ხორავას ქუჩაზე, დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას სახელმწიფომ მორიგებაზე უარი განუცხადა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მსჯავრდებულის ადვოკატმა ზურაბ თოდუამ განუცხადა.
როგორც მსჯავრდებულის ადვოკატი განმარტავს, ხელისუფლებამ, რომელსაც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენს, უარის შესახებ დოკუმენტაცია რამდენიმე დღის წინ გაგზავნა, სასამართლოდან კი ადვოკატმა წერილობითი დოკუმენტაცია მიიღო.
თოდუა მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ხელისუფლება კალანდიასთან მორიგებაზე წავიდოდა, მას მოუწევდა ეღიარებინა, რომ მსჯავრდებული სამართლიანი სასამართლოს უფლებით ვერ უზრუნველყო.
„2024 წლის 14 თებერვალს, საქართველოს მთავრობამ, მიხეილ კალანდიას საქმეზე მორიგებაზე განაცხადა უარი და ითხოვა დრო სასამართლოს მიერ დასმულ სამ კითხვაზე პასუხის გასაცემად. ეს კითხვებია: ჰქონდა თუ არა განმცხადებელს სამართლიანი სასამართლო მოსმენა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის დადგენილებასთან დაკავშირებით კონვენციის მუხლი 6 §1 -ის გათვალისწინებით? გარემოებები, რომლებიც გათვალისწინებული იყო სისხლის სამართლის დანაშაულის სამართალწარმოების დროს, კერძოდ, საპარლამენტო გამოძიება, რომელიც წინ უსწრებდა სასამართლო მოსმენას და სასამართლო, რომელიც განიხილავდა განმცხადებლის საქმეს იყო თუ არა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი კონვენციის მუხლი 6 § 1 თანახმად (იხ. Čivinskaitė v. Lithuania, no. 21218/12, 15 September 2020)? ჰქონდა თუ არა განმცხადებელს მის წინააღმდეგ მოწმეების, კონკრეტულად გ.ჯ და გ.ბ, გამოკითხვის შესაძლებლობა, როგორც ამას ითხოვს კონვენციის მუხლი 6 §§ 1 და 3(დ) (იხ. mutatis mutandis, Bondar v. Ukraine, no. 18895/08, 16 April 2019)?
სასამართლომ, საქართველოს მთავრობას, ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად 2024 წლის 10 მაისამდე მისცა დრო”, - აცხადებს თოდუა.
მისი განმარტებით, საქართველოს მთავრობისათვის ამ საქმეზე მორიგება სრულიად მიუღებელია.
„მიუღებელია, რადგან მას აღიარება მოუწევს, რომ დროებითი საპარლამენტო კომისია ვენეციის კომისიის 2004 წლის 98-ე პლენუმის დადგენილების საწინააღმდეგოდ შეიქმნა და იმის განმარტებაც მოუწევს, თუ რატომ წავიდა ის ამ დარღვევაზე - ვენეციის კომისიის ამ დადგენილებით კატეგორიულად მიუღებელია ასეთი ტიპის საგამოძიებო კომისიების შექმნა სასამართლო გადაწყვეტილების დადგომამდე. ასევე ეწინააღმდეგება პრეცედენტულ საქმეს Čivinskaitė v. Lithuania, no. 21218/12.
არგუმენტად ვერ გამოადგებათ იმჟამინდელი პარლამენტის თავმჯდომარის და ამჟამინდელი პრემიერ- მინისტრის ირაკლი კობახიძის 2019 წლის ივნისის განცხადება, რომ კომისია არ უნდა შექმნილიყო სასამართლო გადაწყვეტილების დადგომამდე. ასევე არ იქნება არგუმენტი თეა წულუკიანის შეგონება მთავრობისადმი, სადაც ის პირდაპირ აცხადებდა, რომ ევროპაში ძალიან გაუკვირდებათ კომისიის შექმნა სასამართლო გადაწყვეტილების მიღებამდე და წინასწარ მიანიშნა კონვენციის 6.1 და 6.2 მუხლების დარღვევაზე.
იმ შემთხვევაში, თუ დღეს საქართველოს მთავრობა ამ უტყუარ მოცემულობას აღიარებს, იმას ნიშნავს, რომ მთავრობამ ფაქტობრივად აღიარა კონვენციის 6.1 - სამართლიანი სასამართლო უფლება - მუხლით გარანტირებული უფლების დარღვევა, ეს კი იმის აღიარებაც არის, ამ საქმისათვის სპეციალურად, თუ როგორ გაამწესეს მოსამართლედ ნიკოლოზ მარსაგიშვილი, როგორ დააწინაურეს ის მიხეილ კალანდიას საქმის დამთავრებისთანავე საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ, როგორ გახადეს იუსტიციის საბჭოს მდივანი და როგორ დაბლოკეს დასაბუთებული საჩივრების განხილვა ამ მოსამართლის მიმართ, როდესაც ის სხდომების მიმდინარეობისას facebook-ით მთელი 8 საათის მანძილზე ერთობოდა.
