„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ განმარტავს, მათი ხედვით, რა რეფორმები უნდა გატარდეს საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებისთვის ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკების ეტაპზე გადასასვლელად

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ განმარტავს, მათი ხედვით, რა რეფორმები უნდა გატარდეს საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებისთვის ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკების ეტაპზე გადასასვლელად.

არასამთავრობო ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ ევროკომისიის მოთხოვნების საპასუხოდ, მთავრობის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ნდობის ჯგუფის სრულად დაკომპლექტება ვერ გადაჭრის საპარლამენტო კონტროლის გამოწვევებს.

მათი შეფასებით, უსაფრთხოების სექტორის ეფექტური ზედამხედველობისათვის პარლამენტის მაკონტროლებელ სტრუქტურას არ გააჩნია შესაბამისი მანდატი და უფლებამოსილება.

„საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე იმ 9 პირობიდან ერთ-ერთია, რომლის შესრულებაც ევროკომისიამ საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების სანაცვლოდ განუსაზღვრა. უსაფრთხობის სექტორზე საპარლამენტო კონტროლის გაძლიერების მიმართულებით საქართველოს მთავრობამ თავის გეგმაში მხოლოდ პარლამენტის ნდობის ჯგუფის შემადგენლობის შევსება ასახა, რაც არასაკმარისია ევროკომისიის მოთხოვნების შესასრულებლად.

ამ მოთხოვნების სრულფასოვნად შესრულება უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისათვის, რათა არ დაბრკოლდეს ევროინტეგრაციის პროცესში და ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის ეტაპზე გადავიდეს.

ევროკომისიის შეფასებით, უსაფრთხოების სამსახურზე ზედამხედველობა შეზღუდულია და მისი რეკომენდაციით, საქართველომ უნდა უზრუნველყოს ეფექტური საპარლამენტო ზედამხედველობა, განსაკუთრებით უსაფრთხოების სისტემაზე, მისი ძირითადი ინსტიტუტების დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა.

ევროკომისიის მოთხოვნების საპასუხოდ მთავრობის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ნდობის ჯგუფის სრულად დაკომპლექტება ვერ გადაჭრის საპარლამენტო კონტროლის გამოწვევებს. უსაფრთხოების სექტორის ეფექტური ზედამხედველობისათვის პარლამენტის მაკონტროლებელ სტრუქტურას არ გააჩნია შესაბამისი მანდატი და უფლებამოსილება. ოპოზიციის როლი კონტროლის პროცესში ფორმალური ხასიათისაა.

უსაფრთხოების სექტორზე ეფექტიანი საპარლამენტო ზედამხედველობისათვის მიზანშეწონილია გადაიდგას შემდეგი ნაბიჯები:

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სრულფასოვანი ზედამხედველობისათვის პარლამენტში შეიქმნას სპეციალიზირებული სტრუქტურა (ცალკე კომიტეტი, ქვეკომიტეტი ან ნდობის ჯგუფი გაფართოებული მანდატით) და შემადგენლობა განისაზღვროს ფრაქციათა წარმომადგენლობისა და უფრაქციო პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად;

ამ სტრუქტურას უნდა ხელმძღვანელობდეს ოპოზიციის წარმომადგენელი და მის წევრებს სრული დაშვება ჰქონდეთ სახელმწიფო საიდუმლოებაზე;

სპეციალიზირებული სტრუქტურის მაკონტროლებელი მანდატი უნდა მოიცავდეს უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ყველა სფეროს;

სპეციალიზირებულ სტრუქტურასთან უნდა შეიქმნას ექსპერტთა საზედამხედველო მუდმივმოქმედი საბჭო, რომელიც პერმანენტულ რეჟიმში გააკონტროლებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და პასუხისმგებელი იქნება პარლამენტის წინაშე“,-განმარტავენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში”.

2023 წლის 15 დეკემბერს საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო იმ დათქმით, რომ ქვეყანა შეასრულებს ევროკომისიის მიერ 2023 წლის 8 ნოემბერს გაცემულ რეკომენდაციებს.

ევროკომისიის მიერ განსაზღვრული პირობები ცხრა სხვადასხვა მიმართულებით გასატარებელ ღონისძიებებს მოიცავს. ევროკავშირში გაწევრების გზაზე ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე. (ცხრა დათქმიდან მეხუთე დათქმა მოიცავს საპარლამენტო კონტროლს).

გიორგი ანთაძე - ოფიციალურ ციფრებს რომ გავყვეთ, მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი ოპოზიციურად არის განწყობილი, ბოლო მოვლენების ფონზე ეჭვი მეპარება, რომ ეს ხალხი დღეს ხელისუფლების მომხრე გამხდარიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 28.04.2025
Yandex Go-ს ელექტროსკუტერები უკვე თბილისშია
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული სკოლის დამფუძნებლები მთავრობას მიმართავენ