ISFED-ში და IDFI-ში აცხადებენ, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აქვს მზაობა ევროკავშირის რეკომენდაციების საკითხზე სამუშაო პროცესი ინკლუზიურად წარიმართოს, რაც „სერიოზული პრობლემაა“

ISFED-ში და IDFI-ში აცხადებენ, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აქვს მზაობა ევროკავშირის რეკომენდაციების საკითხზე სამუშაო პროცესი ინკლუზიურად წარიმართოს, რაც დიდი პრობლემაა.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) დირექტორის მოადგილემ ლევან ნატროშვილმა და "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) თანადამფუძნებელმა, გიორგი კლდიაშვილმა პარლამენტში ევროკომისიის რეკომენდაციების საკითხზე სამუშაო პროცესის მათი მონაწილეობის გარეშე წარმართვასთან დაკავშირებით „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ ისაუბრეს.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) დირექტორის მოადგილის, ლევან ნატროშვილის განცხადებით, ხელისუფლებას არ აინტერესებს სამოქალაქო საზოგადოება ჩართული იქნება თუ არა პროცესში და მიიღება თუ არა გადაწყვეტილებები კომპრომისის და კონსესუსის საფუძველზე.

როგორც ნატროშვილმა განაცხადა, ხელისუფლებაში პოლიტიკური ნება არ არსებობს, რომ ის რეკომენდაციები, რომლებიც ქვეყანას სჭირდება იმისთვის, რომ ევროპული ოჯახის წევრი გახდეს, კეთილსინდისიერად შესრულდეს.

„ჩვენ შეგვიძლია წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე გარკვეული დასკვნები გავაკეთოთ. ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის მიდგომა, რაც ამ საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლებას ჰქონდა დიდად არ არის შეცვლილი. როგორც ჩანს, მათთვის ეს საკითხი არ არის მნიშვნელოვანი. მათ დიდად არ აინტერესებთ სამოქალაქო საზოგადოება ჩართული იქნება თუ არა, პარტიები იქნებიან თუ არა ამ პროცესში და რამდენად იქნება გადაწყვეტილებები მიღებული გარკვეული კომპრომისის და კონესუსის საფუძველზე, რაც სერიოზული პრობლემაა. ჩვენ ეს ყველაფერი გვაფიქრებინებს იმას, რომ ხელისუფლებაში პოლიტიკური ნება არ არსებობს, რომ ის რეკომენდაციები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას სჭირდება, რომ გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი, ის შესრულდეს კეთილსინდისიერად.

მომავალში მოლოდინი უნდა გვქონდეს, რომ კვლავ გარკვეული მონიშვნისთვის რაღაცები მიიღონ, რაღაც კანონმდებლობა შეცვალონ, სტრატეგია დაამტკიცონ და ა.შ. მაგრამ მთავარი პრობლემები და მთავარი რეკომენდაციები რაც არის, ამაზე სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვხედავთ ხელისუფლების მხრიდან მზაობას, რომ მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდეს, ვინაიდან, ხელისუფლება ევროინტეგრაციის პროცესს უყურებს საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების პრიზმიდან. მათი უპირველესი მიზანია ძალაუფლების შენარჩუნება და ევროინტეგრაციის პროცესიც ამ კუთხით არის მათთვის გამოსადეგი. რაღაცას აკეთებენ იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნონ, რეალურად რისი შესრულებაც არის საჭირო, ამის მზაობა, სამწუხაროდ არ არის“,-განაცხადა ნატროშვილმა.

მისივე მოსაზრებით, სამუშაო ჯგუფში ატმოსფერო უნდა იყოს თანამშრომლობითი.

„ამ პროცესში ატმოსფერო უნდა იყოს თანამშრომლობითი, სხვადასხვა მხარის მიერ ჩართვა უნდა იყოს კომფორტული და ისინი საკუთარ როლს მნიშვნელოვნად უნდა მიიჩნევდნენ და არა ფორმალურად იყვნენ გარკვეულ პროცესებში ჩართული. ასევე სამუშაო უნდა იყოს ეფექტიანი, იქნება ეს სამუშო ჯგუფი თუ სხვა ფორმატი. აუცილებელია ყველაფრის კარგად აწონ-დაწონა და ჩართულობის უზრუნველყოფა. ეს ყველაფერი უნდა დაიწყოს დეპოლარიზაციიდან. ხელისუფლებას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია დეპოლარიზაციის კუთხით და როდესაც მათგან ამ ნაბიჯებს ვერ ხედავ, ეს პრობლემა ვერ აღმოიფხვრება“,- განაცხადა ნატროშვილმა.

ამავე კონტექსტში, "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) თანადამფუძნებლის, გიორგი კლდიაშვილის განცხადებით, პარლამენტში ევროკომისიის რეკომენდაციების საკითხზე სამუშაო პროცესს ინკლუზიური ვერ ეწოდება.

„ამ პროცესს ინკლუზიური არ ეწოდება. საუბარი არ არის დიდ ორგანიზაციებზე, საუბარია ბევრ მნიშვნელოვან აქტორზე, ვისაც მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია პროცესში. ფართო ჩართულობა ნიშნავს, რომ აკადემია ჩაერთოს ამაში, უნივერსიტეტები ჩაერთონ. ამ 9- დათქმის შესრულება არის აუცილებელი პირობა, რომ გაგრძელდეს ჩვენი შემდგომი პროცესი, რაც არის მოლაპარაკებების გახსნა. ამაში გვინდა ჩვენ მივიღოთ მონაწილეობა. არ არის, გრანტი მაქვს და ამიტომ მინდა ჩავერთო.

ჩვენ ადვოკატირებას მაინც გავუწევთ იმ საკითხებს, რაზეც ვმუშაობთ, ეს იქნება არჩევნები, კორუფციასთან ბრძოლა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები ჩვენ ამაზე გავაგზავნით. ბევრ რამეში ჩვენი რეკომენდაციები, რომ მიეღოთ და დაეჯერებინათ, ახლა 12 რეკომენდაციიდან 3 რეკომენდაცია კი არ გვექნებოდა შესრულებული, სამოსნები კი არ იქნებოდნენ ხელისუფლების სათავეში და გაცილებით მეტი რეკომენდაცია იქნებოდა შესრულებული“,- განაცხადა კლდიაშვილმა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პრეზიდენტობისას საქართველოს საკითხში აშშ-სა და ევროკავშირს შორის პოზიციებში განხეთქილება მოხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.11.2024
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ოქტომბრის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - პირადად მე, არცერთ საპროტესტო აქციას არ გამოვტოვებ!
სამომხმარებლო ბაზარზე  მძლავრი ჰოლდინგური ტიპის გაერთიანება ჩამოყალიბდა