ეკა ბესელია - მძიმე იქნება თუ საარჩევნო პროცესში  „ქართული ოცნება“ ირაკლი კობახიძის პრემიერობით წარდგება

საკმაოდ მძიმე იქნება თუ საარჩევნო პროცესში „ქართული ოცნება“ ირაკლი კობახიძის პრემიერობით წარდგება, - ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, ეკა ბესელიამ "პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ განაცხადა.

ბესელიას თქმით, გაუგებარია, რატომ უნდა აჩერებდე არჩევანს ირაკლი კობახიძეზე, თუკი მიზანია, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებს უკეთეს ფორმაში შეხვდეს.

„სამწუხაროდ, არჩევნების წელს, ასეთ მნიშვნელოვან ეტაპზე, როდესაც საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობის პროცესში მნიშვნელოვან ეტაპზე გადადის, საკმაოდ მძიმე იქნება თუ საარჩევნო პროცესში „ქართული ოცნება“ ირაკლი კობახიძის პრემიერობით წარდგება, რადგან სტრატეგიულ ურთიერთობაში ყველაზე მძიმე განცხადებებით კობახიძე გამოირჩეოდა. თუ ლოგიკა არის ის, რომ მმართველი პარტია უკეთეს ფორმაში შეხვდეს არჩევნებს, მაშინ, რატომ უნდა აჩერებდე არჩევანს კობახიძეზე, გაუგებარია, თუ არა ერთი რამ - ივანიშვილს ამოეწურა ნდობის ლიმიტის მქონე ადამიანური რესურსი", - განაცხადა ბესელიამ.

ბესელიას თქმით, მისი „ქართულ ოცნებაში“ ყოფნის დროს პარტიის შიგნით კობახიძე არავის უყვარდა და მას კონფლიქტები ჰქონდა საკუთარ თანაპარტიელებთან.

„პირველ ეტაპზე ივანიშვილს ხშირად უწევდა ამ კონფლიქტების ჩაცხრობა, რადგან კობახიძე ვერ ახერხებდა კომუნიკაციას თანაპარტიელებთან, ერთ- ორჯერ ხელითაც კი გაიწიეს მისკენ. ეს იმაზე მეტყველებს, რომ კობახიძეს შიგნით ავტორიტეტი არ ჰქონდა.

კონფლიქტების კერას ქმნიდა, იმიტომ, რომ ურთიერთობა უჭირდა. ვერ ურთიერთობდა, როგორც პოლიტიკოსი. პარლამენტის თავმჯდომარე იყო და მაშინაც კი, რთული იყო კომუნიკაცია აეწყო. ეს გადაწყვეტილება ქვეყნისთვისაც და პარტიისთვისაც ძალიან ცუდია“, - განაცხადა ბესელიამ.

კითხვაზე, პარტიაში ახლაც არიან თუ არა ის ადამიანები, ვისთანაც კობახიძეს კონფლიქტი ჰქონდა, ბესელიას თქმით, „იქ არავინ არ არის ასეთი“.

ამასთან, ბესელია დასძენს, რომ მისთვის წარმოუდგენელია, როგორ უნდა იყოს წარმოდგენილი ირაკლი კობახიძის კაბინეტში საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი, თეა წულუკიანი.

„არ მინდა გავიხსენო როგორ მოიხსენიებდა წულუკიანს. ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ უნდა იყოს ირაკლი კობახიძის კაბინეტში თეა წულუკიანი. წულუკიანმა კარგად იცის როგორ საუბრობდა კობახიძე მასზე, როდესაც წულუკიანის დიპლომის თემა იდგა საკითხად. როგორც ჩანს, ვიღაცისთვის თანამდებობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მსგავსი რაღაცები. ქვეყანაში ისეთი დაბალი დონის პოლიტიკა და მართვის გაუგებარი ფორმაა, რომ არაფერი არ უნდა გვიკვირდეს“, - განაცხადა ბესელიამ.

მისივე განცხადებით, პარტიაში და მათ შორის, „ოცნების“ მხარდამჭერებშიც ღარიბაშვილს უფრო მეტი მომხრე ჰყავს, ვიდრე ირაკლი კობახიძეს.

„მგონია, რომ პარტიის თავმჯდომარის პოზიციაზე გადაყვანა, ეს არის რბილი გადასვლის ფორმა. ყველა ვხვდებით, რომ პარტიის თავმჯდომარეობა არ არის იმ თანამდებობის საპირწონე, რომელზედაც იყო ღარიბაშვილი, მისი ხისტად გაშვება ძალიან ცუდი იქნება, რადგან „ოცნებაში“ ღარიბაშვილს უფრო მეტი მომხრე ჰყავს, ვიდრე კობახიძეს და მის ჯგუფს, ამიტომ გასაგებია, რა სვლა არის ეს“, - განაცხადა ბესელიამ.

ბესელია განმარტავს, რომ ბიძინა ივანიშვილის დაბრუნების გადაწყვეტილება არ იყო მშვიდობიან ფონზე მიღებული, ამით ცვლილებები არ დასრულდება და კიდევ გაგრძელდება.

„როდესაც ივანიშვილი მესამედ დაბრუნდა და პარტიის წესდებაში ჩანაწერი გაჩნდა, სადაც ჩაიწერა, რომ პარტიის საპატიო თავმჯდომარის პრეროგატივა არის პრემიერ-მინისტრის წარდგენა, უკვე ცხადი იყო, რომ პრემიერი განწირული იყო. რაც შეეხება მიზეზს, შეიძლება პარტიაში განხეთქილება იყო, კონფლიქტები, რომელიც ივანიშვილმა ახსენა. დიდი ხანი ისმოდა ღარიბაშვილსა და კობახიძის ფრთებს შორის კონფლიქტების შესახებ. როგორც ჩანს, ივანიშვილმა ეს კონფლიქტები უფრო სიღრმისეულად დაინახა, ვიდრე შეიძლება გარედან ჩანდეს. არ არის გამორიცხული, რომ ღარიბაშვილის მიმართ ივანიშვილის განწყობილების შეცვლაში კობახიძემ ითამაშა დიდი როლი, რადგან მას ეხერხება ამ როლის შესრულება, ასეთი როლი ჰქონდა მას კვირიკაშვილის დროსაც - კობახიძე იყო ერთ-ერთი მთავარი ცუდი ამბების მიმტან-მომტანი. ძალიან ცუდი როლი ჰქონდა. ასე რომ, არ გამიკვირდება, ამ პროცესში მან ისე იმუშავა, რომ ეს განწყობები გაფუჭდა, ფაქტია, რომ გაფუჭდა“,- განაცხადა ბესელიამ.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო