7 ნოემბრის საქმეზე დაზარალებულმა მოწმეებმა სასამართლოს ჩვენება მისცეს

სპეცრაზმი მოქალაქეებს არბევდა, ერთ-ერთმა იარაღი მომიშვირა და თვალთან გამარტყა, - ამის შესახებ 7 ნოემბრის აქციის დარბევისას დაზარალებულმა, ნოდარ სილაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა.

როგორც მოწმემ აღნიშნა, ის ტელეკომპანია „იმედთან“ აქციაზე იმყოფებოდა, რა დროსაც დაზიანებები მიიღო.

„შორს ვიყავი, ჩემთვის მივდიოდი. დამიზნებით ისროდნენ, ყველას ჩაფხუტი ეფარა და ბრონიებული ჟილეტები ეცვათ. რაღაც წამები გავითიშე, მეგობარმა დამინახა, სასწრაფომ წამიყვანა ორთაჭალის კლინიკაში, მარცხენა თვალით ვერ ვხედავდი, ტვინის შერყევაც მქონდა. სამი ოპერაცია გამიკეთეს, მხედველობა არ მომმატებია, სილუეტებს ვხედავ მხოლოდ. გაზს უშვებდნენ, რეზინის ტყვიებს ისროდნენ, ტყვია ტანზეც მომხვდა. აპოლიტიკური ვიყავი, ერთხელ წავედი აქციაზე და ისიც შარში ამოვყავი თავი", - განაცხადა სილაძემ.

სასამართლოში ჩვენება მისცა კიდევ ერთმა დაზარალებულმა, ნიკოლოზ დიდიშვილმა.

მან აქციაზე მიღებულ დაზიანებებზე ისაუბრა.

„საჯარისო დანაყოფები დავინახე ბარათაშვილის ხიდის მიმდებარედ, რიყის ტერიტორიაზე, იღებდნენ მითითებებს, ემზადებოდნენ რაღაცისთვის, შემდეგ მოხდა დარბევა და მე დამჭრეს, კანზე მეკიდა ფეხი. არ იყო დაპირისპირება არანაირი, უბრალოდ გარიდებას ვცდილობდით რობოკოპებისგან, ცემით და სროლით მოდიოდნენ და რომ გავიქეცით, ვერ გავედით, იქაც დაგვხვდნენ. რეზინის ტყვია არ იყო ის, რაც მე ფეხში მომხვდა. მოქალაქეებმა გამიყვანეს, პოლიციელები უყვიროდნენ, დააგდეთ, ჩვენ მივხედავთო, მაგრამ არ დამტოვეს. იქ რომ დავრჩენილიყავი, სისხლი ისეთი რაოდენობით მომდიოდა, ცოცხალი ვერ გადავრჩებოდი", - განაცხადა მოწმემ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი გაიმართა. სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღნიშნულ საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.

ანდრო გოცირიძე - ხელისუფლება ეცდება, პოლიტიკური ველი მოასუფთავოს ოპონენტებისგან, რომლებიც მას კურსის ცვლილების გამო დაუპირისპირდნენ და მოსუფთავებული ნიშა დაუთმოს აშკარად პრორუსულ პოლიტიკურ პარტიებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.11.2025
საქართველოს Wendy’s-მა APMEA საერთაშორისო სამიტზე სამი მთავარი ჯილდო მოიპოვა
თორნიკე შენგელია „არქის“ „გრანდ ავენიუს“ პროექტის ინვესტორი გახდა
„არქი“ ბიზნესპარტნიორთან, გიორგი მამარდაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
კორპო - თანამშრომლებზე ზრუნვის ინსტრუმენტი ორგანიზაციებისთვის - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ ახალი განაცხადი - გაძლიერებული, გაუმჯობესებული და თანამედროვე ორგანიზაციებზე მორგებული ჯანმრთელობის დაზღვევა
ასამდე ბენეფიციარი და 400 ათას ლარამდე განხორციელებული მხარდაჭერა - სილქნეტი  „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის ანგარიშს აქვეყნებს
ჩინეთის ელჩი საქართველოში - ჩინეთი ადგენს განვითარების გეგმას, რომელიც არასტაბილურ მსოფლიოს სიმტკიცეს შესძენს
„გორგიაში“ ნანატრი დღეები უკვე დაიწყო