შოვში მომხდარი სტიქიის მასშტაბის გათვალისწინებით, ადგილზე განგაშის სისტემის არსებობის შემთხვევაში, სამწუხაროდ, მოსახლეობის გაფრთხილება და სიცოცხლის გადარჩენა შეუძლებელი იქნებოდა - ამდაგვარი კომპლექსური სტიქიის წინასწარი პროგნოზირება, რა დროსაც ერთმანეთს ბევრი მოვლენა დაემთხვა, აბსოლუტურად შეუძლებელი იყო! - აღნიშნული განცხადება პარლამენტში, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ გააკეთა, რომელმაც გასულ წელს შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სპეციალური პრესკონფერენცია გამართა.
ბითაძის ინფორმაციით, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შეფასების პროცესში შვეიცარიელი ექსპერტები ჩართო, რომელთაც მთელი ევროპის მასშტაბით მსგავსი სტიქიური მოვლენების შეფასების მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ.
როგორც ბითაძემ განაცხადა, შვეიცარიელმა სპეციალისტებმა, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მოპოვებული და დამუშავებული მასალები შეისწავლეს და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით გადაამოწმეს. „ქართული ოცნების“ დეპუტატის თქმით, მათ ქართველი გეოლოგების პირველად დასკვნაში გამოქვეყნებული ყველა ძირითადი ასპექტი დაადასტურეს.
მან ხაზგასმით განაცხადა, რომ მასშტაბური სტიქიის გამომწვევი მიზეზი კლიმატის ცვლილების ფონზე მყინვარის ინტენსიური დნობა იყო, რამაც კლდე-ზვავის ჩამოშლა და ხეობაში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება გამოიწვია.
„ამბობდნენ, რომ თითქოს მდინარე ბუბისწყლის აუზში ადგილი ჰქონდა წყლის გრძელვადიან შეგუბებას, აგრეთვე თითქოს წინა დღეებში მოსული იყო დიდი რაოდენობით ნალექი, რამაც ასეთი მასშტაბის სტიქია გამოიწვია და თითქოს სახელმწიფო უწყებებმა ამ საკითხებს ყურადღება არ მიაქციეს.
სინამდვილეში, შვეიცარიელი ექსპერტების დასკვნით დადასტურდა, რომ სტიქიის განვითარებამდე, მდინარე ბუბისწყლის აუზში წყლის გრძელვადიან შეგუბებას ადგილი არ ქონია, რასაც სტიქიამდე დაახლოებით 3 საათით ადრე გადაღებული სატელიტური სურათები და მდინარე ჭანჭახზე არსებული ჰიდროლოგიური სადგურის მონაცემები ადასტურებს. ასევე ფაქტობრივად სტიქიის განვითარებამდე 15 საათის განმავლობაში უნალექო ამინდი იყო. შოვის ტერიტორიაზე 2023 წლის 2 აგვისტოს დღის ბოლომდე მოსული ნალექის რაოდენობა 10 - დან 20 მილიმეტრის ფარგლებში იყო. გაცილებით მეტი რაოდენობის ნალექები (30 და 36 მმ) აღინიშნა ამავე წლის ივნისის თვეში, რასაც სტიქია არ გამოუწვევია.
შოვში დამანგრეველი მეწყრის მიზეზად კლიმატის ცვლილების ფონზე მყინვარის ინტენსიური დნობა დასახელდა. ამან გამოიწვია მყინვარი ბუბას სათავეებში 1 მილიონი კუბური მეტრი კლდე-ზვავის ჩამოშლა, რამაც ხელი შეუწყო ჯამში 4 მილიონი კუბური მეტრი მეწყრისა და ღვარცოფის ფორმირებას. ჩატარებული კვლევების საფუძველზე, ღვარცოფული მასის გადაადგილების საშუალო სიჩქარე 18-24 მ/წმ იყო და შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე, ღვარცოფულმა ნაკადმა დაახლოებით 7.5-10 წუთში მიაღწია. რაც ასევე დადასტურდა უცხოელი ექსპერტების მხრიდან.
