ქართული პრესის მიმოხილვა 15.02.2024

რას სასჯელს უმზადებს მოსკოვი სოხუმს - აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ბიჭვინთის შეთანხმებაზე რუსეთისგან საპროტესტო ნოტა მიიღო

ქრება თუ არა ოპოზიციაში ერთობის პერსპექტივა - რითია განპირობებული მიუღებლობა და დაპირისპირება

კიევი დილემის წინაშეა - რას გამოიწვევს ავდიივკას დაკარგვა

* * *

რას სასჯელს უმზადებს მოსკოვი სოხუმს - აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ბიჭვინთის შეთანხმებაზე რუსეთისგან საპროტესტო ნოტა მიიღო

“ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვისგან ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის შეთანხმების რატიფიცირებასთან დაკავშირებით საპროტესტო ნოტა მიიღო - ამის შესახებ აფხაზური პრესა წერს, თუმცა, ე.წ. ხელისუფლება ამას მალავს. საქმე ეხება იმას, რომ გასული წლის 27 დეკემბერს ე.წ. დეპუტატებმა ამავე შეთანხმებაში შეიტანეს შეზღუდვა, რომელიც ობიექტების, მიწის ნაკვეთები, შენობა-ნაგებობების, აკვატორიის ნაწილის მესამე პირზე გადაცემას კრძალავს და როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, მოსკოვის გაღიზიანების მიზეზიც ესაა. ამავე შეზღუდვის მიხევდით, აკრძალულია ობიექტებისა და ნაკვეთების გადაცემა ე.წ. ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში. როგორც კონფლიქტოლოგი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი “რეზონანსთან” ამბობს, ზუსტად ეს შეზღუდვები გახდა ე.წ. დეპუტატების დათანხმების მიზეზი. რაც შეეხება რუსეთის საპასუხო რეაქციას, ზაქარეიშვილი ამბობს, რომ დიდია ალბათობა იმისა, რომ მოსკოვმა სოხუმი “ეკონომიკურად მოგუდოს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რას სასჯელს უმზადებს მოსკოვი სოხუმს - აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ბიჭვინთის შეთანხმებაზე რუსეთისგან საპროტესტო ნოტა მიიღო.

“ზაქარეიშვილის თქმით, ის, რომ აფხაზურ პრესაში ინფომაციამ “გაჟონა”, ეს რუსეთის “დამსახურებაცაა”, ამით კი ჩანს, რომ რუსეთის სურვილია დოკუმენტი “პარლამენტში” ხელახლა დაბრუნდეს და მიიღონ პირველი ვერსიით, ან ისეთი, როგორიც “მოსკოვს აწყობს”. “ეხო კავკაზა” აფხაზ ჟურნალისტ იზიდა ჭანიას ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის შეთანხმების რატიფიცირებასთან დაკავშირებით საპროტესტო ნოტა მიიღო, უწყება კი ამას მალავს. “არაოფიციალური ინფორმაციით, სამი დღის წინ, აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან საპროტესტო ნოტა მიიღო. კანონში ცვლილებები (რატიფიკაციის შესახებ), რომელიც სახელმწიფო აგარაკების მესამე პირებზე გადაცემას კრძალავს, ვიღაც ძალიან კონკრეტულს არ აწყობს. საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ ინფორმაციას მალავს. ეს ინფორმაცია არც ვებგვერდზე და არც ტელეგრამზე არ არის ხელმისაწვდომი”, - წერს იზიდა ჭანია სოციალურ ქსელში. ნოტის მიღებას მოსკოვისგან ადასტურებს ე.წ. ოპოზიციაც - პარტია “აფსნი”, “აფხაზეთის ეროვნული ერთობის ფორუმი”, სამოქალაქო ორგანიზაცია “არუაა”, “აფხაზეთის ეროვნული მოძრაობა” და “ჩვენი დედაქალაქი”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ჩვენ ხელთ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა გვაქვს, რომელშიც აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სთხოვენ, რომ თავისი პოზიცია გადაწყვიტოს, დაადასტუროს შეთანხმების დებულებების ან მის რატიფიკაციამდე მიღებული საკანონმდებლო აქტების ერთგულება. აღნიშნულთან დაკავშირებით მოვითხოვთ, რომ აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩვეულ კულუარულ მუშაობას შეეშვას და მითითებული ნოტა გამოაქვეყნოს. ასევე, საზოგადოების მხრიდან სრული ნდობის არარსებობის გამო, მოვითხოვთ, რომ აფხაზური მხარის პასუხის პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან შეთანხმება, დაინტერესებული საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების ჩართულობით, მოხდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი პასუხისმგებლობა პირადად აფხაზეთის პრეზიდენტს, ასლან ბჟანიასა და საგარეო საქმეთა მინისტრს, ინალ არძინბას დაეკისრება”, - ნათქვამია ე.წ. ოპოზიციის განცხადებაში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2023 წლის 27 დეკემბერს ოკუპირებული აფხაზეთის “პარლამენტმა” რიგგარეშე სხდომაზე მოახდინა რუსეთისთვის ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების გადაცემის ხელშეკრულების რატიფიკაცია - ე.წ. დეპუტატებმა შეთანხმებაში შეიტანეს შეზღუდვა, რომელიც ობიექტების, მიწის ნაკვეთები, შენობა-ნაგებობების, აკვატორიის ნაწილის მესამე პირზე გადაცემას კრძალავს ასევე, აკრძალულია ობიექტებისა და ნაკვეთების გადაცემა ე.წ. ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში”, - განაგრძობს გამოცემა.

