პრეზიდენტს სჭირდება გამიზნული, გააზრებული ჰიპერაქტიურობა მხოლოდ ერთი მიმართულებით - ეს არის 2024 წლის არჩევნების მიმართ მთელი გარე სამყაროს ყურადღების კონცენტრირება. შევუგროვებთ თანხას, თუ ეს პრობლემაა, იაროს უცხოეთში, მაგრამ საქართველოშიც, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში განაცხადა.
მისი თქმით, ახლა პრეზიდენტს ახლა აქვს უდიდესი მისია, რადგან მან დასავლური საზოგადოების ყურამდე უნდა მიიტანოს, რომ საქართველოში დემოკრატია და 2024 წლის არჩევნები მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშეა.
„როცა კონსტიტუციით განსაზღვრული, სახელმწიფო ინსტიტუტების ურთიერთობის უმნიშვნელოვანესი თემა ხდება ვინმეს „მომწონს - არ მომწონს“, „გავბრაზდი და სამაგიეროს გადავუხდი“, თემად, ჩვენ ვხვდებით, რომ აქ სახელმწიფოებრიობასთან აღარაფერია საერთო. მიუხედავად იმისა, რომ ანომალიაა, რომ პრეზიდენტი იგნორირებულია ამათ მიერ, მე პირდაპირ გეტყვით, რომ ამაზე პრეზიდენტს ყოველ ჯერზე უნდა ჰქონდეს სწორი რეაქცია. პრეზიდენტს ახლა აქვს უდიდესი მისია, მან უნდა შეძლოს და ყველას გასაგონად დასავლეთში, მაგრამ, ასევე, საქართველოში, თქვას, რა შავ დღეშია საქართველოში დემოკრატიის ბედი და რა დღეშია 2024 წლის არჩევნები.
მიმაჩნია, რომ როგორც გასული წლის შემოდგომაზე მან წამოიწყო ძალიან მნიშვნელოვანი კამპანია ევროკავშირის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, ამაზე ათჯერ უფრო ეფექტური კამპანიაა საჭირო ახლა არჩევნებთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ ყველა სტატუსი დარჩება უჯრაში, ჩვენ თუ სტატუსი არ ვაქციეთ შესაძლებლობად, რომ ნორმალური არჩევნების გზით, ერთხელ მაინც საქართველოს ისტორიაში, დავიწყოთ ნორმალური ცვლილებები. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი შეუკვეცეს და მგონი, ბოლოს ეტყვიან, რომ აღარ ისუნთქო და აღარ იარსებოო, ამის მიუხედავად, მას სჭირდება გამიზნული, გააზრებული ჰიპერაქტიურობა მხოლოდ ერთი მიმართულებით - ეს არის 2024 წლის არჩევნების მიმართ მთელი გარე სამყაროს ყურადღების კონცენტრირება. შევუგროვებთ თანხას თუ ეს პრობლემაა, იაროს უცხოეთში მაგრამ საქართველოშიც და თქვას რომ 2024 წლის არჩევნების ბედი ოქტომბრის იმ დღეს კი არ წყდება საქართველოში, დღეს წყდება! დღეს გვაცლიან ხელიდან ევროპულ მომავალსაც და ნორმალურობასაც საქართველოსთვის“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.
მისი თქმით, დასავლეთშიც ხვდებიან, რომ ახლა საქართველოს აქვს ერთ-ერთი ბოლო შანსი, რომ მოჯადოებული წრიდან გავიდეს.
„ევროკავშირის დღევანდელი ელჩი პაველ ჰერჩინსკი მახსენებს ძალიან კარგ გამოცდილ პედაგოგს, რომელიც ყველაზე მარტივი ენით, ყველაზე გასაგებად უხსნის აუდიტორიას, რა არის გასაკეთებელი. ასეთი ენით პოლონელი წარმოშობის ელჩი ისეთი სიმარტივით ხსნის ასახსნელს, რომ შეიძლება ინატრო. დასავლეთში ხვდებიან, რომ ახლა ეს არის ერთ-ერთი ბოლო შანსი, რომ ამ მოჯადოებული წრიდან გამოვიდეთ. ვის ხელშია გასაღები ? თუ ბატონი პაპუაშვილი იტყვის, რომ ეს ოპოზიციის ხელშია, თავადაც გაეცინება ნათქვამზე, ეს მათ ხელშია“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, სადაც კი იქნება შესაძლებლობა, რომ მმართველ ძალასთან თანამშრომლობა გამოვიდეს, ოპოზიციამ არაფერზე არ უნდა თქვას უარი.
„როდემდე ველოდოთ ამ პროცესებს, რომ იწყება და არ სრულდება, კომისიების შექმნას, კომისიას კიდევ კომისიას რომ შეუქმნის ბატონი პაპუაშვილი და ვიყოთ ამ „ცისფერ მთებში?“ იყოს თავად ! იყოს მის პარტიასთან ერთად, მაგრამ ჩვენ არ გვემეტება საქართველო ამ მდგომარეობაში დასატოვებლად, ამიტომაც, ვცადოთ, რადგან სამუშაო ჯგუფში მუშაობის პროცესი დაიწყო, მე მიმაჩნია, რომ ოპოზიცია ამ შეხვედრებზე უნდა იყოს და გამოიყენოს მაქსიმალურად იმისთვის, რომ შეაფასოს, თქვას სათქმელი, ჩამოხადოს ფარდა“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.