ქალი შემოდის, ბოლო ბოლო, დარბაზში და ქართველი კაცი, იცოცხლე, ყელს კი, ვიღერებთ სუფრაზე და რაღაც გადაგრეხილ ჯიხვის ყანწებით ვსვამთ ქალის სადღეგრძელოს, მაგრამ ქალებს მმართველი პარტია, როგორ ექცევა [ჩანს], - ასე მიმართა „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს და გააკრიტიკა იმის გამო, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში შესვლისას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ფეხზე არ წამოუდგნენ.
ალეკო ელისაშვილის თქმით, „ეს უმსგავსო საქციელია“.
„ამ ტრიბუნიდანაც მოგესალმებით, ქალბატონო პრეზიდენტო, ამ „გადავსებულ და ყურადღებით გარინდულ დარბაზში“. ბატონმა რომანმა, ნოდარ დუმბაძესთან დაკავშირებით საინტერესო ამბავი გაიხსენა, მეც ერთი ხალხური ლექსი გამახსენდა, „ათასად რომ კაცი დაფასდა და ათი ათასად ზრდილობა“. ჩვენმა ერთმა წინაპარმა თქვა, არ ვიცი, კაცი იყო თუ ქალი, როგორც ჩანს, ერთი უბრალო ადამიანი იყო, იმიტომ, რომ ხალხურად დარჩა ჩვენს მეხსიერებას ეს ლექსი, მაგრამ ახლა, ჩემთვის ვფიქრობდი, რომ რა რეაქცია ექნებოდა ამ ლექსის დამწერს რომ ენახა ის სცენა, რაც დღეს, აქ მთელმა საქართველომ ვნახეთ. შემოდის საქართველოს პრეზიდენტი და მმართველი პარტია არ ესალმება, ფეხზე არ დგება არც ქალი და არც კაცი. იცით, რა არის? პოლიტიკა არ მიმაჩნია, რომ ბინძური საქმეა და უზრდელი საქმეა, პირიქით, მიმაჩნია, რომ ყველაზე დიდი გარჯა და პატრიოტიზმია. უბრალოდ, ჩვენთან არის, რომ ეს ლაქა ვერ მოიშორა, იმიტომ, რომ ასეთი უმსგავსო რაღაცები ხდება ხოლმე. დარწმუნებული ვარ, რომ იმ ხალხური ლექსის ავტორი ახლა, საფლავში ბრუნავს“, - განაცხადა ელისაშვილმა.
მისი თქმით, ასეთი ქცევა არც პოლიტიკური კულტურა და არც არაფერია.
„ქალი შემოდის, ბოლო ბოლო, დარბაზში და ქართველი კაცი, იცოცხლე, ყელს კი ვიღერებთ სუფრაზე და რაღაც გადაგრეხილი ჯიხვის ყანწებით ვსვამთ ქალის სადღეგრძელოს, მაგრამ ქალებს მმართველი პარტია როგორ ექცევა [ჩანს]. აგერ, ჩვენი „დიდებული“ ვაჟკაცის, ირაკლი ბერაიასი არ იყოს, თან თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს რომ თავმჯდომარეობს, უკვე ტრადიციად და კულტურად აქცია „ქართულმა ოცნებამ“, მაგრამ მე არავის აღზრდას არ ვაპირებ, ჩემი პრობლემები მეყოფა და მირჩევნია, ჩემ თავზე ვიმუშაო“, - განაცხადა ელისაშვილმა.
რაც შეეხება პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას, ელისაშვილის თქმით, პრეზიდენტის შეთავაზება პლატფორმასთან დაკავშირებით საინტერესო იყო და პარტია „მოქალაქეები“ ამისთვის მზადაა.
„ქართული ოცნება“ კი არ არის ძლიერი, მე რასაც ვხედავ, პირველ რიგში, ჩვენ თავზე ვილაპარაკებ, ჩვენ ვართ ერთმანეთს დატაკებულები, ერთმანეთს ვჭამთ. ისტორიულად, ტრადიციულად ასე ვიყავით. მოიღერებდა ყელს ქსნის ერისთავი, შეუვარდებოდა არაგვის ერისთავს, მერე არაგვის ერისთავი წაართმევდა ცოლს და აჩუქებდა სპარსელ რომელიღაცა სარდალს და სულ ასე იყო. ახლა, ჩვენთან რომ გადმოვთარგმნოთ ოპოზიციაში, ასე ვართ. მე ერთი, თავგამოდებული მლანძღველი კაცი ვიყავი და თანდათან ვცდილობ, რომ მუშტებზე კი არ ვიყურო, არამედ არგუმენტები მოვიყვანო, როდესაც რაღაც პოზიციის დამტკიცებას ვცდილობ. არ მინდა ხოლმე, რომ სხვები ვლანძღო. ყველა გალანძღული მყავს, არ მეგულება ადამიანი გალანძღული რომ არ მყავდეს, მაგრამ არ არის ეს სწორი. აღარ ვარ პატარა ბიჭი და ამ სინანულს ვგრძნობ“, - განაცხადა ელისაშვილმა.