“რატომ მალავს ნოტას დე ფაქტო ხელისუფლება გასაგებია, ასეთ რაღაცეებს “ქართული ოცნებაც” მალავს ხოლმე - მდინარაძეს დაუსვეს კითხვა, თუ რატომ ლაპარაკობს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოზეო და გამოიყვანა ისე, რომ თურმე ქართული ჟურნალისტები სულელები არიან, რომ ასეთ რაღაცეებს კითხულობენ. დაახლოებით ასეთი რაღაც ხდება აფხაზურ საზოგადოებაშიც. არსებობდა ე.წ. ხელშეკრულება მოსკოვსა და სოხუმს შორის ბიჭვინთის აგარაკებისა და მიწის გადაცემაზე, რომელზეც პირველ რიგში წინააღმდეგ აფხაზური საზოგადოება წავიდა. ტემპერატურა რომ დაეწიათ, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ეს ხელშეკრულება დააკორექტირა, რათა ე.წ. პარლამენტში ხმების უმრავლესობა მოეპოვებინა. ბევრმა “პარლამენტარმა”, რომელმაც ბიჭვინთის აგარაკებზე დოკუმენტს მხარი დაუჭირა, თქვა - ხელშეკრულება შეიცვალა, ჩვენთვის მისაღები გახდა და ხმა ამიტომ მივეცითო. რუსეთმა ამის წინააღმდეგ გაილაშქრა, მოსკოვი აფხაზურ მხარეს არ ინდობს - ეუბნება, რომ რაზეც ხელი მოვაწერეთ, კეთილი ინებეთ და ის შეასრულეთ, ჩვენთვის მიუღებელია თქვენი შესწორებებიო”, აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“ძალიან საინტერესო რამ ხდება - აფხაზური საზოგადოება ამ ხელშეკრულების წინააღმდეგი იყო, დე ფაქტო პარლამენტმა ამის რატიფიცირება მაინც მოახდინა, მაგრამ რუსეთის დუმა ამის რატიფიცირებას აღარ ახდენს - აშკარად რუსეთისთვის ნებისმიერი წინააღმდეგობა მიუღებელია. საპასუხოდ რუსეთი ეცდება ოკუპირებული აფხაზეთი ეკონომიკურად “მოგუდოს”. რა თქმა უნდა, ფინანსების შეჩერება-შეწყვეტა ყველაზე ეფექტურია, რაც რუსეთს აფხაზური საზოგადოების წინააღმდეგ არაერთხელ გაუკეთებია. მთავარი მომენტი ისაა, რომ აფხაზებმა ხელშეკრულებიდან რუსეთის ნება ამოიღეს - ეს აგარაკები მესამე მხარისთვის გადაეცათ, თუ დღეს ამ მიწებს რუსეთი იღებს, ხვალ შეიძლება ეს ვიღაც პუტინს გადასცეს, აფხაზურმა ჩარევამ და კორექტირებამ ეს გამორიცხა, ამაზე გამწარდნენ რუსები და დღეს ასეთი კრიზისი ამიტომაც შეიქმნა და ვნახოთ მოვლენები როგორ განვითარდება... რუსეთს სურს რომ ეს დოკუმენტი “პარლამენტში” ხელახლა დაბრუნდეს და მიიღონ პირველი ვერსიით, ან ისეთი, როგორიც რუსეთს აწყობს”, - დასძენს პაატა ზაქარეიშვილი.

