სასერტიფიკაციო გამოცდა ორიენტირებულია მხოლოდ ცოდნის შეფასებაზე, უნარ-ჩვევების შეფასების მექანიზმი ჩადებული არ არის, განსხვავებით კარგი დასავლური გამოცდილებისგან და შესამუშავებელია ,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომაზე განაცხადა, სადაც სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშს განიხილავენ.
გაბუნიას განცხადებით, სამედიცინო პერსონალის პროფესიულ განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები პრიორიტეტულია სამინისტროსთვისაც.
როგორც თამარ გაბუნიამ განაცხადა, აუდიტის ანგარიშში მოცემული საკითხები მსგავსი გამოწვევებით ასახულია ასევე ჯანმრთელობის დაცვის სტრატეგიის დოკუმენტში, რომელიც მთავრობამ 2022 წლის მაისში დაამტკიცა, ახლა კი მიმდინარეობს მუშაობა დეტალური გეგმის შემუშავებაზე.
„გამოწვევები, რაც ამ სფეროში არის, მათ შორის, საკადრო დეფიციტი, ექთნების ექიმებთან დისბალანსი, დიპლომის შემდგომი განათლების პროგრამების ხარისხის გაუმჯობესება, რეზიდენტურის პროგრამის გაუმჯობესება, რა თქმა უნდა, ასახულია სტრატეგიულ გეგმაში. რეკომენდაციებს ვიზიარებთ. ახლა უკვე მიმდინარეობს მუშაობა დეტალური გეგმის შემუშავებაზე, რაც მნიშვნელოვანწილად იქნება თანხვედრაში სტრატეგიულ სამოქმედო გეგმასთან თავის ვადებით. პროცესი აქ ხანგრძლივია. ძირითადი გამოწვევა რაც სისტემაშია, არის ის, რომ სასერთიფიკაციო გამოცდის ნაწილი ორიენტირებულია მხოლოდ ცოდნის შეფასებაზე და უნარ-ჩვევების შეფასების მექანიზმი იქ ჩადებული არ არის, რაც განსხვავებულია კარგი დასავლური და ევროპის გამოცდილებისგან. ამას დამატებით რესურსი სჭირდება. არსებობს ასეთი მექანიზმი ობიექტური სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა, როცა გამოსაცდელის პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეფასება ხდება, ჩვენთან ასეთი არ არსებობს, შესამუშავებელია. ასევე ვიზიარებ ხარისხობრივ ნაწილთან დაკავშირებულ შენიშვნას. აქ განმარტების სახით მინდა ვთქვა, რომ სამინისტროს შიდა რესურსი იმისთვის, რომ დამოუკიდებელი ტექნიკური ექსპერტიზა უზრუნველყოს ექსპერტების მიერ წარმოდგენილი მასალის, არ აქვს, ამიტომ დამოკიდებული ვართ იმ პროფესიულ პლატფორმაზე, რომელიც წარმოადგენს ამ მასალას. დამოუკიდებელი ექსპერტიზის საკითხს როგორ გადავჭრით, გარკვეული ფიქრი და კონსულტაცია დაგვჭირდება.
რეგულირების სააგენტოს მხრიდანაც მონიტორინგის მექანიზმი მეტ რესურსს მოითხოვს და ამ კუთხითაც მუშაობა მიმდინარეობს, რომ რესურსი გაიზარდოს, რადგან მონიტორინგი ჯეროვანი იყოს და არა შერჩევითი როგორც აქამდე ხდება,“- განაცხადა გაბუნიამ.
აუდიტის ანგარიშის თანახმად, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მოპოვების მექანიზმები რიგ ნაკლოვანებებს შეიცავს.
„საკვალიფიკაციო და სასერტიფიკაციო ტესტების დამტკიცებისა და შესყიდვის პროცესში არ ხორციელდება ხარისხობრივი ნაწილის შესწავლა და მონიტორინგის პროცესი მოიცავს მხოლოდ ტექნიკური მხარის შემოწმებას;
საკვალიფიკაციო და სასერტიფიკაციო ტესტების განახლებას არ აქვს სისტემური ხასიათი. ტესტების უმეტესობა 2001 წლიდან განახლებულია მხოლოდ 4-ჯერ, ხოლო გარკვეული სპეციალობების ფარგლებში ცვლილებები არ შესულა;
საგამოცდო ტესტების სრული რაოდენობის 75-80% გამოცდის თარიღამდეა ხელმისაწვდომი ნებისმიერი მსურველისათვის, გამოცდის მონაწილემ კი უნდა დააგროვოს სწორი პასუხების, მინიმუმ, 75.5% იმისთვის, რომ გამოცდა ჩაითვალოს ჩაბარებულად. ამასთანავე, სასერტიფიკაციო გამოცდა ტარდება მხოლოდ ტესტებით, სადაც მითითებულია ოთხი სავარაუდო პასუხი და არ ხდება გამოსაცდელის პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეფასება,“- აღნიშნულია ანგარიშში.