგორ შეიძლება დაუკავშირდეს ხმის მთვლელი და ვერიფიკაციის აპარატები ინტერნეტში მუდმივად ჩართულ პლანშეტს?

აპარატებსა და პლანშეტს შორის კავშირისთვის შესაძლოა გამოყენებულ იქნეს მონაცემთა გადაცემის უსადენო სისტემები (Wi-Fi ან Bluetooth), რომელთა აპარატებში ჩაშენება შესაძლებელია მათი მცირე ზომებიდან და მარტივი მონტაჟიდან გამომდინარე. ჩიპის ზომა საკმაოდ მცირეა, 1-2 სმ და მისი შეძენა ბევრგანაა შესაძლებელი. მაგალითად aliexpress.com-ზე მსგავსი ჩიპი 2$-მდე ღირს“, - განაცხადა ვანო ბურდულმა, რომლის კომენტარს „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ვახუშტი მენაბდე - ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