ქრება თუ არა ოპოზიციაში ერთობის პერსპექტივა - რითია განპირობებული მიუღებლობა და დაპირისპირება

“რაც უფრო ახლოვდება არჩევნები ოპოზიციურ პარტიებში ერთმანეთის მიუღებლობა მით უფრო იზრდება - პარტია “საქართველოსთვის” კატეგორიულად გამორიცხავს ენმ-თან ალიანსს, ამ პოზიციაზეა “ლელოც” და სხვა შედარებით დაბალპროცენტიანი პარტიები. ანალიტიკოსების თქმით, ეს შესაძლოა პარტიების წინასაარჩევნო სტრატეგიის ნაწილი იყოს, რაც ერთის მხრივ კარგია იმ ამომრჩევლის მოსაზიდად, რომელსაც არც ენმ უნდა და არც “ოცნება”. ექსპერტების ნაწილი აცხადებს, რომ ოპოზიციურ პარტიებში ძირითადად ენმ-ს მიუღებლობა აქვთ. ნაწილი კი ამბობს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, თუ კოალიციური მთავრობის პერსპექტივა გაჩნდა, ერთად დასხდომა მოუწევთ. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ "ოპოზიციაში გადაულახავი პრობლემებია, ვიღაცას ვიღაცასთან ერთად დგომა "უტყდება" და როგორც კი ხელისუფლების ხელში აღების შანსი გაჩნდება, “ნაცმოძრაობის" ინსტიქტი გაძლიერდება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ქრება თუ არა ოპოზიციაში ერთობის პერსპექტივა - რითია განპირობებული მიუღებლობა და დაპირისპირება.

„ოპოზიციას აქვს მთავარი სატყუარა კოალიციურ მთავრობაზე. რას ნიშნავს ეს? ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში კოალიციური მთავრობა “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში დაბრუნებას ნიშნავს, ანუ, როგორც ეს მოხდა 2003 წელს, როცა ძირითადი ძალა “ნაციონალური მოძრაობა” იყო და კოალიციაში მყოფი ჟვანია თუ ბურჯანაძე, ისინი ერთი წლის განმავლობაში ჩამოიცილა. ამ შემთხვევაშიც კოალიციური მთავრობა ნიშნავს “ნაციონალურ მოძრაობას”, რომელიც ხელისუფლებაში უნდა მოვიდეს. მისი დანაყოფები და განაყოფები იქნებიან “ნაციონალური მოძრაობის” გეგმის ხელშემწყობები და ეს კარგად უნდა იცოდნენ. კოალიციური მთავრობა პანაცეა არ არის, მსოფლიო გამოცდილება ბევრ მაგალითს გვაძლევს. კლასიკური ქვეყნებია, სადაც პოლიტიკური ლანდშაფტი კარგად დალაგებულია, იქ კოალიციური მთავრობები მუშაობენ, მაგრამ ევროკავშირის სხვა ქვეყნებია, სადაც კოალიციური მთავრობების გამო ქვეყნებში პერმანენტული პოლიტიკური კრიზისია”, - განაცხადა ქადაგიშვილმა, რომლის თქმით, "ეს არც პანაცეაა და არც უბედურება, ჩვენს შემთხვევაში ეს “ნაცმოძრაობის” ხელისუფლებაში დაბრუნების ფორმულაა", - აღნიშნავს გამოცემა.

“ოპოზიციაში გადაულახავი პრობლემებია, ჟარგონი რომ გამოვიყენო - ვიღაცას ვიღაცასთან ერთად დგომა “უტყდება”. როგორც კი ხელისუფლების ხელში აღების შანსი გაჩნდება, “ნაცმოძრაობის” ინსტიქტი გაძლიერდება, ამიტომ არავინ მოტყუვდეს. “ნაცმოძრაობის” ნარჩენების მცდელობებს ვხედავთ, რაც თავის გადარჩენისკენ არის მიმართული”, - მიიჩნევს ქადაგიშვილი. “ოპოზიციაში გადაჯგუფებები საკმაოდ ზანტი და ნელი ტემპით მიმდინარეობს, რაც არ არის სწორი მოცემულობა. არც ის არის სასიამოვნო სანახავი, როგორი გაცხარებული საუბარი მიმდინარეობს ოპოზიციურ პარტიებს შორის”, - ამის შესახებ ოპოზიცონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა. მისი თქმით, რაც უფრო დროზე დასრულდება ალტერნატიული ცენტრების ფორმირება, მით უკეთესი იქნება, რათა მოსახლეობამ ნახოს ალტერნატიული ძალები და მათ შორის კოალიციური მთავრობის შესაძლებლობა”, - განაგრძობს გამოცემა.