ამბობდნენ, რომ თითქოს სტიქიის მიზეზი ტყის უკანონო ჭრა გახდა. სინამდვილეში შვეიცარიელი ექსპერტების დასკვნაში ხე-ტყის უკანონო ჭრა სტიქიის გამომწვევ მიზეზად არ სახელდება. ასეთი მასშტაბური სტიქიის გამომწვევი მიზეზი იყო კლიმატის ცვლილების ფონზე მყინვარის ინტენსიური დნობა, რამაც გამოიწვია კლდე-ზვავის ჩამოშლა, და ხეობაში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება.
ამბობდნენ, რომ თითქოს კაპიტალური დამცავი ნაგებობა რომ ყოფილიყო, მეწყერს და ღვარცოფს შეაკავებდა და ასეთი დამანგრეველი შედეგები არ ექნებოდა. სინამდვილეში შვეიცარიელი ექსპერტების დასკვნით, მსგავსი ტიპის ხეობებში, კაპიტალური დამცავი ნაგებობების მშენებლობა ასეთი მასშტაბის სტიქიურ პროცესებს ვერ შეაკავებდა. მსოფლიოში ამ დროისთვის საუკეთესო და ყველაზე ეფექტიან გზას, ადამიანებისა და ინფრასტრუქტურის დასაცავად, ტერიტორიის სწორი სივრცითი დაგეგმარება წარმოადგენს.
ამბობდნენ, რომ თითქოს განგაშის სისტემის არსებობის შემთხვევაში ტრაგედიის თავიდან აცილება შეიძლებოდა. სინამდვილეში, შვეიცარიელი ექსპერტების დასკვნით საუკეთესო და ყველაზე თანამედროვე განგაშის სისტემების არსებობის შემთხვევაშიც კი, გაფრთხილების დრო იმდენად მცირეა, რომ არათუ სტიქიის ზონიდან, არამედ მიმდებარე დასახლებებიდანაც კი მოსახლეობის დროული ევაკუაცია ხშირ შემთხვევაში თეორიულადაც კი შეუძლებელია.
შესაბამისად, მსგავსი მასშტაბის, კომპლექსური სტიქიური მოვლენის შესახებ ადრეული გაფრთხილების - განგაშის სისტემის მოწყობა სტიქიის სწრაფად განვითარების გამო, ეფექტიან ადრეულ გაფრთხილებასა და საფრთხეების თავიდან აცილებას ვერ უზრუნველყოფდა. კომპლექსური ხასიათის სწრაფად განვითარებადი სტიქიური პროცესების წინასწარ პროგნოზირება, მთელ მსოფლიოში დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული და ხშირ შემთხვევაში, შეუძლებელია, რასაც საერთაშორისო ექსპერტებიც ადასტურებენ“, - განაცხადა მაია ბითაძემ.
ბითაძის ინფორმაციით, შვეიცარიელი ექსპერტების მიერ მნიშვნელოვანი რეკომენდაციები გაიცა, რაც გასათვალისწინებელია.
„კერძოდ, უკანასკნელ წლებში, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კომპლექსური სტიქიური მოვლენების სიხშირისა და ინტენსივობის ზრდის გამო, მყინვარულ ხეობებში ნარჩუნდება სხვადასხვა მასშტაბის ბუნებრივი საფრთხეები. შესაბამისად, საჭიროა საქართველოს ტერიტორიაზე მყინვარული ხეობების ქვემო წელში არსებული დასახლებული პუნქტების და ინფრასტრუქტურის საფრთხეების/რისკების შეფასება, რისკის ზონაში არსებული დასახლებული პუნქტების იდენტიფიცირება და შესაბამისი პირველადი რეკომენდაციების მომზადება. შესაძლებელია დეტალური კვლევების საფუძველზე, ცალკეულ შემთხვევაში მონიტორინგისა და გაფრთხილების კომპლექსური სისტემების გამოყენებაც.
მდინარე ბუბისწყლის ხეობაში სტიქიის გავრცელების არეალში (26 ჰა) დაუშვებელია რაიმე სახის ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა და არსებული შენობა-ნაგებობების ფუნქციონირება.
მდინარე ბუბისწყლის ხეობაში და კურორტ შოვის სტიქიის გავრცელების არეალისათვის უნდა შემუშავდეს გადაადგილების წესები და შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნები მოეწყოს“, - განაცხადა მაია ბითაძემ.