ამ მოცემულობის აღიარება ასევე ნიშნავს იმასაც, რომ სასამართლომ დაურღვია მიხეილ კალანდიას დაცვას უფლება, როდესაც არ მისცა შესაძლებლობა დაეკითხა ის პირები, რომლებიც მის წინააღმდეგ აძლევდნენ ჩვენებებს. აქ იყო ახალი არსებითი გარემოებები გიორგი ჯანაშიასა და გუგა ბარბაქაძის მიმართ, როდესაც მათ საპროცესო შეთანხმებების მისაღებად აღიარეს სარალიძის მკვლელობა ჯგუფურად. ეს მაშინ, როდესაც მიხეილ კალანდიას პროცესზე ერთი ირწმუნებოდა, რომ ის აუცილებელი მოგერიების ფარგლებში იყო, ხოლო მეორე კი, საერთოდ უარყოფდა რაიმე ძალადობას სარალიძის მიმართ.
დაბოლოს, მთავრობას საპარლამენტო კომისიის პოლიტიზირების აღიარებაც მოუწევს. არც აქ გამოდგება არგუმენტად ის, რომ რეკომენდაციის მიღებისას „ქართულმა ოცნებამ“ არ მიიღო მონაწილეობა კენჭისყრაში - თუ მისთვის ასე მიუღებელი იყო ეს დასკვნა, რატომ მიიღო „მიუღებელმა“, ვენეციის კომისიის სტანდარტის დარღვევით შედგენილმა დასკვნამ პარლამენტში საჭირო ხმები? აი, სწორედ აქ მარხია ძაღლის თავი - რა თქმა უნდა „ქართულმა ოცნებამ“ იცოდა მსგავსი კომისიების შექმნის წესები, მაგრამ დაუშვა იმიტომ, რომ არ ყოფილიყო ბუნტი. სწორედ ამ ბუნტის შიშით ჩაერია სასამართლოში და დააყენა გამამტყუნებელი განაჩენი მიხეილ კალანდიას მიმართ. ხელისუფლებას მხოლოდ ასეთი გადაწყვეტილება აძლევდა ხელს ხელისუფლებაში დასარჩენად. ეს ყოველივე მან ჯერ შს მინისტრის, შემდეგ კი პრემიერის რანგში, კრიზისმენეჯერად მონათლული გიორგი გახარიას ხელით გააკეთა. აი, აქ კი, ანუ არ წავიდა მორიგებაზე, „ქართული ოცნება“ კიდევ ერთი შიდასახელმწიფოებრივი პოლიტიკური დივიდენდის აღებას გეგმავს - თუ მოგვირიგდება, ეს სცენარი ძალიან სუსტი იქნება მისი გეგმებისთვის, მაგრამ თუ ამას სტრასბურგი დაადგენს - ისპეკულირებს და გახარიას მმართველობის სამხელად გამოიყენებს ამ გადაწყვეტილებას - აი, ვინ შეარცხვინა ქვეყანა ევროპული მასშტაბითო.
მოკლედ, „ქართულმა ოცნებამ“, არა აქვს მნიშვნელობა კონკრეტულად რომელი მაღალჩინოსნის ხელით, მიხეილ კალანდია პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე შესწირა პაიკის სახით, რითაც მიიღო პოლიტიკური სტაბილურობა - მიხეილ კალანდიას გამართლების შემთხვევაში ისევ აქციები ჰქონდა გარანტირებული, ხოლო შეწირვის შემთხვევაში კი აქციების რესურსი მიხეილ კალანდიას და მის ოჯახს არ გაჩნდა. ამ შეწირვას დიდი პერსპექტივა აქვს თავად შეწირულისთვის - პაიკად შეწირული მიხეილ კალანდია, დიდი ალბათობით, დედოფლად გადაიქცევა და „ქართული ოცნების“ დროებით მოგებული პარტია კატასტროფად მიუბრუნდება უკან”, - აცხადებს თოდუა.
ცნობისთვის, „კალანდია საქართველოს წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან გადაწყვეტილება დაცვის მხარეს გასული წლის 22 ნოემბერს ჩაბარდა. ზურაბ თოდუას განმარტებით, ამ გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობას მიხეილ კალანდიასთან შეთანხმებისთვის ვადა 2024 წლის 14 თებერვლამდე ჰქონდა მიცემული. სწორედ, აღნიშნულზე ეთქვა მსჯავრდებულს უარი.
2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. სამართალდამცავებმა დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობისთვის გიორგი ჯანაშია, მიხეილ კალანდია და გიორგი მენაბდე დააკავეს.
მიხეილ კალანდიას ქვეყნის სამივე ინსტანციის მიერ 11 წელითა და 3 თვის ვადით აქვს პატიმრობა მისჯილი, გიორგი მენაბდეს 10 წლითა და 6 თვის ვადით.
რაც შეეხება გიორგი ჯანაშიას, მან პენიტენციური დაწესებულება დატოვა. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 4 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული. ჯანაშია ე.წ. უდოს კომისიამ გაათავისუფლა.
დავით სარალიძესთან ერთად მოკლული მოზარდის, ლევან დადუნაშვილის საქმეზე სასჯელს გუგა ბარბაქაძე იხდის. მას თავისუფლების აღკვეთა 11 წლითა და 3 თვის ვადით აქვს მისჯილი.