“სამწუხაროდ, ლანძღვის გარდა, ხედვებიც უნდა არსებობდეს იმ პრობლემების გარშემო, რაც მოსახლეობას ყველაზე მეტად აწუხებს. მოცემულ სიტუაციაში მთავარი პრობლემაა არა რომელიმე პოლიტიკოსის წარსული, არამედ ხედვების ნაკლებობა. წარსულის მიუხედავად, მომავალზე უნდა იყოს მსჯელობა”, - დაასკვნა აქუბარდიამ. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ ერთმანეთის მიუღებლობა ერთის მხრივ ოპოზიციური პარტებისთვის კარგიცაა ამომრჩევლის მოზიდვის თვალსაზრისით. შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი “რეზონანსთან” აცხადებს, რომ შესაძლოა ახლა პარტიები თავის ინდივიდუალიზმის წარმოჩენას ცდილობენ, თუმცა, საბოლოო ჯამში, თუ კოალიციური მთავრობის პერსპექტივა გაჩნდა, ერთად დასხდომა მოუწევთ”, - დასძენს გამოცემა.

“მიკვირს, რომ ოპოზიციურ პარტიებს მაგ პოზიციის გამომუშავებისთვის ამდენი ხანი დასჭირდათ. თუმცა, ადრეც რაღაც ფრაგმენტები იყო, რომ “ნაცმოძრაობას” განუდგებოდნენ ხოლმე, ეს მომენტი, მაგალითად, “ლელოს” ჰქონდა და მერე ისევ აღმოჩნდებოდა მასთან. ახლა ალბათ ძირითადი მიზეზი წმინდა საარჩევნო თავისებურებაა, კერძოდ, ის, რომ ხედავენ “ნაციონალური მოძრაობის” არჩევა ამ ხალხს არ უნდა - საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას და შესაბამისად, მის გვერდით ვინც დადგება, ისიც ამომრჩევლის გარეშე დარჩება. პარტიები ძირითადად “ნაცმოძრაობისგან” დისტანცირდებიან, ეს შეიძლება გვიანაა, მაგრამ მაინც გაუგებარი არაა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

“ბევრი რამ დამოკიდებულია სად იქნება მიხეილ სააკაშვილი, როგორც აქამდე ხდებოდა, თუკი სააკაშვილი იტყვის, რომ მე მხოლოდ “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად ვარ, ის ხმები, რომელსაც ენმ იღებს, მომავალშიც მიიღებს, რეალურად ეს სააკაშვილის ხმებია. თუკი აღმოჩნდა, რომ მან ნაბიჯი რაღაც სხვა მიმართულებით გადადგა, სავარაუდოა, რომ ეს ხმებიც მას გაჰყვება. რაც შეეხება სხვა ოპოზიციურ პარტიებს, მათ საარჩევნო ბარიერის გადალახვისთვის საკმარისი რეიტინგი არ აქვთ. ახლა ჯერჯერობით არ ჩანს იმის მიზეზი თუ რომელიმე პარტიას რეიტინგი რატომ შეიძლება გაეზარდოს. “ახლას” ამიტომ ვამბობ, რომ არჩევნებამდე კიდევ არის დრო და ხანდახან ხდება ხოლმე, რომ რაღაც მოულოდნელი ნაბიჯის გადადგმის შემდეგ, რომელიღაც პარტია ყურადღებას მიიპყრობს ხოლმე, ბევრი რამ წინასაარჩევნო კამპანიაზეცაა დამოკიდებული”, - თვლის რამაზ საყვარელიძე.

