სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ 3 კვირაში, მხოლოდ 2024 წელს, ე.წ. შავ სიაში 16 კომპანია შეიყვანა.
ყველა კომპანიის შემთხვევაში შავ სიაში დარეგისტრირების მიზეზად სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება სახელდება.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი კომპანია, კონკრეტულად, შპს „ ლემასი“, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროსა და დაცვის პოლიციის დეპარტამენტისთვის გარედან ჩასაცმელი ტანსაცმელი უნდა მიეწოდებინა, „შავ სიაში“ რამდენიმე დღის გამოტოვებით, სამჯერ დარეგისტრირდა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ „შავ სიაში“ სამჯერ დაარეგისტრირა შპს „ალფა + 8“, რომელსაც მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები უნდა ჩაეტარებინა.
არსებული მონაცემებით, უკანასკნელი კომპანია, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს „შავ სიაში“ შევიდა, შპს „ტექ-სერვის +“-ია, რომელსაც „საქართველოს რკინიგზის“ დაკვეთით, შენობის მოწყობილობების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება ევალებოდა.
როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში „ინტერპრესნიუსს“ განუმარტეს, შავ სიაში შესული კომპანიები ახალ ტენდერებში მონაწილეობას მომავალი ერთი წლის განმავლობაში ვერ შეძლებენ, იმ კომპანიების შემთხვევაში კი, რომელიც შავ სიაში რამდენჯერმე სხვადასხვა თარიღით დარეგისტრირდა, ათვლა უახლესი თარიღიდან დაიწყება.