“მგონია, რომ მაინც შეიქმნება იმის საჭიროება, რომ პარტიებმა ერთად იმოქმედონ, საბოლოო ჯამში სხვა გზა არაა. ახლა კი შესაძლებელია პარტიებს სურთ, რომ თავად წარმოჩინდნენ, რომ ისაა ნამდვილი ოპოზიციური პარტია და ლიდერი, შესაძლოა პოლიტიკურ პარტიებს შორის შიდა კონკურენცია არსებობდეს, მაგრამ არაა გამორიცხული, რომ რაღაც კოორდინირებული მოქმედება შედგეს, მაგალითად “ნაცმოძრაობა”-“სტრატეგია აღმაშენებელის”, “ლელოს”, “გირჩი-მეტი თავისუფლებისა” და “ევროპულ საქართველოს” შორის. გახარიას პარტია კი უფრო დამოუკიდებელ თამაშს თამაშობს, ისინი ემიჯნებიან, როგორც ენმ-ს, ისე “ოცნებას”,- მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე და შეკითხვაზე - “ერთმანეთის მიუღებლობა წინასაარჩევნი სტრატეგიის ნაწილი ხომ არაა, რომ რაც შეიძლება მეტი გადაუწყვეტელი ამომრჩეველი მიიზიდონ?” - პასუხობს:

“ყველა აპირებს აჩვენოს, რომ სწორედ ისაა რეალური ოპოზიცია, მაგრამ იქ რეალური დაპირისპირებებიცაა, მაგალითად ნიკა მელია-ლევან ხაბეიშვილს შორის, მაგრამ საბოლოო ჯამში, თუ მოხდა ისე, რომ კოალიციური მთავრობის პერსპექტივა გაჩნდა, ერთმანეთთან დასხდომა მოუწევთ”.

კიევი დილემის წინაშეა - რას გამოიწვევს ავდიივკას დაკარგვა

“უკრაინაში აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს - რუსები განსაკუთრებულად ქალაქ ავდიივკას უტევენ. ქალაქში იმდენად რთული სიტუაციაა, რომ უკრაინის სარდლობამ უკრაინის შეიარაღებული ძალები სხვა ქვედანაყოფებით ჩაანაცვლა 110-ე მექანიზებული ბრიგადა, რომელიც ქალაქ ავდეევკას იცავს რუსეთის არმიის შემოტევებისგან. ხოლო ის კიევის დაცვის დროს ყველაზე წარმატებული ქვედანაყოფია. უკრაინის ჯარს რიცხოვნობით აღმატებული რუსეთის ჯარები ქალაქის მომარაგების გზების გადაჭრას და რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ავდეევკის აღებას ცდილობენ. გენერალი ვახტანგ კაპანაძე “რეზონანსთან” ამბობს, რომ, სამწუხაროდ, ძალიან დიდი რისკი არსებობს ქალაქში არსებული უკრაინული დანაყოფები ალყაში მოექცნენ. ამიტომ უკრაინას ორი გამოსავალი აქვს - ან განმეორდეს მარიუპოლის სცენარი, ან იქ არსებული დანაყოფები გამოიყვანონ. დასავლელი ანალიტიკსოები კი მიიჩნევენ, რომ ქალაქ ავდეევკასთან დამაკავშირებელი ლოგისტიკური გზების გადაჭრის შემდეგ, რუსეთის არმიას ქალაქის ალყაში მოქცევისა და მისი აღებისთვის რამდენიმე დღე ან კვირა დასჭირდება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით კიევი დილემის წინაშეა - რას გამოიწვევს ავდიივკას დაკარგვა.

“გავმართე შტაბის პირველი სხდომა ახალ სამხედრო მეთაურებთან ერთად. ჩვენ განვიხილეთ ფრონტზე არსებული ვითარება. რთული მდგომარეობაა მარინკას, ზაპოროჟიეს, ავდიივკას, ბახმუტისა და ლიმანის მიმართულებით, სადაც აქტიურად მიმდინარეობს სამხედრო შეტაკებები. ცალკე განხილვის საგანია ვითარება ხერსონში. თავდაცვის გაძლიერების მიზნით, ჩვენ ვცდილობთ გავზარდოთ მობილური თავდამსხმელი ჯგუფების რაოდენობა, რაც ცეცხლის გახსნისთვის და რუსული ტერორის წინააღმდეგ ყველაზე მოსახერხებელი იარაღი და ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა”, - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრ სირსკის განცხადებით, ფრონტის ხაზზე შექმნილი ვითარება მძიმეა და უკრაინა, მტრის გამოფიტვის მიზნით, შეტევითი მოქმედებებიდან თავდაცვით ოპერაციაზე გადავიდა. მისი თქმით, განსაკუთრებით ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს კუპიანსკის მიმართულებით, სადაც რუსული ძალები ცდილობენ, ნებისმიერ ფასად აიღონ კუპიანსკი და ყოველდღიურად აწყობენ პოზიციებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ფაქტობრივად, მტერმა ეს შეტევა 2023 წლის 3 ოქტომბერს დაიწყო და უკვე 4 თვეა ახორციელებს მაღალი ინტენსივობის შეტევას. მათი დანაკარგები, განსაკუთრებით დაღუპულთა კუთხით, ბოლო მონაცემებით, ჩვენსას 7-8-ჯერ აღემატება”, - აღნიშნა სირსკიმ. მისი თქმით, ომში ყოველდღიურად იზრდება დრონების როლი, ორივე მხრიდან მათი გამოყენების გახშირების გამო. კითხვაზე, როდის დასრულდება ომი და არსებობს თუ არა მისი სწრაფად დასრულების პერსპექტივა, სირსკიმ უპასუხა: “ეს ყველაფერი დამოკიდებულია მხარდაჭერის დონეზე და ჩვენი ქმედებების ეფექტურობაზე”. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი და გენერალი ვახტან კაპანაძე მიიჩნევს, რომ ქალაქ ავდიივკაში რუსები ცდილობენ უკრაინელები ალყაში მოაქციონ. იგი ამბობს, რომ ოკუპანტების მიზანია სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან ქალაქი მარწუხებში მოაქციონ და მისი სული იზოლაცია მოხდეს”, - განაგრძობს გამოცემა.

“რუსები ცდილობენ ქალაქი უკრაინელების მომარაგების ხაზებს მოსწყვიტონ. უკვე ბრძოლები სახლიდან სახლში მიდის. ძალიან მძიმე მდგომარეობაა უკრაინელებისთვის. რთულდება როტაცია, მომარაგება და ამავე დროს დაჭრილების გამოყვანა არის გაძნელებული. მხოლოდ ღამე ახერხებენ, ისიც ძალიან რთულად. ბახმუტისგან განსხვავებით ავდიივკას ის მნიშვნელობა აქვს, რომ დონეცკის სიახლოვეს არის და შესაბამისად ავდიივკას აღებით მორალური და ფსიქოლოგიური ზეწოლის გარდა, მას სამხედრო მნიშვნელობაც აქვს. ამით უკრაინულ ძალებს დონეცკს დააცილებენ. დონეცკი უფრო დაცული ექნებათ. ამიტომ ავდიივკისთვის ბრძოლას, როგორც რუსებისთვის, ასევე უკრაინელებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს... ეს სიტუაცია კომპლექსური მიზეზებიდან გამომდინარე არის გამოწვეული - უკრაინელებს საბრძოლო მასალის ნაკლებობა აქვს. ხოლო წარუმატებელი კონტრშეტევის შედეგად, უკრაინელებმა გარკვეული რესურსები დახარჯეს. უკრაინელების კონტრშეტევა არ იყო იმ დონის, რომელიც რუსებს ყურადღებას გადაატანინებდათ და აიძულებდათ, რომ კონცენტრაცია სხვა მიმართულებით გადაეტანათ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ კაპანაძე.

“ამას დაემატა ისიც, რომ რუსებმა მოახერხეს გარკვეულწილად დაჯგუფების შექმნა, რომელიც უშუალოდ ავდიივკის მიმართულებაზე იბრძვის. თუმცა თუ დაგვავიწყდება, რომ ეს ბრძოლა დაახლოებით 7 თვე მიმდინარეობს. ეს აჩვენებს იმას, რომ არც რუსებს არ ულხინთ. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ წინსვლა რუსებსაც უჭირთ და საკმაოდ დიდი დანაკარგები აქვთ. მიუხედავად ამისა, აღებული აქვთ მიზნად, რომ ავდიივკა იქნას აღებული. ჩემი აზრით, უკრაინელების გადასაწყვეტია იგივე არ განმეორდეს, რაც მარიუპოლში მოხდა. არ მოხვდეს უკრაინელების დაჯგუფება ახლა ავდიევკაში ალყაში. ახლა უკრაინა დილემის წინაშე დგას. გაიყვანოს თუ გააგრძელოს ავდიივკისთვის ბრძოლა”, - დასძენს გენერალი.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო